|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეორე
1. თქუმული მისივე, თავი 2
2. რომელნი ისმენდენ სიტყუათა ღმრთისათა და იქმოდინ ნაყოფსა კეთილსა, სასწაულნი მათ თანა ესე არიან: სულთქუმაჲ, ტირილი, კრძალვაჲ, დუმილი, მჭმუნვარებაჲ, მოთმინებაჲ, გლოვაჲ, სალმობით დაყუდებაჲ, თავის წონაჲ და ტკივილი გულისაჲ შიშისათჳს ღმრთისა,
3. მღჳძარებაჲ, მარხვაჲ, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, ლოცვაჲ დაუცადებელი, წურთაჲ წმიდათა წერილთაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმდაბლე, ძმათმოყუარებაჲ, ტკივილი, ჭირვეულობაჲ, მორჩილებაჲ, სახიერებაჲ, შუენიერებაჲ და ყოველივე სინათლე, რომელ არს უფალი.
4. ხოლო რომელნი არა იქმოდიან ნაყოფსა ცხორებისა საუკუნოჲსასა, სასწაულნი მათნი თანა ესე არიან: მოწყინებაჲ, განცხრომაჲ, უსმობაჲ, უკრძალველობაჲ, დრტჳნვაჲ, სიფიცხლე, ნაყროვნებაჲ, შეგინებულებაჲ, რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრის-ზრახვაჲ,
5. სიფუდულე ამპარტავანებაჲ, ურწმუნოებაჲ, ცუდად მეტყუელებაჲ, დაუწყნარებელობაჲ, დავიწყებაჲ, შფოთი, მოხუეჭაჲ, ვეცხლისმოყურებაჲ, შური და ჴდომაჲ, უჟამოჲ სიცილი, თჳთრჩულობაჲ და ყოველივე სიბნელჱ, რომელ არს ეშმაკი.
6. კითხვაჲ: რაჲ არს ეშმაკი, ანუ რაჲ ოდეს ცოდა და იქმნა ეშმაკ?
7. მიგებაჲ: სული არს სიტყჳერი სოფელსა შინა მზრახვალი ბოროტისაჲ, ხოლო თჳსისა უკეთურებისა და ბნელისა გონებისა მისისაგან ბნელ იქმნა იგი.
8. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა უღრმესადრე გულისჴმა-ვყვნეთ წმიდანი წერილნი, რამეთუ უწინარეს ადამისა გარდაჰჴდა იგი და იქმნა ეშმაკ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არა ყო, ვითარცა წერილ არს: „ვითარმედ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი“.
9. და მოციქული იტყჳს, რამეთუ: „უწინარეს შჯულისა ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა“.
10. ხოლო ცოდვად უწოდს წინამძღუარსა მას და მომპოვნებელსა ცოდვისასა.
11. და კუალად დაცემისათჳს კაცისა იტყჳს, ვითარმედ: „ცოდვამან მიზეზი პოვა მცნებისა მისგან, რომელი ადამისდა მიცემულ იყო და მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა მე.
12. ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილი.
13. უკუჱ კეთილი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ!
14. არამედ ცოდვაჲ იგი; რაჲთა ჩნდეს ცოდვაჲ კეთილთა მათ, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან“.
15. ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ უწინარეს ადამისა იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, რომელ არს ეშმაკი.
16. და კუალად მტერობითა მით, რომელი აქუნდა კაცისა მიმართ, იქმნა გარდამეტებულად ცოდვილ მზაკუვარებისა და შურისა მისსა, რამეთუ იყო უწინარეს ამისა დიდ ფრიად და დიდებულ და პატივცემულ.
17. იყო იგი დიდებითა ანგელოზთა მთავრობისაჲთა და ინება მან, რაჲთამცა ღმერთ იქმნა და შევიდა იგი წინააღდგომასა ღმრთეებისასა, რაჲთამცა პატივი იგი მოიტაცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „უსამართლოსა მას მთავარსა ღმერთ-ყოფაჲ ენება“.
18. ამისთჳს გარდამოვარდა იგი ქუეყანად განმზრახთა და მორჩილთა მისთა თანა ეშმაკთა.
19. ხოლო იგი, გარდამოვარდა რაჲ ზეცით, არცაღა სინანულსა შევიდა, რაჲთამცა ევედრა მეუფესა და აღვიდამცა პირველსა მას პატივსა,
20. არამედ ესეცა შესძინა თჳსსა უკეთურებასა შვა შური კაცსა ზედა და შეშურდა მას, რამეთუ ხედვიდა მიწისაგანსა მას ხატად ღმრთისა შექმნულსა, რომელი მეუფებდა ყოველთა ზედა ხილულთა.
21. ამისთჳსცა მოუჴდა მას ზაკუვით და აღუთქუა ღმრთეებაჲ, უკუეთუ ჭამოს ხისა მისგანი, რომლისაგან ღმერთმან დააყენა.
22. და ესრეთ ესევითარითა მით აღთქუმითა გარდამოაგდო კაცი პირველისა მის პატივისაგან და მიიღო იგი ჴელმწიფებასა ქუეშე მისსა ყო იგი ცოდვილ.
23. ხოლო თჳთ გარდარეულად ცოდვილ იქმნა და გამოუჩნდა გონებაჲ იგი მისი ბოროტი და ამპარტავანებაჲ სიმაღლისა მისისაჲ, რამეთუ სიმანქნით ენება მოტაცებაჲ პატივისა მის სამეუფოჲსა, რომელი მოცემულ იყო კაცისადა სოფელსა შინა.
24. ხოლო გარდამოვარდა იგი ზეცით, ვითარცა პირველ ვთქუ, და კუალად კაციცა აცთუნა, რამეთუ იყო იგი დაბადებული მეუფისაჲ, და აწ დატევებულ იქმნა იგი სხჳსა განგებისათჳს.
25. ვითარცა რკინაჲ ფიცხელი და უჴმარი არა იქმნებიან ჭურჭლად, შექმნიან იგი გურდემლად, რაჲთა მიერ სხუანი ჭურჭელნი შეიქმნენ, ეგრეთვე უკეთური იგი არა მეყსეულად დაისაჯა გეჰენიასა შინა,
26. არამედ აცთუნა რაჲ კაცი იგი დაუტევა იგი ღმერთმან ჟამთა რაოდენთამე, რაჲთა გამოიცადოს მის მიერ ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა იობსა შინა წერილ არს მისთჳს,
27. ვითარმედ: „დგას იგი, ვითარცა გურდემლი უქმი“, რაჲთა მის მიერ გამოიცადნენ კაცნი და გამოჩნდენ, რომელთა-იგი შეიყუარეს ღმერთი და არა მიიღეს მის თანა ზიარებაჲ,
28. არამედ ყოველივე განსაცდელი მის მიერ მოწევნული მოითმინეს და ღმერთსა სათნო-ეყვნეს, ვითარცა გამოჩნდეს ყოველნივე წმიდანი, რომელნი სათნო-ეყვნეს უფალსა.
29. ამისთჳსცა პირველადვე ეტყოდა ღმერთი ადამს, ვითარმედ: „ყოვლისაგანვე ხისა, რომელ არს სამოთხესა შინა, შჭამო, ხოლო ხისა მისგან, რომელი არს საცნობელი კეთილისა და ბოროტისაჲ, მისგანი არა შჭამო,
30. რომელსა დღესა შჭამო ხოლო მისგანი, სიკუდილითა მოჰკუდე“, რამეთუ იყო რაჲმე მას შინა, რომლისაგან არა ჯერ-იყო ჭამაჲ.
31. ამისთჳს აყენებდა მისგან ღმერთი და მისცა მცნებაჲ მისი ცხორებისა მისითჳს.
32. ხოლო დაფარულადრე ესრეთ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე წერილისაჲ მის, ვითარმედ ხეთა გულის-ჴმისსაყოფელთა იტყჳს სამოთხისა სულიერისათა ძალით თჳსით,
33. და თჳთ ეშმაკსა იტყჳს – ხედ საცნაურად ბოროტისა და კეთილისა, და მისგან დააყენა ღმერთმან, რაჲთა არა ეზიარებოდის საქმეთა მისთა, ხოლო სხუათა მათ რაჲთა იყოს მოყუარე და თანა-ზიარ.
34. კითხვაჲ: მაშა, ვითარ შენ იტყჳ, ხჱ იგი გულისჴმის-ყოფისაჲ ეშმაკი იყო?
35. მიგებაჲ: მრავალსახედ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე.
36. რამეთუ ხჱ იგი ხჱ იყო ხილული, ვითარცა სხუანი ხენი და სამოთხე იგი სამოთხე იყო ხილული.
37. არამედ ხილულნი სახე არიან უხილავთა, რამეთუ ვითარცა ხილულსა ჩუენგანსა თანა ორნი კაცნი არიან – ერთი ჴორცთაჲ და მეორე იგი სულისაჲ, ეგრეთვე ხილული იგი კაცი ხილულსა სამოთხესა კაცი გულისაჲ უხილავსა მას საცნაურსა წმიდათა ანგელოზთა სამოთხესა შინა იშუებდა.
38. და ხჱ იგი ხილული იყო, რომლისაჲ უბრძანა უფალმან არა ჭამაჲ მისგანი, რამეთუ ყოვლისავე ხილულისა მეუფედ დაადგინა იგი ღმერთმან და მის ერთისა ხისაჲ ოდენ არა მისცა ჴელმწიფებაჲ განგებულებით,
39. რაჲთა აქუნდეს იგი მოსაჴსენებელად სამეუფოჲსა მის პატივისა და უწყოდის, ვითარმედ არს უზეშთაეს მისსა დამბადებელი მისი და რაჲთა არა მოვიდეს სიმაღლედ თჳთუფლებისა მისისათჳს და ეგონოს ვითარმედ ღმერთი არს.
40. ხოლო მიეცა მას მცნებაჲ იგი ცხორებისათჳს მისისა, ვითარცა წერილ არს, და სიტყუაჲ იგი, რომელმან წარწყმიდა და შეაგდო ურჩებასა ღმრთისასა.
41. ხოლო დაუტევა რაჲ მან სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ისმინნა სიტყუანი იგი მტერისანი და ჭამა ხისა მისგანი და ეუფლა ნაყოფისა მის მიერ, რომელმან აცთუნა გუელისა მიერ შევიდა მის თანა სიკუდილი,
42. რომელ-იგი არს გონებაჲ ჴორციელი, ვითარცა წერილ არს, და ესრეთ ღუარძლი იგი ვნებათაჲ დაითესა მტერისა მიერ სულსა შორის და ჴორცთა.
43. ხოლო აწ მომატყუებელი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ჴორცი ქრისტესი, პური იგი მადლობისაჲ სიტყჳთა განწმინდების და რომელნი სარწმუნოებით და სიწმიდით მიიღებდენ, ცხოვრება და ჴორც ქრისტესა ექმნების.
44. და ესრეთ განწმდების სული იგი და ჴორცნი და მიეახლების და დაეგების ღმერთსა კაცი იგი.
45. და ვითარცა მაშინ სიტყჳთა მტერისაჲთა კაცი მოკუდა, ეგრეთვე აწ სიტყჳთა ღმრთისაჲთა კულად განახლების და განცხოვლდების გონების, რამეთუ მაშინ უკეთური იგი გუელისა მიერ ეზრახა დედაკაცსა.
46. მე ვითარცა ვჰგონებ, რამეთუ ვერ იკადრებდა მიახლებად ადამისა, არამედ დაარწმუნა უუძლურესსა მას გონებასა დედაკაცისასა და ამის მიერ აცთუნა ადამ და ესრეთ მოვიდა მათ ზედა სიკუდილი ბრძანებისაებრ მეუფისა.
47. რამეთუ უკუეთუმცა არა ესმინა მტერისაჲ, იგიმცა, რომელმან იკადრა ესევითარი საქმეჱ, დაშჯილ იყომცა, ხოლო იგინიმცა შესრულ იყვნეს უმეტესსა დიდებასა.
48. ეგრეთვე აქა სიტყჳთა მეორისა ადამისითა მუცლად-იღო მეორემან ევა – წმიდამან დედოფალმან მარიამ და მისგან იშვა ცხორებაჲ ყოველთა მორწმუნეთაჲ სახელისა მისისათაჲ.
49. ხოლო იყო, ვითარცა პირველ ვთქუ, ცოდვაჲ იგი, რომელ არს ეშმაკი, სოფელსა შინა უწინარეს ადამის გარდასლვისა მცნებისაგან, ვითარცა წერილნი იტყჳან: „და სიფიცხლისათჳს მისისა და შეუნანელისა გულისა“ მისისა მიერითგანვე დაისაჯა, „რაჲთა შევიდეს გეჰენიასა“.
50. არამედ ვინაჲთგან აცთუნა კაცი და განაგდო იგი სამოთხით და ენება ღმერთსა, რაჲთა განაახლოს კუალად დაბადებული თჳსი და მოიყვანოს პირველსავე მას დიდებასა, ამისთჳს დაუტევა იგი,
51. რაჲთა მის მიერ გამოიცადებოდის და არს იგი, ვითარცა შოლტი, გინა თუ კუერთხი სასწავლელად ჩუენდა, რაჲთა, დაღაცათუ მას არა ჰნებავს, არამედ თჳნიერ ნებისა მისისა იქმნას განგებულებაჲ დიდი მის მიერ და გონებაჲ იგი ბოროტი იქმნას შემწჱ კეთილისა.
52. რამეთუ იგი უკეთურისა მის გონებისა მისისაგან ისწრაფის, რაჲთამცა ყოველნი კაცნი წარწყმიდნა და მძლეთა მისთა მიერ იქმნების იგი უმეტესად ცოდვილ და დასასჯელ, ხოლო მართალნი მისისა ბრძოლისა მიერ უმეტესსა პატივსა და დიდებასა მოატყუებენ თავთა თჳსთა.
53. რამეთუ ნებასა მტერისასა ყოველთაჲვე წარწყმედაჲ ჰნებავს, ამისთჳსცა გუბრძავს დაუცადებელად „ყოვლითა ღონისძიებითა ცხორებისათჳს კაცთაჲსა“ ძალითა მადლისა მისისაჲთა სარწმუნოებისაებრ თჳთეულისა.
54. ხოლო ამისთჳს დაუტევა იგი ღმერთმან გამოსაცდელად და საწურთელად კაცთა შემდგომად ადამის ცთომისა, რამეთუ ვინაჲთგან აცთუნა იგი და მიიღო მისგან ჴელმწიფებაჲ მისი და ესრეთ ეუფლა იგი და მაშინ იქმნა მთავარ ამის სოფლისა.
55. რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ და მეუფჱ ყოველთა ხილულთაჲ კაცი იყო, რომელი დაედგინა ღმერთსა პირველადვე და ვერცა ცეცხლი რას ავნებდა, ვერცა წყალი მოაშთობდა, არცა მჴეცნი შეეხებოდეს, ვერცა წამლვანნი იგი ქუჱწარმავალნი რაჲ მოაკუდინებდეს, რამეთუ უკუდავ იყო იგი.
56. ხოლო რაჟამს აცთუნნა იგინი მტერმან, მისცა მაცთუნებელსა მას მისსა მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ მისი შენდობითა ღმრთისაჲთა.
57. და ამისთჳს მეწამლენი და მსახრვალნი და გრძნეულნი შეწევნითა ეშმაკისაჲთა სასწაულთა იქმან და სძლევენ გუელთა და ღრიაკალსა და ცეცხლსა და წყალსა,
58. ვითარცა იქმოდეს იანე და იანბრე, რომელნი წინააღუდგებოდეს მოსეს და კუალად ვითარ იქმოდა სჳმონ მოგჳ, რომელი-იგი წინააღუდგებოდა პეტრეს მოციქულსა.
59. და ესე ყოველი მიშუებულ არს, რაჲთა იქმნებოდის მორჩილთა მისთა მიერ გამოსაცდელად ბუნებისა კაცთაჲსა.
60. და კუალად სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ბნელი იყო წყალთა ზედა“, რომელსა-მე ბნელსა იტყჳს?
61. დაღაცათუ ვინმე თქუას, ვითარმედ ჩრდილი ცისაჲ უწინარეს მზისა დაბადებისა იქმოდა ბნელსა მას, არამედ, ვითარცა პირველვე ვთქუ, ყოველნივე ხილულნი და სახენი და მსგავსებანი არიან უხილავთა მათ,
62. რამეთუ ვიცი მე ბნელი ფარული სიტყჳერი სოფლისა უშინაგანესი ცხადისა მის და ხილულისა ბნელისა და აჩრდილისაჲ.
63. და ვიცი კუალად მზჱ ნათლისა გამოუთქუმელისაჲ და უშინაგანესი ამის მზისაჲ.
64. და იგი არს ნათელი, „რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია“.
65. ესე იგი არს, ვითარმედ ვერცა იხილო, ვერცა იცნა იგი გამოუთქუმელისა მისგან და უხილავისა ნათლისა ღმრთეებისა, რამეთუ წმიდათა, რომელთა ენებოს, მათ ოდენ გამოეცხადების გონებასა შინა, ვითარცა დაიტევდენ ძალისაებრ მათისა.
66. ხოლო, ვითარცა ვთქუ, იყო მაშინ უკეთური იგი დაცემული, რამეთუ იგიცა ყოვლითა დამბადებელისა ღმრთისა სიტყჳსა დაბადებული არს და აქუნდა მას თჳთუფალი ნებაჲ
67. და ესრეთ ამაღლდა სამეუფოსა მას ზედა პატიოსნებასა და აღივსო შურითა კაცისაჲთა და აცთუნა იგი და უმეტესი დაცემაჲ ქმნა და მაშინვე განეგო დაშჯაჲ მისი გეჰენიასა შინა.
68. არამედ, ვითარცა პირველ ვთქუ, მიუტევა იგი ღმერთმან განგებულებით, რაჲთა თჳნიერ ნებისა მისისა დიდებაჲ დიდი მოატყუას წმიდათა და უდიდებულეს იქმნენ იგინი ფრიადისა მის მოთმინებისა მათისათჳს,
69. ხოლო იგი უცოდვილეს და გარდამეტებულად დასაშჯელ – ბოროტთა მათ ღონისძიებათა მისთათჳს და ესრეთ უმეტესსა თანამდებ იყოს
70. „და იქმნა გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მიერ“ და განქიქებულ უკეთურებაჲ მისი და შეჩუენებულ იქმნას ყოველთაგანვე ძალთა საცნაურთა წმიდათა ანგელოზთასა უკეთურებისა მისისათჳს,
71. რომელი-იგი აჩუენა პირველად ევაჲს ზედა და შეაგდო იგი ურჩებასა მცნებისა ღმრთისასა და მის მიერ აცთუნა ადამ მსგავსითა მით ჭურჭლითა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო, თუმცა შიშუელი მოუჴდა მას დიდებისა მისისათჳს, რომელი აქუნდა ადამს.
72. ამისთჳს დედაკაცისა მიერ აცთუნა იგი და ესრეთ გამოაგდო დიდებისა მისგან.
73. მაშინ იპოვა ადამ შიშუელი და იხილა სირცხჳლი თჳსი, რომელსა-იგი პირველად არა ხედვიდა, რამეთუ გონებაჲ მისი შუენიერებათა მათ შინა ზეცისათა იშუებდა.
74. ხოლო შემდგომად ცთომისა გულისსიტყუანი მისნი ქუეყანად გარდამოჴდეს და მარტივი იგი და კეთილი გონებაჲ მისი შეეთხზნა გონებასა ჴორციელსა
75. და დაიჴშა კარი სამოთხისაჲ და დაიდგინა მუნ მახჳლი იგი ცეცხლისაჲ იქცევისი და ქერობინი მოტყინარჱ სცავს მუნ, რაჲთა არა შევიდეს ადამ და ჭამოს ხისა მისგან და ცხონდეს უკუნისამდე.
76. ხოლო ამას საქმესა ცხადად არა ვირწმუნებთ, თუ ესრეთ ყოფილ არს, ხოლო ფარულად თითოეულისა სულსა შინა იპოების საქმჱ ესე, რამეთუ შემოგარე გულსა ძეს საბურველი იგი ბნელისაჲ და ცეცხლი იგი სულისა ამის სოფლისაჲ,
77. რომელი-იგი არა უტევებს გონებასა მიახლებად ღმრთისა და აყენებს სულსა, რაჲთა ვერ ილოცვიდეს, ვითარცა ჰნებავს და რაჲთა ვერ მოიღოს სარწმუნოებაჲ, ვითარცა ენებოს და რაჲთა ვერ შეიყუაროს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს.
78. ხოლო ესე გამოცდილებით უწყიან მათ, რომელთა მიუცემიან თავნი მათნი სრულიად ღმრთისადა, რომელნი მარადის ლოცვასა შინა მდგომარე არიან და აღუღებია სრულიადი ბრძოლაჲ წინააღმდგომისა მიმართ.
79. ხოლო ვჰგონებ მე, ვითარმედ პირველი იგი დიდებაჲ ადამისი იხილა მტერმან პირსა ზედა მოსესსა და მოიწყლა გული მისი და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ეგულების დაცემაჲ მეუფებისაგან თჳსისა.
80. და შესაძლებელ არს აქაცა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მეუფებდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესამდე უცოდველთაცა ზედა“.
81. რამეთუ რაჟამს იხილა დიდებაჲ იგი მოსესი, მოიწყლა იგი და იჭჳთ და სასოებით დაეცა მეუფებისაგან თჳსისა სიკუდილი.
82. ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ჭეშმარიტებითა, და მისთჳს (გაცხოველებულია), რამეთუ განათავისუფლა მან კაცი სიკუდილისაგან და აღდგა მკუდრეთით და აღვიდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით დიდებულებასა სავსჱ დიდებითა არა პირითა ოდენ, ვითარცა მოსე,
83. არამედ ყოვლითავე გუამითა და ყოვლითავე თჳთებითა და თჳსითა და დაეცა ჭეშმარიტებით სიკუდილი რამეთუ ვითარცა ვჰგონებ, დიდებაჲ იგი, რომელი აქუნდა მოსეს, სახე იყო პირველისა მის ადამისი, რომელი დაიბადა ჴელითა ღმრთისაჲთა,
84. რომელი-იგი იხილა სიკუდილმან და ვერ ეძლო თუალთა შედგმად მისა და მოიწყლა, რამეთუ ესვიდა დაჴსნასა მეუფებისა თჳსისასა და ეგრეცა იქმნა.
85. ხოლო აწ იგი დიდებაჲ შინაგანსა კაცსა თანა მოუგია ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა და შინაგან მათსა დაეცემის და განქარდების სიკუდილი და ვნებანი იგი უპატიოებისანი მოუძლურდებიან და უჩინო იქმნებიან სრულთა ქრისტიანეთაგან,
86. რამეთუ დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ ბრწყინავს გულსა შინა მათსა და ესრეთ აღდგომასა მას მეორესა განქარდეს სრულიად სიკუდილი გუამთაგან, რომელნი დიდებულ არიან ნათელსა შინა
87. ვითარცა-იგი აქაჲთვე ღირს იქმნებიან და შეიწყნარებენ გულისჴმის-ყოფით და ყოვლითავე გულსავსებითა სულნი წმიდათანი.
88. და ამისთჳს დაიტევა და დაიდვა ეშმაკი, ვითარცა პირველად ვთქუ, გამოსაცდელად კაცთა ბნელი იგი სიტყჳერი და სულიერი, რომლისაცა სახჱ არს ბნელი ესე.
89. და ბნელსა მას შინა მრავალნი ძალნი უკეთურებისანი და მთავრობანი და ჴელმწიფებანი ვლენან და არს მთავარი იგი მათი მბრძოლ ჩუენდა,
90. რაჲთა რომელთა-იგი ღმერთი შეიყუარეს, მოღუაწებითა მათითა სძლონ მანქანებათა მისთა და ყოველივე მის მიერ მოწევნული განსაცდელი მოითმინონ და ესრეთ სრულ იქმნენ და ბრძოლამან მათმან უმეტესი დიდებაჲ მოატყუას თჳნიერ ნებისა მისისა.
91. ხოლო ღმერთი ზის, ვითარცა საბრძოლსა შინა, წმიდათა ძალთა თანა ანგელოზთა და ყოველთავე მჴედრობათა თანა ზეცისათა
92. და ხედავს მოღუაწეთა და მძლეთა და რაჟამს ვინმე ჩუენგანმან სძლოს, სიხარული დიდი იქმნების ცათა შინა და ქებანი და გჳრგჳნნი და დიდნი ნიჭნი სულიერნი და პატივნი ზეცისანი მიეცემიან მათ, რომელნი განერნენ სარწმუნოებით და სიმჴნითა მათითა მახეთაგან ეშმაკისათა.
93. და ამათი ძლევაჲ მათ სირცხჳლსა მოატყუებს, რამეთუ არა კეთილ იყო, რაჲთამცა სიტყჳერნი კაცნი იყვნესმცა უქმად, ვითარცა შეშანი.
94. არამედ ჯერ-იყო, რაჲთამცა პირველად გამოიცადნეს და ესრეთმცა მიიღეს სასყიდელი.
95. რამეთუ ვითარცა ასპარეზსა შინა, გინა თუ საბრძოლელსა რაჟამს ზინ მეფჱ მაღალსა ადგილსა და ხედავნ, თუ ვინ-ძი სძლოს და თითოეულსა ეტლსა ჰქონან ღონენი და მანქანებანი, რაჲთამცა დასცა მეორე და სძლო მას,
96. ეგრეთვე უკეთური იგი მარადის განიმზადებს თავსა თჳსსა დაცემად კაცისა და ყოვლითავე სიჴელოვნითა და სიმანქნითა თჳსითა ისწრაფის,
97. რაჲთამცა სძლო მას და შეიპყრამცა მრავალფერითა მით და თითოსახითა მახითა თჳსითა – გინა თუ სიმდიდრითა, გინა თუ სიბრძნითა ამის სოფლისაჲთა, გინა თუ დიდებითა კაცთაჲთა, ანუ გემოჲთა ჴორცთაჲთა, ანუ მთავრობისმოყუარებითა, ანუ ქებითა კაცთაჲთა,
98. ანუ დაჭირვებითა ჴორციელთა საქმეთაჲთა, ანუ ვნებითა ჴორცთაჲთა, ანუ გულისსიტყჳთა ბოროტითა, ანუ შიშითა ანუ სიყუარულითა დედათა მიმართ და გულისკლებითა, რომელი მათ მიერ აღიძრვის სულსა შინა, რაჲთა რომლითაცა სახითა დასცენ სული იგი.
99. ხოლო ეგრეთვე თანა-აც კაცსა, რაჲთა სული თჳსი დაიცვას (გაცხოველებულია) რომელსა-იგი აქუს ეგევითარი იგი ძალი ღმრთისაჲ,
100. რაჲთა იღუწიდეს და წინააღუდგებოდის ჴელოვნებათა მისთა და ესრეთ შემძლებელ იქმნეს მრავლითა მოღუაწებითა სიფრთხილითა და მოთმინებითა და საწმუნოებითა განრომად მისგან და ძლევისა გჳრგჳნისა მოღებად.
101. რამეთუ საწურთელად ჩუენდა და გამოსაცდელად და ჭირითა სრულ იქმნნეს ყოველნი წმიდანი და დიდსა დიდებასა და უმეტესსა პატივსა მოიგებენ იგინი.
102. ხოლო მას მიეცემის უმეტესი ტანჯვაჲ გეჰენიასა ბოროტისა მის გონებისა მისისათჳს, რამეთუ ვითარცა კუერთხი ცხოველისა ხისაგან მოეკუეთების და შოლტი ცხოველისა პირუტყჳსაგან გამოვალს საწურთელად ჩჩჳლთა,
103. ეგრეთვე უკეთური იგი მოეკუეთა ზეცისა კრებულისაგან ცხოველთაჲსა და მისცა თავი თჳსი გონებასა ჴორციელსა ყოველით კერძოვე და იქცევის ქუეყანასა ზედა,
104. რამეთუ იგიცა დაბადებული არს და მის მიერ დიდი განგებულებაჲ აღესრულების, ვითარცა წერილ არს: „რაჲთა შეეწიოს ბოროტი იგი კეთილსა მას გონებითა არაკეთილითა“.
105. რამეთუ რომელთაცა ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს და მცნებისაებრ მისისა შედგომაჲ მისი ჰნებავს,
106. რაჟამს-იგი იტანჯებოდიან, მაშინ უფროჲსად გულითა მჴურვალითა მიივლტიან ღმრთისა და ითხოვენ მისმიერსა შეწევნასა და იგი ებრძვის, ხოლო სძლევს ვერკეთილისა მის და მართლისა გონებისა მათისათჳს.
107. და რაჲზომცა მტერი სტანჯვიდეს, ესოდენცა უმაღლესად მიეახლებიან იგინი ღმერთსა.
108. რამეთუ ყოველთავე სულთა, რომელთა აქუს ჭეშმარიტი სიყუარული ღმრთისაჲ, დაღაცათუ გულის საკლებელი რაჲმე მოიწიოს, მათთჳს კეთილად გარდაიქცევის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოს“.
109. რამეთუ სიმდიდრეცა და სიგლახაკჱ, დიდებაჲ და უპატიოებაჲ და ჭირი და განსუჱნებაჲ მართლისა მის გულისა მათისათჳს, და რამეთუ უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით, ამისთჳს ყოველივე კეთილად მოიწევის მათ ზედა.
110. ხოლო რომელნი არა შედგომილ არიან უფლისადა ყოვლითა გულითა არცა უვარ-უყოფიან თავნი მათნი სიტყჳსაებრ სახარებისა, არამედ ოდენ გარეგანითა სახითა შედგომილ არიან უფლისადა და უშრომელად ჰნებავს შესლვაჲ სასუფეველსა ცათასა,
111. ეგევითართა მათ, რაჟამს მიიღონ მცირედ რაჲმე ბრძოლაჲ ანუ განსაცდელი, მეყსეულად უკუღმართ იქცევიან და არა ებრძვიან ვნებათა ახოვნად,
112. არამედ შეშინდებიან განსაცდელთაგან და ბრძოლათა ეშმაკისათა და კუალად მიიქცევიან გემოსა ჴორცთასა და ცთომასა ამის სოფლისასა, რამეთუ არა უყუარს მათ ღმერთი ყოვლითა გულითა.
113. ხოლო რაჲთა გამოუჩნდენ იგინი, რომელთა ჰნებავს პოვნად ცხორებისაჲ და მოითმინონ ყოველივე განსაცდელი და ჭირი და ესრეთ მიემთხჳნენ გულისსათქუმელსა მას მათსა და კუალად, რაჲთა გამოჩნდენ იგინი, რომელთა არა ჰნებავს ყოვლითა გულითა ცხორებაჲ მათი,
114. არამედ კუალად იქცევიან უკუღმართ, ამისთჳს მოგუჱცა ეშმაკი, რაჲთა გამოიჴურვნეს ვითარცა ცეცხლითა და მჴნენი იგი გამოცხადნენ მის მიერ, ვითარცა ჭურჭელნი გამოჴურვებულნი და იქმნენ იგინი მაგარ და შეუმუსრველ.
115. ხოლო გამოუცდელნი გამოჩნდენ უჴმარნი იგი, რომელნი ვერ იტჳრთვენ მჴურვალებასა ცეცხლისასა.
116. ხოლო დასამტკიცებელად სიტყუათა ამათ მცირედი რაჲმე წმიდათა წერილთაჲ ვაჴსენოთ: უკუეთუმცა არა მიუშუნეს ღმერთსა გამოსაცდელად სამთა მათ ყრმათა,
117. ვითარმცა ყოფილ იყო ესევითარი სიხარული მათთჳს ცათა შინა და ვითარმცა ქადაგებულ იყო მაშინ ღმერთი ქუეყანასა ზედა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ იგი მხოლოჲ არს ღმერთი ცათა შინა?
118. არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა აღჰმართა მეუფემან ხატი იგი ოქროჲსაჲ და ყოველნივე ნათესავნი ბრძანებითა მისითა მოვიდოდეს თაყუანის-ცემად ღმრთისა მის.
119. რამეთუ უკეთური უფლებულ-იყო მაშინ ნაბუქოდონოსორისდა და იგი აგონებდა მათ.
120. ხოლო განძლიერდეს რაჲ სამნი იგი ყრმანი სარწმუნეობითა და სასოებითა ღმრთისაჲთა მისცნეს მისთჳს თავნი მათნი ცეცხლად, და საკჳრველთმოქმედებითა ღმრთისაჲთა ხატისა მის წილ ღმერთი თაყუანის-იცემებოდა და ეშმაკსა უფროჲსად ჰრცხუენოდა,
121. რამეთუ ყოველნივე მანქანებანი მისნი დაიჴსნნეს და რომლითა ისწრაფდა, რაჲთამცა წარსაწყმედელად კაცთაჲსა ყო, იგი ექმნას მას დასაცემელ, რამეთუ მაშინ ყოველთავე ცნეს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი ცათა შინა, სიმჴნითა სამთა მათ ყრმათაჲთა.
122. და ღუაწლნიცა მოყუარეთა ღმრთისათანი თითოსახე არიან, რამეთუ რომელნიმე ესვენ ძალსა ღმრთისასა და სასოებისა მისთჳს არა ეშინის კაცთაგან ძალისათჳს სულისა წმიდისა.
123. და ეტყჳნ წინააღმდგომსა მართალი იგი: „ვერ ძალ-გიც ყოფად ჩემდა, რამეთუ შემწედ მყავს მე ღმერთი ჩემი.
124. ვერ შემეხების მე ცეცხლი, არცა მახჳლი, არცა თუ მჴეცნი, ვერცა სხვაჲ რაჲმე ბოროტთაგანი მავნებს მე, რამეთუ მივის ღმერთი ყოველთასა უძლიერესი, რომელმანცა მიჴსნას მე ყოვლისაგან ბოროტისა“.
125. რაჲთა სცნათ, ვითარმედ არს ღმერთი კაცთა შინა ცხოველი და ჭეშმარიტი, ესრეთ შეეწევის ღმერთი მოსავთა თჳსთა, ვითარცა პირველად ვთქუთ.
126. კუალად მიიყვანიან სხუაჲ მართალი წინაშე მსაჯულისა, რომელი აიძულებნ გარდასლვასა შჯულისასა, და მისცის მან თავი თჳსი სიკუდილად ღმრთისათჳს, და უკუეთუ ჴელნი დაჰკუეთნიან, არა გულსა აკლნ, და უკუეთუ თუალნი აღმოუჴუნიან, არა ეშინინ.
127. და ეტყჳნ: „არს ღმერთი, რომელმან მომცეს მე კეთილი საუკუნოჲ და დიდებით მადიდოს მე.“
128. და ესრეთ წამებაჲ სიკუდილისაჲ მოითმინის.
129. იხილეთ, თუ ვითარი სიხარული იქმნების მისთჳს ცათა შინა, ვითარცა იტყჳს მოციქული წმიდათა მათთჳს, რომელთა მოითმინნეს თითოსახენი ღუაწლნი:
130. „რომელნი ერეოდეს მეფეთა, იქმოდეს სიმართლესა, დაუყუნეს პირნი ლომთანი, დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა, განძლიერდეს უძლურებისაგან, იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ, მოიხუნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი“.
131. და ეტყოდეს მათთჳსცა, რომელთა თითოსახედ იღუაწეს, ვითარმედ: „სხუანი ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა აღესრულნეს და არღარა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნნენ და სხუანი ტანჯვითა და გუჱმითა განიცადნეს
132. და მერმე – ბორკილებითა და საპყრობილითა და ქვითა განიტჳნნეს, განიხერხნეს, სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს, ხალენებითა და თხისა ტყავებითა ნაკლულევანნი, ძჳრხილულნი, ჭირვეულნი,
133. რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესჱ, უდაბნოთა ზედა, შეცთომილნი მთათა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა“.
134. იხილეთ, ვითარ მოყუარეთა ღმრთისათა ჭირი და მოღუაწებაჲ თითოსახედ იქმნების ერთითა მით სარწმუნოებითა, რაჲთა მათ მიერ იდიდოს ღმერთი
135. და რაჲთა სიტყჳერნი იგი და თჳთუფალნი კაცნი გამოცდით გამოიცადნენ და გამოჩნდენ პატიოსანნი იგი და უპატიონი ჭურჭელნი, რამეთუ მიუშუჱბია ღმერთსა ეშმაკისადა გამოცდად ჩუენდა.
136. ხოლო იგი მონაჲ არს უჴმარი დაბადებული მეუფისაჲ და ვერვის გამოსცდის, რაჲზომცა თჳთ ენებოს, არამედ რაოდენსაცა განგებამან ღმრთისამან შეუნდოს გამოცდად სულისა ამის, რამეთუ უფალმან უწყის ძალი თითოეულისა სულისაჲ,
137. თუ ვითარ მოითმენს, ანუ თუ რაჲზომ და ეგოდენცა მიუშუებს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა მიტევნეს გამოცდად უფროჲს ძალისა ჩუენისა, არამედ განსაცდელსა თანა ყოს გამოჴსნაჲცა, რაჲთა შემძლებელ ვიქმნნეთ მოთმინებადცა“.
138. და იქმნებიან განსაცდელნი მოღუაწეთა ღმრთისათანი სარცხუჱნელ დასასჯელ მტერისა, ხოლო კაცისა ძლევა და დიდება.
139. და კულად უთმინოთა განსაცდელნი, რომელნი ვერ მოითმინნენ, არამედ უკუღმართ იქცევიან, მათ ექმნების სირცხჳლად და საყუდრელ საუკუნოდ და უკეთურსა მას თანა გეჰჱნიასა შინა დაისჯებიან,
140. რაჲთა თჳთ ეშმაკიცა მორჩილთა თჳსთა თანა, რომელნი ნებასა ღმრთისასა ყოვლითა გულითა არა იქმოდეს, გეჰჱნიასა შინა უმეტესად დაისაჯნენ.
141. ხოლო მართალნი იგი, რომელთა ვნებანი უკეთურისანი დაიმორჩილნეს, იგინი უფროჲსად იდიდენ, რომელთა ახოვნად მოითმინენს მათ ზედა მოწევნული,
142. და კუალად სიმართლეცა ღმრთისაჲ გამოჩნდეს, რომელი „მიაგებს თითოეულთა საქმეთა მათთაებრ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ აღეშენა სუფევაჲ მართალთაჲ სრულითა მით მოღუაწებითა მათითა.
143. კითხვაჲ: ვითარ რომელნი მოვლენ მოღუაწებად და ადრე მიიღებენ მადლსა, ხოლო სხუანი დაჰყოფენ მრავალსა ჟამსა და ვერ მიემთხუჱვიან ეგევითარსა მადლსა ძლიერსა?
144. მიგებაჲ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს, რომელსა იტყჳს: „ითხოვდით და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს“.
145. ხოლო აწ რომელი ითხოვდეს და ეძიებდეს და ირეკდეს ვიდრე აღსასრულადმდე, არა ჰპოებსა სათხოელსა მას თჳსსა?
146. ჰჱ, გეტყჳ შენ, ვითარმედ უკუეთუ ოდენ აქუნდეს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა და ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა ითხოვოთ და ჴორციელთაცა ჭირთა მოთმინებითა,
147. რაჲთა არა შეყოფილ იყოს ჴორციელთა საქმეთა და არცა ერეოდის ვნებათა უკეთურებისათა და შეუძლებელ არს, თუმცა არა მიემთხჳა იგი ცხორებასა.
148. რამეთუ მართალ არს და ჭეშმარიტ უფალი ჩუენი, რომელმან უტყუველითა მით პირითა თჳსითა თქუა, ვითარმედ: „ყოველნი, რომელიცა სარწმუნოებით ლოცვასა შინა ითხოოთ, მოგეცეს თქუენ“.
149. ხოლო იტყჳან ვინმე: „რომელმან აღასრულნეს ყოველნივე მცნებანი, უკუეთუ აქავე, ამას საწუთროსა არა მოიღოს მადლი, ვერარაჲ ურგია მას“.
150. ხოლო იტყჳან იგინი უგუნურებით და გარეგან წამებისა წერილთაჲსა, რამეთუ უკუეთუ სასუმელიცა წყლისა გრილისაჲ არა ცუდად წარჴდების, მაშა,
151. რომელნი-იგი ღმრთისათჳს განშორებულ არიან სოფლისაგან და განუწმედიან თავნი თჳსნი და ევედრებიან მას დღე და ღამე და სურიან მისა მიმართ და ეძიებენ სურვილითა, ვითარმცა არა მისცნა კეთილნი იგი, რომელნი აღუთქუმან მართლადა?
152. რამეთუ არა უსამართლო არს იგი, თუმცა ჩუენ მისთთჳს ვქმენით მოღუაწებაჲ ძალისაებრ კაცობრივისა და მანმცა უდებ-გუყუნა ჩუენ და არამცა მომცა ჩუენ სიწმიდე იგი სულისაჲ უზეშთაეს ბუნებისაჲ?
153. ხოლო ამისთჳს კადნიერებაჲ გუაქუს ჩუენ ოდენ, რაჟამს ვიწყოთ კეთილისა ყოფად, ვიდრე აღსასრულადმდე დავადგრეთ მას შინა და ნუმცა ვიქცევით უკუმართ.
154. უკუეთუ სიწმიდე ჴორცთაჲ მოვიგოთ, დავიმარხოთ ვიდრე აღსასრულადმდე და ყოველთავე სათნოებათა ცხადად აღსასრული ვქმნეთ, რამეთუ ყოვლისავე დასაბამისა და დასასრული დადებულ არს.
155. ხოლო ესე უწყოდე ვითარმედ: უკუეთუ ისმინო და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყო და განეშორო თჳსთაგან ღმრთისათჳს და დაადგრე ლოცვასა შინა და ყოველთავე სათნოებათა აღსასრულადმდე, არა დაჰრჩები კიდე აღთქუმისაგან.
156. ოდენ ისწრაფე, რაჲთა რაჟამს განვიდოდის სული შენი გუამისა შენისაგან, რაჲთა იპოვო მოსწრაფებასა შინა და მოლოდებასა აღთქუმისასა და მოთმინებასა სარწმუნოებასა და განკითხვით ცხორებასა.
157. და გეტყჳ შენ ვითარმედ, სიხარულით შეწყნარებულ იქმნა და კადნიერებაჲ გაქუნდეს და სასუფეველსა ღირს იქმნა და ანგელოზნი შეგემთხჳნენ შენ და შეგიწყნარონ ცხორებად.
158. რამეთუ ესევითარი იგი ზიარ ღმრთისა გამოჩნდების სარწმუნეობითა და გულსმოდგინებითა.
159. და არს იგი მუშაკი უფლისაჲ, რამეთუ ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, მან იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“.
160. დაღაცათუ ჴორცთა არა მივიდეს და, არა შეიგინოს მის თანა, არამედ გულისთქუმისათჳს ოდენ შეირაცხვის, ვითარცა მეზუერე.
161. ეგევითარი განეშოროს ყოვლისაგან ბოროტისა და შეუდგეს უფალსა და ეძიებდეს მას სურვილით და იყოფებოდის დაწყნარებითა სათნოებისაჲთა, ზიარ ღმრთისა იქმნების იგი,
162. რამეთუ ესეცა დიდი ნიჭი ღმრთისაჲ არს: დგომაჲ ლოცვასა შინა და მოსწრაფებასა და მოქალაქობასა სათნოსა, რამეთუ უკუეთუ ღმერთმან არა მოგუცეს ჩუენ მოთმინებაჲ, ჩუენ ძალითა ჩუენითა ვერარას შემძლებელ ვართ.
163. კითხვაჲ: ვითარ რომელ მოვალს დღე და მომძულდის ძმაჲ ჩემი, გინა თუ სხუათაცა რათმე ბოროტთა ვნებათაგან ვიძლეოდი, რომელთა ვიქმოდი თჳნიერ ნებისა ჩემისა?
164. მიგებაჲ: თანა-აც კაცსა, რაჲთა ყოს ყოველივე ღუაწლი და ბრძოლაჲ მისი წინააღდგომად მტერისა და ძლევად ბოროტთა ვნებათა,
165. რამეთუ სადა იყოს სიბნელე ვნებათაჲ და სიკუდილი გონებისაჲ მის ჴორციელისაჲ, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოიღეს ვნებათა თჳსი ნაყოფი, გინა თუ ფარულად, გინა თუ ცხადად.
166. ვითარცა კაცსა, რომელსა აქუნდის წყლული, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოვიდა მისგან წალაჲ, ვიდრე მცირედიცა იპოებოდის,
167. უკუეთუ უდებ-ყოს, მცირედისა მის წყლულისაგან მოჰლპების ყოველი იგი ასოჲ და იქმნას დაჭირვებაჲ დიდი, ეგრეთვე ვნებანი სულისანი არიან, რაჟამს ენებოს ვიეთმე კურნებაჲ, ვიდრე კუალი მისი იპოებოდის, შჭამს შინაგანსა.
168. ხოლო უკუეთუ ისწრაფოს კაცმან და კრძალულებითა ფრიადითა ჰკურნებდეს, მერმე ძალითა უფლისაჲთა მოვალს სრულსა ლხინებასა.
169. რამეთუ უკუეთუ ქუეყანისა მკურნალი ჰკურნებს უძლურებასა ჴორცთასა, ვითარ უფროჲსღა არა განკურნოს ზეცისა მკურნალმან ქრისტემან ძნიად საკურნებელნი იგი ვნებანი?
170. რამეთუ არს ფარული რაჲმჱ ბიწი და სიბნელე გარეგანი ბუნებისაჲ კაცსა თანა, რომელ-იგი მოვიდა ბუნებასა ზედა კაცთასა გარდასლვითა ადამისითა მცნებისაგან, და იგი არს, რომელი აღამრღუევს და შეაგინებს სულთა და ჴორცთა.
171. არამედ ვითარცა რკინაჲ რაჟამს განაჴურვიან და სციან მას უროჲთა და კუჱრითა, მაშინ იქმნის იგი ჭურჭელ პატიოსან უფლისა თჳსისა.
172. ანუ ვითარცა ოქროჲ აღრეული სპილენძითა, ანუ რკინაჲ ცეცხლითა გამოიცადის და წმიდა იქმნის, ეგრეთვე სული, რაჟამს ზეცისა ჴელოვნისა მიერ ქრისტესა გამოიჴურვის სულითა წმიდითა და დაებეჭდოს ვნებითა უფლისაჲთა, განწმიდების ყოვლისაგან ვნებისა და ყოვლისა ცოდვისა.
173. და ვითარცაღა ზღუასა ზედა, რაჟამს-იგი ქრინ ქარი სასტიკი და აღძრულ იყვნეს ღელვანი და ნავი იგი დაინთქმოდა, შეჰრისხნა უფალი ქარსა მას და დასცხრა,
174. ეგრეთვე ფარულსა მას ზღუასა გულისასა რაჟამს სული ღელვიდეს ბოროტთა გულის-სიტყუათაგან და ვნებათაგან უკეთურებისათა, მაშინ აღდგების უფალი,
175. რაჟამს-იგი ესმეს ვედრებაჲ და შეჰრისხავს სულთა მათ უკეთურთა და ღელვასა მწარისა მის ზღჳსა ცოდვისა და მოვალს მყუდროებაჲ მადლისაჲ სულსა ზედა და გონებასა და ესრეთ შეემშჭუალვის სული იგი დაუყენებელად სიყუარულსა უფლისასა.
176. ხოლო ესე ოდენ დავიმარხოთ, რაჲთა კეთილისა დაწყებისა დასასრულიცა კეთილი იყოს და ნუმცა ვიქცევით უკუღმართ, და ნუცა მივდრკებით გზისა მისგან ჭეშჭმარიტებისა, არამედ ყოვლითა გულითა ვეძიებდეთ უფალსა და მოვითმინოთ ლოცვასა შინა ვიდრე აღსასრულადმდე.
177. და სხუათაცა სათნოებათა ძალისაებრ ჩუენისა აღვასრულებდეთ და ესრეთ ვპოვოთ ცხორებაჲ, რამეთუ „სარწმუნო არს აღმთქუმელი“ იგი ჭეშმარიტთა მეძიებელთა მისთაჲ.
178. კითხვაჲ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „ვითარცა ვარსკულავი ვარსკულავსა შორავს დიდებითა, ეგრეთვე აღდგომაჲ მკუდართაჲ?“
179. მიგებაჲ: რომლითა სახითა გულისჴმა-უყოფიეს სიტყუაჲ ესე: ერთად, ვითარმედ აქაჲთ აღდგებიან სულნი მომკუდარნი ვნებათა მიერ და მიიღებენ ძალითა უფლისაჲთა სიწმიდესა სულისასა,
180. რომლისა მიერ შევლენ სრულსა აღსრულებასა მცნებათა ქრისტესთასა, ხოლო მეორედ, თჳთ აღდგომისათჳს გუამთა მომკუდართაჲსა იტყჳს, რომელნი-იგი აღდგებოდიან თითოსახითა დიდებითა.
181. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „შორავს დიდებითა“, განყოფილებისათჳს მადლთაჲსა იტყჳს, რამეთუ „რომლისადამე მიცემულ არს – სული სიბრძნისაჲ“ და შემდგომი ამისი.
182. რამეთუ ვითარცა ლამპარნი მრავალნი, რომელნი იყვნიან აღნთებულ ერთითა ზეთითა და აღნთებულ ერთითა ცეცხლითა, ხოლო რომლისაჲმე ნათელი ფრიად არნ და რომლისაჲმე უმცირეს არს და არა სწორ არნ ბრწყინვალებაჲ მათი,
183. ეგრეთვე მადლნი იგი საღმრთონი, აღორძინებულნი სათნოებათა მიერ, განყოფილად აქუს მათ ბრწყინვალებაჲ სულისა წმიდისაჲ.
184. და ვითარცა ქალაქსა შინა მრავალნი არიან მკჳდრნი და ერთითა პურითა და ერთითა წყლითა იზარდებიან იგინი და რომელნიმე მათგანნი იყვნიან ჭაბუკ და რომელნიმე ბერ და რომელნიმე ჩჩჳლ და განყოფილებაჲ ფრიადი არს მათ შორის,
185. და ვითარცა იფქლი დათესული ქუეყანასა ზედა თითოსახედ გამოიღებენ ნაყოფსა, რამეთუ რომელიმე მარცუალი ნაყოფსა უფრო გამოიღებს და რომელიმე – უმცრო, ხოლო ყოველივე იგი ერთსა კალოსა მივალს და ერთსა საუნჯესა შთაისხმის,
186. ეგრეთვე იყოს აღდგომასა მკუდართასა: თითოსახედ დიდებაჲ მიეცემის აღდგომილთა მათ ღირსებისაებრ სათნოებათაჲსა და მადლისაებრ სულისა წმიდისა,
187. რომელი-იგი აქაჲთვე დამკჳდრებულ არნ მათ შორის და ყოველივე იგი ნათელი ერთ არს, ვითარცა-იგი ვარსკულავთაჲ და ერთ არს მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი ბრწყინავს აღდგომილთა ზედა ღირსებისაებრ ცხორებისა.
188. რამეთუ დაღაცათუ უმცირეს არიან ზოგნი ვარსკულავნი, არამედ მითვე ნათლითა ბრწყინვენ, რომლითაცა დიდნი იგი, ოდენ, რაჲთა იშვას კაცი სულისა მიერ წმიდისა და განწმდეს მის თანა დამკჳდრებულისა ცოდვისაგან.
189. რამეთუ ერთითაცა ნაწილითა თჳთ შობასაცა სისრულისა ხატი აქუს ფერითა ოდენ და ასოჲთა და არა ძალითა, არცა გონებითა და, არცა სიმჴნითა, რამეთუ ყოველივე, რომელი მისწუდეს ჰასაკსა სრულსა, დაუტეობს იგი ჰასაკსა სიჩჩოჲსასა და ყოველთავე საქმითა მისითა.
190. და ესე არს, რომელსა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „გინა თუ ენანი განქარდენ, გინა თუ წინაწარმეტყუელებანი“, რამეთუ ვითარცა სრული მამაკაცი არცა უბნობასა ჩჩჳთასა თავს-იდებს და ვერცა საზრდელითა მათითა რაჲთ განერების,
191. არამედ სხუებრ უბნობს და სხუასა საზრდელსა იჴმარებს, ეგრეთვე რომელი აღორძინდებოდის მცნებათა შინა ღმრთისათა, სიჩჩოსა თჳსსა სისრულედ შესცვალებს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ოდეს ვიქმენ ჭაბუკ, დაუტევენ სიჩჩოებისა იგი საქმენი“.
192. და კეთილად თქუმულ არს, ყოველივე დაბადებული შეძრწუნდა: ანგელოზნი უგალობდეს, ვარსკულავი მოასწავებდა, მწყემსნი განცჳბრდეს.
193. ეგრეთვე კუალად, რაჟამს-იგი აღესრულებოდა საჲდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, დაბადებულნი შეშფოთნეს, მზე დაბნელდა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო, საფლავნი აღეხუნეს და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს.
194. იხილე, ვითარ ერთითა ნაწილითა შობაჲ წმიდათა სულთაჲ სისრულე არს?
195. კითხვაჲ: მაშა ვითარ იტყჳ, შობილსა მას არა აქუს ცოდვაჲ, არცა სიბნელჱ ვნებათაჲ?
196. მიგებაჲ: ესე სიბნელჱ, რომელსა იტყოდა, ვნებათა შოლტ და კუერთხ არს ყრმათა;
197. სხუაჲ არს ესე სიტყუაჲ მონასაცა თჳსსა უფალი თჳსი, რაჟამს ჩჩჳლ იყოს, სცემნ მას უმჯობესისათჳს მისისა.
198. არამედ უწყოდე, უკუეთუ უყუარდეს სულსა სული ჭეშმარიტებითა, ყოვლითავე, რომელი ჩანს ვითარცა გულისსაკლებელი და ბრძოლანი იგი ვნებათანი, უმჯობესისათჳს მისისა არიან, რამეთუ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯუების“.
199. და კულად იტყჳს, ვითარმედ: „ჭირი შობს მოთმინებასა“ და შემდგომი ამისი.
200. ხოლო შემძლებელ არს ბოროტიცა შეწევნად კეთილისა გონებითა არაკეთილითა.
201. ესე ოდენ თანა-აც, რაჲთა შეემშჭუალოს სული სიყუარულსა ღმრთისასა.
202. კითხვაჲ: და არა აქუსა ბრძოლაჲ შობილსა მას?
203. მიგებაჲ: მეუფე წუთ ბრძოლად მივალს.
204. დიდ არს შობილი იგი.
205. კითხვაჲ: მაშა, ვითარ შენ იტყჳ, თავისუფალ არს იგი?
206. მიგებაჲ: სხუაჲ არს შობაჲ და სხუაჲ არს მბრძოლი.
207. სხუაჲ არს მძლჱ და სხუაჲ არს თავისუფალი.
208. ჩუენ შობისათჳს ვიტყჳთ, ვითარმედ ერთითა ნაწილითა სრულ არს, ხოლო ჩჳლსაცა ჰქონან ყოველნი ასონი სრულად.
209. ხოლო არა მისცემს უფალი სულსა და მადლსა დასაცემელად, არამედ ჩუენ თჳთ ვექმნებით მიზეზ დაცემისა თავთა ჩუენთა, რამეთუ არა ვიმარხავთ მადლსა მას მოცემულსა ჩუენდა და ამისთჳს დავეცემით,
210. რამეთუ შემძლებელ არს კაცი თჳსისა ბუნებისა გულისსიტყუათაგან დაცემად ანუ უდბებისა, ანუ დაჴსნილობისაგან, ანუ სიქადულისა, ანუ სიმაღლისაგან.
211. და ისმინე, რასა იტჳს პავლჱ, თავისუფალი იგი ვნებათაგან, ვითარმედ: „მომეცა მე საქენჯნელი ჴორცთაჲ ანგელოზი სატანა, რაჲთა მქენჯნიდეს მე, რაჲთა არა ვმაღლოოდი“.
212. იხილეა რომელნი იყვნეს ეგევითარითა მით მადლითა, უჴმდა განკრძალვაჲ?
213. რამეთუ უკუეთუ არა მისცეს კაცმან ეშმაკსა მიზეზი და შეწევნაჲ, ვერ მიიღებს მას ვერცა ეშმაკი, არცა ღმერთი.
214. არამედ უკუეთუ სათნო-იყოს ღმერთსა და მისცეს შეწევნაჲ მადლსა მას, სრულ იქმნების იგი.
215. ხოლო უკუეთუ არა მისცეს შეწევნაჲ მადლსა მას, დაღაცათუ შობილ იყოს, რომელ არს ზიარ-ყოფაჲ სულისა წმიდისაჲ, არამედ თჳთ ექმნების მიზეზ დაცემისა თჳსისა.
216. ხოლო უკუეთუმცა იძულებით მიიღებდეს კაცსა ეშმაკიცა და ღმერთიცა, არამცა საბრალის იყო კაცი, რომელი მივიდოდის სასუფეველსა.
217. კითხვაჲ: რაჲ ყოს კაცმან, რაჟამს სცთებოდის ეშმაკისაგან სიმანქნითა მისითა, ანუ ნათელი გამოუცხადიან მსგავსი ნათლისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი?
218. მიგებაჲ: ამისთჳს უჴმს კაცსა ფრიადი განკითხვაჲ, რაჲთა განჰყოფდეს ბოროტსა კეთილისაგან და მრავალფერთა მათ სიჴელოვნეთა ეშმაკისათა იცნობდეს, რომელნი-იგი უცნებითა მათითა მრავალთა აცთუნებდენ.
219. ვითარცა, რომელსა ჰნებავნ გამოცდაჲ სიწმიდისა მეუღლისა თჳსისაჲ და მივიდის მისა ღამით, ვითარცა უცხოჲ ქმნად ცოდვისა, ხოლო იგი ჴმობნ და იტყებნ თავსა თჳსსა, მაშინ უხარინ მას, რაჟამს იხილის სიწმიდე იგი მისი, ეგრეთვე შენცა შეიწყნარებდე ზეცისათა მათ.
220. უკუეთუ არა შეიწყნარებ, მათ უხარიან და უფროჲსღა მიგცემენ შენ მადლსა ღმრთისასა და განსუენებასა მას სულიერსა, რაჟამს იხილონ უფლისა მიმართ სიყუარული შენი.
221. ამისთჳს ნუ ხარ სუბუქ და ადრე განმცემელ თავისა შენისა, არამედ იყავ შენ მძიმე და გამოცდილებითა ფრიადითა კეთილსა მას შეიწყნარებდი და ბოროტსა განეშორებოდე და განაგდე შენგან იგი.
222. რამეთუ ესრეთ არს საქმჱ ესე, ვითარმცა გესუა ვინმე მოყუარჱ, ხოლო იყოს მოყუარისა მტერი და მოვიდა იგი შენდა, და უკუეთუ შეიწყნარო მტერი იგი, ვითარცა მოყუარჱ, აგინებ მოყუარესა მას შენსა.
223. ამისთჳსცა თანა-გაც, რაჲთა გულის ჴმა-ჰყოფდე და განიკითხვიდე და ესრეთ ირწმუნებდე, რამეთუ საღმრთოჲსა მადლისა საქმენი ცხად არიან და მათ საქმეთა ეშმაკი ვერ იქმს, დაღაცათუ შეიმოსის ხატი იგი.
224. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: იცის ეშმაკმანცა შეცვალებად სხუად სახედ – ანგელოზად ნათლისა, ამისათჳს რაჲთამცა აცთუნა.
225. არამედ დაღაცათუ ხილვით შეიცვალების და აუცნებს სულსა, გარნა მადლსა საღმრთოსა ვერვის მისცემს და ამისთჳს საცნაურ არს იგი, რამეთუ ვერცა ვის მადლსა, ვერცა სიყუარულსა ღმრთისასა მისცემს, ვერცა ძმათასა, არამედ ზუაობასა და ამპარტავანებასა;
226. ვერცა სიმშჳდესა, ვერცა სიწრფოებასა, ვერცა სიმდაბლესა, ვერცა სიხარულსა, ვერცა მშჳდობასა, ვერცა დაწყნარებულებასა გულისსიტყუათასა, ვერცა სიძულილსა სოფლისასა, ვერცა განსუენებასა სულიერსა, ვერცა სურვილსა ზეცისა კეთილთასა და, არცა დააცხრობს გემოთა ვნებათასა,
227. რომელ-იგი საქმჱ არს მადლისა საღმრთოჲსაჲ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ნაყოფნი სულისანი არიან სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ...“ და შემდგომი ამისი.
228. ხოლო რაჟამს გეჩუენოს რაჲმე საქმეთა მისთაგან და ნათლისა, რომელი გამობრწყინდეს მისგან გულისჴმა–ყავ იგი, თუ ღმრთისაჲ არს ანუ ეშმაკისაჲ.
229. და კუალად უკუეთუ სულსა აქუნდეს განკითხვაჲ, მეყსეულად საცნაურითა მით გულისჴმის-ყოფითა გაიგონებს მას, ვითარცა ხავარტი და ველისყრდელი მსგავს არიან ერთმანერთისა, და ძმარი და ღჳნოჲ,
230. არამედ ფერითა ოდენ და გემოჲთა სცნობს სასაჲ თითოეულისა განყოფასა, ეგრეთვე სული შინაგანითა მით გემოჲთა გულისჴმა-ჰყოფს მადლსა საღმრთოსა და უცნებათაცა ეშმაკისათა.
231. კითხვაჲ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „ყოველივე ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს?“.
232. მიგებაჲ: ორითა სახითა გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე: ერთად, რამეთუ დედაკაცი ჴორც მამაკაცისა ითქუმის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“ ხოლო რაჟამს ისიძვოს ვინმე, თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს.
233. და კუალად ესრეთ უღრმესადრე გულისჴმა-იყოფების სულიერისა კერძოსა, ვითარმედ ქრისტე გამოჩნდა ვითარცა პავლჱ იტყჳს, ვითარმედ: „თქუენ ხართ ჴორცნი მისნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“,
234. რამეთუ ვითარცა ჴორციელად ევა ადამისგან იშვა და უკუეთუმცა არა შეყოფილ იყო მისდა, არა გამოვიდოდა მათგან ნაყოფი შვილებისაჲ,
235. ეგრეთვე უკუეთუ არა შეეყოს სული მადლითა ქრისტესითა ზიარებასა წმიდისა სულისასა, ნაყოფთა სულიერთა და ზეცისათა სრულთა სათნოებათასა ვერ გამოიხუამს.
236. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“, ხოლო მოციქული წერილსა მას სულიერსა კერძოსა ზედა იტყჳს.
237. რამეთუ ესრეთ თქუა, ვითარმედ: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს.
238. ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესა და ეკლესიათა“, რომელ-იგი არიან სულნი მართალნი, ამისთჳს უფალი გამოჩნდა;
239. ხოლო უკუეთუ სული ეზიარებოდის მტერისა საქმეთა ფარულითა ვნებითა, ვითარმცა ეზიარებოდა უცხოსა ქმარსა და „თჳსისა გუამისა მიმართ ცოდავს“, რომელ არს უფალი.
240. კითხვაჲ: რაჲსათჳს რამეთუ გუელი იგი, რომელი ჯუარს-აცუა მოსე უდაბნოსა ზედა, ხატად და სახედ უფლისა არს?
241. რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს: „ვითარმედ აღამაღლა მოსე გუელი უდაბნოსა ზედა, ესრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“.
242. და სხუაჲ-მე ვერაჲ შემძლებელ იყოა სახედ უფლისა ყოფად გუელისაგან კიდე გესლიანისა მის ქუეწარმავალისა?
243. მიგებაჲ: საიდუმლოჲ დიდი არს გუელი იგი, რომელნი ოდენ შესაძლებელ იყვნენ საიდუმლოთა ღმრთისათა გულისჴმის-ყოფად, ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა განვიგონოთ, თქუმად არა უდებ ვიქმნეთ.
244. აქუს გუელსა წამალი, რომლისა მიერ მოკუდებიან, რომელთაცა უცეს.
245. და აქუს კუალად წამალი ცხორებისაჲ, რომლისაგან, უკუეთუ მიიღონ ცემულთა გუელისაგან, განიკურნებიან, რამეთუ განქარდების ამათ შორის სიკუდილისა იგი გესლი წამლითა მით ცხორებისაჲთა.
246. ხოლო იტყჳან გამოცდილნი, ვითარმედ ესრეთ გამოიცადებიან ორნივე იგი წამალნი, რაჟამს წამალი იგი ცხოველსმყოფელი მიეახლოს სასიკუდინესა მას წამალსა,
247. მეყსეულად განიბნევის სასიკუდინჱ იგი გესლი და წარწყმდების თავით თჳსით ღჳნისა მისგან შერეულისა და სრულიად უჩინო იქმნების, ვითარმცა იგუემებოდა და ივლტოდა წამლისა მისგან ცხოველმყოფელისა.
248. ეგრეთვე კაცი შევარდა რაჲ სიკუდილისა ქუეშე პირველისა მის გარდასლვისათჳს მცნებისაგან და იქმნა სიკუდილი მის შორის მწარჱ, რამეთუ ურჩებისათჳს ერთისა მის მოკუდა მის თანა ყოველივე ნათესავი კაცთაჲ,
249. რამეთუ იტყჳს პავლჱ ვითარმედ: „ვითარცა ერთისა მის მიერ შემოვიდა ცოდვაჲ სოფლად და ცოდვისა მის მიერ სიკუდილი და ესრეთ ყოველთამდე მოიწია სიკუდილი, რომელსა ზედა ყოველთავე ცოდეს“,
250. რამეთუ დამწარდა გონებაჲ კაცთაჲ და ემსგავსა ცოდვათა და ვნებათა მიერ გესლსა მას ბოროტსა გუელისასა, რომელ არს ეშმაკი.
251. და იქმნა კაცი ვითარცა მჴეცი და ვიდოდა იგი გულისსიტყუათა შინა ქუეყანისთა და ვნებათა შინა ცოდვისათა.
252. და რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ უკეთურებითა კაცი გუელსა მიემსგავსა, ისმინე, რასა ეტყჳს იოვანე ნათლისმცემელი მათ, რომელნი მოვიდოდეს ნათლისღებად,
253. ვითარმედ: „გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისა მისგან, ყავთ უკუჱ ღირსი ნაყოფი სინანულისაჲ“.
254. ხოლო რაჟამს მოკუდა კაცი და მიემსგავსა სიკუდილსა, იპოვა მისგან წამალი ცხორებისაჲ – უფალი, რომლისა მიერ მოკუდა სიკუდილი და განქარდა გესლი იგი სასიკუდინჱ ვნებათაჲ, და განცხოველდეს კაცნი.
255. და ესრეთ იყო გუელი იგი სახედ გუამისა უფლისა და სამხილებელად ჰურიათა მათ, რომელთა არა ინებეს რწმუნებაჲ ჯუარცუმულისაჲ მის, რამეთუ ენება ნეტარსა მოსეს, რაჲთა მდაბალი იგი გონებაჲ ერისაჲ სიმაღლედ აღამაღლა და ასწავამცა მარადის ზჱ ხედვაჲ,
256. და ამისთჳს ბრძანებითა ღმრთისაჲთა სპილენძისა იგი გუელი ზე აღამაღლა ძელსა ზედა და გუელისა მიერ ცემულნი იგი მიხედვიდიან სპილენძისა გუელსა მას და ირწმუნებდიან და ცხოვნდიან იგინი ბრძანებისაებრ მეუფისა.
257. რამეთუ წუთ ღმრთისა მიმართ რწმუნებად ვერ შემძლებელ იყვნეს, არამედ გუელსა მას ზჱ დამოკიდებულსა ხედვიდეს და ესრეთ ძალითა ღმრთისაჲთა განიკურნებოდეს.
258. და ესრეთ სახჱ იყო იგი უფლისაჲ, რამეთუ ვითარცა მაშინ ცემულნი იგი გუელისაგან, რომელთა ირწმუნიან მკუდრისაჲ მის გუელისაჲ, ცხონდებოდეს, რამეთუ განქარდებოდა მათ შორის გესლი იგი გუელისაჲ ძალითა ღმრთისაჲთა,
259. რომელი-იგი დამკჳდრებულ იყო გუელსა მას შორის სპილენძისასა, ეგრეთვე ცემულნი იგი სულიერთა მათ გუელთა მიერ უკეთურებისათა და შეპყრობილნი მომაკუდინებელითა მით გესლითა ვნებათაჲთა,
260. რაჲთა მიხედვიდენ და ირწმუნებდენ მომკუდარსა მას გუამსა ჯუარცუმულსა და ცხოვნდებოდიან, რომელ-იგი „ჰურიათა სამე საცთურ და წარმართა სისულელჱ“, ხოლო მორწმუნეთა მათ ჯუარცუმულისა გუამისათა – ქრისტე ღმრთისა ძალი და ღმრთისა სიბრძნჱ.
261. და ვითარცა მაშინ ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისაგან მკუდარსა გუელსა ირწმუნებდეს და ცხოვნდებოდეს, ეგრეთვე ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისა მისგან ბოროტისა,
262. რომელ არს ეშმაკი და რომელთა-იგი გესლი უკეთურებისაჲ აქუს მათ შორის, რაჲთა ირწმუნებდენ გუამსა მას მომკუდარსა განღმრთობილსა და ესრეთ ცხოვნდებოდინ, და განქარდეს მათგან გესლი იგი მომაკუდინებელი.
263. რამეთუ მომკუდარისა ადამისგან იპოვა წამალი ცხორებისაჲ კაცისათჳს, რომელ არს გუამი უფლისაჲ, რომლისა მიერ ყოველივე გესლი ცოდვისაჲ მორწმუნეთაგან განქარდების.
264. და კუალად ჰურიათაცა ამხილებს სიტყუაჲ ესე: რამეთუ უკუეთუ იგინი მკუდარსა გუელსა ირწმუნებდეს და ცხოვნდებოდეს, რაჲთა ირწმუნებდენ ესენი გუამსა ჯუარცუმულსა, მომკუდარსა და აღდგომილსა და ზეცად აღსრულსა, რაჲთა ცხონდენ?
265. და ამისთჳსცა, ვითარცა ვთქუთ, სახჱ იყო გუელი იგი, რომელი ჯუარს აცუა მოსე, ცხორებისა და სიკუდილისაჲ, ესე იგი არს, ვითარმედ – ცოდვისა და უფლისაჲ.
266. ხოლო აქუს სხუაჲცა საიდუმლოსა მას გუელისასა, რამეთუ ვითარცა დასაბამითგან ეშმაკმან შურითა და უკეთურებითა თჳსითა ხისა და გუელისა მიერ აცთუნა ევა და ადამ და გამოიყვანნა იგინი სამოთხით და პირველისა მის სიწმიდისა და დიდებისაგან
267. და მოიყვანნა იგინი ვნებასა მწარესა და სიკუდილსა და მიერითგან ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი დაიმორჩილა და შთააგდო იგი ცოდვასა და ვნებასა შინა ბოროტსა, და ვითარცა ცოდვაჲ სოფლად მოვიდა და, რომლისა მიერ ყოველნი შეიგინნეს კერპთმსახურებითა ბოროტითა,
268. ეგრეთვე ღმერთმან კუალად გამოუთქუმელითა სიბრძნითა თჳსითა, რაჟამს-იგი მონაჲ თჳსი მოსე ჴსნად ერისა მიავლინა, ძელისა მიერ, ესე იგი არს კუერთხისა მის მიერ მოსესისა, რომელი-იგი გუელად გარდაიქცეოდა და შთანსთქმიდა კუერთხთა მათ გრძნეულთასა,
269. რომელნი-იგი გუელად გარდაიქცეოდეს, და მის კუერთხისა მიერ იჴსნა უფალმან ერი თჳსი და მის მიერ ქმნნა სასწაულნი დიდნი ეგჳპტეს შინა და მის მიერ განაპო ზღუაჲ.
270. და კუალად უდაბნოსა ზედა ძელისა მიერ და გუელისა მის სპილენძისა მოსცა ჴსნაჲ ერსა თჳსსა, რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან სიკუდილი და წარმოტყუენვაჲ მოაწია, მათ მიერვე ქმნა უფალმან ჴსნაჲ და ცხორებაჲ,
271. რამეთუ ეშმაკმან სიკუდილი და ცოდვაჲ ძელისა მიერ და გუელისა და დედაკაცისა და მამაკაცისა ქმნა.
272. ხოლო მოსეს მიერ ნახევარი იგი ღმრთისმსახურებისაჲ წარემართაჲ და ნახევარი იგი ვნებისაჲ განკურნა ძელისა მიერ და გუელისა, ვითარცა პირველად ვთქუ, არამედ შჯული იგი პირველად ვერ განჰკურნებდა ვნებასა მას.
273. ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი, ყოველივე საიდუმლოჲ აღესრულა და სრული წარმართებაჲ სულთა კაცთასა მოეცა წმიდისა ქალწულისა მარიამის მიერ, რომელი ევაჲს წილ გულისჴმა-იყოფების,
274. რომელმან უშვა სოფელსა ცხორებაჲ, მეორჱ იგი ადამ, რომელმანცა ჩუენთჳს თავი თჳსი სიკუდილად მისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მიეცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად იტყჳს,
275. ვითარმედ: „ერთი ყოველთათჳს მოკუდა“, რაჲთა, რომელთა-იგი ირწმუნონ, ცხოვნდენ და განერნენ საშჯელისა მისგან სიკუდილისა,
276. რომელი ადამისითგან მოიწია ჩუენ ზედა და გურემულნი იგი სულიერთა გუელთაგან უკეთურებისათა მიხედვიდენ მას სარწმუნოებით და ცხონდენ ცხორებად საუკუნოდ.
277. და ყოველივე დაბადებული განთავისუფლდა სიბრძნითა უფლისაჲთა და განიხარა, რამეთუ, წერილ არს, „განწმდების ყოველივე სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა“.
278. რამეთუ რომელნი-იგი იქმნებოდეს პირველად შესაწირავ ეშმაკთა ტაძარსა მას შინა კერპთასა, ხოლო ვიტყჳ ქვათა და შეშათა და ნაყოფთა ქუეყანისათა, რომელნი-იგი მსხუერპლად კერპთა შეიწირვოდეს,
279. ხოლო აწ სახელითა უფლისაჲთა იქმნებიან ეკლესიად და საკურთხეველად და შესაწირავად უფლისა, და რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან შეაგინა სოფელი და სიკუდილი შემოიღო, მათ მიერვე მოსცა უფალმან სოფელსა სიწმიდე და ცხორებაჲ და დაარღჳნა ღონენი მისნი.
280. ხოლო არიან ქვანიცა პატიოსანნი საჲდუმლოდ დადებულნი, ვითარცა ქვაჲ იგი, რომელსა ჰრქჳან ანდამატი.
281. ესე აჩრდილითა თჳსითა რკინასა სხუასა მოიტაცებს და კუალად მის მიერ.
282. და არს იგი სახჱ წმიდათა მათ და პატიოსანთა ქუათაჲ, რომელთა გუეგულების გორვაჲ ქუეყანასა ზედა და, ხოლო იტყჳს გინა თუ უპირმშოეს მისა და ლოდისა საკიდურისა პატიოსნისა, რომელ არს უფალი, გინა მოციქულთათჳს, რამეთუ აჩრდილმანცა პეტრესმან მკუდარი აღადგინა.
283. და კუალად რაჟამს აჩრდილი გუამისა უფლისაჲ, რომელი ჩუენთჳს მოკუდა, მიეფინა მკუდართა ზედა, მრავალნი აღდგეს.
284. და შთა-რაჲ-ჴდა ჯოჯოხეთად, მრავალნი აღმოიყვანნა და „მრავალნი გუამნი, პირველ დაძინებულთა წმიდათანი, აღდგეს“.
285. და აწცა ფარულად თითოეულსა სულსა ზედა რაჟამს მოვიდეს ძალი გუამისაჲ მის, აღადგინებს მას სიკუდილისგან ვნებათაჲსა.
286. და კუალად აღდგომასა მკუდართასა, რაჟამს მოვიდეს იგი დიდებული ძალითა მისითა, ყოველნივე გუამნი კაცთანი აღდგეს, „რაჲთა მიიღოს თითოეულმან საქმეთა მათთაებრ, რომელნი ექმნნენ გუამითა მით გინა თუ კეთილნი, გინა ბოროტნი“.
287. ხოლო ამას ლოდსა კლდჱ ეწოდა, რომელმან უჩუენა მრავალნი სასწაულნი ერსა ისრაელისასა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს.
288. ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ“ და კლდჱ იგი შეუდგა მათ, რომლისაგან წყალიცა აღმოეცენა.
289. ამან კლდემან განაპო ზღუაჲ, იგივე ექმნა მათ სუეტ ღრუბლისაჲ დღისი და სუეტი ცეცხლისაჲ ღამჱ,ამან მოსცა მათ ზეცით მანანაჲ, იგი უძღოდა მათ და ყოველი ქველის-მოქმედებაჲ მოსცა მათ. ხოლო კლდჱ იყო ქრისტჱ.
290. ამით სახითა კლდჱ იგი ქველისმოქმედებასა უყოფდა მათ.
291. ხოლო სხჳთა სახითა, ვითარცა პირველად ვთქუთ, კლდჱ იგი ძალისა ღმრთისაჲ, რომელი დამკჳდრებულ იყო კუერთხსაცა შინა და კლდესაცა, რაჟამს ეჩუენა მოსეს უდაბნოსა ზედა ჰრქუა მას:
292. „წარვედ ფარაოჲსა და არქუ მას, ვითარმედ გამოავლინე ერი ეგე, რაჲთა მსახურონ მე“, ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უფალო, ჴმაწულილ ვარ მე და ენადრკუ და ვერ მივალ მისა, რამეთუ არავინ ისმენს ჩემსა“.
293. ჰრქუა მას უფალმან: „წარვედ და მე განგიმზადო წინაშე შენსა, რაჲთა ისმინოს შენი“.
294. და კუალად უნდა ღმერთსა, რაჲთამცა გულსმოდგინე-ყო იგი და ჰრქუა მას: „რაჲ გიჭირავს ჴელთა შენთა?“ მიუგო და ჰრქუა: „კუერთხი“.
295. ჰრქუა მას ღმერთმან: „დააგდე“ ქუჱ და ვითარ მიაგდო იგი იქმნა იგი ვეშაპ.
296. და შეშინდა მოსჱ და ივლტოდა.
297. ჰრქუა მას ღმერმთან: „ნუ გეშინინ მოსე, არამედ შეუპყარ კუდსა მისსა“.
298. და შეუპყრა რაჲ, იქმნა იგი კუალად კუერთხ.
299. იხილეთ სასწაული: კუერთხი იგი გუელად გარდაიქცა და გუელი კუერთხად შეიცვალა.
300. დიდებაჲ ძლიერებასა ღმრთისასა!
301. რომელმან ესე სასწაულნი ქმნნა, ამანმცა ვერ მოაქცია სული მორწმუნჱ პირველთა მათ ბოროტთა ვნებათაგან და მოიყვანამცა სხუასა ცხორებასა და ბუნებასა კეთილსა?
302. და მერმე, ვითარცა ვთქუთ, კუერთხი იგი მოსცემდა ისრაიტელთა ყოველსა კეთილსა: სცა წყალთა კუერთხითა მით და გარდაიქცეს სისხლად, აღიპყრა ზეცად და მოიყვანა მუმლი და ძაღლისმწერი, „აღიღო ნაცარი და განაბნია იგი ჰაერთა და იქმნა ბუზჳ და“;
303. კუალად მიყო ჴელი მისი მდინარეთა ზედა და მოეგო წყალი თჳსსავე ბუნებასა.
304. ხოლო უკუეთუ კუერთხი გარდააქცევს წყალსა ბუნებისა თჳსისაგან მაშა უფალმან არა გარდააქციოსა სული, მოსავი მორწმუნჱ მისი ბუნებად კეთილად პირველისა მის ბუნებისაგან ბოროტისა ვნებათაჲსა?
305. და მაშა კუერთხი მოსესი იხილა ეგჳპტისა ქუეყანამან და შეძრწუნდა, უკუეთუ რაჟამს სული ღმრთისაჲ მიეფინოს სულსა ზედა მორწმუნესა, ვითარ არა შეძრწუნდეს ქუეყანაჲ სულიერისა მის ეგჳპტისაჲ, რომელი სავსე არს ვნებითა და ცოდვითა?
306. რამეთუ კუერთხი იგი და კლდე დიდსა სიხარულსა მოსცემდეს ისრაიტელთა და ვითარცა სასძლოსა შინა ეგრე ჰფარვიდა მათ და სუეტი ცეცხლისაჲ წინა უძღოდა მათ და განანათლებდა მანანაჲ უწჳმა მათ.
307. „მთანი იხარებდეს ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ჰკრთებოდეს“.
308. ზღუაჲ განიპო და ივლტოდა. იორდანე უკუნ-იქცა.
309. ამან კლდემან მდინარენი გამოადინნა სახედ უფლისა, რომლისაგან გამოვიდეს მდინარენი სულიერნი.
310. და აწცა რომელმან სარწმუნოებით მოიგოს სულიერი იგი კლდჱ და კუერთხი ძლიერებისა მისისაჲ სულსა შინა თჳსსა, ყოველივე განსუენებით გამოუთქუმელი გულსავსებით პოვოს თავისა თჳსისა შორის.
311. ამისათჳს გევედრები, ძმანო, ვისწრაფოთ და მივსცნეთ ყოველთა ყოვლითურთ თავნი ჩუენნი უფალსა და ავმაღლდეთ ყოვლისაგან გულისთქუმისა და განვაჩინნეთ თავნი ჩუენნი სულით და ჴორცით მსახურებასა და სათნო-ყოფასა მისსა,
312. რაჲთა ნიჭი სულისა წმიდისაჲ აქაჲთვე მოვიღოთ და მის მიერ ყოვლისაგანვე ბოროტისა განვერნეთ და ვიქმნეთ სრულიად წმიდა და უბიწო მადლითა მისითა და ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდროთ ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|