ცხოვრების გზაზე ადამიანთა ორ ტიპთან გვიწევს შეხვედრა. ერთნი მეცნიერების სახელით უარყოფენ რელიგიას, მეორენი კი - რელიგიის გამო უნდობლად ეკიდებიან მეცნიერებას; ისეთებიც გვხვდებიან, რომელთაც ადამიანური სულის ამ ორ მოთხოვნილებას შორის ჰარმონიის პოვნა მოახერხეს. და, მართლაც, განა სწორედ ასეთი ჰარმონია არ გახლავთ ის ნორმა, რისკენაც ადამიანი უნდა მიისწრაფვოდეს? ორივე ეს მოთხოვნილება ხომ ადამიანური ბუნების წიაღშია ფესვგადგმული და განა ეს არ განაპირობებს თანამედროვე განსწავლული ადამიანის კრიზისს, რომ მას „გონება გულთან თანხმობაში არა აქვს?“ განა ამ ცამხრივმა „განსწავლულობამ“ და „გონებრიობამ“ არ გათიშა რუსეთში ხალხი და ინტელიგენცია? და თუნდაც მარტო ის გარემოება, რომ დღევანდელ დღეს მეცნიერების დროშის ქვეშ, რომელმაც თითქოსდა უკვე კარგა ხანია, რაც რელიგია უარყო, ხალხს ათეიზმი და ანტიქრისტიანობა ექადაგება, გვაიძულებს და გვავალდებულებს, ღრმად გავიცნობიეროთ და საფუძვლიანად გადავწყვიტოთ საკითხი: ეწინააღმდეგება თუ არა მეცნიერება რელიგიას?