მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა მთავარეპისკოპოსი
ლუკა (ვოინო-იასენეცკი)

 

მეცნიერება და რელიგია

 

დასკვნა

 

ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).

 

ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.

 

მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).

 

სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.

 

ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.

 

გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.

 

ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.

 

ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.

 

კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.