მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ეპისკოპოსი კალისტე უეარი

 

„სახელის ძალა“

 

ნაწილი I


„ლოცვა და მდუმარება“

 

ლოცვისას მდუმარე იყავი. „თავად დადუმდი, დე ლოცვამ ისაუბროს“ – წერს მართლმადიდებელი ავტორი[1]. მდუმარების მიღწევა – ყველაზე რთული და გადამწყვეტია ლოცვის ხელოვნებაში. სიჩუმე – არა მხოლოდ უარყოფითი მდგომარეობაა (პაუზა სიტყვებს შორის, მეტყველების დროებითი შეჩერება) არამედ დადებითი – ეს ლოდინი და ყურადღებიანი სიფხიზლის მდგომარეობაა. ისიხასტი  არის ის, ვინც შინაგანი მდუმარება მოიხვეჭა.  ის ლოცვის ხმას გულში ისმენს და ამავდროულად აღიქვამს, რომ ეს ხმა ეკუთვნის იმას, ვინც მასში მკვიდრობს. განვიხილოთ ოთხი შემთხვევა და ჩვენთვის უფრო ნათელი გახდება, თუ როგორ ურთიერთქმედებს ლოცვა და მდუმარება. დასაწყისისთვის „ოქსფორდის მცირე ლექსიკონს“ მივმართოთ. აქ ნათქვამია, რომ ლოცვა – ეს „….ღვთისადმი მიმართული სადღესასწაულო თხოვნაა… ლოცვითსიტყვაობაში გამოყენებული ფორმულა“. რადგან ამ განმარტებაში, მხოლოდ მოვლინებული მადლის სიტყვები და თხოვნები იგულისხმება, ანუ გარეგანი და არა შინაგანი ლოცვა, ეს განმარტება ნაკლებად დამაჯერებელია.

 

ლოცვის ძალის შინაგანი ასპექტის უფრო ფართო განმარტებას, გასული საუკუნის ერთ-ერთი მოძღვარი გვაძლევს. „მთავარია გონებით წარვსდგეთ გულში ღვთის წინაე და ასე გაუნძრევლად იდგე დღე და ღამე, ცხოვრების ბოლომდე“, – წერს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (1815-1894)[2]. ლოცვა ამ განმარტების თანახმად შესაძლოა თხოვნის გარეშე, სიტყვის უთქმელადაც. აქცენტი მოქმედებიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, ხანგრძლივ მდგომარეობაზე გადაიტანება. ილოცო ნიშნავს მოელოდე ღმერთს პირად და უშუალო ურთიერთობაში; იცოდე მთელი შენი არსებით – როგორც ინტუიციით,  ასევე რაციონალურად, რომ ჩვენ ღმერთში ვართ და ჩვენში არის ღმერთი. ადამიანების ურთიერთობები არ ღრმავდება, მხოლოდ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ კითხვით რეჟიმში ვართ, ან სულაც განუწყვეტლივ ვსაუბრობთ. პირიქით, რაც უფრო უკეთესად ვიცნობთ ან უფრო ძლიერად გვიყვარს ერთმანეთი, მით უფრო არ არის იმის საჭიროება, რომ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულება შევახსენოთ. სწორედ ასე იგება პირადი ურთიერთობაც ღმერთთან.

 

ზემოთ არნიშნულ ორივე განმარტებას ერთი საერთო აქვს: ისინი უფრო ადამიანურ ქმედებებს გადმოგვცემენ, ვიდრე ღვთაებრივს, მაგრამ ლოცვითი ურთიერთობის ინიციატივა ეკუთვნის ღმერთს და არა ადამიანს. აქ ყველაფერი მის ქმედებას ეყრდნობა. ნაწყვეტში, რომელიც წმ. გრიგოლ სინელის (+1346) ნაშრომებიდან ავიღეთ, სწორედ ამაზეა საუბარი: „რაღა ბევრი ვისაუბროთ? ლოცვა ღმერთია, ყველაფერში ყველაფერის მამოძრავებელი“[3], – ამბობს ის და მრავალგვარი ეპითეტებით გონიერი ლოცვის არსის წარმოჩენას ცდილობს.  ლოცვა ღმერთია: მე არ ვქმნი მას, მაგრამ ვერწყმი,  არ ვმოქმედებ – ღმერთი მოქმედებს ჩემში. „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“,- წერდა პავლე მოციქული (გალ. 2:20[ახ.ქართ.1]).  წმ. იოანე წინამორბედის სიტყვები ქრისტეზე  „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (იოანე 3.30[ახ.ქართ.2]) ზუსტად გადმოგვცემს გონიერი ლოცვის გზას. სწორედ ასეთი გაგებით ლოცვა ნიშნავს მდუმარების შენარჩუნებას. „დადუმდი, დაე ლოცვამ ისაუბროს შენში“ – უფრო სწორედ, დე ღმერთმა ისაუბროს შენში. სულით ლოცვის არსი მდუმარებასა და ღვთის მოხმობაშია, რომელიც შენს გულში უსიტყვოდ გეზრახება, საკუთარი ქმედების შეწყვეტასა და მთლიანად ღვთის მოქმედებაზე მინდობაშია. ბიზანტიური ლიტურგიის მიხედვით, დასაწყისში, როდესაც ყველაფერი მზადაა ევქარისტიისთვის, დიაკონი მღვდელთან მიდის და წარმოთქვამს: „დროა ღმერთმა იმოქმედოს“. ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს  არამარტო ევქარისტიის, არამედ ნებისმიერი – პირადი თუ საზოგადო ლოცვის მიმართ.

 

მეოთხე განმარტება, რომელიც ასევე წმ. გრიგოლ სინელს ეკუთვნის, გვიხსნის თუ როგორ მოქმედებს ღმერთში ჩვენში. „ლოცვა ნათლისღების მადლის აღმოჩენაა“ – წერს წმინდანი. ღმერთი ნამდვილად არ მოქმედებს მხოლოდ მონათლულებში, არამედ ყველა ადამიანზე ერთნაირად ზრუნავს, რადგან ყველა ადამიანი მის ხატად არის შექმნილი. ცოდვით დაცემამ ნათლისღებისას მიღებული მადლის ჩაახშობა გამოიწვია, მიუხედავად ამისა ის არ ტოვებს ადამიანს. ნათლობის საიდუმლოში ადამიანის პირვანდელი სილამაზითა და დიდებულებით აღდგომა ხდება და როგორც წმიდა მამები ამბობენ ამ დროს ქრისტე და სულიწმიდა „ადამიანის გულის წმიდათაწმიდაში მკვიდრდებიან“.  უმრავლესობას არც კი ახსოვს ბავშვობაში მიღებული ნათლობის მადლი. მიუხედავად იმისა, ქრისტე, რომელსაც ნათელღებული შეიმოსავს და ნუგეშინისმცემელი, რომელიც ნათელღებულზე მირონცხებით გადმოდის, არც ერთი წამით არ წყვეტენ ადამიანში მოქმედებას, მაგრამ ჩვენ, ძალიან იშვიათი გამონაკლისით იგნორირებას ვუკეთებთ მას. ჭეშმარიტი ლოცვით საკუთარ თავში ხელახლა განვიცდით ნათლისღების მადლს. წინათ ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა საკუთარ გულში საიდუმლოდ მცხოვრები მადლის შესახებ, ახლა კი გონიერი ლოცვის მეშვეობით პირდაპირ და უშუალოდ შინაგანად ვჭვრეტთ, შევიცნობთ და შევიგრძნობთ ღვთაებრივი მადლის მოქმედებას. XIV საუკუნის წმინდანები, კალისტე და ეგნატე ქსანფოპულოები გვმოძღვრავენ, რომ „მთელი ძალისხმევით ვეცადოთ ვიცხოვროთ მაცხოვრის ღვთიური მცნებების მიხედვით, რათა მათი დაცვის მეშვეობით ავმაღლდეთ იმ სრულყოფილ სულიერ-მადლისმიერ მდგომარეობამდე, რომელიც ემბაზში მეორედ შობისას მოგვენიჭა…“

 

ლოცვის  არსი შეიძლება ერთ ფრაზაში გამოიხატოს: „გახდი ის, ვინც ხარ“. გაცნობიერებულად და რეალურად გახდი ის, ვინც პოტენციაში ხარ. შენ ხომ ღმრთის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი და ნათლისღებისას ხელმეორედ შობილხარ. გახდი საკუთარი თავი; უფრო სწორად – დაუბრუნდი საკუთარ თავს, აღმოაჩინე ის, ვინც უკვე შენშია და მიაყურადე მას, რომელიც განუწტვეტლივ გესაუბრება გულში. დაეუფლე მას, ვინც იმ მომენტში შენ გეუფლება. ყველას, ვისაც ლოცვა სურს, ღმერთი ეუბნება: „ჩემს ძებნას არ დაიწყებდი, უკვე რომ არ გეპოვნე“.

 

რითი დავიწყოთ? როგორ ვილოცოთ საკუთარ შინაგან სენაკში ჩაკეტილებმა, არამხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული სიტყვებით, არამედ სულით? როგორ შევწყვიტოთ საუბარი და ვისწავლოთ მოსმენა? როდის გახდება ჩვენი ლოცვა, ღვთის ჩვენთან საუბარი და არა მცდელობა მასთან ხმის მიწვდენისა? როგორ გადავიდეთ სიტყვიერი ლოცვიდან, მდუმარე ლოცვაზე, ძალისხმევის საჭიროების მქონედან – „თვითმოქმედ“  (ეპისკოპოსი თეოფანის გადმოცემით) ლოცვამდე, ჩემი ლოცვიდან, ქრისტეს ჩემში ლოცვამდე?

ერთ-ერთი გზა გულისგულისკენ, სახელის მოხმობაა.

 

 

„უფალო იესო…“ 

 

რა თქმა უნდა, სხვა გზებიც არსებობს. ჭეშმარიტი ადამიანური ურთიერთობები თავისუფლებისა და უშუალობის გარეშე ვერ ეწყობა და მითუმეტეს მათ გარეშე ვერც სულიერი ლოცვა იშვება. მათზე ვინც ლოცვას ეძებს, არ მოქმედებს წინასწარგანსაზღვრული და შეუცვლელი წესები; და ვერავითარი ხერხი – ხორციელი თუ ფიქიკური – ვერ აიძულებს უფალს გამოგვეპასუხოს. მისი მადლი გადმოდის ჩვენზე როგორც თავისუფალი საჩუქარი. ვერანაირი მეთოდი ან ხერხი ავტომატურად ვერ მიიზიდავს მას. ღმერთის და ადამიანის ყოველი შეხვედრა ადამიანის გულის სამეფოში, სხვადასხვანაირია. მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან მოღვაწეები, რომლებიც ცოტას საუბრობენ იესუს ლოცვაზე და ისეთებიც, რომლებიც მასზე საერთოდ არაფერს ამბობენ. შინაგან ცხოვრებაზე მას არ აქვს გადამწყვეტი მონოპოლია, მაგრამ ამასთან, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა უამრავი აღმოსავლური ტრადიციის ქრისტიანი მისი დახმარებით იხვეჭს სამეუფო გზას. თუმცა არა მხოლოდ აღმოსავლური, უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში მართლმადიდებლობის შესახებ დასავლეთშიც გაიგეს და მისი მემკვიდრეობიდან არაფერს ისეთი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორც იესუს ლოცვას. არცერთ წიგნი არ სარგებლობდა იმხელა პოპულარობით როგორც „მწირის გულახდილი საუბრები“. არამართლმადიდებელ სამყაროში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ უცნობმა წიგნმა და მას შემდეგ რაც  20-იან წლებში  გამოჩნდა, მრავალ ენაზე ითარგმნა.

 

მაშ რითია ასე მიმზიდველი იესუს ლოცვა და რატომაა იგი ასეთი ძლევამოსილი? ეს ყველაფერი მისი ოთხი ძირითადი თვისებით ხომ არ აიხსნება? პირველი რიგში – სიმარტივით და ხელმისაწვდომობით; მეორე – შინაარსის სისავსით; მესამე – სახელის ძალით; მეოთხე – ხშირი გამეორებით, შეძენილი შინაგანი დისციპლინით. განვიხილოთ თვითოეული ჩამოთვლილი თანმიმდევრობით.

 

 

„სიმარტოვე და ხელმისაწვდომობა“ 

 

ლოცვა სახელის მოხმობით, ერთის მხრივ ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ყველა ქრისტიანისთვის, მეორეს მხრივ – ჭვრეტის საიდუმლო სიღრმეებში შევყავართ. მან, ვინც გადაწყვიტა იესუს ლოცვის  ყოველდღიური, ხანგრძლივი გამოყენება ან უფრო მეტიც, ცდილობს სუნთქვას ან სხვადასხვა გარეგნულ რიტმს შეუთავსოს, აუცილებლად უნდა იპოვოს გამოცდილი სულიერი მოძღვარი, თუმცა ჩვენს დროში ეს ძალიან ძნელია. მათ კი ვისაც არ აქვთ გამოცდილ მოძღვართან კავშირი, შეუძლიათ შიშის გარეშე მცირედით დაიწყონ: 10-15 წუთიანი უწყვეტი იესუს ლოცვით.

 

დარიგება დამწყებთათვის: უბრალოდ დაიწყე. „პირველი ნაბიჯის გარეშე ვერ გაივლი და თუ არ ჩაყვინთე ვერ გაცურავ“. იგივეა სახელის მოხმობისასაც. დაიწყე სიყვარულით და მოწიწებით, იყავი მტკიცე. არ იფიქრო მხოლოდ იმაზე, რომ უფლის სახელს უხმობ, არამედ იმაზე თუ რას წარმოადგენ მის წინაშე. სახელი მშვიდად, ხმადაბლა და აუჩქარებლად წარმოთქვი. ლოცვის სიტყვების სწავლა რთული არ არის. ყველაზე ხშირად მას ასე წარმოთქვამენ: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“. მაგრამ ერთფეროვნება არ არის აუცილებელი, ზოგჯერ „შემიწყალე მე“-ს ანაცვლებენ „შეგვიწყალენ ჩვენ“–ს, ან ამოკლებენ ლოცვას „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“, ან კიდევ „უფალო, იესუ“, მთლად უკანასკნელი კი – „იესუ“. ზოგიერთნი პირიქით ამატებენ „მე ცოდვილი“ („უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), და ამით ლოცვაში სინანულის ასპექტს აძლიერებენ. ან, თუ გავიხსენებთ მოციქულ პეტრეს აღიარებას კესარია ფილიპეს გზაზე,  ამბობენ „ძეო ღმრთისა ცხოველისაო“. ზოგჯერ იესუს ლოცვაში იყენებენ ვედრებას ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმინდანისადმი. მაგრამ ლოცვის ძირითადი არსი – სახელი „იესუ“ ყოველთვის არის მასში.  შეგვიძლია სიტყვათა სხვადასხვა წყობაც ვცადოთ და ავარჩიოთ მათ შორის ის, რომელიც უფრო ახლოსაა ჩვენთან. ერთხელ უკვე არჩეული სიტყვათა ფორმა დროთა განმავლობაში შეგვიძლია ვცვალოთ, მაგრამ ხშირად არა. „როგორც მცენარე ვერ იდგამს ნიადაგში ფესვს ხშირი გადარგვით, ასევე ლოცვა ვერ იდგამს გულში ფესვს ლოცვის სიტყვების ხშირი ცვლილებით“,– გვასწავლის წმ. გრიგოლ სინელი.

 

 იესუს ლოცვას სხვადასხვა გარემოებებში იყენებენ. ვისაც ლოცვის დაწყება სურს, არჩევანის წინაშე დგას: ილოცოს „თავისუფლად“ ან „კანონით“.


„თავისუფლად“- ნიშნავს ყოველდღიური საქმიანობის მოწყვეტის გარეშე. რამდენად ხშირად ვმოქმედებთ თითქმის ავტომატურ რეჟიმში, როცა კარგად ნაცნობ მრავალჯერად ქმედებებს აღვასრულებთ: ვიცვამთ, ვბანაობთ, წინდს ვკემსავთ, ბოსტანს ვუვლით, ვმგზავრობთ ან ვმართავთ ავტომობილს, ვუცდით ტრანსპორტს გაჩერებაზე ან ავტომობილს საცობში. ჩვენ გვაქვს დრო, როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა მძიმე შეხვედრის წინ სიჩუმეში ვიჯდეთ, როცა არ გვეძინება ან უკვე გავიღვიძეთ, მაგრამ ჯერ არ გამოვფხიზლებულვართ. იესუს ლოცვა კარგია თავისი სიმოკლითაც. როცა ძნელია კონცენტრირება, დაძაბულნი ვართ, ძალიან ვღელავთ, ის უბრალოდ შუცვლელია.

 

იესუს ლოცვა გვეხმარება აღვაშენოთ ხიდი ყოველდღიურ ყოფიერებასა, ღვთისმსახურებას და პირად ლოცვით მცდელობებს შორის.  „მოუკლებლად ილოცვიდეთ“ (1 თესალ. 5.17) – გვმოძღვრავს პავლე მოციქული, მაგრამ განა შესაძლებელია  ეს, როცა ამდენი გვაქვს მოსასწრები და საკეთებელი? პასუხს ეპისკოპოსი თეოფანე გვაძლევს: „ხელებით საქმე აკეთეთ, ხოლო გონებით და გულით კი ღმერთთან იყავით“. იესუს ლოცვის დაუღალავი გამეორებით, მასთან შერწყმით და ჩვენს ცნობიერებაში მისი ჩანერგვით შევიგრძნობთ ღმერთს ყველგან: ტაძარში, განმარტოებისას, სამზარეულოში, ცეხში ან ოფისში. ჩვენ ვემსგავსებით ძმა ლორენცოს, რომელიც „ღმერთთან ყოველდღიური საქმიანობის დროს უფრო ახლოს იყო, ვიდრე სულიერი ვარჯიშებისას“.„დიდი შეცდომაა – წერდა ის – ის შეხედულება, რომ თითქოს ლოცვის დრო განსაკუთრებულია, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ ღმერთთან, როგორც საქმიანობისას, ასევე ლოცვისას“[4]. იესუს ლოცვა უფრო ქმედითი და სრულია, არა მხოლოდ მაშინ როდესაც, მივმართავთ იმ დროს როცა მოგვესურვება, არამედ მაშინაც, როდესაც ის კანონის სახეს იღებს, მთელი ყურადღების ლოცვაზე გამახვილებით და ყოველგვარი მოქმედების შეწყვეტით. სახელის მოხმობას უთმობენ „ლოცვის განსაკუთრებულ“ დროს, იმ დროს რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუთმობთ ღმერთთან ურთიერთობას. ზოგადად, იესუს ლოცვის გარდა მლოცველთა ნაშრომებს, ფსალმუნებს, ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან და ლოცულობენ სხვებისთვის. ძალიან ცოტა თუ გრძნობს მოწოდებას, რომ მთლიანად იესუს ლოცვას მიეცეს. ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს იესუს ლოცვის „თავისუფალ“ გამოყენებას და ასევე „კანონის სახით“, არაფერს აშავებს და არა აქვს მიზეზი აღელვებისთვის (ორი გზა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.).


არ არსებობს მკაცრი წესები იესუს ლოცვის „თავისუფალი“ და „კანონის სახით“ გამოყენებას შორის. სხეულის მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მართლმადიდებლური ტრადიციით ლოცვას ხშირად მჯდომარე ამბობენ, მაგრამ დგომითაც შეიძლება და თუ უძლურება ან გადაღლილობა გვძლევს მწოლარეც. როგორც წესი სიბნელეში ან თვალდახუჭული და არა კანდელით განათებული ხატების ან სანთლის შუქზე. წმინდა სილუან ათონელი (1866-1938) ლოცვისას ყურადღება რომ არ გაფანტვოდა საათს კარადაში მალავდა, ხოლო თვალებსა და ყურებზე სქელ შალის სკუფიას იფარებდა.

 

სიბნელე თავისთავად მოქმედებს და ძილისკენ მივყავართ! თუ ლოცვისას ძილისკენ წაგვიღებს, უნდა წამოვდგეთ, გამოვისახოთ პირჯვარი, შენდობა ვითხოვოთ და ქედი მოვიხაროთ, ისე რომ მარჯვენა ხელი იატაკს შევახოთ (მცირე მეტანია). შესაძლებელია დიდი მეტანიის გაკეთებაც, მუხლმოდრეკითა და შუბლის იატაკზე შეხებით. სკამი, რომელზეც ლოცვისას ვზივართ არ უნდა იყოს მომადუნებელი, კარგია თუ სახელურები საერთოდ არ ექნება. მართლმადიდებლურ მონასტრებში როგორც წესი, დაბალ უზურგო სკამს იყენებენ. ლოცვა ხელაპყრობით დგომითაც შეიძლება. იესუს ლოცვისას ხშირად იყენებენ სკვნილს. ამას არა დათვლის გამო აკეთებენ, არამედ ყურადღების მოსაკრებად და რითმის შესანარჩუნებლად. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როდესაც ხელები დაკავებულია სხეულის დამშვიდება და ლოცვაზე კონცენტრირება უფრო მარტივია. რაოდონობრივობაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, ლოცვისას არამიზანშეწონილია. „მწირის გულახდილ საუბრებში“ ბერმა მკაცრად მიუთითა თუ რამდენჯერ უნდა გაემეორებინა დღის განმავლობაში იესუს ლოცვა: თავიდან – 3 ათასი, შემდეგ – 6 ათასი და ბოლოს 12 ათასი, არც მეტი არც ნაკლები. ეს სრულიად განსხვავებული ყურადღებაა რაოდენობაზე. როგორც ჩანს აქ საქმე მხოლოდ რიცხვებში არაა, არამედ მწირის შინაგან მდგომარეობაზე: ბერს მისი მორჩილების გამოცდა უნდოდა, რომ ენახა მზად იყო თუ არა უყოყმანოდ აღესრულებინა მისი ყოველა მითითება. ჩვენ კი ეპისკოპოს თეოფანეს რჩევა უფრო გამოგვადგება: „თქვენ ამბობთ, რომ ხანდახან გავიწყდებათ სკვნილზე  წარმოთქმული ლოცვების რაოდენობა. ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ღვთისადმი კრძალვით და სასოებით აღვლენილი ლოცვა უფრო ღირებულია, ვიდრე ლოცვების რაოდენობა“.ზოგჯერ იესუს ლოცვას ერთობლივად ამბობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად მარტო, ხმამაღლა ან ჩუმად თავისთვის. მართლმადიდებლები ლოცვას წამღერებით არ ამბობენ. არ არის აუცილებელი სიტყვების ზედმეტად გამოკვეთილად წარმოთქმა და ნებისმიერი შინაგანი დაძაბულობა ზედმეტია. დაე ლოცვამ თვითონ გამოიმუშაოს თავისი რიტმი და აქცენტები.  დროთა განმავლობაში ლოცვა თვითონ „ამღერდება“ ჩვენში. ბერი პარფენი კიეველი იესუს ლოცვის მდინარებას, ანკარა წყაროს რაკრაკს ამსგავსებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან სრულიად ნათელია, რომ სახელის მოხმობა  ნებისმიერ გარემოებაშია შესაძლებელი. იესუს ლოცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ყველგან და ნებისმიერ დროს. ის მისაღებია დამწყებთათვისაც და გამოცდილებისთვისაც. მისი წარმოთქმა შეიძლება ერთობლივადაც და განმარტოებითაც. ის მისაღებია უდაბნოშიც და ქალაქშიც, სიჩუმესა და სიმყუდროვეში, დიდ ხმაურსა და ქაოსშიც. ის ყველანაირ გარემოებას ერგება.

 

  ნაწილი II

 

„სიმრთელე“

 

რუსი მწირი მართალი იყო, როცა ამტკიცებდა, რომ იესუს ლოცვა „ყველა სახარებისეულ ჭეშმარიტებას შეიცავს“ და „ის არის შემოკლებული სახარება“. მისი მოკლე ქრისტიანული სარწმუნოების ორ ძირითად საიდუმლოებას შეიცავს: განკაცება და წმინდა სამება. იესუს ლოცვა ღმერთკაცის ორ ბუნებაზეც მეტყველებს: ადამიანური ბუნება სახელ „იესუ“-ში გამოიხატება, რომელიც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებით უწოდა, მისი მარადიული ღვთაებრიობა იმით გამოიხატება, რომ მას, „უფალს“ და „ძე ღვთისას“ ვუწოდებთ. აგრეთვე იესუს ლოცვა ყოვლადწმინდა სამების სამ ჰიპოსტატზეც მიუთითებს. წმინდა სამების მეორე ჰიპოსტას ანუ ძე ღმერთისადმი მიმართვით, იგულისხმება მამის და სულიწმინდის მყოფობაც რადგან „არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ. 12:3[ახ.ქართ.1])


ამრიგად იესუს ლოცვა არამარტო ქრისტოცენტრულია არამედ ტრინიტარულიც (სამებაცენტრული).  უნივერსალურია იგი არა მხოლოდ საღვთისმეტყველო, არამედ სულიერი თვალსაზრისითაც, რადგან აერთიანებს ქრისტიანული ცხოვრების ორ მთავარ მხარეს: თაყვანისცემასა და კეთილკრძალულებას ღვთის სიდიადისადმი და მეორეს მხრივ სინანულს, საკუთარი ცოდვილობის და უღირსების განცდას. იესუს ლოცვით წრიულად ვმოძრაობთ – როდესაც ვამბობთ „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო“ ვმაღლდებით ღმერთამდე, ხოლო „შემიწყალე მე ცოდვილი“ სინანულით ვუბრუნდებით საკუთარ თავს. როგორც წმინდა მაკარი დიდი ამბობს: „როდესაც ადამიანი საღმრთო მადლს იგემებს, ის ხარობს და ამავდროულად ძრწის და ეშინია“. ასეთია იესუს ლოცვის შინაგანი დინამიკა.

 

თხოვნა „შემიწყალე“ აერთიანებს ზემოთხსენებულ ორ „მხარეს“,- ღვთაებრივი დიდების ხილვას და ცოდვილობის განცდას. „წყალობა“ ხიდია ღმერთსა და დაცემულ ქმნილებას შორის. „შემიწყალე“-თი ვგლოვობთ ჩვენს უძლურებას, მაგრამ ამავდროულად იმედს არ ვკარგავთ, ვაღიარებთ ცოდვას და გვწამს, რომ დავძლევთ მას. ვამოწმებთ, რომ ღმერთი იღებს და არ განაგდებს ცოდვილს. იესუს ლოცვა არა მხოლოდ სინანულისკენ გვიბიძგებს, არამედ აგრეთვე ბადებს იმ რწმენას, რომ ღმერთი მოგვიტევებს და განგვაახლებს. სახელი „იესუ“ ლოცვის გულს წარმოადგენს და პირდაპირ მიუთითებს ხსნაზე: „და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“. (მთ. 1:21[ახ.ქართ.2]) იესუს ლოცვაში მწუხარებაა ცოდვაზე, მაგრამ არა უიმედობა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა. ეს, წმინდა იოანე სინელის († 649) სიტყვებით: „სიხარულისმომგვრელი ტირილია“ არ შეიძლება იესუს ლოცვის საღვთისმეტყველო და სულიერი სიმდიდრე აღვიქვათ, როგორც რაღაც აბსტრაქცია, პირიქით ის ცოხალი და ქმედითია. სწორედ ესაა ამ ლოცვის ღირსება, რომ მისი დახმარებით სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები ცოცხლდება, რომლებიც ადრე გარეგნულად და თეორიულად აღიქმებოდა, მთელი ჩვენი არსება იხსნება ამ ჭეშმარიტებებთან შესახვედრად. მაგრამ იმისთვის, რომ მივხდეთ რაშია მისი საიდუმლო, საჭიროა ვისაუბროთ სახელის ძალასა და მისი გამეორების დისციპლინაზე. 

 

„სახელის ძალა 

 

„ძე ღმერთის სახელი დიადი და განუზომელია და მას უპყრია მთელი სამყარო“,- ნათქვამია მიციქულ ერმის (სამოცდაათთაგანი) ჩანაწერებში. მხოლოდ ღვთიური სახელის ძალის და ღირებულების აღქმის შემდეგ შევძლებთ შევაფასოთ იესუს ლოცვის როლი მართლმადიდებლურ სულიერებაში. თუკი ეს ლოცვა თავისი შემოქმედებითი ძალით, სხვა ლოცვებს აღემატება მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის სახელს შეიცავს.

ძველაღთქმისეულ ტრადიციაში და ასევე სხვა უძველეს კულტურებში მიაჩნდათ, რომ ადამიანის სახელი მის სულთან საიდუმლოებრივადაა დაკავშირებული. სახელი პიროვნების ანარეკლია. მისი გაგება იგივია რაც ადამიანის არსის შეცნობა, მასთან კავშირის დამყარება და გარკვეული ძალაუფლების მოპოვებაც კი. სწორედ ამიტომ დამალა თავისი სახელი მამამთავარ იაკობთან მებრძოლმა იდუმალებით მოცულმა პიროვნებამ (დაბადება: 32:29[3]). ანგელოზმა კი მანოეს უპასუხა: „რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ“. (მსაჯულთა: 13:18[ახ.ქართ.4]) ცხოვრებაში ცვლილების შემდეგ სახელსაც კი უცვლიან. ასე აბრამი გახდა აბრაამი (დაბადება:17:5[5]), იაკობი – ისრაელი (დაბადება:32:28[6]). მოქცევის შემდეგ სავლე პავლე გახდა (საქ:13:9[7]) და მონაზონსაც, რადიკალური განახლების ნიშნად აღკვეცისას სახელს უცვლიან. ძველაღთქმისეულ ტრადიციაში ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ „სხვისი სახელით“ მოქმედებას, სხვისი სახელის მოწოდებას ან დაძახებას. „როდესაც სახელს წარმოთქვამენ, ის ცოცხლდება და მისი მფლობელის სულში აღიბეჭდება. ყველაფერი ღრმა მნიშვნელობითაა განმსჭვალული“[8].

 

თუ ყველაფერი ზემოთ თქმული მართებულია ადამიანთან მიმართებაში, მაშინ გაცილებით უფრო მეტად ეხება ეს ღმერთს. ღმერთის ძალმოსილება და დიდება მისი სახელის მეშვეობით მოქმდებს და იხსნება. მისი სახელის კრძალვით და ყურადღებით მოწოდებით, მის წინაშე ვიხსნებით და საკუთარ თავს, როგორც ცოცხალ მსხვერპლს და მორჩილ იარაღს ისე გადავცემთ. ღვთაებრივი სახელის სიდიადე ძველ იუდაიზმში ისე მძაფრად აღიქმებოდა, რომ სინაგოგაში შეკრებებზე მის სახელს ხმამაღლა არ წარმოთქვამდნენ. შემოქმედის სახელი ყველას წმინდა შიშს ჰგვრიდა. ახალმა აღთქმამ ბევრი რამ მიიღო მემკვიდრეობით ძველი აღთქმის იუდაური ტრადიციებისგან. იესუს სახელი უზომოდ ძალმოსილია და ამიტომაც განდევნის დემონებს და კურნავს ადამიანებს. თუ ეს გვემახსოვრება ახალი აღთქმის ბევრი ნაცნობი მონაკვეთი ახალ აზრს შეიძენს: საუფლო ლოცვის თხოვნა „წმიდა იყავნ სახელი შენი“; ქრისტეს აღთქმა საიდუმლო სერობაზე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ“ (იოან.16:23[ახ.ქართ.9]). უკანასკნელი დარიგება მოციქულებისადმი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მათ. 28:19[ახ.ქართ.10] ), ასევე პეტრე მოციქულის მტკიცება, რომ მხოლოდ იესუ ქრისტეს სახელითაა შესაძლებელი გადარჩენა: „ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ (საქმე. 4:10-12[ახ.ქართ.11]). პავლე მოციქულის სიტყვა: „სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი“ (ფილ. 2:10[ახ.ქართ.12]). თეთრ ქვაზე დაწერილი ახალი და საიდუმლო სახელი, რომელიც მომავალ ცხოვრებაში გველოდება (გამოცხადება. 2:17[13]).

 

იესუს ლოცვის პრაქტიკა ზუსტად სახელის ფენომენის ბიბლიურ აღიარებას და პატივისცემას ეყრდნობა. ღმერთი საიდუმლოდაა დაკავშირებული თავის სახელთან და ამიტომაც მისი მოწოდებით ჩვენ საიდუმლოდ ვმოქმედებთ და ღმერთიც ამ მომენტში უხილავად მოქმედებს. თანამედროვე ქრისტიანთათვის, როგორც მოციქულთა დროს, იესუს სახელი ძალაა. წმ. ბარსანუფისა და იოანეს სიტყვებით (VI საუკუნე): „ღვთის სახელის მოწოდება ყველა ვნებას კლავს. „ჰგვემე მტერი იესუ ქრისტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს… დაე შეერწყას შენს სუნთქვას იესუს ხსოვნა და მაშინ შეიცნობ მდუმარების სარგებელს“ – გვასწავლის წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი).

 

მიუხედავად იმისა, რომ იესუს სახელი ძალმოსილია, მისი მექანიკური გამეორება უნაყოფოა. იესუს ლოცვა მაგიური თილისმა არაა. შინაგანი საქმიანობისას, ისევე როგორც საიდუმლოებების აღსრულებისას, ადამიანი ცოცხალი რწმენის და ასკეტური ძალისხმევის მეშვეობით ღმერთის თანამუშაკი (თანამოქმედი, თანამშორმელი) უნდა გახდეს. იესუს ლოცვა ყურადღებით და სიფხიზლით უნდა წარიმართოს. გონება ლოცვის სიტყვებში უნდა მექცეს. უნდა გაცნობიერედეს თუ ვის მივმართავთ და ვისი პასუხი გვესმის გულში. ასეთი ლოცვა დატვირთვას მოითხოვს და დასაწყისსში მოღვაწეს უამრავ სირთულეს ხვდება. ამიტომაც მოღვაწე მამები ამ საქმიანობას საიდუმლო მოწამეობას უწოდებენ. წმ. გრიგოლ სინელი მუდამ ახსენებს მათ ვინც ამ საქმეს შეუდგა „თვითიძულების და შრომის“„მოუკლებელი ძალისხმევის“, ლოცვის მიტოვების ცდუნების (აუტანელი ტკივილებისს გამო, რომელსაც დროდადრო განიცდის მოღვაწე ამ საქმიანობისას) შესახებ. „გულის ტკივილით და სხეულით იშრომე, ეძებე უფალი გულში“ – ამბობს ის. სახელის ძალას მხოლოდ მომთმენნი და ერთგულნი შეიცნობენ. ერთგულება და სიმტკიცე, პირველ რიგში ვლინდება იმაში თუ რამდენად ყურადღებით და დიდი ხნით ვიმეორებთ ლოცვას.  „და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ…“ (მთ. 6:7[ახ.ქართ.14] ) – ასწავლიდა ქრისტე თავის მოწაფეებს. ეს სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ მიემართება მათ, ვინც ყურადღების და უზაკველად წარმოთქვამს იესუს ლოცვას. მათი ძალისხმევა დროთა განმავლობაში ნაყოფს გამოიღებს და ლოცვაც გაცილებით უფრო ღირებული და სულიერი გახდება.

 

„ერთიანობის განცდა“ 

 

როგორც კი სულითა და ჭეშმარიტებით ლოცვას შევეცდებით, მაშინვე აღმოვაჩენთ, რომ შინაგანად გახლეჩილები ვართ, მოწყვეტილები ერთობას და მთლიანობას.

 

ჩვენ ვცდილობთ წარვსდგეთ ღვთის წინაშე, მაგრამ მწერებივით იჭრებიან გონებაში დაუოკებელი, ამაო აზრები (ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული). ჭვრეტა ნიშნავს იყო იქ სადაც ხარ, აქ და ახლა; ჩვენ როგორც წესი უძლურნი ვართ ლაგამი ამოვდოთ ჩვენს გონებას, რომელიც თვითნებურად დაეხეტება დროსა და სივრცეში. ხან წარსულს ვიხსენებთ, ხან სამომავლო გეგმებს ვაწყობთ. ადამიანების და ადგილების გამოსახულებები უწყვეტად მიედინებიან ჩვენი აზრობრივი მზერის წინაშე და არ გვყოფნის ძალა დავაკავოთ საკუთარი თავი იქ, სადაც უნდა ვიყოთ ანუ – აქ, ღვთის წინაშე. ჩვენ ვერ ვცხოვრობთ სრულფასოვნად აწმყოში, ერთადერთ რეალურად არსებულ წამის მონაკვეთში: შინაგანი დისოციაცია (დაშლა) პირველქმნილი ცოდვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგია. როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, საქმე იმათ წარემართებათ, ვინც დროის ყველა მონაკვეთში ერთი და იგივე საქმიანობითაა დაკავებული. თუ ეს სასარგებლო ჩვევა ყოველდღიურ ცხოვრებაშო რთულად გვეძლევა, მაშინ მისი მოპოვობა შინაგან საქმიანობაში კიდევ უფრო რთულია.

 

მაშ როგორ ვისწავლოთ მუდმივად აწმყოში ცხოვრება? როგორ ვიყოთ მუდმივად მზად გადამწყვეტ წამებში? სწორედ ამ დროს მოდის საშველად იესუს ლოცვა. სახელის მოთმინებით მოხმობა, ღვთის მადლით გვამთლიანებს, აერთიანებს ჩვენს გახლეჩილობას და გაფანტულობიდან ერთიანობაში მოვყავართ. „გონებაში აზრები მწერებივით დაქრიან – ამბობს ეპისკოპოსი თეოფანე, – იმისთვის, რომ ეს ქაოსი ავლაგმოთ, გონება ერთი აზრით უნდა დავაკავოთ“.

 

ასკეტი მამები, კერძოდ წმ. ბარსანუფი და იოანე, გულისსიტყვებთან ბრძოლის ორი გზის შესახებ წერენ. პირველი გზა – „ძლიერთა“ და „სრულყოფილთათვის“ მდგომარეობს – შეწინააღმდეგებაში, ანუ გულისსიტყვებთან პირისპირ ბრძოლასა და მათი თავდასხმების მოგერიებაში. ეს გზა რჩეულთათვისაა, ის რთული და ხიფათებით აღსავსეა. პირდაპირი კონფლიქტი, ნების ძალისხმევით გულისსიტყვების აღმოფხვრის მცდელობები, როგორც წესი კვებავენ მათ და ერთხელ უკვე დათრგუნული წარმოსახვა, ორმაგი ძალით იწყებს შემოტევას. ამიტომაც უფრო კეთილგონივრულია, კი არ ვებრძოლოთ მათ, არამედ თავი ავარიდოთ და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. იმის მაგივრად, რომ გულისსიტყვების მოსაგერიებლად ძალების მოკრებით წარმოსახვების სიღრმეებში ვიცქიროთ, ქრისტეს მივაპყროთ მზერა, მივანდოთ თავი, მის სახელს მოვუხმოთ, რომლის მიერ მოქმედი მადლი განდევნის გულისსიტყვებს, რომელთა წინაშეც უძლურნი ვართ.

 

ჩვენი სულიერი სტრატეგია დადებითი უნდა იყოს და არა უარყოფითი: ბოროტი ზრახვებისგან გონების განწმენდის მაგივრად, გონება სიკეთეებით უნდა აღვავსოთ. „არ შეეწინააღმდეგო, რადგან მტერს სწორედ ეგ უნდა, როდესაც ჩვენს წინააღმდეგობას დაინახავს, შემოტევას აღარ შეწყვეტს – გვირჩევენ წმ. ბარსანუფი და იოანე, – ილოცე ღვთის წინაშე და მთელი შენი უძლურება მის წინაშე გადაშალე და მას შეუძლია არამარტო განდევნოს, არამედ სრულიად აღმოფხვრას ისინი“. მაშ ასე, იესუს ლოცვა სხვადასხვა გულისსიტყვებისა და წარმოსახვებისგან ყურადღების გადატანაში გვეხმარება, რისი მიღწევაც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეუძებელია. ლოცვისას დაბრკოლებები გარდაუვალია. შეუძლებელია მხოლოდ გადამრთველის გადატრიალებით გამოვრთოთ შინაგანი ტელევიზორი. უშედეგოა შეუძახო შენს თავს „არ იფიქრო“, ეს იგივეა, რომ გვეთქვა საკუთარი თავისთვოს – „არ ისუნთქო“„შეუძლებელია გონების უქმად ყოფნა“ – წერდა წმ. მარკოზ მოღვაწე. აზრები განუწყვეტლივ იჭრებიან მასში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი განდევნა, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გადავიტანოთ, „დავაკავოთ“ დაუოკებელი გონება „ერთი აზრით – იესუს სახელით“ აზრების ნაკადის მთლიანად შეჩერება არ გამოგვივა, მაგრამ იესუს ლოცვა მათგან განრიდებაში დაგვეხმარება და საბოლოო ჯამში ეს ნაკადი უბრალო ფონად იქცევა, რომელიც ყურადღებას საერთოდ აღარ მიიქცევს.

 

ევაგრე პონტოელი (399) წერდა: „ლოცვა გულისსიტყვებისგან განთავისუფლებაა“. სწორედაც, რომ განთავისუფლება, მშვიდად და მტკიცედ და არა მრისხანებით და უმოწყალო ბრძოლით. სახელის მოწოდებით ჩვენს აზრებს ქრისტეთი ვაკავებთ და ვთავისუფლდებით ჩვენი, როგორც უდანაშაულო, ასევე დამღუპველი ფანტაზიებისგან. აღსანიშნავია, რომ ლოცვისას წარმოსახვის და დისკურსიული აზროვნების ძალადობით ჩახშობა და მითუმეტეს მათი კვება არაა სასარგებლო. იესუს ლოცვა მეტიდაცია არაა და არც ქრისტეს ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის, ან იგავის წარმოსახვის მცდელობაა; კიდევ უფრო ნაკლები საერთო აქვს მას, რომელიმე დოგმატის, მაგალითად: „ერთარსების“ გააზრებასთან. ეს განასხვავებს იესუს ლოცვას დასავლეთში კონტრრეფორმაციის დროს პოპულარულ დისკურსიულ მედიტაციისგან.

 

სახელის მოხმობისას არაა საჭირო გონებაში მაცხოვრის წარმოსახვა. იესუს ლოცვისას, როგორც წესი, ხატებს არ უყურებენ, არამედ სიბნელეში ან დახუჭული თვალებით წარმოთქვავენ მას. „ცუდი და კარგი შთაბეჭდილებების გახსენება, როგორც წესი გონებაში მათ გამოსახულებებს აღბეჭდავს და გონებას ოცნებისკენ უბიძგებს – წერს წმ. გრიგოლ სინელი. – მაშინ ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანი მეოცნებეა და არა ისიხასტი„გონიერი ლოცვისას ხიბლში რომ არ აღმოჩნდეთ – წერს წმ. ნილოს სორელი (1508) – არ დაუშვა არანაირი წარმოსახვები, გამოსახულებები და ხილვები“. „იესუს ლოცვისისას არ უნდა იყოს არანაირი გამოსახულება, რომელიც ღმერთსა და გონებას შორის ჩადგება – წერს ეპისკოპოსი თეოფანე – გონიერი ლოცვის არსი – მუდმივად ღვთის წინაშე მყოფობის განცდაშია, ხოლო ღვთის წინაშე სვლა არის მტკიცე რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყველგანაა, ის ჩვენშია. ღვთის მზერა, რომელიც ჩვენ შინაგან სამყაროს ხედავს, არ უნდა იყოს წარმოსახვითი, არამედ უბრალო რწმენაზე და განცდაზე დაფუძნებული“. მხოლოდ ასე ვილოცოთ. არა ქრისტეს წარმოსახვით, არამედ მისი მყოფობის განცდით, სწორედ ამ დროს ვგრძნობთ იესუს ლოცვის ძალას, რომელიც ადამიანის არსებას მთლიანობას ანიჭებს. იესუს ლოცვა სიტყვების წარმოთქმას მოითხოვს. თუმცა მისი სიმარტივის და სიმოკლის წყალობით ის სიტყვებზე მაღლა – ცოცხალი მდუმარებით მარადიული ღმერთის ჭვრეტისკენ ავყავართ. ღვთის დახმარებით ის თანდათანობით არადისკურსიული ხდება, არა წარმოსახვითი, არა უბრალოდ მიმართვა მისდამი, არამედ მასთან ყოვლისმომცველ ერთობად იქცევა. სახელის მოხმობით, სულიერი განცდით ნელ-ნელა ვგრძნობთ ქრისტეს სიახლოვეს, დაახლოებით ისე, როგორც კარგად გამთბარ ოთახში შესვლისას ვთბებით. ჩვენ მას შევიცნობთ არა წარმოსახვითად, არამედ მთლიანი და გახსნილი გულით. ამრიგად, იესუს ლოცვა გვამყოფებს აქ და ახლა; ერთიანი ცენტრის გარშემო გვკრებს, მრავალფეროვანი გულისსიტყვებიდან ქრისტესთან ერთობაში მოვყავართ. „იესუ ქრისტეს ხსოვნით მოიკრიბე გაფანტული გონება“ – ამბობს წმ. ფილოთეოზ სინელი (IX ს).

 

მრავალნი, ვინც იგებენ, რომ იესუს ლოცვა წარმოსახვითი არ უნდა იყოს, რომ ის აზრების და გამოსახულებების მიღმიერია, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ასეთი ლოცვა არ შეუძლიათ. ასეთებს შევახსენებთ: ეს გზა მხოლოდ რჩეულთათვის, გასნაკუთრებული ნიჭებით დაჯილდოებულთათვის არაა. ყველას შეუძლია შეუდგეს მას. თუ ჯერ ეხლა დაიწყეთ იესუს ლოცვა, არ ეცადოთ, რომ მაშინვე განდევნოთ ყველა აზრი და გამოსახულება. გახსოვდეთ, რომ სტრატეგია დადებითი უნდა იყოს და არა უარყოფითი. გონებაში ზედმეტი არაფერი გააჩეროთ, მაგრამ მთავარი გახსოვდეთ – ქრისტეზე იფიქრეთ და არა იმაზე, თუ როგორ განდევნოთ ზრახვები. მთელი თქვენი არსებით, მთელი მოშურნეობით და რწმენით მიმართეთ თქვენს პირად მხსნელს. შეიგრძენით მისი მყოფობა. სიყვარულით ესაუბრეთ მას. თუ ყურადღება გაგეფანტებათ (რაც გარდაუვალია)იმედი არ გაგიცრუვდეთ: მსუბუქად, მრისხანების და გაბოროტების გარეშე დააბრუნეთ ის ლოცვის სიტყვებში. რამდენჯერად არ უნდა გაგეფანტოთ, იმდენჯერ დააბრუნეთ. ყოველთვის მთავარი ღერძისკენ – ცოცხალ იესუ ქრისტესკენ ისწრაფეთ. იესუს ლოცვას ისე მოეპყარით, როგორც სიყვარულთან მიმაახლებელს და არა როგორც მხოლოდ ზრახვებისგან განმათავისუფლებელს. იესუს ლოცვა აუცილებლად განცდით უნდა წარმოვთქვათ, მაგრამ არა ხელოვნური ემოციური აღგზნებით. ის „გრძნობისმიერ“ ლოცვაზე (როგორც ეს დასავლეთში ესმით) უსასრულოდ უფრო ღრმაა და სწორედ სიყვარულის ნაპერწკალით უნდა შევუდგეთ მას.  სახელის მოხმობისას შინაგანად რიჩარდ ჩიჩესტერს მივბაძოთ:


„ო, მოწყალეო მხსნელო, მეგობარი და ძმაო,
შემეწიე რომ უკეთესად დაგინახო

მხურვალედ მიყვარდე და ბოლომდე მოგყვებოდე“.

 

წიგნი ითარგმნა რუსთავის მე-17 საპატიმროში.
რუსული ენიდან თარგმნა ზურაბ გორგაძემ.
რედაქტორი – გიორგი გელაშვილი.