ღირსი იოანე სინელი
შენიშვნები ღირსი მამის იოანე კიბისაღმწერელის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები ღირსი მამის იოანეს ცხოვრების აღსასრულს VI-VII სს-ის მიჯნაზე ვარაუდობენ, რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, რაითელი ბიოგრაფი ამბობს, რომ მან მონაზვნობის ღვაწლი 16 წლის ასაკში იტვირთა და 19 წლის განმვალობაში ამბა მარტვირის ხელმძღვანელობით ცხოვრობდა. მოძღვრის აღსრულების შემდეგ დაყუდებაში გაატარა ორმოცი წელი. ამგვარად, სინას მთის იღუმენად ღირსი იოანე შობიდან სამოცდამეთხუთმეტე წელს დადგინეს. რამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იგი სავანეს და ხელახალ დაყუდებაში რამდენ ხანს იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც სინას მთაზე ამბა გიორგის ჩააბარა იღუმენობა, ზუსტად არავინ იცის. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ამბა იოანე ოთხმოცი ან ოთხმოცდახუთი წლის ასაკში აღესრულა, ფსალმუნის დანართში ნათქვამია, რომ მან 95 წელი იცხოვრა. აღმოსავლეთის ეკლესია მის ხსენებას 30 მარტს აღასრულებს, ამავე დღეს იხსენიებს მას დასავლეთი.
სინას მონასტრის შესახებ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ IVს-ში ის მეუდაბნოეთა დიდი სიმრავლის მუდმივ სამყოფელად იყო ქცეული, რომელსაც აქ იზიდავდა, როგორც ძველ აღმოსავლეთის სასწაულების და მოსესა და ელიას ხსოვნა, ასევე, დაყუდებლთა ხვედრი და ნახევარკუნძულის მეჩხერი დასახლება. პირველ ხანებში სინელ მოღვაწეებს საერთო მონასტერი არ ჰქონდათ. ისინი მთებსა და ველებზე მიმობნეულ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათს, საღამოს იკრიბებოდნენ ტაძარში, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, დედოფალმა ელენემ იმ ადგილად ააშენა, სადაც მოსე წინასწამეტყველს ღმერთი ესიტყვებოდა ცეცხლშემოგზნებული მაყვლის ბუჩქიდან. ამ ტაძარში მეუდაბნოეები მთელ ღამეს ერთობლივ ლოცვაში ატარებდნენ, დილით წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდნენ და კვლავ სენაკებში იფანტებოდნენ. IV და V ასწლეულებში სინელი მეუდაბნოეები არაერთგზის აღმოჩნდნენ სარაცინების თავდასმხების მსხვერპლი, მათგან მრავალმა მოწამეობრივი აღსასრული მიიღო. ამიტომ, როგორც კი ტახტზე მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე I ავიდა, მამებმა შეიტყვეს მისი ღვთისმოსაური განწყობის შესახებ წმიდა ადგილთა მიმართ და სთხოვეს, რომ გამაგრებული მონასტერი აეგო. იუსტინიანემ თხოვნა ყურად იღო, მისი ბრძანებით მთის ძირში აიგო სინას მონასტერი და დღევანდლამდე იქვე არსებობს.
რაითის მონასტერი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სინადან ორი დღის სავალზე მდებარეობდა, შავი ზღვის მეტად თვალწარმტაც ყურეში. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილის სიახლოვეს, რომელსაც ელიმი ეწოდება და სადაც ებრაელმა ერმა ორმოცწლიანი მოგზაურობისას 70 პალმა და 12 წყარო იპოვა (გამოსვლ. 15,27). ეს მონასტერი, ისევე როგორც - სინასი, თავის დროზე დიდი მოღვაწე მამებით მდიდარი იყო. მოღვაწეობის სულითა და მცირედი დაშორების წყალობით ამ ორ სავანეს ერთმანეთთან მჭიდრო და განუწყვეტელი კავშირი ჰქონდა.
იოანე მოსხის „სულიერ მდელოში“ (თ. 125) მარტის მე-17 დღის პროლოგში ამბა გიორგის შესახებ (რომელიც, გადმოცემის მიხედვით, წმ. იოანე სინელის ხორცილეი ძმა იყო და რომელსაც მან სინას მთის იღუმენობა ჩააბარა) ჭეშმარიტად სასწაულებრივი თხრობაა შემონახული.
ერთხელ, დიდ შაბათს, მას მოესურვა, რომ აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში ეზეიმა და წმიდა საიდუმლოს ქრისტეს აღდგომის ტაძარში ზიარებოდა. მთელი დღე ბერი ამ აზრით იყო შეპყრობილი და ლოცულობდა. აღდგომის ბრწყინვალე დღეს იგი ყოვლსიშემძლე ღვთის ხელმა აღიტაცა, იერუსალიმის აღდგომის ტაძრის კარიბჭესთან დააყენა და ზიარება ნეტარი პატრიარქის პეტრეს ხელიდან მის პრესვიტერებთან ერთად მიიღო. როდესაც პატრიარქის ბრძანებით იღუმენი მღვლდემთავარებთან ერთად სადღესასწაულო ტრაპეზზე მიიწვიეს, ამბა გიორგიმ წარმოსთქვა: „იყოს ნება ღვთისა!“ მაგრამ, როგორც კი თაყვანი სცა უფლის საფლავს, იერუსალიმის ტაძრიდან გაუჩინარდა და თავის სენაკში აღმოჩნდა. დამწუხრებულმა პატრიარქმა ბერს წერილი მისწერა, რომლის პასუხადაც მან აღწერა მომხდარი სასწაული და იწინასწარმეტყველა, რომ ორივე ექვსი თვის შემდეგ ერთად შეიყრებოდნენ და ცათა სასუფეველში იხილავდნენ ერთმანეთს. პატრიარქთან დაბრუნებულბმა მას აუწყეს, რომ ბერი უკვე სამოცდაათი წელია არ გამოსულა თავისი სავანიდან. ამასთან ყველა ეპისკოპოსი და ეკლესიის მსახური ამოწმებდა, რომ იგი ქრისტეს აღდგომის ტაძარში იხილეს და ამბობდნენ: „ჩვენ ყველა ვემთხვიეთ მას“. ექვსი თვის შემდეგ ამბა გიორგის წინასწარმეტყველება აღსრულდა. ისიც და ნეტარი პატრიარქი პეტრეც უფლის წინაშე წარსდგნენ. |