მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი იოანე სინელი

 

ეპისტოლე წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე სინელი მამასახლისისა,
რომელსაც ახლავს სულიერნი ფიცარნი, იოანე იოანეს ახარებს

 

ღვთივსანატრელს, ანგელოზთა თანასწორს, მამათა მამას და ყოველი ჩვენგანის მოძღვარს მივწერ მე, რაითელი მამასახლისი - ცოდვილი იოანე. უფლის მიერ გახარებ. ვუწყით ჩვენ გლახაკთა, რომ სხვა ყოველგვარ სათნოებასთან ერთად უერთგულესი მორჩილება იცი. უფრო კი ის, რომ შენთვის ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს ააღორძინებ და გაამრავლებ. ამიტომ ვწერ შენს სიწმინდეს წმ. წერილს სიტყვების მსგავსად, სდაც ნათქვამია: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს, შენს უხუცესებს, ისინი გეტყვაინ. (რჯულ. 32,7)

 

ამიტომ ვევედრებით შენს სათნოებათა სიმაღლეს, რომ მოგვწერო ჩვენ - უსწავლელებს, რაც დიდი მოსეს მსგავსად შენი ღვთისმხილველობით გიხილავს სინას მაგ წმიდა მთაზე. და როგორც რჯულის ფიცრებზე - შენს მიერ დაწერილ წიგნში აღწერე სწავლება ახალ ისრაელთათვის, რომელიც დღეს გამოსულან უხილავი ეგვიპტიდან და ამა სოფლის ზღვისაგან. და როგორც კვერთხის ნაცვლად, მაგ შენი ღვთისმეტყველი ენით და ღვთის მადლით მრავალი სასწაული აღგისრულებია და მრავალი გიხსნია ამა სოფლის აღძრული ზღვისგან, გევედრებით, ახლაც ნუ უგულებელსვყოფ, არამედ ყოველივე, რაც მონაზვნური ცხოვრებისათვის არის საჭირო, ღვთის მიერ, როგორც დიდმა მოძღვარმა, კეთილად აღწერე ყველასათვის, ვინც ანგელოზებრივი ცხოვრების გზას დაადგა. ნუ იფიქრებ, რომ სიცრუითა და ორპირობით ვამბობ ამ სიტყვებს, რადგან, მამაო, შენც იცი, რა შორს ვდგავართ ამგვარ საქმეთაგან. არამედ, იმას ვამბობთ, რაც ჭეშმარიტია და ყველას სჯერა. ამიტომ ღვთის იმედით ვართ, რომ მალე მივიღებთ სულიერ ფიცრებს, რომელთაც მოველით, რათა ისინი შეუცდომელად გაუძღვეს წინ ყველას, რათა ეს სწავლანი იყოს ზეცის ბჭემდე აღმყვანებელი კიბე მათთვის, ვინც შეუდგება, და ზე ასვლას ისურვებს, რათა შენი სწავლების საშუალებით დაუბრკოლებლად განერიდონ უკეთურ სულებს, ბნელ სოფლისმპყრობელებს და ჰაერის მთავრებს.

 

რადგან იაკობი მწყემსი იყო და ესოდენ საშინელი ხილვა ჰქონდა ამ კიბის შესახებ. შენ კი უმეტესი ხარ - როგორც მწყემსი პირველმეტყველი ცხოვრებისა და ძალგიძს არამარტო ხილვა, არამედ ისიც, რომ საქმითა და ჭეშმარიტებით ღვთისკენ მიმავალი შეუმცდარი გზა გვიჩვენო. ღმერთმა გაცოცხლოს, პატიოსანო და წმიდაო მამაო.