| |
ღირსი იოანე სინელი
ეპისტოლე წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე სინელი მამასახლისისა,
რომელსაც ახლავს სულიერნი ფიცარნი, იოანე იოანეს ახარებს
ჩვენამდე მოაღწია შენმა პატიოსანმა წერილმა, რომელიც შენს უვნებელ და სათნოებებით
აღსავსე ცხოვრებას და შენს წმიდა და მდაბალ გულს შეეფერება. გვწერდი ჩვენ, რომლებიც
მოკლებულნი ვართ სათნოებებს, რითაც შენი სიწმინდის ჩვეულებისამებრ სიმდაბლის
მაგალითი გვიჩვენე. იმისთვის ჰქმენ ეს საქმეც, რომ ჩვენგან, სიტყვისა და საქმის
უმეცართაგან, სიტყვის სწავლება ითხოვე და ჩვენს შეძლებაზე აღმატებული საქმის
აღსრულება გვიბრძანე. მე ამას ვიტყვი: ყოველგვარ სათნოებათა დედის - მორჩილების -
უღელზე უარის თქმის რომ არ მეშინოდეს, ვერ გავბედავდი ჩემს ძალებზე ესოდენ
აღმატებული საქმის წამოწყებას.
უმჯობესი იქნებოდა, საკვირველო მამაო, რომ თუ ამგვარ საქმეებს გამოიძიებ, მათგან
გესწავლა, ვინც ნამდვილად იცის სათნოებაა ღვაწლი, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ მოწაფეთა
როგებში ვიმყოფებით და არა - მოძღვართა. მაგრამ რადგანაც ღმერთშემოსილი მამები და
მორჩილების მასწავლებლები მორჩილების იმას უწოდებენ, რომ კაცი წინამძღვრის
სიტყვისაებრ ერთგულად შეებას საკუთარ ძალებზე აღამტებულ ღვაწლს, ამიტომ ჩემს
ძალებზე უდიდესი ღვაწლი სიმდაბლით ვიტვირთე, არა იმიტომ, რომ შენ გჭირდება ჩემი
ნათქვამი: რადგან მეც ვიცი, წმიდაო მამაო, და ყველა იმან, ვისაც გონების სიბრძნე
მოუხვეჭია, რომ შენი გონება ვნების ყოველგვარი სიბნელისაგან განწმენდილია, საღმრთო
ნათელს დაუბრკოლებლად მიჰყვება და ბრწყინავს მის მიერ.
მე კი ვშიშობ, რომ ურჩობის ცოდვამ სიკვდილი არ მომიტანოს და ამიტომ ვემორჩილები
შენი სიწმინდის ბრძანებას - შიშითა და სურვილით, როგორც მორჩილი, ერთგული,
დახელოვნებული მხატვრის გლახაკი და უვარგისი მონა - ჩემი მცირე და გამოუსადეგარი
ცოდნით და უძლური სიტყვით. მელნით მხოლოდ ცოცხალი სიტყვები გამოვსახე და შენს მიერ
კეთილად შესამკობელი და განსაცხადებლად დავტოვე ისინი, შენ წინამძღვარო მოძღვართაო,
რომ, როგორც სულიერი ფიცრებისა და რჯულის აღმასრულებელმა შეავსო ყოველგვარი ნაკლი.
როგორც ვთქვი, აქ აღწერილი შენს სასწავლებლად კი არ მომიცია... ნუ იყოფინ! რადგან
შენ, წმიდაო, შეგიძლია, ასწავლო მრავალს და მათ შორის ჩვენც და საღმრთო სწავლებასა
და ღვაწლში განგვამტკიცო, არამედ მაგ საღმრთო კერებულისთვის ვწერ, რომელიც ჩემთან
ერთად შენს მორჩილებაში ცხოვრობს, მოძღვართ მოძღვარო!
ამისთვის შენი და მათი ლოცვით და უფლის იმედით მცირედ შემიმსუბუქდა ჩემი
უსწავლელობის სიმძიმე და ჩემი კალმის აფრა აღვმართე, ხოლო ჩემი სიტყვის საჭე თქვენს
ლოცვებს მივანდე. მაშ ვიწყებ სიტყვას თქვენი სიტყვისაებრ.
და ვითხოვ ყველასაგან, ვინც ჩემს ნათქვამს წაიკითხავს, რომ, თუ იქ რაიმე სასარგებლო
ნახოთ, მისი ნაყოფი ჩვენი წმიდა მამის კუთვნილებად შერაცხეთ, ვინც ამ საქმის
წამოწყებისათვის ილოცეთ და ნუ განსჯით ამ სიტყვათა მიხედვით, რომლებიც მართლაც
გამოუსადეგარნი და უსწავლელობით სავსენი არიან. არამედ, ილოცეთ ჩემი
გულმოდგინეობისათვის, რადგან ღმერთი სამაგიეროს ძღვნისა და ღვაწლის სიმრავლისათვის
კი არ მოგვიზღავს, არამედ გულმოდგინებისათვის.
|
|