| |
ღირსი იოანე სინელი
ცხოვრება წმიდისა ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე სინელ მამასახლისისა
სულთგანმანათლებელი მოძღვრების ავტორისა, ჭეშმარიტად სანატრელისა,
რომელიც დანიელ რაითელმა მონაზონმა აღწერა
საყვარელნო ძმანო, ვერაფერს გეტყვით, თუ რომელი იყო ის ქალაქი, სადაც იშვა და აღიზარდა ღვთისმსახურების ეს მამაცი მხედარი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლამდე, ხოლო თუ რომელ ქალაქს შეუწყნარებია იგი საკვირველი და ასაზრდოებს უხრწნელი საკვებით - დანამდვილებით ვიცი. იგი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს: „მოქალაქეობაჲ ცათა შინა
არს“ (ფილ. 3,20).
იქ იმყოფება იგი ნეტარი და ცხადად ხარობს დაუსრულებელ სიკეთეში, ხოლო გონებით უხილავ და მიუწვდომელ მადლს განიცდის. მისი ღვაწლის შესაფერისი პატივი - ცათა სასუფეველი მოუხვეჭია და არის და მარადის იქნება მათთან, ვინც სიწრფელეში ჰგიებს. ხოლო თუ როგორ დაიმკვიდრა ამ ხორციელმა არსებამ უხორცოთა შორის და ფერჴნი დადგა
სიწრფელით“ (ფს. 12,25), ამას კეთილად მოგითხრობთ.
ხორციელად თექვსმეტი წლის ასაკში იმყოფებოდა ნეტარი მამა, ხოლო გონებით ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული, როდესაც მან საკუთარი თავის მისივე ნებით მსხვერპლად შეწირა დიდ მღვდელთმოძღვარს, რომელსაც მიაშურა და ხორცი სინას მთას, სული კი ზეციურ მთას მიუძღვნა.
ამგვარად, უცხოობის საშუალებით, რომელსაც ყოველგვარ სათნოებათა წინამძღვრად ვთვლით, კადნიერების ვნება ძირიანად აღმოფხვრა და სიმდაბლე შეიძინა, მან თვითრჯულობისა და პირადი ნების მიყოლის მაცდური ვნება განდევნა; ქედი კი სულიერ მოძღვარს მოუდრიკა, რათა ამ ცხოვრების სასტიკ ზღვაში სრულიად თავისუფლად და უვნებლად ევლო.
ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა.
საოცარი იყო ის, რომ იგი - ფილოსოფოსთაგან განსწავლული, დაემოწაფა სრულიად განუსწავლელ კაცს, რომელმაც ზეციური ამა სოფლის სიბრძნით ზრახვითა და სიმდაბლით ფილოსოფოსობის ამპარტავნობას სძლია. სახელი ამ მოძღვრისა, რომელმაც იგი აღკვეცა, იყო მარტვირი, იგი წმიდა მამის ანტონის ერთ-ერთ უშორეს უდაბნოში, მეწამული ზღვის სიახლოვეს მკვიდრობდა. ამ დროს მათ მონასტერს თავს დაესხნენ წარმართები, რომლებიც იმ მთებში ბინადრობდნენ. მათ მონასტრები ააოხრეს და ექვსი მონაზონი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთს სახელად ერქვა კონონი, იგი დაფარულთა მცნობელი და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოვებული იყო.
მამა მარტვირიმ აიღო მათი გვამები, ერთ-ერთ გამოქვაბულში დამარხა, დიდი ლოდებით დახშო სამარე, კირით შელესა და ამ წმიდანთა სახელები ზედ დააწერა.
ორი დღის შემდეგ მოვიდა მათი საფლავის სანახავად, რათა შეეტყო, რომელიმე მხეცს ხომ არ გამოეთხარა ისინი. ნახა, რომ ყოველივე ხელშეუხებელად დარჩენილიყო და წარწერა ასევე უცვლელად შენახულიყო, მაშინ მან გახსნა საფლავი და მათ გამოსატანად შევიდა, როდესაც შიგნით შეაღწია, ღვთის ნებით აღსრულებულთაგან ორი გვამი ვერ იპოვა - ეს იყო გვამი ამბა კონონისა და გვამი კიდევ ერთი დიდებული ძმისა.
ახლა კი ისევ ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ.
როდესაც ჩვენი ნეტარი მამა იოანე მონაზვნად აღიკვეცა, იგი თექვსმეტი წლის იყო. მამა მარტვირიმ იგი წაიყვანა ვინმე კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანთან ერთად. როდესაც ნეტარმა ბერმა იხილა ისინი, ადგა, პატარა თასში წყალი ჩაასხა, ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის კი ფეხი არ დაუბანია, სტეფანე ამის დანახვაზე დაბრკოლდა. როდესაც მარტვირი და მისი მოწაფე წავიდნენ, მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, შეიტყო, რომ მისი მოწაფე დაბრკოლებული იყო და უბრძანა მას: რად დაბრკოლდი, შვილო, ჭეშმარიტად გეტყვი, რომ სხვა არად მესახება ეს ყრმა, თუ არა - სინას მთის მამასახლისად და ფეხი ამად დავბანე; მართლაც, ორმოცდასამი წლის შემდეგ ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი გახდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა. მარტო ამ ღირსმა მამამ კი არ იწინასწარმეტყველა მის შესახებ, არამედ ევსტრატი მარტოდმყოფმაც, რომელიც მას შემდეგ, რაც იგი ანსტასი სინას მთის მამასახლისმა მონაზვნად აღკვეცა გარეთ აღარ გამოსულა. მან იხილა წმიდა მთიდან ჩამომავალი იოანე მოძღვართან ერთად, უხმო ამბა მარტვირის და ყრმასაც და უბრძანა: მითხარ, მამაო, ვინ არის ეს ყრმა, ან ვინ აღკვეცა იგი? მამა მარტვირიმ მიუგო: მონა შენი არის იგი, მამაო, და ჩემი მოწაფე. წმიდა მამა ევსტრატიმ უთხრა: ნეტარ ხარ შენ, მამაო მარტვირი, ვინმე მივიდეს და ანასტასი სინელ მამასახლისს უთხრას, რომ დღეს სინას მთის მამასახლისი აღიკვეცა. და ჭეშმარიტად! როგორც იწინასწარმეტყველეს წმიდა მამებმა ნეტარი იოანეს შესახებ, ყველაფერი ისე მოხდა... და ყოველგვარი სათნოებით იმგვარად იყო იგი შემკული რომ სინას მთის მამები მეორე მოსეს უწოდებდნენ.
როდესაც ნეტარი თვრამეტი წლის შესრულდა, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ზეციური მამის წინაშე წარსდგა როგორც შუამდგომელი და მავედრებელი. თვით კი საბრძოლველად გავიდა უდაბნოში, დიდი მონასტრიდან ხუთი მილის სავალზე, საჭურველად აიღო ლოცვა და დაყუდების ღვაწლს შეუდგა ხუთი მილის სავალზე - დიდი მონასტრისაგან; მან სამყოფელი აიშენა იმ ადგილას, რომელსაც თულისი ეწოდება და ორმოცი წელი ყოველგვარი სულმოკლეობის გარეშე აქ იმყოფებოდა; და ღვთისადმი მძაფრი სიყვარულით, როგორც ცეცხლი მარადის აღენთებოდა. ვინ შეძლებს, სიტყვით წარმოგვიდგინოს ის ღვაწლი, რომელსაც აღასრულებდა იგი, ან ვინ მოგვითხრობს მის საქმეებს, როცა ყველა სათნოება კაცისაგან ფარულად აღსრულდებოდა. საჭმელი იმდენი ჰქონდა, რამდენიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო საჭირო და, უფრო ნაკლებიც.
უდიდესი ნაკლოვანებით იგი ალაგმავდა და ამშევდა მუცელს. უდაბნოში ცხოვრებით და ადამიანის სახის უნახაობით ვნებათა ცეცხლის ალი სრულად დაშრიტა ვიდრემდე ფერფლად და მტვრად აქცია იგი.
ხოლო კერპმსახურება, რაც ოქროსა და ვერცხლის სიყვარულით ცხადდება, ღვთის სასოებით და უპოვარების სათნოებით მამაცურად დაძლია. სულიერი სიძაბუნე სიკვდილის ხსენებით განაგდო. ახლობელთა, თუ სხვა სოფლიურ საქმეთა სიყვარული კი უნივთო და საუკუნო კეთილთა გამუდმებული მოხსენებით განდევნა.
ხოლო გულისწყრომის მოძალება ადრევე ჩაეკლა მორჩილების მახვილით და დაყუდებისა და დუმილის გამრავლებით ამპარტავნებისა და თვალთმაქცობის მახე დაერღვია. ვინ გამოთქვას ღირსეულად საზომი მისი სიმდაბლისა, ანდა მის სრული სიწმინდის სიმაღლე, რომელიც დაიწყო მორჩილების ბესელიელმა, ხოლო ზეცისა იერუსალიმისა უფალმა აღასრულა თავისი მოსვლით, რომლის გარეშე არ დაეცემოდა ეშმაკი და ეგზომ დიდი ძლიერება მისი.
სად მივუჩინო ჩვენს მიერ დაწნულ ამ გვირგვინში ადგილი მის ცრემლთა წყაროს (რომელიც ბევრი მოღვაწის ხვედრი როდია), ფარული სამოღვაწეო ადგილი, სადაც იგი ამ საქმეს აღასრულებდა, დღემდე არსებობს. ეს არის კლდოვან ადგილას გამოკვეთილი ქვაბული, სენაკიდან მცირედ დაშორებული, იმდენად, რომ სმენა დიდების მოყვარებისაგან იყოს დაცული. იგი ზეცას იყო მიახლოებული ცრემლთა სიმრავლის გამო და ლოცვა მისი ღვთის ყურთასმენას სწვდებოდა. მისი ტირილი უმხურვალესი იყო, ვიდრე მახვილით დაჭრილი, ან ცეცხლში დამწვარი, ან თვალდათხრილი ადამიანებისა. ძილით იმდენი ეძინა, რომ გადამეტებული მღვიძარებისაგან გონებას არ ვნებოდა რამე, ძილამდე კი ბევრს ლოცულობდა და წერდა წიგნებს, რადგან მისთვის სწორედ ეს საქმე იყო მოწყინებისგან დამხსნელი.
მთელი მისი ღვაწლი იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით. რის გამოც ვინმე ძმა მოსემ საღმრთო შური აიღო და ევედრა მას, რომ დაემოწაფებინა იგი და ემსახურა მისთვის, რათა მისგან ჭეშმარიტი საღმრთო სიბრძნე ესწავლა, და მრავალი შუამდგომელი მიაგზავნა მასთან, რათა მისი ეს თხოვნა შეეწყნარებინა.
მაშინ ღმერთშემოსილმა მამამ ამგვარი ვედრების გამო შეისმინა მისი და ყოველგვარ კეთილს ასწავლიდა მას.. ერთ დღეს ნეტარმა ძმამ მოსეს უბრძანა, რომ მიწის მცირედი ნაკვეთი საბოსტნედ დაემუშავებინა; იგი წავიდა იმ ადგილას, სადაც უბრძანეს და მისი თხოვნის შესრულებას შეუდგა.
როდესაც შუადღე დადგა და სიცხემ ძალა გამოაჩინა, მოსე დიდი ლოდის ქვეშ შევიდა და იქ დაიძინა, ხოლო უფალმა, რომელსაც არ სურს, დაამწუხროს მისი ერთგული მსახურნი, მისი დახმარება ინება; ნეტარი იოანე ამ დროს თავის სენაკში ლოცულობდა, მან წათვლიმა და იხილა მშვენირი სახის მღვდელი, რომელიც აღვიძებდა და საყვედურობდა, რომ ჩათვლიმა: - ჰოი, იოანე, შენ უზრუნველად გძინავს, ხოლო შენი მოწაფე მოსე გასაჭირშია; წმიდა მამას მეყსეულად გამოეღვიძა და მოწაფისთვის ლოცვა წამოიწყო, ხოლო მწუხრის ჟამს, როდესაც იგი დაბრუნდა, ნეტარმა მამამ ჰკითხა მას: რამე ჭირი ხომ არ მოიწია შენზედ, შვილო?
ხოლო მან მიუგო: დიდი ლოდი მეცემოდა თავზე, მამა, რადგან მის ქვეშ მეძინა, მაგრამ შენი ხმა მომესმა, თითქოს მეძახდი, სირბილით წამოვედი იმ ადგილიდან და როცა გამოვედი, ის ლოდი მეყსეულად ჩამოვარდა. ხოლო წმინდა მამამ სიმდაბლით არ უთხრა ამ ხილვის შესახებ, არამედ ფარულად, სულიერი გალობით უგალობდა და ადიდებდა ღმერთს.
ხოლო იგი - ნეტარი, იყო კეთილი მაგალითი და სულიერ წყლულებათა მკურნალი. ამიტომ ამ წმინდანთან მოვიდა ერთი მონაზონი, სახელად ისააკი, რომელიც ხორციელ ბრძოლაში ეცემოდა და ამ ბრძოლაში მეტად დაუძლურებულიყო.
იგი ფეხებში ჩაუვარდა ღმერთშემოსილ მამას და ცრემლითა და ტირილით აღიარა ეს ბრძოლები; მისი ასეთი სარწმუნოება გაუკვირდა ნეტარს და უთხრა: ორივე ლოცვად დავდგეთ, საყვარელო. და როდესაც ლოცვა აღასრულეს და ისააკმა მუხლი მოიყარა, მაშინ ღმერთმა აღასრულა ნება მისი მოშიშისა, - როგორც დავითი ბრძანებს. და ლოცვით განდევნილი გველი განერიდა მათ, ხოლო სნეულმა იხილა თავისი განკურნება და მადლობდა მისთა მადიდებელთა განმადიდებელ ღმერთს და თაყვანს სცემდა თავის ნეტარ მკურნალს.
ხოლო ზოგიერთი შურით შეპყრობილი ადამიანი მრავლისმეტყველებასა და ამპარტავნებას აბრალებდა მას. ისინიც განსწავლა თავისი საქმით, რათა ყველას ერწმუნა, რომ მისი განმაძლიერებელი ქრისტეს მიერ ყველაფერი შეეძლო. ამიტომ მთელი წლის განმავლობაში აღარ ასწავლიდა და დუმდა, რადგან მას აკითხავდნენ ხოლმე როგორც მკურნალს და მის მიერ განათლდებოდნენ.
მაშინ კი დადუმდა იმ დრომდე, ვიდრე თვით მისი მბრალდებელნი არ ევედრნენ და არ აღიარეს, რომ სულთა სარგებლად აღმომდინარე წყარო დაწყდა და ეს მრავალთა დაღუპვით წარწყმედით ემუქრებაო. მაშინ მრავალი ადამიანის ნებას დაემორჩილა კვლავ და ისევ ყველას დამოძღვრასა და განათლებას შეუდგა.
როდესაც ყველამ იხილა სათნოებათა სიმრავლე მისი და სიღრმე მისი მოძღვრებისა, ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი, ახლადგამოჩინებული მოსეს მსგავსად, სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა და ბრწყინვალე სანთელი წინამძღვრობის სასანთლეზე დაადგინა და აღამაღლა. მართლაც არ სცდებიან ისინი, ვინც მეორე მოსე უწოდა მას, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა, ღვთისაგან დაწერილი რჯულისდება მიიღო, ღვთის სიტყვის აღმოსათქმელად გახსნა ბაგე, მოიღო სული და აღმოთქვა კეთილი სიტყვა მისი გულის საუნჯიდან ამოდიოდა.
ამგვარად დაასრულა მან თავისი ცხოვრება იმ ჭეშმარიტ ისრაიტელთა წინამძღვრობაში, მონაზვნები რომ არიან და ცათა სასუფეველში - ღვთის მიმართ მიიცვალა. მხოლოდ ერთი რამით არ ემსგავსებოდა იგი მოსეს, რადგან იერუსალიმში შეუსვლელობა არ მოწეულა მასზე, როგორც მოსეზე, რომელიც ქვეყნიერ იერუსალიმში ვერ შევიდა. არამედ იგი მოსესთან ერთად ზეციურ იერუსალიმში შესვლის ღირსი გახდა. მრავალია მისი სათნოებების მოწამე, რომლებიც ცხონდნენ და კვლავაც ცხონდებიან მისი საღმრთო სწავლებით, ვისაც უხილავთ იგი და იცნობდნენ მას. მოწამეა მამა დავით განშორებული, რომელმაც იცის ნეტარის სიბრძნე და ცხოვრება, მოწამეა ნეტარი იოანე, ჩვენ - რაითელთა მწყემსი, რომელიც ევედრა ღმერთშემოსილს, რომ მონაზონთათვის სწავლანი დაეწერა. და, მართლაც, ეს ახალი ღვთისმხილველი სინას მთიდან გარდამოვიდა ჩვენთან გონებით და მანაც მოგვართვა ღვთით დაწერილნი ფიცარნი, რომლებზეც გარედან მოღვაწეობის მოძღვრება ეწერა, შიგნიდან კი - ჭვრეტისა... სადიდებლად ღვთისა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|