|
წმიდა იოანე ოქროპირი
თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ წყალობისათჳს ღმრთისა
ძველი ქართული თარგმანი
გუაკურთხენ უფალო!
წყალობასა და სამართალსა დღითი-დღედ გაქებდე შენ, უფალო, რამეთუ სახიერებითა დაამტკიცე ქუეყანაჲ, ვითარცა ჩუეულებაჲ არს მადლისა შენისაჲ, მოწყალეო! მადლობაჲ ჩუენი მცირე არს, უფალო, ვედრებაჲ, ჩუენი ნაკლულ არს, სახიერო! ფრთენი ლოცვისა ჩუენისანი უძლურ არიან, კაცთ მოყუარეო, და ვერ ღირს არს მედგრობაჲ ჩუენი ამას მადლსა უზეშთაესსა მადლობად, რამეთუ ვედრებაჲ ჩუენი უნდო არს, ხოლო მოცემაჲ შენი ფრიად არს და მიგებაჲ შენი უსაზომო. უკუეთუმცა აღსწონენ თხოვანი ჩუენნი და შეატყუენ ვედრებათა ჩუენთა მსგავსად მოცემულნი შენნი, ნუუკუემცა ნაცვალად წჳმისა ცეცხლი აწჳმე ჩუენ ზედა.
რამეთუ ვედრებაჲ ჩუენი ბოროტ არს და არა შევინანეთ მსგავსად ცოდვათა ჩუენთა და არცა დაუტევენით სახენი იგი, რომლითა განგარისხეთ შენ, რამეთუ უსამართლოჲ დაადგრა თჳსსავე ზედა ბოროტსა და მტაცებელი არა განძღა და არცა მოიქცა უმჯობესისა მოპოვნებად, რაჲთამცა დაგაჯერა შენ, ვითარცა სახედ ყოველთა წმიდათა. ნაყროვანნი და უძღებნი არა მოიქცეს მარხვად, და არცა დაუტევეს ჩუეულებაჲ მათი მომთვრალეთა, რაჲთამცა და\გაჯერეს შენ, ღმერთი, ვითარცა სათნოთა მონაზონთა.
ვეცხლის მოყუარეთა არა და\უტევეს აღნადგინებისა ვახში მოღებად და არცა მცნებათა შენთა შეუდგეს. საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო, თუ ვითარ შეგჳწყალებ ესრეთ არა-ღირსთა ამათ წყალობად, რამეთუ ყოველივე კაცი დადგრომილ არს აქამომდე ბოროტსავე თჳსსა, და არა დააყენენ ჩუენგან მოცემულნი შენნი. წჳმამან შენმან განჰჴსნა ნასკჳ იგი უსამართლოებისაჲ, რამეთუ ხუარბლის ვაჭართა დაჰჴშნეს კარნი ქულბაგთა მათთანი და განაძნელეს იფქლი გლახაკთათჳს, და მსყიდველნი შეიწრდეს. ხოლო რაჟამს აღმოავლინენ ღრუბელნი შენნი და უბრძანე წჳმად, განჴსნა ბოროტად შეკრული იგი გონებაჲ ვაჭართაჲ, რომელსა ვერ შეუძლეს განჴსნად მეფეთა, და არცაღა ვედრებაჲ ჩუენი შემძლებელ იყო მიმთხუევად კეთილთა შენთა, უფალო! არამედ წყალობაჲ შენი უხუად დადგრომილ არს ჩუენ ზედა, უფალო, რამეთუ არა შეიცვალების, ვითარცა-ესე ჩუენ; არა შეიცვალენით ცოდვისაგან სინანულად, არამედ უშრომელად მოგუაქუს სასყიდელი შენ სახიერისა ღმრთისაგან, რამეთუ ცუდად განაბნიენ საფასენი შენნი ჩუენდა, ბოროტის მოქმედთა ამათ და ცოდვილთა.
წჳმან მორწყო ყანობირი ჩუენი, ამის მიერ გუეუწყა სახიერებაჲ შენი, რამეთუ მიანიჭებ კეთილთა შენთა მონათა შენთა უკეთურთაცა, და ესე წყალობითა შენითა; შენ გშუენის, უფალო, დიდებაჲ, და ჩუენ - კდემულებაჲ. რამეთუ უკუეთუმცა მოგუაგებდ ბოროტთაებრ ჩუენთა, უბრძანემცა ქუეყანასა დათქმაჲ ჩუენი, ვითარცა დათან და აბირონისი (რიცხვ. 16.1-32). და უკუეთუმცა არა გარდარეულად სახიერ იყავ, ვედრებისა ჩუენისათჳს განჰრისხენ ჩუენ ზედა. ხოლო არა ინებე, უფალო, მოწყალებითა შენითა, უკუეთუ მოგჳხუნე მოცემულნი შენნი კეთილნი, ვინაჲთგან არა დაგემორჩილენით შენ, არამედ უხუად გარდაჰრიენ ჩუენ ზედა ნიჭნი მოწყალებისა შენისანი უმადლოთა ამათ და უღირსთა მონათა შენთა. პირველვე დაბადებისა ჩუენისა, უფალო, იცოდე ურჩებაჲ და სიბოროტჱ ჩუენი, არამედ სახიერებით დაგუბადენ ჩუენ, რამეთუ არა მოიძაგე უგუნურებაჲ ჩუენი, უკუეთუ ხოლო შევინანოთ. შენ, უფალო, გჳბრძანე ჩუენ, მიზდი მუშაკობისაჲ ღამით არ დავიპყრათ თანა, რომელ ვიმსახუროთ. და ვითარცა რჩულის მდებელმან თავით თჳსით მიჩუენე ჩუენ ესე, რამეთუ მიზდი ვედრებისა ჩუენისაჲ არა დაადგრების ღამით შენ თანა, სახიერო უფალო, არამედ მოგუცემ ჩუენ, ცუდთა მუშაკთა, მოწყალებითა შენითა.
ჰაერნი შეიცვალნეს და გუაუწყეს რისხვაჲ შენი, არამედ ნებამან შენმან სძლო რისხვასა შენსა და კუალად განაგნა, და წჳმითა გუახარა ჩუენ, და კეთილის ყოფითა განგუახარა, რაჲთა აღვივსნეთ პირნი ჩუენნი დიდებითა შენითა. აჰა ესერა ღრუბელნი სავსე არიან დიდებითა შენითა და აპკურებენ ქუეყანასა ზედა სიხარულსა. აჰა ესერა ღრუბელნი მაღჳძებენ ჩუენ, რაჲთა სათნო-გეყვნეთ შენ, ღმერთსა, და აღავსნე პირნი ჩუენნი გალობად შენდა, რღა̂ განმამდიდრენ ჩუენ ნიჭთაგან შენთა. თესლი რომელი დაფლულ იყო ქუეყანასა მსგავსად მკუდართა, აწ ესერა მიწისაგან აღმოუყოფიეს თავი თჳსი, რაჲთა უგალობდეს მადლთა შენთა.
მუშაკნი და მთესვარნი, რომელნი გულითა მწუხარე იყვნეს თესულთა მათთათჳს, წჳმამან შენმან განამხიარულნა და გმადლობენ შენ, ღმერთსა, რამეთუ მოვიდა წჳმაჲ და მოიღო მის თანა სიხარული ყოველთა მწუხარეთათჳს დგანსუენებაჲ ყოველთა მაშურალთათჳს, და განამხიარულა პირი მჭმუნვარეთაჲ, და აღადგინნა დაცემულნი და განკურნნა შემუსრვილნი გულითა, და აღახუნა ყოველნი პირნი მადლობად ღმრთისა სახიერისა. დაგემორჩილა შენ წჳმაჲ და განაგო ქუეყანაჲ, რომელი შეშფოთებულ იყო. განბანნა პირნი ცრემლთაგან და ცხებულ ყვნა ცუარითა, და დააცხრო შფოთი, და კუალად აქცინა განქცეულნი საყოფლადვე თჳსა, და განაქარვნა სიმწარისა ჰამბავნი და დააწყნარნა დაბადებულნი თჳნიერ ბრძოლისა და საჭურველისა. დაათრო წჳმამან ქუეყანაჲ ჩუენი, რამეთუ გჳთუალენ ჩუენ წყალობითა შენითა და მექმენ ჩუენ მცველ კეთილ, რამეთუ ძალსა შენსა უპყრიან დაბადებულნი; და უკუეთუ მცირედ მიუშუა, ყოველივე განირყუნეს. შეაბენ ზღუასა ბჭენი ქჳშისანი, შენი არს შური და წყალობაჲ და შენ განსწავლი, ვითარცა შურის მეძიებელი, და შენ სწყალობ, ვითარცა სახიერი. შენ დააცადი ბრძოლაჲ კიდითგან კიდემდე ქუეყანისა. შენ შეჰმუსრე საჭურველი, რაჲთა გმადლობდენ ყოველნი კაცნი. და ოდეს შეკრბენ წარმართნი ბრძოლად, "აღჴდეს კუამლი რისხვისაჲ ცოდვასა მათსა" (ფსალმ. 17.9), ვითარცა წერილ არს. და ესე ბრძანებაჲ სრული არს, ვითარმედ: "რომელმან ცოდოს, იგი იგუემოს" (I პეტრე 2.20) . და ცოდვისათჳს იგუემნენ ყოველნი მოქმედნი მისნი.
უფალო, მოგუეც ჩუენ მშჳდობაჲ შენი, ვითარცა მოგუეც ჩუენ წმჳაჲ, რამეთუ მშჳდობაჲ მობაძავ წჳმისა არს. უბრძანე ბრძოლასა დაყუდებაჲ და მახჳლსა დაცხრომაჲ, და წამ-უყვენ შიმშილსა წარსლვად, და მოუწოდე მშჳდობასა, რაჲთა მოვიდეს. შენი არს მიცემაჲ ყოველთა მვედრებელთა შენთაჲ და საუნჯენი შენნი მოუკლებელ არიან. მიჰფინე ქალაქთა მშჳდობაჲ და სოფელთა დაწყნარებულებაჲ, რაჲთა ყოველთა მიერ იდიდებოდის სახელი წმიდაჲ შენი. მორწყე წჳმითა ქუეყანაჲ შენი და ნუ სისხლითა კაცთაჲთა. კუალად დააგენ მახჳლნი ქარქაშთა მათთა, რაჲთა არა აღმოიჴადოს ბრძოლად. შემუსრე საჭურველი ბრძოლისაჲ და აღახუენ პირნი კაცთანი დიდებად შენდა. დაამშჳდე ქუეყანაჲ, რაჲთა გიგალობდენ მკჳდრნი მისნი. მახჳლი ჰგებს ბრძანებასა შენსა და, თუ არა უბრძანო, არა მოჰკლავს. ვის ჰქონან საფასენი შენებრ და ვინ შემძლებელ არს მიცემად შენებრ.
უკუეთუ მისცეს მდიდარმან პური ერთი გლახაკსა, იტყჳს: შენდა, უფალო, ჯერ-არს მიცემაჲ. რამეთუ უკუეთუ მისცე უხუებით, არა დააკლდების საუნჯეთა შენთა, რამეთუ უზეშთაეს აღმოეცენების. უბრძანა ძალმან შენმან ღრუბელთა და გარდამოავლინე ჩუენ ზედა წჳმაჲ კურთხევისა შენისაჲ. უწოდე წყალთა, და ჴმა-გცეს; და აპკურე მთათა ზედა, და აღმოაცენეს თივაჲ პირუტყუთათჳს, და აღავსენ ჯურღმულნი [სასუმელად] წყურიელთათჳს, რამეთუ შენ განაცხოველებ ყოველთა. და აღავსე ქუეყანაჲ ყოვლითა კეთილითა, და საუნჯენი შენნი მოუკლებელ არიან. რომელი მდიდარი შემძლებელ არს ესრეთ მიცემად და საფასესა მისსა არა მოაკლდეს თჳნიერ შენსა, უფალო. შენ მისცემ ყოველსა კეთილსა ყოველთა დაბადებულთა შენთა, და სიმდიდრე შენი ეგრეთვე ჰგიეს. შენ იდიდები ზეცისა და ქუეყანისათაგან დიდებითა მიუწდომელითა, რომელი მიიღებ მადლობასა და მისცემ წყალობასა შენსა. და შეიწირავ თაყუანის-ცემასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|