მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

სწავლაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს

 

ძველი ქართული თარგმანი

 

გუაკურთხენ უფალო!


ფრიად ვცოდავთ, ძმანო ჩემნო, საყუარელნო, ყოლადვე გონებითა, სიტყჳთა და საქმითა, და ესე უწყოდეთ ჭეშმარიტად, რამეთუ რომელნი ესრეთ ცხონდებიან, მოელიან იგინი ცეცხლსა მას საუკუნესა საშინელსა შევრდომად და უძჳრეს ამისა დაკლებასა სასუფევლისაგან ცათაჲსა და სამოთხისა. აწ უკუე ვინაჲთგან ამას მოელით, რაჲსა იშუებთ და განსცხრებით და იცინით, და უფალი თქუენი გულ-ძჳრ და მრისხანე არს თქუენთჳს და თქუენ უდებ გიყოფიეს მისი, რასა-იგი გეტყჳს თქუენ დღითი-დღე, ვითარმედ: "მშიოდა და არა მეცით მე საზრდელი, მწყუროდა და არა მასჳთ მე" (მათე 25.42), და შემდგომი ამისი. რომელსა იგი იტყჳს, ვითარმედ: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა" (მათე 25.41). და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: მიცემია საზრდელი და მისუამს სასუმელი, რავდენ გზის გრქუას შენ, ათ გზის გინა ოც გზის, არა ესრე გიბრძანებს შენ უფალი, არამედ ვიდრემდის ამას სოფელსა შინა სცხოვნდებოდი-ღა, მიცემაჲ გინებს საზრდელისა და სასუმელისაჲ გლახაკსა. რამეთუ ხუთნი იგიცა ქალწულნი ცოფნი სწყალობდეს-ვე და მისთჳს აღენთნეს სანთელნი მათნი, ხოლო ვინაჲთგან არა სრულიად გულს-მოდგინე იყვნეს, ამისთჳს კუალადცა დაევსნეს-ვე, ვიდრე მოწევნამდე სიძისა და ესრეთ დაშთეს გარეშე საქორწინესა მას და დაეჴშა კარი და დაკლებულ იქმნეს იგინი სიხარულსა მას ზეცისა სიძისასა (მათე 25.1-12). ამისთჳს გჳღირს ჩუენ, რაჲთა მოვიგოთ სრული სიყუარული და უცვალებელი სათნოებაჲ და მოწყალებაჲ ვიდრე სიკუდილადმდე.

იხილეთ ვითარ-იგი ილოცავს წინაწარმეტყუელი: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა" (ფსალმ. 50.1). და ესრეთვე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოველთა ვსწყალობდეთ, რამეთუ ვითარცა უყოთ ძმათა ჩუენთა, ეგრეთვე მეყოს ჩუენ უფლისა მიერ. და მოწყალებაჲ სრული იგი არს, ოდეს-ღა ნაკლულევანებისაგან ჩუენისა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, ვითარცა-იგი ქურივმან მან სარეფთელმან ელია (III მეფ. 17. 9-16), და კუალად ქურივმან მან ორთა მწულილთა შემწირველმან (ლუკა 21.2). ხოლო უკუეთუ ნამეტავისაგანცა ჩუენისა არა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, რომელსა წყალობასა ღირს ვიქმნეთ ჩუენ ღმრთისა მიერ!? რამეთუ უკუეთუ ქალწულთა მათ შემდგომად ეგოდენთა შრომათა ვერ პოეს წყალობაჲ და არცა ნუგეშინის-ცემაჲ, ჩუენ რაჲ უკუე სასოებაჲ გუაქუნდეს ოდეს, ვინაჲთგან გუესმის ჴმაჲ იგი, რამეთუ: ვინაჲთგან არა ჰყავთ წყალობაჲ ერთსა მცირედთაგანსა თანა, ჩემ თანა არა ჰყავთ (მათე 25.45). ესე არა ხოლო თუ მოწაფეთა და მონაზონთა ოდენ ამცნო (უფალმან), არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწამს სახელი მის მხოლოჲსაჲ.

უკუეთუ შეურაცხ და უგულებელს ვყოთ გლახაკი მშიერი, გუესმის ჩუენ ჴმაჲ იგი საშინელი, ვითარმედ: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო" (მათე 25.41). მოედით აწ და გულისჴმა-ვყოთ, ფრიად მძიმე რაჲმე მცნებაჲ გუამცნოა ჩუენ უფალმან, რომლისა ვერ შემძლებელ ვართ აღსრულებად, ანუ სუბუქი? არა თუ მძიმჱ, არამედ ფრიად სუბუქი და მარჯუე, რამეთუ არა მრქუა ჩუენ, ვითარმედ: "სნეულ ვიყავ და არა განმკურნეთ მე", არამედ: "არა მომხედეთ მე" (მათე 25.43). და არცა თქუა, ვითარმედ: "მშიერ და გლახაკ ვიყავ და არა განმამდიდრეთ მე, არამედ: არა მეცით მე საზრდელი" (მათე 25.42). და არა თქუა, ვითარმედ: "საპყრობილესა ვიყავ და არა გამომიყვანეთ მე", არამედ: "არა მოხუედით ჩემდა" (მათე 25.43).

აწ ვინაჲთგან მცირე ესე და სუბუქი მცნებაჲ მამცნო ჩუენ უფალმან, და ჩუენ ესეცა უგულებელსვე ვყავთ, ამისთჳს ძჳრ-ძჳრთა სატანჯველთა შემავალ ვართ. რაჲ უკუე სიმძიმე აქუს ამას, უკუეთუ მიხჳდე შენ საპყრობილედ კიხთვად პყრობილისა, გინა რასა დაიჭირვებ, არამედ უფროჲსღა სარგებელ იყო, რაჟამს იხილნე კაცნი პყრობილნი: რომელნიმე შებორკილებულნი მრჩობლითა ბორკილითა და რომელნიმე ჴუნდთა შინა დამდნარნი ჭირითა, მშიერნი და ძონძითა მოსილნი და ტილთა შეჭმულნი, და რომელნიმე უწყალოდ ტანჯულნი და მწარედ გუემულნი, და ოდეს ესენი იხილნე, დაღაცათუ გული შენი ქვისაჲ იყოს, მო-ვე-ლბეს იგი და დამდაბლდეს ხილვითა მათ სატანჯველთაჲთა. და მოგეჴსენოს დღჱ იგი განკითხვისაჲ და საუკუნენი იგი მრავალ-ფერნი სატანჯველნი. და ოდეს ესე მოიჴსენო, შეწუხნეს გული შენი და გევლტოდის შენ ყოველი ამპარტავნებაჲ და ზუაობაჲ, და იყო შენ ვითარცა ყუდროჲ ნავთ-საყუდელი.

რამეთუ ოდეს გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღმერთმან უ\ბრძანა ჴელმწიფეთა სწავლაჲ და ტანჯვაჲ ძჳრის მოქმედთაჲ, უფროჲსღა და უმეტეს იგი თავადი განმზადებულ არს გუემად ცოდვილთა, რამეთუ: "არა არს ჴელმწიფებაჲ გარნა ღმრთისა მიერ", ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე. ხოლო არა თქუა, ვითარმედ: არა არს ჴელმწიფჱ, არამედ ჴელმწიფობაჲ, რამეთუ უკუეთუ ჴელმწიფე უმსჯავროჲ და უსამართლოჲ იყოს, ესე არა ღმრთისა მიერ არს, არამედ თავისა თჳსისა დასაშჯელად აღდგების.

ხოლო უკუეთუმცა არა პატიჟეულ ჰყოფდეს ჴელმწიფენი ძჳრის მოქმედთა მყისა შინა, მო-მცა-ისპო ყოველი ქუეყანაჲ მათ მიერ, რამეთუ ესერა მრავალნი იტანჯებიან და არავე დასცხრებიან ძჳრის საქმედ, რავდენ უფროჲს უკუეთუმცა არა იტანჯებოდეს. და ოდეს იხილო ესე ხილვაჲ საპყრობილეს, სარგებელ გეყოს იგი უფროჲს ხილვასა თიატრონისასა მომღერალთა და განმცხრომელთასა, ვითარცა-იგი თქუა სოლომონ ბრძენმან, რომელი შემძლებელ იქმნა და მოიგნა ყოველნი საშუებელნი და განსასუენებელნი და განსაცხრომელნი ქუეყანისანი, - ამან თქუა, ვითარმედ: "უმჯობეს არს კაცისაჲ მისლვად სახლით განსაცხრომელით სახლად გლოვისა, რამეთუ მისგან დაჯერებულ იქმნე და ამისგან სარგებელ გეყოს" (ეკლ. 7.3).

აწ უკუე ნუ უდებ იქმნები ესევითარისა სავაჭროჲსაგან, დაღაცათუ რაჟამს-იგი შევიდეთ საპყრობილედ, ვერ შემძლებელ ვართ მიცემად დრაჰკნისა და ვერცა დრამისა. არამედ სხჳსა შემძლებელ ვართ ნუგეშინის-ცემად სიტყჳთა შეურვებულსა მას მწუხარებითა და ვედრებად მესაპყრობილეთა, რაჲთა აუსუბუქონ სატანჯველი იგი მათი. ვეზრახნეთ ზედამდგომელთა მათთა და ესრეთ სათნო ვეყვნეთ მათ და უფროჲსღა ჩუენ სარგებელ ვიყოთ მათგან. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ საპყრობილესა არავინ კეთილისა მოქმედთაგანი შეყენებულ არს, არამედ ძჳრის მომქმედნი და კაცის-მკვლელნი, ავაზაკნი და მსიძავნი, ხოლო მე გეტყჳ, დაღაცათუ ეგე ეგრეთ არს, არამედ გიღირს შენ მისლვაჲ მათა, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა წყალობაჲ სახიერთაჲ ხოლო და კეთილთაჲ, არამედ ყოველთაჲ, ვითარცა სახარებასა წერილ არს: "იყვენით უკუე მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ" (ლუკა 6.36), რამეთუ აღმოავლინებს მზესა და აწჳმებს მართალთა ზედა და ცოდვილთა (მათე 5.45).

აწ უკუე ნუ ხარ გამომეძიებელ ცოდვათა სხჳსათა, არამედ თჳსთა ცოდვათა იურვოდე. და უკუეთუ არა ხარ მპარავ და არცა მეძავ და არცა კაცის-მკლველ, არამედ სხუაჲ ცოდვაჲ გაქუს მსგავსი ამათი, რამეთუ მრავალ გზის ჰრქჳ ძმასა შენსა ცოფ, და ესე მოგიგებს შენ ცეცხლსა საუკუნესა (მათე 5.22). და კუალად მიჰხედი დედაკაცსა თუალითა გულის-თქუმისაჲთა და ესე სრული სიძვაჲ არს და ამისა უფროჲს (მათე 5.28), რამეთუ ვეზიარებით ჟამსა უღირსებით, და ესე მოაწევს ჩუენ ზედა არა მცირედთა სატანჯველთა. და ამას ყოველსა თანა, რამეთუ საპყრობილესა მრავალნი კეთილის მოქმედნი არიედ, და ჩუენ არა უწყოდით, რამეთუ ოდესმე იოსებცა კეთილის მოქმედი უსამართლოდ შეყენებულ იყო საპყრობილესა მას მრავალთა თანა ბოროტის მოქმედთა, და იგი სწყალობდა მათ და უმსჯავროდ პყრობილ იყო, რომელსა ყოველი ეგჳპტე ვერ ესწორებოდა სიმართლითა (გამოსვლ. 39.19-23). და ესე ეგების, რაჲთა იყვნენ საპყრობილესა მრავალნი მართალნი უსამართლოდ, რომელნი ჩუენ არა უწყნით. ხოლო დაღაცათუ ერთიცა არა იყოს კეთილის მოქმედი, ჯერ-არს ჩუენდა თუალვაჲ მათი, რამეთუ უფალმანცა ჩუენმან არა თუ კეთილის მოქმედნი შეიწყნარნა და ძჳრის მოქმედნი უგულებელს-ყვნა, არამედ მეძავსაცა მიუშუა შეხებად და დაბანად ფერჴთა მისთა წმიდათა (ლუკა 7.37-38). და ურჩულონი ჰურიანი უგუნურობით აყუედრებდეს და ჰგმობდეს მას ამისთჳს, და რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამდა (მათე 9.10-11). და ჩუენ გუასწავა ცოდვილთა შეწყნარებაჲ და წყალობაჲ, და არა განგდებაჲ და განშორებაჲ.

და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: ყოველი საპყრობილჱ სავსე არს ავაზაკითა და მრავალ-ფერითა ძჳრის მოქმედებითა, მითხარ-ღა ქალაქისა მკჳდრნი ყოველნი კეთილის მოქმედნი არიანა? რამეთუ მრავალნი ვაჭარნი, მეკობრენი და ავაზაკნი, იფარვენ ბოროტისა საქმეთა და უდაბნოსა გარე მეკობრობენ. ხოლო მრავალნი მოქალაქენი ცხადად და ურცხჳნოდ თუალთა წინაშე მოიტაცებენ მონაგებსა კაცთასა ზაკუვით და ისამართლებენ. და ძნიად ჰპოო ქალაქსა შინა კაცი, რომელსა სიმართლისა მონაგები აქუნდეს. და უკუეთუ სთქუა: არავის მონაგებსა ძლით მოუღებენ, ხოლო მე გრქუა, ვითარმედ: ზაკუვით შეიტყუებენ და შეაცთუნებენ კაცთა და უსამართლოდ წაუღებენ.

რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ რომელმან განყიდოს რაჲ უმეტეს ფასისა მისისა, რაჲ-იგი ღირდეს, იგი მეკობრე არს და უძჳრეს ავაზაკთა არს იგი: რამეთუ ავაზაკმან იცის ბრალი თჳსი და მრავალ გზის შე-ცა-იკდიმის და შეინანის, ხოლო ვაჭარმან, ოდეს შეიტყუის კაცი და წარიღის მონაგები მისი, ცხადად შეძინების უჩნ და სამართლად ჰხედავნ, და უფროჲსღა გულს-მოდგინე იქმნის საქმედ უჯეროჲსა მის. და უკუეთუ ეგრე სთქუა: არა არს ვაჭრობაჲ პარვა, გრქუა შენ: უკუეთუ სამართლით არა ჰზრახვიდე და სამართალსა არა მისცემდე, არს იგი პარვა და მეკობრობა; და უკუეთუ რაჲმე განჰყიდო უფროჲს ფასისა თჳსისა, არს იგი მოტაცება; და უკუეთუ სთქუა, არა კაც-მიკლავს, გეტყჳ შენ: უკუეთუ თუალ-ახუნე და სიმართლით არა განჰბჭო, კაცის-კლვაჲ არს ესე.

აწ უკუე ნუ უდებ ხარ შენთა ცოდვათათჳს და განიკითხავ სხჳსა ცოდვათა, არამედ გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ვიყვენით პირველ, და დავმდაბლდეთ, ვითარცა თქუა წმიდამან პავლე, ვითარმედ: ვიყვენით ოდესმე განდგომილ, ხოლო აწ შევიწყალენით, რამეთუ გარდამოიხილა ჩუენ ზედა ღმერთმან და გამომიყვანნა ჩუენ საპყრობილისაგან მტერისა და არა სირცხჳლ უჩნდა მას მსგავსებაჲ ჩუენი, არამედ მოვიდა და გამომიჴსნნა ჩუენ თჳსითა სისხლითა, რომელნი ღირს ვიყვენით ბევრეულთა სატანჯველთა და აღმითქუა სასუფეველი ცათაჲ.

უკუეთუ მივემსგავსნეთ საქმეთა მჴსნელისა ჩუენისათა, რომლითა შეუძლოთ, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: "უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან თქუენმან, ჯერ-არს თქუენდაცა, რაჲთა ესრეთვე ჰყოფდეთ ურთიერთას, რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა უწყოდით, რომელი გიყავ თქუენ" (იოანე 13.14-15). და არა ხოლო თუ დაბანისათჳს გჳბრძანა სახჱ ესე და მსგავსებაჲ მისი, არამედ ყოვლისავეთჳს, რომელი მიყო ჩუენ. დაღაცათუ რომელი-იგი საპყრობილეს არს, კაცის-მკლველ არს, ხოლო ჩუენდა არა ჯერ-არს გამოწულილვაჲ ბოროტთა მისთაჲ, არამედ წყალობაჲ შემთხუევათა მისთათჳს.

და ნუუკუე არიანცა საპყრობილეს კაცნი უმჯობესნი ყოველთა მკჳდრთა ქალაქისათა, და ოდეს ვიიძუოლოთ მისლვად მათა დღითი-დღედ სიყუარულით, არა წარგჳწყმდეს სასყიდელი შრომისა ჩუენისაჲ. ვითარცა-იგი აბრაჰამ შეიწყნარებდა ყოველთა მიმავ[ა]ლთა მისა, ვიდრემდის ანგელოზნიცა ისტუმრნა (შესაქმე 18.1-8), და ჩუენცა, უკუეთუ მოსწრაფე ვიყვნეთ მისლვად საპყრობილედ, მოვიგოთ მადლი. კაცთა წმიდათაჲ შრომითა მნებავს უკუე სიტყუად თქუენდა და არს იგი საკჳრველ, რამეთუ არა ყოველმან რომელმან შეიწყნაროს მართალი და წმიდაჲ, ღირს არს იგი ქებასა, ვითარ-იგი რომელმან შეიწყნაროს ცოდვილი და მდაბალი. რამეთუ მართალი იგი სამართლად ღირს არს შეწყნარებად და ყოველნი კაცნი პატივ-სცემენ მას, ხოლო ცოდვილი და ბოროტის მოქმედი არავის ეწყალინ თჳნიერ დიდად მოწყალისა ვისმე. ესე არს წყალობაჲ წმიდაჲ და უბიწოჲ, რამეთუ რომელმან შეიწყნაროს ღირსი წყალობისაჲ, არარაჲ საკჳრველ არს, ხოლო რომელმან შეიწყალოს არაღირსი წყალობისაჲ ღმრთისათჳს, მან აღისრულოს ბრძანებაჲ იგი ღმრთისა ჩუენისაჲ, ვითარმედ: ოდეს ჰყო სერი, მოუწოდე მწუხარეთა, მკელობელთა, განრღუეულთა, უღონოთა (ლუკა 14.13). და კუალად ბრძანებულ არს ჩუენდა მიცემად მისა ყოველი, რომელი მევედრებოდის ჩუენ (მათე 5.42).

აწ უკუე ვინაჲთგან მიცნობიეს ჩუენ საფასჱ იგი, რომელი საპყრობილეს არს, ვისწრაფოთ მისლვად მუნ; დაღაცათუ არაჲ მაქუნდეს ჩუენ მიცემად მათდა, შემძლებელ ვართ ნუგეშინის-ცემად მათდა სიტყჳთა, რამეთუ არა თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "საპყრობილეს ვიყავ და არა მომიტანეთ", არამედ "არა მოხვედით ჩემდა" (მათე 25.43). რამეთუ ოდეს მიხჳდე და ნუგეშინის-სცე, მოგცეს შენ აურაცხელი მადლი მის მიერ. და არაჲ დაამდაბლებს გულსა კაცისასა და შეჰმუსრავს გულის-სიტყუათა, ვითარცა-იგი შემთხუევაჲ განსაცდელისაჲ და მწუხარებისაჲ. და უკუეთუმცა ეტყოდე შენ ამას კაცსა არა-პყრობილსა საპყრობილესა შინა, შეურაცხ-მცა-სამე-ყვნა სიტყუანი შენნი და განბასრნა იგინი, ვითარცა-იგი ჰურიათა შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი პავლესნი, ხოლო პყრობილნი იგი მისთანანი ერჩდეს სიტყუათა მისთა გონებითა წმიდითა (საქმე 28.24).

აწ უკუე ვინაჲთგან გჳცნობიეს ესე ყოველი, ვსძლოთ და მოვიცალოთ მსოფლიოჲსაგან უცალოებისა ჩუენისა და ცუდთაგან განზრახვათა და მივისწრაფოთ საპყრობილედ და ნუგეშის-ვსცეთ მას შინა პყრობილთა მყოფთა და ვასწაოთ გულთა ჩუენთა სიმდაბლჱ ხილვითა სატანჯველთა მათთაჲთა და ვიქმნეთ ჩუენ მოწყალე, სახიერ და გულ-ჩჩჳლ ყოველთა ზედა მწუხარეთა და ჭირვეულთა. და ვექმნეთ ჩუენ მიზეზ კეთილის ყოველთა, რომელთა მიხილნენ ჩუენ დიდებად სახელსა ღმრთისა ჩუენისასა, და მივემთხჳნეთ კეთილთა მისთა დაუსრულებელთა მოწყალებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

პირველი გზაჲ ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისაჲ არს მოწყალებაჲ და ქველის საქმჱ სამართლით მონაგებთაგან, ხოლო რომელი უსამართლოდ მონაგებთაგან იქმნ ქველის-საქმესა, იგი უფროჲსღა შეიგინებინ მით ნაცვლად მადლისა. ვისწრაფოთ უკუე განბანად ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ პირველად განიბანების იგი ნათლის-ღებითა და შემდგომად მისა მრავლითა საქმითა განწმინდნების, რამეთუ ღმერთი მოწყალე და სახიერ არს, და მოგუცნა ღონენი მრავალნი შესანდობელად ცოდვათა ჩუენთა მრავალთა. ხოლო პირველი შემდგომად ნათლის-ღებისა არს ქველის საქმჱ, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: ქველის საქმითა და სარწმუნოებითა აღიჴოცებიან ცოდვანი. ხოლო ქველის საქმესა მას იტჳს, რომელი არნ სიმართლით მონაგებთაგან და არა თუ უსამართლოთა, რამეთუ უსამართლოდ მოგებულისაგან ყოფად არა არს ქველის საქმჱ, არამედ მოკლვაჲ და მომძლავრებაჲ. და ვითარცა ჰპოე გზასა ზედა დაგდებული მძორი ვირისაჲ და აღიღე და წარუდგინე იგი შესაწირავად საკურთხეველსა ზედა, არამცა ყოველთა კაცთა, რომელთა იხილეს ესე, აღეგზნეს მოკლვად შენდა გულის წყრომით, ვითარცა შემაგინებელსა და შემაბილწებუელსა საკურთხეველისასა? ეგრეთვე უსამართლოდ მონაგებთაგან ქველის საქმჱ უმწინკულევანეს და უბილწეს ამისა არს. რამეთუ საკურთხეველი ქვათაგან აღშენებულ არს და უკუეთუ შეიგინოს იგი, კუალად იკურთხოს და განწმიდნეს, ხოლო ქველის საქმჱ ქრისტეს საზრდელი არს და წმიდაჲ და უბიწოჲ, ჯერ-არს წარდგინებად ქრისტეს ტაბლასა. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: არა მას მივსცემ ქველის საქმარად, რომელი-იგი უსამართლოდ მოვიტაცე კაცთაგან, არამედ სხუასა მონაგებთა ჩემთაგანსა სიმართლისასა.

ესე ფრიად უგუნურება და ცთომილება არს. არა უწყია, რამეთუ (უკუეთუ) ფრიადსა მონაგებსა სიმართლისასა მცირედი-ღა რაჲმე უსამართლოჲ შეერთოს, არა ყოველივე იგი შეიგინოსა? ვითარღამცა ჭურსა ფრიად დიდსა, სავსესა ზეთითა გინა ღჳნითა გინა ლაკუასა, სავსესა წყლითა, შთავარდა მცირე თაგჳ, გინა სხუაჲ რაჲმე ქუეწარმავალთაგანი და მოიშთოს, არამეა ყოველი იგი სიმრავლჱ შეიგინოსა მცირედითა მით? გინა ვითარცა შთააგონო წყაროჲსა თავსა მძორი რაჲმე, არამცა ყოველი მდინარე შეიგინისა? ეგრეთვე ოდესღა შეერთოს ფრიადსა მონაგებსა მცირედი რაჲმე უსამართლოჲ, ყოველსავე მას შეაგინებს უცილობელად. და უკუეთუმცა ეკლესიად შეხჳდე, არამცა ინებე შესლვაჲ ჴელ-უბანელმან. უფროჲსღა გიღირს განწმედაჲ უსამართლოჲსაგან და მოხუეჭისა, რამეთუ არა ჴელ-უბანელობაჲ შეაგინებს კაცსა, ვითარცა თქუა მაცხოვარმან (მათე 15.20), არამედ სულისა მწიკულევანებასა განიკითხავს ღმერთი. და ესე ფრიად უგუნურება არს ჩუენდა, რამეთუ მცირეთაგან გუეშინის და ვეკრძალებით, და ფრიადნი უდებ და შეურაცხ გჳყოფიან მედგრობით. აწ უკუე პირველად განვიბანოთ მწინკული ცოდვათა ჩუენთაჲ მოწყალებითა და დავაყენნეთ ჴელნი ჩუენნი უმსჯავროდ მოხუეჭისაგან, და მაშინ განვირთხათ იგი მიცემად ქველის საქმარსა. ხოლო უკუეთუ მითვე ჴელითა მოვიხუეჭდეთ რომელთამე მონაგებთა და მითვე რომელთამე განუყოფდეთ, დაღაცათუ არა მონახუეჭსა მისცემდე, არამედ სხუასა, არა განერები სატანჯველთაგან საუკუნეთა. რამეთუ გექმნა ქველის საქმჱ იგი მიზეზ მოხუეჭისა. და რომელი ესრეთ იქმოდის ქველის საქმესა, უმჯობეს არს მისა არა საქმჱ. და ვითარმედ მცირედისათჳსცა და უნდოჲსა შეწირვასა ღმრთისა მიმართ უმჯობეს არს ყოლადვე არა შეწირვაჲ, რამეთუ ამისთჳს განრისხნების ღმერთი, რავდენ უფროჲს რომელმან მონახუეჭი და უსამართლოჲ განუყოს, რამეთუ ჰრქუას მას, ვითარმედ: მე გიბრძანე ყოლადვე არავისი მოხუეჭაჲ და შენ სხუათა მონახუეჭითა გნებავსა დაჯერებაჲ ჩემი? ჰგონებ სამეა, ვითარმედ ესე სათნო არს ჩემდა? ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან: "ჰგონებ სამეა, ურჩულოო, გულსა შენსა, ვითარმცა მეცა შენვე გემსგავსე?" (ფსალმ. 49.21).

აწ შეგატყუა და წარმოგიდგინო შენ წინაშე. ხოლო ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ესე სიტყუანი, არამედ ვიქმოდით ქველის საქმესა წმიდასა და უბიწოსა და ბრწყინვალედ აღვინთნეთ სანთელნი სულთა ჩუენთანი და ესრეთ შევიდეთ საქორწინესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (მათე 25.1-10) და მის თანა ვიშუებდეთ უკუნისამდე, რამეთუ მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მისისა თანა სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.