|
წმიდა იოანე ოქროპირი
თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სიტყჳსა მისთჳს მოციქულისა, რომელ თქუა, ვითარმედ "ქრისტემან მშჳდობა-ყო სისხლითა თჳსითა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (კოლას 1.20)
ძველი ქართული თარგმანი
გუაკურთხენ უფალო!
მოვედით, ძმანო ჩემნო, და გამოვიძიოთ სიტყუაჲ იგი მოციქულისა პავლესი, რომელ თქუა, და ვიხილოთ, რაჲ არს ესე მშჳდობაჲ, რომელ-ყო უფალმან ჩუენმან სისხლითა თჳსითა ჯუარისა მისისაჲთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. რამეთუ მშჳდობაჲ რა იქმნის თჳნიერ ბრძოლასა და მტერობასა, და რამეთუ ქუეყანასა ზედა უწყით, ვითარმედ იყო ბრძოლაჲ დიდი და მტერობაჲ მრავალი და ბოროტი მიუწდომელი კაცთა შორის. ნუუკუე ზეცასცა ბრძოლაჲ იყოა ანგელო\ზთა შორის და ვითარ უკუე იტყჳს ლოცვასა შინა ჩუენსა: "იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა" (მატე 6.10)? რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ მშჳდობაჲ და სიყუარული არს, და სადა მშჳდობაჲ და სიყუარული არს, მუნ მტერობაჲ არა არს. ნუ იყოფინ, რამეთუ არა იყო მტერობაჲ შორის ანგელოზთა, არამედ ბრძოლაჲ დიდი და სიძულილი და მტერობაჲ იყო შორის ანგელოზთა და კაცთა, რამეთუ ანგელოზთა ესმოდა და ხედვიდეს გმობასა კაცთასა დამბადებელისა მიმართ მათისა უფლისა სახიერისა, და ფრიად სძულდა და ემტერებოდეს ნათესავსა კაცთასა. და ესე განაგო მჴსნელმან ჩუენმან და მშჳდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. რამეთუ აღიყვანა ბუნებაჲ კაცთაჲ ზეცად და დაამკჳდრა შორის ანგელოზთა მტერი იგი მათი, რომელსა ეძულებოდეს იგინი. და კუალად გარდამოიყვანნა ანგელოზნი ქუეყანად, და ცაჲ იქმნა ქუეყანა და ქუეყანაჲ - ცა შეერთებითა. ესე არს მშჳდობაჲ დიდი და შეზავებაჲ მიუწდომელი, რამეთუ იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: სიხარული დიდი იყო ცათა შინა ანგელოზთა შორის ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს (ლუკა 15.17).
აწ უკუეთუ ერთისა ცოდვილისათჳს, რომელმან შეინანოს ესრეთ. სიხარული იყოს ცათა შინა, რავდენ-ღა უფროჲს, ოდეს კრებული ურიცხჳ სარწმუნოებით ჰმადლობდეს და ადიდებდეს ღმერთსა დაუცხრომელად დღე და ღამე გულითა წმიდითა. და კუალად რაჲთა უწყოდით მტერობაჲ, რომელი იყო ნაგელოზთა და კაცთა თანა დასაბამსა, და რავდენ მოსწრაფე იყვნეს ანგელოზნი კაცთა მიგებად ბოროტისა, უკუეთუ სადა მოეცის ჴელმწიფებაჲ. რამეთუ რაჟამს-იგი მოივლინნეს სოდომად შურით წამსა შინა ერთსა დაწუეს და დააქციეს იგი უწყალოდ, მიუწდომელი იგი სიმრავლე, და წყალი მწარე მოადგინეს ქუეყანასა და სამკჳდრებელსა ზედა მათსა. და კუალად მოივლინეს ძეთა ზედა ისრაელისათა, დღეთა დავით მეფისათა, და მოკლეს ვიდრე მესამედ ჟამადმდე დღისა უფროჲს ოცდაათისა ათასისა. და კუალად სხუასა ჟამსა დაეცნეს სიძვითა ძენი ისრაჱლისანი და მოივლინნეს მათდა ანგელოზნი, და შურის გებით მოკლეს მათგანი დღესა შინა ერთსა ოცდასამი ათასი, და მრავალ გზის მოსწრაფე არიედ მიგებად ბოროტისა ძეთა კაცთა.
ხოლო აწ შეცვალა ესე მაცხოვარმან ჩუენმან მშჳდობად, რამეთუ აწ ვხედავთ მრავლითა სიხარულითა გალობენ და იტყჳან ჩუენ თანა: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2.14). ესე არს მშჳდობაჲ იგი, რომელ თქუა წმიდამან პავლე მოციქულმან, ვითარმედ: უფალმან ჩუენმან სისხლითა თჳსითა მშჳდობა ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (კოლას 1.20), და მოსპო იჭჳ იგი, რომელი იყო შორის ზეცისათა და ქუეყანისათა, და განადგინა ქერობინი იგი მოტყინარე და მახჳლი იქცევისი კარისაგან სამოთხისა, რომელი დაედგინა მცველად მისა, რაჟამს-იგი განივლინა მიერ პირველ შექმნული მამაჲ ჩუენი ადამ, რაჲთა არა კუალად იქცეს და ჭამოს ხისა მისგან ცხორებისა და ცხონდეს. და ავაზაკი შეიყვანა და დაამკჳდრა მუნ შინა. და რომელთა ყონ ნებაჲ მისი, არა ხოლო თუ სამოთხესა მისცემს მათ სამკჳდრებელად, არამედ სასუფეველსაცა ცათასა და ყოფასა ანგელოზთა თანა და მკჳდრობასა მის თანა.
და რაჲსა გიკჳრს ესე, რამეთუ უფროჲსი და უზეშთაესი მოუცემიეს ჩუენდა - ჴორცი მისი, რომელი ამის ყოვლისა უზეშთაეს არს. და შეგუმოსნა ჩუენ ნათლის-ღებითა მის თანა, და მყვნა ტაძარ მისა და იგი დაემკჳდრების ჩუენ შორის, და მყვნა ჩუენ შვილ მისა მადლითა თჳსითა. ამისთჳსცა ვიტყჳთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი" (მათე 6.9). და კუალად ყოველმან, რომელმან ნათელ-იღოს სახელითა მისითა, მისცა მას ანგელოზი, რაჲთა სცვიდეს მას განუშორებლად ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა და ჰხედვიდეს საქმეთა მისთა. და ვინაჲ უკუე უწყის ესე, არამედ მჴსნელმან თქუა სახარებასა შინა, ვითარმედ: იხილეთ და ნუ ვის შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა მცირეთაგანსა, რამეთუ ანგელოზნი მათნი ხედვენ ყოველსა ჟამსა პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათე 18.10). ხოლო დასაბამსა არა ესრე იყო, არამედ ყოვლთა მართალთა თანა ხოლო იყო ანგელოზი, ვითარცა იტყჳს მამაჲ ჩუენი აბრაჰამ, ვითარმედ: ანგელოზმან, რომელმან განმზარდა მე სიყრმით ჩემითგან, მან მასწავა მე (შესაქ. 48.15).
აწ უკუე ვინაჲთგან ანგელოზი მოცემულ არს კაცად-კაცადსა ჩუენგანსა მცველად, ჯერ-არს, რაჲთა ვეკრძალნეთ ცოდვასა ვითარცა-ღა მეფესა, რომელსა უსხენედ შვილნი საყუარელნი და თითოეული მისცის კაცსა, რაჲთა სცვიდეს მას და ხედვიდეს საქმეთა მისთა და ბოროტსა აკრძალებდეს, ეგრეთვე უფალსა ჩუენსა დაუდენიეს თითოეულსა ჩუენგანსა მცველად ანგელოზი, და ამისთჳს ვილოცავთ-ღა, ვიტყჳთ და ვითხოვთ ანგელოზსა მშჳდობისასა, რამეთუ არარაჲ არს უზეშთაეს მშჳდობისა. ეკლესიასა შინა და ლოცვასა და ვედრებასა მშჳდობასა ვითხოვთ. და ამისთჳს მრავალ გზის მისცის მღდელთ მოძღუარმან მშჳდობაჲ ყოვლთა. რამეთუ ყოველი კეთილი მშჳდობისაგან არს: სიყუარული და სიხარული; და მისთჳს უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რაჟამს წარავლინნა მოწაფენი თჳსნი, ამცნო მათ და ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახიდ, სთქჳთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას (ლუკა 10.5). და კუალად რაჟამს შევიდა იგი მათდა ქორსა მას საიდუმლოჲსასა, ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ ზედა, მშჳდობასა მიგცემ თქუენ (იოანე 14.27), რამეთუ მშჳდობაჲ გზაჲ არს სიყუარულისაჲ და სიხარულისაჲ და წყალობისაჲ, რაჟამს-იგი თქჳს მღდელთ მოძღუარმან მშჳდობაჲ ყოველთა, არა ეგრე თქჳს, თუ მშჳდობაჲ აქა მყოფთა ხოლო, არამედ ყოველთა აქა მყო(ფ)თა და რომელნი არა არიან აქა, მშჳდობაჲ ყოველთა; და ვითარმედ: უკუეთუ მშჳდობაჲ ჩემი ერთისა მიმართ იყოს, გინა ათისა, გინა ოცისა, ანუ ოცდაათისა, გინა ასისა და ერთისა ვის თანამე მტერობაჲ მაქუნდეს და სინანული, მშჳდობაჲ ჩემი არას მერგების ყოველთა კაცთა თანა, რამეთუ დაღათუ ყოველი გუამი ჩემი მრთელ იყოს და ერთი ხოლო ასოჲ მტკიოდის, ყოველი გუამი ჩემი სნეულ არს.
და ეგრჱთვე უკუეთუ არა იყოს მშჳდობაჲ ჩემი ყოველთა კაცთა მიმართ, არას მერგების რომელთამე ხოლო თანა მშჳდობაჲ. გნებავსა უწყებად სიდიდე მშჳდობისაჲ, იტყჳს უფალი ჩუენი სახარებასა შინა: ნეტარ იყვნენ მშჳდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი შვილ ღმრთისა იყვნენ (მათე 5.9), და იგინი ღირს არიან ამას, რამეთუ ღმერთი ამისთჳს გარდამოჴდა ზეცით, რაჲთა მშჳდობა ყოს და აცხონოს. აწ უკუეთუ მშჳდობის მყოფელნი შვილნი ღმრთისანი არიან, ეგრჱთვე ბოროტისა მოქმედნი შვილნი ეშმაკისანი არიან, და მრავალნი კაცნი იხარებენ ბოროტისათჳს. ესენი მსგავს არიან ჯუარის-მცუმელთა მათ უფლისათა, რომელთა უგუმირეს გუერდსა მისსა უბიწოსა.
ოდეს გენებოს, ჵ კაცო, ბრძოლად ძმისა შენისა და მტერობად მისა, უწყოდე, და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ასოთა\განისა ქრისტესთა გნებავს ბრძოლაჲ. იხილე ვითარ იტყჳს სახარებასა, ვითარმედ: არა არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ ზეცათაჲსაჲ წარწყმედასა ზედა ერთისაცა მცირისასა (მატე 18.14), და ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა (მატე 18.10); ღმერთი მათთჳს დამდაბლდა და მსგავს კაცთა იქმნა, ვითარცა მონაჲ, და ჯუარს-ეცუა. და შენ, ჵ კაცო, კადნიერებითა და ამპარტავანებითა არად შეგირაცხიენ გლახაკნი და იკადრებ მოძულებად და ვნებად მათდა და მტერობად. და არა თუ მოიძულებ და ემტერები, არამედ ქრისტესა, რომელმან-იგი ასოდ თჳსა აღიარნა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ "მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი" (იოანე 15.5).
ოდეს შევიდის მღდელი ეკლესიად და იწყის ლოცვად "მშჳდობაჲ ყოველთა", და ყოველსა შინა ლოცვასა ამას იტყჳნ. აწ უკუე შენღა ესე გესმის მრავალ გზის, არა გრცხუენის და არცა შეიკდემა მისა მშჳდობისათვის, და ემტერები ძმასა შენსა, ვინაჲთგან ერთი-ერთსა ვემტერებით. შეგჳცვალებიეს მშჳდობაჲ და სიყუარული, და მოგჳგიეს ბოროტი, შური და მტერობაჲ და სიძულვილი.
ვაჲ ჩუენდა, რამეთუ შევიყუარეთ ღმერთი სიტყჳთა და არა საქმითა. გინებსა ცნობად, რაჲ არს მშჳდობაჲ? ყოველთა ისმინეთ, რაჲ-იგი ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ქალაქსა, გინა დაბასა, ანუ სახლსა შეხჳდეთ, მშჳდობაჲ მისცით; და უკუეთუ იყოს ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, დაადგრინ მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა, და უკუთუ არა იყოს მუნ ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ (მატე 10.11-13). და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ესე სიტყუაჲ უქმი არს, რამეთუ არა ჩუენ მივსცემთ მშჳდობასა, არამედ ქრისტე არს, რომელი მისცემს, და ქრისტე ზრახავს ჩუენ მიერ. არა ეზრახა ფარაოს არა მისთჳს, არამედ იოსებისთჳს, და კუალად ნაბუქოდონოსორს - არა მისთჳს, არამედ დანიელისთჳს. ეგრეთვე ზრახავს ჩუენ გამო, - დაღათუ ჩუენ ღირს არა ვართ ამას, - არა ჩუენთჳს, არამედ თქუენთჳს.
და კუალად კაიაფა, რომელმან-იგი ქრისტე ჯუარს-აცუა, ღმერთი ჩუენი, არა თუ იგი ღირს-იყო წინაწარმეტყუელებისა მისთჳს, რომელ-იგი თქუა ქრისტესთჳს, არამედ მღდელობისა მისთჳს, რომელი-იგი ემოსა. და ნუცაღა ჩუენსა ჰგონებთ, ვითარმედ თავით ჩუენით ვზრახავთ, არამედ მადლი იგი მღდელობისაჲ, რომელი არს ჩუენ თანა ღმრთისა-მიერი. იხილეთ-ღა, ვითარ-იგი თქუა ქრისტემან. უკუეთუ სახლსა შინა იყოს ღირსი მშჳდობისა თქუენისაჲ, დაადგრეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა (მატე 10.13). ვითარ არს ესე, თუ ღირს იყვნენ მშჳდობასა თქუენსა? ესე ამისთჳს, ვიდრემე თქუა: უკუეთუ შეგიწყნარნენ და ისმინონ სიტყუათა თქუენთაჲ, დაადგრეს მშჳდობაჲ მას ზედა; და უკუეთუ არა შეგიწყნარნენ და არა ისმინენ სიტყუანი თქუენნი, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ Pაგე ოფ მს. ჩ: 136ვ სოდომელნი და გომორელნი უმოლხინეს იყვნენ მათსა დღესა მას სარჩელისასა (მატე 10.13-15) .
რაჲ უკუე სარგებელ არს, უკუეთუ შემიწყნარნეთ ჩუენ და ბრძანებისაებრ ჩუენისა არა იქმოდით? და რაჲ სარგებელ არს ჩუენდა უკუეთუ პატივ-გუცემდეთ და მცნებათა ჩუენთა არა ისმენდეთ? ხოლო პატივ ჩუენდა დიდ ესე არს, რომელი მერგების ჩუენ და თქუენ შეგეძინების, უკუეთუ ისმინოთ და ჰქმნეთ, ვითარ-იგი ისწავეთ ჩუენგან. იხილეთ, ვითარ იტყჳს ქრისტე, ღმერთი ჩუენი: ყოველი რავდენი გრქუან თქუენ მღდელთ მოძღუართა, ყავთ. რამეთუ არა ჩუენსა ისმენთ და არცა ჩუენ გუმორჩილობთ, არამედ მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა (ლუკა 10.16), და არცა ჩუენ შეურაცხ-გუყოფთ, არამედ მღდელობასა, რომელ არს ჩუენ ზედა. და ოდეს მიხილნეთ ჩუენ შიშულად მღდელობისაგან, მაშინ შეურაცხ-გუყვენით ჩუენ და სიტყუანიცა ჩუენნი. არამედ გამცნებ თქუენ მღდელობისათჳს, რომელი გუმოსიეს ჩუენ და მოცემულ არს და ჩუენ თანა არს ნიჭი იგი და ძალი, დაღაცათუ არა ღირს ვართ მას. რამეთუ უკუეთუ რომელნი-იგი დასხდეს საყდართა მოსესთა, მოცემულ იყო ძალი და პატივი და მორჩილებაჲ. რავდენ უკუე უფროჲს მათი ჯერ-არს, რომელნი დასხდომილ არიან საყდართა ქრისტესთა, ძისა ღმრთისათა. ჯერ-არს, რაჲთა ზარი მათი და პატივი ეგოს და შიში და მორჩილებაჲ, რაჟამს მიუღებიეს მათ ჴელმწიფებაჲ კაცთა ზედა. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ ჴელმწიფებაჲ ცათა შინა ქუეყანასა ზედა შეკრვად და განჴსნად, და რომელი შეკრან ქუეყანასა ზედა, კრულ არს იგი ცათა შინა.
და ამისთჳს არა ითქუმის, თუ მან ვინმე ყო ესე, არამედ ებისკოპოსმან, მოგუასწავებს, ვითარმედ ებისკოპოსო\ბაჲ თჳთ საკუთარი არს კაცთა შორის ყოველთა. ესე მღდელობაჲ არს მონიჭებული, მოვლინებული ზეცით ღმრთისა მიერ იესუ ქრისტესა, ღმრთისა ყოველთაჲსა.
აწ უკუე ჩუენ გევედრებით თქუენ, ძმანო, განიშორნეთ თქუენ გონებათაგან თქუენთა ყოველი ბოროტი, და ყოველი სიძულილი, და ყოველი მანკიერებაჲ, და ყოველი შური, და დაჰნერგეთ გულთა თქუენთა სიყუარული და მოწყალებაჲ და მშჳდობაჲ, არა თუ ქუეყანისასა რასმე აღგითქუამ თქუენ და არცა ოქროსა და ვეცხლსა განგიყოფ თქუენ, არამედ აღგითქუამ თქუენ სასუფეველსა ცათასა და ცხორებასა მას საუკუნესა და აღდგომასა ანგელოზთა თანა და მკჳდრობასა ქრისტეს თანა. და აღგითქუამ თქუენ კეთილთა მათ, რომელნი თუალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან საყუარელთა თჳსთა სულიერთა ნების მყოფელთა.
აწ უკუე, ძმანო, ნუმცა ვინ თქუენგანი კადნიერ იქმნების წარდგომად წინაშე წმიდასა მას ტაბლასა და მოღებად ჴორცსა ქრისტესსა, რომელსა აქუნდეს გონებასა მანკიერებაჲ, გინა შური, გინა შფოთი, გინა ძჳრის ჴსენებაჲ ვისთჳსმე, რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი ამპარტავან და ზუავ არიან, განლაგებულ ძმათა თჳსთა ზედა და იქადიან გოვარსა და ტომობასა ქუეყანისა ნათესავთასა და იტყჳან: მე იგი ვინმე ვარ და მისი შვილი ვარ. რომელი იქადის ნათესაობითა ქუეყანისაჲთა და ჴორციელითა, უვარ-უყოფიეს მას ნათესაობაჲ იგი ზეცისაჲ, სულიერი, რამეთუ ჩუენ ყოველნი ერთი ვარ და ერთი მამაჲ გჳვის, რომელ არს ცათა შინა, - არა არს მონება, არცა აზნაურება: არა არს სიმდიდრე, არცა სიგლახაკე, არცა მთავრობა და შეურაცხება, არცა ძლიერება და არცა უძლურება, არამედ ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ და ერთისა გუამისაგან მოგუაქუს, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, და ყოველნი ერთსა საძოვარსა ვძოთ. ვინ უკუე შემძლებელ არს მიწდომად გოვარსა უპატიოსნესსა უფროჲს ქრისტეანობისა, ანუ ვინ შემძლებელ არს სახელის-დებად თავისა თჳსისა მამად უფროჲსა ქრისტესა?! არა ყოველნი ერთობით ვიტყჳთა: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა?! " (მატე 6.9) .
აწ უკუე, რომელი იქადის ძმასა თჳსსა ზედა გოვრითა ქუეყანისაჲთა და იკადრებს მისა სიტყუად, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? და არს იგი ქრისტეანე მისებრვე და ძმაჲ მისი მადლითა, და იგი უვარ-ჰყოფს მას და იქადის მამასა ქუეყანისასა დალევადსა. ჩუენ ყოველნი ძმანი ვართ ქრისტეს მიერ და იგი შეგჳმოსიეს ნათლის-ღებასა, და რამეთუ ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ერთ არს და ყოველთა ერთისაგან გუამისა მოგუაქუს, ვითარ უკუე შემძლებელ ვართ აღზუავებად ერთიერთისა ზედა და სიქადულად, ვინაჲთგან ვხედავთ და გულისჴმა-გჳყოფიეს, ვითარმედ უფალი ჩუენი ღმერთი, დამბადებელი ცათაჲ, ძე ღმრთისაჲ, გარდამოჴდა წიაღთაგან მამისათა და დაემკჳდრა მუცელსა ქალწულსა მარიამისსა და მისგან იშვა სიმდაბლით და სიგლახაკით, რომელსა არცაღა თუ სახლი აქუნდა საყოფლად, არამედ ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა მიიწვინა პირუტყუთასა შეხუეული მჩურითა, რომელსა ყოველნი გუნდნი ანგელოზთანი და კრებული ძალთაჲ ზეცათა შინა შიშით და ძწოლით ზარ-განჴდილნი თაყუანის-სცემენ. და შემდგომად შობისა ნათელ-იღო, ვითარცა ერთმან ჩუენგანმან, და ჯუარ-ცუმაჲ თავს-იდვა ჩუენთჳს. და ჩუენ, რომელნი-ესე მიწანი და ნაცარნი ვართ, სიქადულითა ვზუაობთ ერთიერთსა ზედა და განლაღებულ ვართ.
ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა მოისპოთ გონებათა თქუენთაგან ზუაობაჲ და სიქადული, და მტერობაჲ და შური, და ყოველი სახე ბოროტისაჲ, და ვიდოდეთ გზასა მას ქრისტესსა, მდაბალსა, და აღიღეთ უღელი მისი სულ-მცირე ქედთა თქუენთა ზედა, და ყოლადვე ვიღუწიდეთ ძმათა ჩუენთა გლახაკთა, რომელ არს სისრულე და აღსრულებაჲ მცნებათა ყოველთა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათაჲ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი, და მისა შუენის ქებით თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|