|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
სიყვარულისათვის ძმათასა
საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ (მარტო) ამცნებდა ღმერთი ურთიერთარს სიყვარულსა, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ და არა რაი სხვა დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურთიერთარს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდენ ურთიერთარს, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე - ვითარ იყვნეს. და კვალად პავლე, ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფროსად (და განსაკუთრებით) დედა იგი სათნოებათა სიყვარული აქვნ და, – რამეთუ ესე საქმე სულისაგან სათნოისა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო, სადა უკეთურება იყოს, ესე ნერგი განხმების, რამეთუ რაჟამს განმრავლდეს უსჯულოება, განხმეს სიყვარული მრავალთა და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვითარ საქმენი კეთილნი და ცხოვრება სათნოი. ხოლო ცხოვრებასა ბწრყინვალე არა რაი პყოფს, ვითარ სიყვარული ძმათა. რამეთუ, რაჟამს ქადაგება იგი არღა განვრცელებულ იყო, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი. ხოლო აწ, უფროსად საქმეთა კეთილთა, ჯერ არს მოგებაი, რომელ არს ძმათ სიყვარული. რამეთუ ვერა რაი ესრეთ შეარცხვენს წარმართთა, ვითარ სათნოება, ვერცა რა ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურება. რამეთუ, რაჟამს იხილონ მასწავლელი სიყვარულისა, სიძულვილსა შინა, და ანგარებასა, და ტაცებასა, არა ტყუილად შერაცხონ სწავლა იგი და ჩვენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა?! რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩვენი ესე ჭეშმარიტება უყვარს, არამედ საქმეთა ჩვენთა მიერ დაიხრწევის, რაჟამს არა გვიყვარდენ ძმანი. ხოლო უკეთუ ვიტყვით, ვათარმედ პირველთა მამათა რად არა პბაძვენ, არამედ იგინი ჩვენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გვხედვენ და იტყვიან, გვიჩვენეთ სარწმუნოება თქვენი საქმეთა მიერ კეთილთა და, რაჟამს გვიხილენ ჩვენ ბოროტთა შინა, თვისსავე წესსა ზედა დაადგრებიან. ამისთვის უკვე მოგვეხადების ჩვენ სასჯელი არა · ბოროტთა მათთვის ოდენ, რომელსა ვიქმთ, არამედ ამისათვისცა, რომელ სახელი ღვთისა ჩვენ მიერ იგმობის. ამისთვის მეშინის, ნუ უკვე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვჰპოვოთ სასჯელი საუკუნო, არამედ გევედრები, საყვარელნო, ხელ ვჰყოთ სათნოებასა და აღვასრულოთ ჰსჯული სიყვარულისა. რამეთუ აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყვარული არს, და ძმათმოყვარებითა ვჰსწყალობდეთ ყოველთავე, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლიათა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრიტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|