მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

ქრისტეს სიყვარულისათვისვე

 

საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ ღა უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა, დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესა და სიყვარულსა. ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შევუდექით მას, არა თვისად სარგებელად ვუყვართ, რამეთუ არა რა ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო ჩვენ თავთავე ჩვენთა სარგებლობისათვის არა შევიყვაროთა ქრისტე? ჩვენ მტერ ვიყვენით და მან შემიყვარნა ჩვენ. ხოლო ჩვენ, რომელსა იგი უყვართ, არა შევიყვაროთა სახიერი იგი ტკბილი მეუფე? არამედ, აწ ესერა, წინააღმდგომსა ვიქმთ, რამეთუ მარადღე ჩვენ მიერ ღმერთი იგმობის მტაცებლობითა და ანგარებითა ჩვენითა. და ნუუკვე ვინმე თქვენგანმან მრქვას მე, ვითარმედ აჰა ესერა მარადღე ანგარებისათვის გვეტყვის ჩვენ. არამედ ნეტარ თუმცა არა მე ოდენ გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა, და მეგობარნიცა, და შვილნი, და მონანი, და მეზობელნი და კედელნი და ქვანი, უკეთუმცა შესაძლებელ იყო, ღაღადებდეს ამის საქმისათვის, რათა მცირედ რაზე დავსცხერით. რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ანგარებისა სენმა და ყოველთავე სულნი დააბნელნა. და დიდ არს მძლავრება იგი მამონასი. ეჰა საკვირველი! ქრისტემან შემიყვარნა და ქრისტეს მიერ ვიხსენებით, და ჩვენ ოქრო შევიყვარეთ და ოქროსა ვმსახურებთ ქრისტეს მეუფებასა ვქადაგებთ და ოქროსა ვმონებთ და რაიცა გვიბრძანოს ოქრომან, ყოველსავე მოსწრაფებით ვიქმთ და ვმორჩილებთ, ხოლო მეგობრობა ქრისტესი და სიყვარული და სჯული, ყოველივე უგულებელს ვყავთ. ამისთვის არავინ აღიხილავს ზეცად, არავინ მოიხსენებს საუკუნესა მას სასჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყვათაგან იყოს სარგებელი, „რამეთუ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ?" სასურველ არს ოქრო და საშვებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ქრისტე და ზეცისა სასუფეველი. რამეთუ მდიდარი ამის სოფლისა მრავალთა მიერ საძულველ არს, ხოლო რომელი სათნოებასა შინა იყოს, პატივს ცემენ ყოველნი და უყვარს. უკეთუ კულა (კიდევ) ვინ სთქვას, ვითარმედ გლახაკი საკიცხველ არს ყოველთა მიერ, დაღათუ სათნო იყოს, არამედ გულის-ხმა -პყავ, ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ პირუტყვთა მიერ არს საკიცხველ, ხოლო კაცისა ბრძნისა უფროსად საქებელ, რამეთუ, უკეთუ ქვეყნისა მეფე გვაქებდეს ჩვენ, არღარა ვისგან ვეძიებთ სხვასა ქებასა, ხოლო უკეთუ ანგელოსთა მეუფე გაქებდეს შენ, ჰოი კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიება ქებასა?! რამეთუ ამათსაცა უღარეს არიან კაცნი იგი მოყვარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი. ვიდრემდის ვიქცევით მწვირესა მას შინა, ვიდრემდის ვყოფთ თავთა ჩვენთა საქებელ კაცთა ნაყროვანებითა სავსეთა, რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე სავსე არიან. ხოლო. სათნოებისა მიმართ უგულისხმო, ხოლო შენ, ჰოი კაცო, რომელსა გნებავს სათნოებისა ქმნა, კაცთა უმეცართა სათნოებითა ეჩვენებია? ამისთვის ვერასოდეს წარემართები. არამედ გევედრები, საყვარელნო, გულის-ხმა-ვყოთ ესე ყოველი, მოვიძულოთ ოქრო და შევიყვაროთ ქრისტე. ვეძიებდეთ ქებასა ღვთისაგან და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა, ნუმცა ბოროტად შეგვირაცხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სიგლახაკე. რამეთუ ყოველისავე სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გვექმნების, რამეთუ ლაზარეცა გლახაკობასა შინა იყო და მიიღო გვირგვინი ღვთისაგან; და იაკობ პურითა ოდენ განძღომად სუროდა, და იოსებ უკანასკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონა ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთვის უკვე გვიკვირს საქმე მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ რაჟამს იგი იყო საპყრობილესა შინა, არცა რაჟამს გვირგვინი ემოსა, არამედ რაჟამს ჯაჭვი. არცა რაჟამს საყდართა ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა.

 

აწ უკვე რაჟამს ესე ყოველი გულის-ხმა-ვყოთ, საყვარელნო, და ჩვენცა ყოველნივე მოვითმინოთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რათა დავთხზათ გვირგვინი იგი სათნოებათა, ნუ სიმდიდრესა და შვებასა, და პატივსა და ძლიერებასა ვეძიებთ, არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა ქრისტეს სიყვარულისათვის. რამეთუ აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამაოებითა ფრიადითა. ხოლო აღსასრული სათნოებათა არს ცაი და კეთილნი იგი ცათანი, რომლისა „არცა თვალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუხდა“, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვეეად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.