|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
ქრისტეს სიყვარულისათვის
საყვარელნო! ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად დღესა მას განკითხვისასა. გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუ დავემხობით ესე ვითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, - რამეთუ არა ძნელ არს საქმე ესე, არცა მძიმე, უკეთუ ოდენ ჩვენ გვენებოს და მოვითმენდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველსავე, რათა მისთანაცა ვსუფევდეთ და ვიდოდეთ აქა იწროსა მას შინა გზასა, რამეთუ დაღაცათუ იწროდ სჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩვენდა. აღვიხილნეთ უკვე ზეცად თვალნი ჩვენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისა სიხარულით თავს ვიდვათ, და ვერა რამან საქმემან სოფლისამან დაგვიმონნეს და რად ვიტყვი, თუ დაგვიმონნეს? უკეთუ ქრისტე შევიყვაროთ, არცაღა თუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყვარულისა ძალი და ვსთქვათ ჩვენცა: „ვინ განმაშმორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან“ და შემდგომი ამისი. რამეთუ იხილე ვითარ მოციქულმან არა სთქვა საფასენი, ანუ გულის-თქმა, ანუ სხვა ესე ვითარი რამე. რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათვის სთქვა სიკვდილისათვის და დევნულებათა და ცეცხლისა და მახვილისა. და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არად შერაცხა სიყვარულისათვის ქრისტესისა. ხოლო ჩვენ საფასეთათვის და გულის-თქმათა ბილწთა განვარდებით ცხოვრებისაგან და ნათლისა, ხოლო პავლეს სიკვდილი, და ცხოვრება, და საწუთო, და საუკუნო, და ყოველივე არა რად შერაცხა ქრისტეს სიყვარულისა თანა, ხოლო ჩვენ მცირე გულის-თქმა ყოველსა მას დაგვავიწყებს და ვფუცავთ და ვახშსა მივსცემთ და ხორცთა ბილწებასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიხსენებთ, არამედ თითო ფერთა გზათა წარწყმედისათა ვეძიებთ. ხოლო მართალი იგი გზა ცხოვრებისა დაგვიტევებიეს და არა მოვიხსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელთა შთავვარდეებით, არცა კეთილთა მათ, რომელთაგან დავაკლდებით. რასა იტყვის უფალი? „უკეთუ არა გარდაემატოს სიმართლე ჩვენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთასა, გეენიად მივალთ". რა სიტყვა ვუგოთ, უკეთუ მათ ოდენიცა არავე იყოს?
არამედ ნუ, საყვარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფოთ, გარნა ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყვარნა ჩვენ, რათა ვპოვოთ საუკუნო განსვენება, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა ივსო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უეკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|