მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

წმიდისა ზიარებისათვის

 

საყვარელნო! გულის-ხმა-ვყოთ, თუ რა არს საკვირველი ესე საიდუმლო ამის ზიარებისა? ესე არს ფრიადისა სიყვარულისა სახე, რომელ ქრისტემან ჰქმნა, რათა უმტკიცესად სიყვარულად მისსა მოგვიყვანნეს ჩვენ, და თვისიცა სიყვარული გვიჩვენოს, რომელი აქვს ჩვენდა მომართ, და ესრეთ მეტყვის ჩვენ, „ვითარმედ ხორცითა ჩემითა გზრდი თქვენ და თავსა ჩემსა წინამე თქვენსა დაგიგებ, რამეთუ მნებავს, რათამცა თქვენ ყოველნი მთავარ და დიდებულ იქმნნეთ, და მიგცემ თქვენ სასოებათა კეთილთა საუკუნოსათა, რამეთუ რომელსა ესე აქავე თავი ჩემი მიმიცემიეს თქვენდა, არა უფროს მას საუკუნოსა ვჰყოა ესე?! რომელმან ესე ვინებე ძმად თქვენდა ყოფად, ზიარ ვიქმენ თქვენთვის ხორცთა და სისხლთა; ვითარმედ ხორცსა და სისხლსა მას მიგცემ თქვენ, რამეთუ თქვენთვის ვიქმენ ზიარ მათდა“. აწ უკვე, საყვარულნო ძმანო, ესე სისხლი ხატსა მას სამეუფოსა კეთილად გამოსახავს და განაბრწყინვებს ჩვენ შორის ესე პატიოსნებასა მას სულისასა და მთავრობასა გვირგვინოსან ჰყოფს.

 

ესე სისხლი იოტებს ეშმაკთა და შორს ჰყოფს ჩვენგან და მოუწოდს ანგელოსთა ჩვენდა და მეუფესა მას ანგელოსთასა, რამეთუ სადა იხილონ სისხლი ესე სამეუფო, ივლტიან ეშმაკნი და მიისწრაფიან მუნ ანგელოსნი. ესე სისხლი დაითხია რა, ყოველივე სოფელი განიბანა. ამან სისხლმან განსწმიდნა ცოდვანი; ესე არს ცხოვრება სულთა ჩვენთა, ამით განიბანების სული, ამით შეიმკვების, ამით გამოიხსნების, ესე ცეცხლისა უბრწყინვალეს ჰყოფს გონებასა, ესე ოქროისა უწმიდეს პყოფს სულსა, ესე სისხლი დაითხია და ცანი სავალად კაცთა იქმნა, ჭეშპარიტად საშინელ არს საიდუმლო ესე ეკლესიისა, ესე სისხლი არს სასყიდელი ყოვლისა სოფლისა, ამით მოიყიდა ქრისტემან ეკლესია, აძით შეიმკო იგი ყოვლით კერძო, რამეთუ, ვითარცა კაცი, რომელი მოიყიდნ მონათა, ოქრო მისცის და უკეთუ შემკობა მათი ჰნებავნ, ოქროთავე (ოქროითვე) შეიმკვნის. ეგრეთვე ქრისტემან ჰქმნა: სისხლითა თვისით მოგვიყიდნა და კვალად შემამკვნა ჩვენ სისხლითავე თვისითა და, რომელნი ამის სისხლითაგან ეზიარებოდნენ იგინი ანგელოსთა თანა და მთავარანგრლოზთა თანა და ძალთა ზეცისათა მდგომარე არიან, და შეუმოსიეს სამეუფო იგი სამოსელი და საპურველი იგი სულიერი და რას ესრეთ ვიტყვი, რამეთუ თავადი იგი მეუფე ყოველთა შეუმოსიეს. ხედავა, ვითარ დიდ არს საქმე ესე და დიდებულ? აწ უკვე უწყოდე, ვითარ რაოდენ ესე დიდ არს და საკვირველ, ეგრეთვე, უკეთუ სიწმიდით და ღირსებით მოუხდე (მიუახლოვდე) მას, ცხოვრებად თავისა შენისა მისრულ ხარ. უკეთუ კულა ბოროტითა გონებითა და შეგინებულითა მოუხდე, დასასჯელად და წარსაწყმედელად თავისა შენისა მოუხდები, რამეთუ „რომელი ჰსჭამდეს და სმიდეს უღირსებით, იგი დასასჯელად თავისა თვისისა სჭამს და სვამს მას“. იხილე ვითარ საშინელად გამოაჩინა პავლე (მოციქულმან?) ვითარმედ, რომელთა არა წმიდითა გონებითა მიიღონ ხორცი და სისხლი ქრისტესი, დაისჯებიან ბოროტად. აწ უკვე, საყვარელნო, გულის-ხმა ვყოთ, თუ ვითარითა კეთილითა ღირს უქმნიეთ. ჩვენ მას ქრისტესა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ და ღირსებით ვეზიარებოდეთ წმიდათა საიდუმლოთა მისთა, ნუ (არა მარტო) სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, რათა ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ საუკუნეთაცა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.