|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
აღსარებისათვის
მოვიბსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი, საყვარელნო, და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსარებითა და სინანულითა. რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმერთსა აღსარებისათვის, ვითარცა იტყვის:
ა) „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რათა განმართლდე"; და კვალად იტყვის: „უსჯულოება ჩემი გითხრა შენ, და შენ მომიტევე, უღმრთოება გულისა ჩემისა“; რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსარება მათი და ხსენება;
ბ) და კვალად,არს სხვაცა წამალი აღხოცისა მათისა, რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა, არამედ შევუნდობდეთ;
გ) გნებავსა რათა მესამეცა გითხრა? ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რასა იტყვის: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღხოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა“.
დ) და კვალად არს სხვაცა გზა ცოდვათა აღხოცისა, ესე იგი არს
ე) ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღვთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა, ხოლო მარხვაცა, რაჟამს სხვათა მოწყალებითა იქმნებოდეს, დაშრეტს მოტყინარეობასა რისხვისა ღვთისასა, რამეთუ ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი. ამათ უკვე ყოველთა გზათა ვიდოდეთ, რამეთუ, უკეთუ ამათ შინა ვჰყოთ სლვა ჩვენი, არა თუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანოთ, არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი. არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა, რამეთუ არა გვაქნდეს საქმე სათნოებისა, არამედ მოცალებით ვიყვნეთ. ხოლო ჩვენ საყვარელნო, ვისწრაფოთ სათნო ყოფად ღვთისა აღსარებითა და სინანულითა, რათა მცირესა ამას ჟამსა დავშვრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ მოღვაწებითა კეთილითა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|