მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა იოანე ოქროპირი


ღვთისადმი მადლიერებასა და თავმდაბლობაზე


ღმერთი ჩვენგან რაიმე მძიმესა და საძნელოს არ ითხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რომ მის კეთილისმყოფელობას ვაღიარებდეთ და მას მადლობას ვწირავდეთ, თუმცა არა იმად, თითქოსდა იგი ამას საჭიროებს,-არამედ, რათა ამ გზით ვისწავლოთ ამ სიკეთეთა მომნიჭებელის (ღმერთის) ჩვენსკენ მოზიდვა და ნუ ვიქნებით უმადურნი, არამედ მისი კეთილისმყოფელობისა და მზრუნველობის შესაბამისი სათნოება ვაჩვენოთ. რამეთუ ამით განვაწყობთ ჩვენდამი მეტი მზრუნველობისათვის. ნუ ვიქნებით უზრუნველნი, არამედ თითოეული ჩვენთაგანი ხშირად, რამდენსაც შესძლებს, ფიქრობდეს ღვთის მიერ გამოჩენილ არა მარტო საზოგადო, არამედ პირად-პირად კეთილისმყოფელობაზეც, არა მხოლოდ ცნობილსა და აშკარაზე, არამედ მხოლოდ მისთვის ცნობილსა და სხვათაგან დაფარულზე: ამ გზით იგი შეძლებს უფალს განუწყვეტელ სამადლობელს აღუვლენდეს. ეს ყველაზე დიდებული მსხვერპლია, ეს სრულყოფილი შესაწირია, ეს იქნება ღვთის წინაშე ჩვენი კადნიერების წყარო, და ია როგორ- ვისაც გონებაში უტყუარად შეუცვნია საკუთარი არარაობა, ხოლო მეორეს მხრივ ფიქრობს ღვთის გამოუთქმელსა და უსაზღვრო კაცთმოყვარებაზე- თუ როგორ აწყობს ჩვენს საქმეებს არა იმის მხედველი, თუ რისი ღირსნი ვართ ჩვენი ცოდვების გამო, არამედ თავისი სახიერებისა-როცა ადამიანი მდაბლდება სულით, გულშემუსვრილი ხდება, იოკებს ყოველგვარ სიამაყეს და ქედმაღლობას, მორიდებულია, აწინდელი ცხოვრების მომძულებელი, არაფრად აგდებს ყოველივე სხეულს, ზრახავს მომავალ სიკეთეებზე, უკვდავასა და უსასრულო ცხოვრებაზე. ვისაც ამგვარი სულიერი განწყობა აქვს, იგი ღმერთს ჭეშმარიტსა და სასიამოვნო მსხვერპლს სწირავს: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი და გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფს. 50,19).

მაშ შევიმუსროთ სული ჩვენი, დავიმდაბლოთ გული. რამეთუ ამგვარ მდგომარეობაში შევძლებთ დიდი სიფხიზლით ლოცვის აღვლენასა და ცოდვათა აღიარებით ზეგარდმო დიდი მადლის მოწვევასაც. რომ დავრწმუნდეთ, ამგვარი სულები სათნოა მეუფისათვის, უსმინე რას ამბობს თავად იგი:“ვის მივაპყრობ მზერას-გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ესაია 66,2). ამიტომ ქრისტემაც თავის მოწაფეებთან საუბარში თქვა:“ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუნებაი სულთა თქუენთა“.(მათე 11,29). რამეთუ ვინც მართლაც იმდაბლებს თავს, არასდროს ღიზიანდება, მოყვასს არ უბრაზდება, რამეთუ სული მისი დამდაბლდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრახავს და ამგვარად განწყობილ სულზე ნეტარი რა შეიძ;ლება იყოს! ამგვარი ადამიანი დღემუდამ ქარიშხლისაგან დაცულ უსაფრთხო ნავსაყუდარში ზის და აზრთა აღუშფოთებლობით ტკბება. ამიტომაც თქვა ქრისტემ:“და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“. მაშ თუ ამ ვნებათა დამაცხრობელი სიმშვიდით ტკბება, მაშინ პირიქით, ზარმაცი, უზრუნველი და უცოდინარი ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ ალაგმოს მუდამ მშფოთვარე ვნებები, შინაურ ბრძოლას ეწევა და, თუმცა არავინაა, შფოთავს და დიდი გრიგალი ტრიალებს მასში; როგორც კი ტალღები აიფოფრება და ბოროტ სულთა ქარიშხალი ატყდება, იგი ფსკერზე იძირება და მესაჭის გამოუცდელობის გამო ხომალდი იღუპება.

ამიტომაც ჯერ-არს ფხიზლობა და ღვიძილი განუწყვეტელი ზრუნვა სულის ცხონებისათვის, რამეთუ ქრისტეანი ყოველთვის უნდა ებრძოდეს ვნებებს, გონებაში უნდა ჰქონდეს ყოველთა მეუფისაგან მოცემული მცნებები, მათ მიერ იცავდეს თავს, შესაფერისი სახით სარგებლობდეს ღვთის ჩვენდამი სულგრძელებით, არ ელოდეს მართლაც გამოცდას და მდაბლდებოდეს, რათა ჩვენზედაც არ იყოს თქმული:“რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძებდიან მას“(ფს.77,34).