მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა იოანე ოქროპირი


ქრისტეს შობის დღესასწაულობის ისტორიული სინამდვილე
(იულიანური კალენდრის მიხედვით) და მისი დაცვის აუცილებლობა
ქრისტეს შობა, დრო, ისტორიული მემკვიდრეობა და ეკლესიის ტრადიცია


ის, რაც ერთხელ შეიწყნარა ეკლესიამ, როგორც გადმოცემა და დაამტკიცეს კრებებმა, არ უნდა დაირღვეს"
"არა გვავქს საფუძველი დავარღვიოთ ის, რაც ეკლესიის გადმოცემითა და კრებათა დადგენილებებით გვებოძა"
(წმ. იულიუს I, რომის პაპი) (1).

ნაწილი III - დასკვნა

დასკვნა


ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ ქრისტეს შობის დღესასწაულის მომდევნო გავრცელებაზე მთელი ეკლესიის მასშტაბით, რადგან ეს ჩვენი სტატიის მიზანს არ წარმოადგენს. უეჭველად, ამ დღესასწაულის ლიტურგიკაში ჩართვის პროცესი V საუკუნეშიც მიმდინარეობდა. ლიტურგიის ისტორიის თვალსაზრისით დიდ ინტერესს წარმოადგენს დისკუსია სომხურ ეკლესიასთან ქრისტეს შობის ზეიმობის შესახებ (1). მაგრამ, ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით არსებობს შინაარსობრივად საკმაოდ ამომწურავი გამოკვლევები და სტატიები (2).

ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ ქრისტეს შობის დღესასწაულის გათავისების ფაქტს, რომელიც მიმდინარეობდა არიანელობასთან, ანუ ძალზედ მზაკვარ მწვალებლობასთან დავის კონტექსტში, რომლებმაც უმეტესწილად მოცვა რომის იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. შედეგად ქრისტეს შობის დღესასწაულობის შემოღება იყო ეკლესიის ერთგვარი პასუხი ლიტურგიკული ცხოვრებისა და შემოქმედების დონეზე, რომელიც ყოველთვის უშუალო კავშირშია ეკლესიასთან, მის დოგმატებთან და ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებას ასახავენ. როგორც დავინახეთ და აღვნიშნეთ, წმიდა მამებისეული ყველა ქადაგება, რომელიც წარმოთქმული იყო ქრისტეს შობის დღეს, უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო ღმრთის სიტყვის განკაცებისა და ქრისტეში ორი ბუნების შეერთების სინამდვილის დასამტკიცებლად.

რაც შეეხება 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღესასწაულობასმ ჩვენ იმ აზრის მომხრეებად ვრჩებით, რომლის მიხედვითაც ეს თარიღი ყოვლადწმიდა ქალქულ მარიამისგან ღმრთის სიტყვის განკაცების დღეს წარმოდგენს და ის მიღებული იყო ძველთაგანვე, რომის ეკლესიაში, როგორც ამას გვამცნობს წმ. იოანე ოქროპირი; და ეს თარიღი აღინიშნებოდა იულიანური კალენდრის მიხედვით.

რაც შეეხება ქრისტეანული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეულ მწირ ძეგლებს, რომლებიც ეხებიან ქრისტეს შობას, მათი სიმცირე ან არარსებობა სულაც არ აკნინებს წმ. იოანე ოქროპირის მოწმობას. ჩვენ მკაფიოდ უნდა გვქონდეს შეგნებული, რომ ადრექრისტეანული დამწერლობის ესა თუ ის შემონახული ძეგლი სწორად და მიუკერძოებლად უნდა შეფასდეს. ის, რომ IV საუკუნემდე არ შემოგვრჩა პირდაპირი და თვით ირიბი მტკიცებულებებიც კი ქრისტეს შობის დღესასწაულობის სასარგებლოდ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ზეიმობდნენ, უკიდურეს შემთხვევაში რომში მაინც. ამგვარი შემთხვევისთვის უადგილოა კლიმენტი ალექსანდრიელისა და ორიგენეს დამოწმება, რომლებიც დაბადების დღეთა აღნიშვნას სამარცხვინოს და "ელინურ ღმერთთა დაბადების" მსგავს ზეიმს უწოდებდნენ. ზუსტად ასევე, მათგან გამომდინარე არ უნდა მივიღოთ ადრეულ ქრისტეანთა გულგრილი დამოკიდებულების იდეა ადანუაბუს ხორციელი შობისადმი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის სწავლებას ადამიანზე, როგორც ღმრთის უბადლო ქმნილებაზე, რომელიც არის ღმრთის ხატი და მსგავსი.

შემთხვევითი როდია, რომ მოგვიანებით, კაპადოკიელი მამების საუკუნეში, იწერება ისეთი ცნობილი ტრაქტატები, როგორიცაა "ადამიანის აგებულების შესახებ", ასევე "ღმრთის სიტყვის განკაცებისათვის". აქ ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ქრისტემ გაიარა ადამიანური განვითარების ყველა სტადია, ყველა ასაკი, რათა "განეწმინდა ყოველივე და ყველაფერი"; ანუ ჩასახვა-ხარება და დაბადება, ღმრთის სიტყვის ადამიანური ცხოვრების ის სტადიებია, რომლებიც მან აკურთხა საღმრთო განგებულების პერსპექტივაში. ამიტომაც, ეკლესიის ცნობიერებისთვის, მისი სწავლებისთვის სრულიად უცხოა ადამიანის დაბადებისა და მისი აღნიშვნის, კონკრეტულ შემთხვევაში ღმრთის სიტყვის განკაცების უგულებელყოფის იდეა.

ახლა ორიოდ სიტყვით უნდა შევეხოთ იულიანური კალენდრით ქრისტეს შობის 25 დეკემბერს დღესასწაულობის დაცვის მნიშვნელობას. პირველი არგუმენტი ჩვენ იმთავითვე გავაჟღერეთ: ქრისტეს შობის დროს და მის შემდეგ ძირითადად სარგებლობდნენ იულიანური კალენდრით. ჩვენ არ შევჩერდებით პარალელური კალენდრების გამოყენების ისტორიულად ცნობილ ფაქტზე, კერძოდ ისეთი კალენდრებისა, როგორიც იყო: მთვარის, დიოკლეტიანეს ეპოქის და ეგვიპტური, რადგან ყველა მათგანს გააჩნდა თავისი გამოთვლები, თანხმობანი და უთანხმოებანი იმპერიის ოფიციალურ კალენდართან მიმართებაში (3). მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვსურს დავიმოწმოთ ერთი ცნობილი ლიტურგისტ-ეორტოლოგის მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის საყველთაო დამკვიდრებამ, ადრე მიღებულ პასქალურ ციკლთან ერთად, შემოიტანა თვენიც. ორივე ამ ციკლმა ეკლესიის დრო-ჟამის ერთი ლიტურგიკული ციკლი შეადგინა. პასექი მოძრავ დღესასაულთა გვირგვინია, ხოლო შობა უძრავთა. კონკრეტულად ქრისტეს შობის დღესასწაულზე თუ ვილაპარაკებთ, მას, წმ. იოანე ოქროპირის თანახმად, შეიძლება დღესასწაულთა "მიტროპოლია" ვუწოდოთ, რადგან მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ თავისთავად წინაპირობაა, ჩვენი ცხოვნების ყველა სხვა სტადიის დასაბამია. ქრისტე რომ არ დაბადებულიყო, ის არც მოინათლებოდა... (4) და ა. შ...

ამრიგად, ეკლესიის ცხოვრებაში ქრისტეს შობამ მიიღო თავისი კანონიერი, ღმრთივგანკუთვნილი ადგილი. და იმისი გადასინჯვა, რაც ჩვეულებითა და მსოფლიო ეკლესიის წმიდა ავტორიტეტით იქნა დადგენილი - საეკლესიო ცნობიერების დაკარგვის ნიშანია.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში წმიდა პოლიტიკური მოსაზრებებით "ახალი სტილის" დამკვიდრებამ ლიტურგიკული დრო დაარღვია. სრულიად არასწორი შეხედულება, რომ თთვენის შეცვლის მიუხედავად შესაძლებელია ალექსანდრიული პასქალიის შენარჩუნება (5), რომელსაც უკვე ინერციით და მექანიკურად ამტკიცებენ, ეკლესიას შესაძლებლობას არ აძლევს მთელი სისრულით დაიბრუნოს ადრინდელი უნიკალური ლიტურგიკული წყობა, რომელსაც თავისი ზეციური და მიწიერი რიტმი გააჩნია და მიწიერ ჟამს მომავალი საუკუნის უსასრულობას უკავშირებს. კალენდრისა და პასქალიის ერთ-ერთ ასეთ უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს კირიოპასექი, ანუ როდესაც ხარება ემთხვევა ქრისტეს აღდგომას მკვდრეთით. რაც სრულიად ქრება ახალმესტილე "მართლმადიდებელთა" ლიტურგიკული ცხოვრებიდან.

და მაინც, დავშორდებით რა აპოფატიკურ განსჯას დროსა და კალენდარზე, რომლებიც, უეჭველად მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ღმრთის განკაცების მომენტიდან დრომ გარკეულწილად სხვა განზომილება შეიძინა, არა მათემატიკური, არამედ ესქატოლოგიური; არა როგორც მიწიერი ისტორიის მთვლელი, არამედ როგორც ღმრთის სასუფეველისადმი მიმაახლოვებელი (6), მცირედით უბრალო მათემატიკაზეც შევჩერდებით. 1899 წელს, რუსეთის ასტრონომიულ საზოგადოებაში ზოგიერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური დასკვნები გაკეთდა კალენდრის რეფორმებთან დაკავშირებით. კომისიამ აღიარა:

რადგან სამყარო მოძრავია, შეუძლებელია გვქონდეს სრულიად და აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი;

ტროპიკული წლის გამოანგარიშებისას უზუსტოა (ასტრონომიული თვალსაზრისით - რედ.) როგორც გრიგორიანული (ნაკლებად), ასევე იულიანური კალენდრები;

1582 წელს რომის პაპ გრიგოლის დროს ჩატარებული კალენდრის რეფორმის უზუსტობა, რომელმაც არ გაითვალისწინა დაგროვილი ორდღიანი სხვაობა ქრისტეს შობის საორიენტაციო წლის დროსა (4 ს. ჩვ. წ.-მდე) და 325 წელს შორის, როდესაც ჩატარდა I მსოფლიო კრება.

მოკლედ, გრიგორიანული კალენდარი, როგორც იმთავითვე ცდომილი, მიუღებელია მართლმადიდებლური სამყაროსთვის (7).

მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ იულიანური, უფრო სწორედ საეკლესიო მართლმადიდებლური კალენდარი უკნიკალურად აერთიანებს დიდ ინდიქტიონს, პასქალიას და თვენს, მასში გათვალისწინებულია დღეს აღმოჩენილი ყველა რეალური ცთომილებანი. ეს ყოველივე კი ამტკიცებს, რომ ძველი სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღესასწაულობა უეჭველად და ურყევად უნდა იქნეს დაცული, როგორც საყოველთაო ეკლესიის "ძველი წესი და წმიდა გადმოცემა" (ἄνωθεν καὶ ἐκ παλαιᾶς παραδόσεως αὐτὴν ἐπιτελοῦντες - იოანე ოქროპირის მიხედვით)

მოცემული პოზიციის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიტანოთ წმ. იმპერატორის იუსტინიანეს სიტყვებც, რომელიც თავის დროზე იცავდა ქრისტეს შობის ცალკე, 25 დეკემბერს ზეიმობას იერუსალემში და მთელს იმპერიაშიც: "წმიდა წერილიდან და ხარებიდან ჩანს, რომ სხვა დღეა შობისა და სხვა ნათლისღებისა. ქრისტეს შობის დღეს ზეიმობენ ანგელოზთა დასნი, გაჰნკვირდებიან მწყემსნი, მობრძანდებიან მოგვნი, რომელთაც მოუძღვის ვარსკვლავი აღმოსავლეთით, და რომლის დაბადების ადგილას იძიებს ჰეროდე. ხოლო ნათლისღებასა და ღმრთის განცხადებაზე წმიდა წერილში გვაქვს მახარობელთა სხვა მოწმობები..." (8). იუსტინიანეს ეპისტოლე მთავრდება ბიზანტიურ ლიტურგიკულ პრაქტიკაზე მითითებით: "ჩვენ ამჟამად რაიმე ახალს კი არა გთხოვთ, არამედ იმას, რაც მამებმა და მოძღვრებმა გამოიკვლიეს წმიდა წიგნთაგან და რომელსაც მართლმადიდებლები აღასრულებდნენ თავიდანვე, მას ვასრულებთ ჩვენც და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ, რათა ჩვენთან ერთად ადიდოთ მამა, ძე და სულისწმიდა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (9).



წყაროები და კომენტარები:



1. პროფ. ი. ფუნტულისი ახსენებს იმის შესახებ, რომ IV საუკუნის მიწურულისთვის თითქმის ყველა ეკლესია ზეიმობდა უკვე ქრისტეს შობას სომხური ეკლესიის გარდა, რომელიც მხოლოდ ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავდა. Ι. Μ. ΦΟΥΝΤΟΥΛΗ. «ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ» Χριστούγεννα.

2. იხ. მაგალითად: Игумен Дионисий (Шленов). Празднование Рождества и Крещения согласно древним свидетельствам и памятникам полемической письменности середины XI века.

3. Ι. Μ. ΦΟΥΝΤΟΥΛΗ.  «ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ»

4. იქვე.

5. A Scientific Examination of the Orthodox Church Calendar. Ch. 4. The Essence of the Church Calendar. By Hieromonk Cassian:«The Church Calendar is thus a combination of two harmoniously interwoven cycles, the Menaion cycle, which utilizes the solar Julian Calendar, and the Paschal cycle, which relies on the lunar Jewish Calendar, and it is only under these names that the Church Calendar is encountered in service books. The fruit of the ingenious efforts of numberless scholars and theologians, the Church Calendar alone fulfills the canonical and dogmatic requirements of the Orthodox Faith. All other calendars are unable to fulfill these requirements practically, because the combination of the movable and immovable cycles is univocal and unique. The Church Calendar is inseparable from the cycles of the sun and the moon, in much the same way that a replica of a picture is inseparable from its original: without the original, the replica would not exist, and in the same way, the Church Calendar reflects the solar and lunar cycles. Therefore, every effort to replace the Church Calendar is doomed to failure, for the Church Calendar is, by definition, never at odds with the Biblical, canonical, and liturgical dictates of ecclesiastical life».

6. Θεολογική θεώρηση του χρόνου, του Σεβασμ. Μητροπολήτου Χίου, Ψαρών και Οινουσσών κ. Μάρκου, http://www.imchiou.gr/i и на apologet.spb.ru

7. იხ.  Русское Астрономическое Общество. Журалы заседаний Комиссии по реформе календаря в России. Приложение 1. Доклад Д. Меделеева, Приложение V Мнение профессора В. В. Болотова.

8 Just. Sermo de festis IV, 12 (Esbroeck 1968. P. 359. Ср. рус. пер. Кекелидзе 1905. С. 155).

9. იქვე.