მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა იოანე ოქროპირი


ქრისტეს შობის დღესასწაულობის ისტორიული სინამდვილე
(იულიანური კალენდრის მიხედვით) და მისი დაცვის აუცილებლობა
ქრისტეს შობა, დრო, ისტორიული მემკვიდრეობა და ეკლესიის ტრადიცია


ის, რაც ერთხელ შეიწყნარა ეკლესიამ, როგორც გადმოცემა და დაამტკიცეს კრებებმა, არ უნდა დაირღვეს"
"არა გვავქს საფუძველი დავარღვიოთ ის, რაც ეკლესიის გადმოცემითა და კრებათა დადგენილებებით გვებოძა"
(წმ. იულიუს I, რომის პაპი) (1).

ნაწილი II

წმ. იოანე ოქროპირის საშობაო ჰომილია,

როგორც მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი


ა) მოწმობა, აღმოსავლეთში, იულიანური კალენდრით

ქრისტეს შობის 25 დეკემბერს დაწესების შესახებ


სანამ წმ. იოანე ოქროპირის საშობაო ჰომილიაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მივიჩნევთ იმ ფაქტის აღნიშვნას, რომ აღმოსავლეთმა საკმაოდ სწრაფად აითვისა ეს დღესასწაული. წმიდა ბასილი დიდის (+ 380) (1) და წმ. გრიგოლ ნოსელის საშობაო ჰომილიები უკვე მოწმობენ იმაზე, რომ ქრისტეს შობა იდღესასწაულებოდა ცალკე, ანუ ის უკვე აღარ უერთდებოდა ადრე, 380 წელს დაწესებულ ღმრთის განცხადების დღესასწაულს. პროფ. ვ. სტეფანიდისი წმ. ბასილი დიდის ჰომილიის წარმოთქმის თარიღად 376 წელს მიიჩნევს (2). წმ. ბასილი დიდი თავის საშობაო ჰომილიას იწყებს სიტყვებით: "დუმილით მივაგოთ პატივი ქრისტეს შობას. ნუ დავიწყებთ ჩვენი გონებით მის გამოკვლევას და ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იმის შესახებ, რისი სახეც კი წარმოუდგენელია და რასაც თვითმხილველი არ ჰყოლია. მაშ როგორ ძალუძს გონებას მისი წარმოდგენა? როგორ ძალუძს ენას მისი გამოთქმა?... დავუტევოთ მსჯელობა მარადარსებულ და გამოუთქმელ შობაზე, რადგან გონებას არ ძალუძს მიუწვდომელი ბუნების წვდომა... ღმერთი მიწაზე ჩამოსახლდა, ღმერთი - კაცთა შორის მიმოიქცევის, ღმერთი განკაცებულად იხილვების" (3).

ამ ქადაგებაში წმ. ბასილი დიდი გვაძლევს მათეს სახარების ვრცელ ეგზეგეტიკურ კომენტარს (მთ. 1:22-2:2), და ერთდროულად ეპაექრება არიანელობასა და დოკეტიზმს. წმ. ამფილოქე იკონიელი, წმ. ბასილი დიდის უახლოესი თანამოსაგრე და მეგობარი, ასევე წმ. გრიგოლ ნოსელი (1), თავის ქადაგებებში ნათლად მოწმობენ, რომ მათ ეპარქიებში ქრისტეს შობა და უფლის განცხადება სხვადასხვა (განცალკევებული) დღესასწაულები იყო (5).

ქრისტეს შობისა და უფლის განცხადების ცალ-ცალკე ზეიმობის დაწესებაზე იერუსალიმის ეკლესიაში რაიმე კონკრეტული მონაცემი არ არსებობს, ისინი მეტად ბუნდოვანია. ქრისტეს შობის ცალკე დღესასწაულობაზე ლაპარაკობდნენ რომის პაპი წმ. იულიუსი და წმ. კირილე იერუსალიმელი. მომლოცველი ეთერია თავის მოგონებებში (385 წ.) ქრისტეს შობის წინაღამეს ბეთლემისკენ იერუსალიმის ეპისკოპოსის პროცესიას და მომდევნო დღეს, იერუსალიმში, სადღესასწაულო მსახურების აღსრულებას ახსენებს.

აქვე უნდა დავიმოწმოთ ქრისტეს შობის დღესასწაულობა რომში, რომელიც თვით პაპ იულიუსის დრომდე, პაპ ლიბერიუსის დროს აღესრულებოდა. წმ. ამბროსი მედიოლანელი თავის ბრწყინვალე თხზულებაში "De virginibus" (ქალწულობის შესახებ), 3-ე წიგნში, თავისი დის მარკელინას აღკვეცის აღწერის შემდეგ, რომელიც რომის პაპმა ლიბერიუსმა აღასრულა, გადმოსცემს სიტყვებს მისივე ქადაგებიდან: "ჭეშმარიტად, დღეს იშვა ქრისტე და კაცობრივი ბუნება მიიღო ქალწულისგან; მამისაგან ის იშვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ხოლო დედისგან ხორციელად. მხოლოდშობილია ის მიწაზეც, და ცაშიც. ღმერთი ღმრთისაგან, რომელიც ქალწულისგან იშვა..." (6).

წმ. იპოლიტე რომაელის (III ს.) ქანდაკებაზე ქრისტეს შობის თარიღად მითითებულია 25 დეკემბერი. წმ. იპოლიტე რომაელის კომენტარებში დანიელის წინასწარმეტყველებაზე, რომელიც გეორგიადისმა ხალკში აღმოაჩინა, არის შენიშვნა: "უფლის პირველი მოსვლა ხორცით, როდესაც ის ბეთლემში იშვა, მოხდა 25 დეკემბერს, ოთხშაბათს, აგვუსტუსის მეფობის 42-ე წელს... ხოლო ივნო უფალმა 25 მარტს, პარასკევს, ტიბერიუსის მმართველობის 18-ე წელს, რუფისა და რუბელიუსის კონსულობის დროს" (7).

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახსენებთ იმასაც, რომ იპონიის ეპისკოპოსი ნეტ. ავგუსტინე (354-430) მნიშვნელოვან ქრისტეანულ დღესასწაულთა შორის მხედველობიდან უშვებს ქრისტეს შობას, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე უეჭველად დაწესებული დღესასწაული იყო და აღესრულებოდა 25 დეკემბერს (8).

ასევე არ გვაქვს ზუსტი ცნობები ალექსანდრიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში წმ. ათანასე ალექსანდრიელის თხზულებებში შემორჩენილია "ქადაგება ქრისტეს შობაზე" (Sermo in nativitatem Christi, ΤΟΥ ΕΝ ΑΓΙΟΙΣ ΠΑΤΡΟΣ ΗΜΩΝ ΑΘΑΝΑΣΙΟΥ ΕΙΣ ΤΗΝ ΓΕΝΝΗΣΙΝ ΤΟΥ ΧΡΙΣΤΟΥ). ამ ქადაგების თვით შინაარსი უეჭველად განეკუთვნება ყველაზე "საკვირველ საიდუმლოს... ენით გამოუთქმელს, ქალწულ მარიამისგან სიმართლის მზის შობას" (9).

ამ დოკუმენტს სიცხადე შეაქვს ალექსანდრიაში არსებულ სიტუაციაში, რადგან დღემდე, კლიმენტ ალექსანდრიელზე დაყრდნობით მიიჩნევდნენ, რომ უფლის განცხადების დღესასწაულს და ამ დღის ცერემონიას, შობის ხსენების გარეშე, მხოლოდ ბასლიდიანელი მწვალებლები აღასრულებდნენ. ხოლო წმ. ათანასე ალექსანდრიელის ჰომილია ადასტურებს ქრისტეს შობის დღესასწაულობის გვიანდელობას, მაგრამ უფლის განცხადებასთან ერთად და როგორც "ძველ, მონასტრულ ჩვეულებას", როგორც ამას ღირ. იოანე კასიანე რომაელი ბრძანებს (10).  "ეგვიპტეში, ძველი გადმოცემით (mos itse antiqua traditione servatur), დაცულია ასეთი ჩვეულება: უფლის განცხადების შემდეგ (რომელშიც იმ ოლქის მღვდლები გულისხმობენ უფლის ნათლისღებასაც და ხორციელ შობასაც, ამიტომაც, ორივე საიდუმლოს ზეიმობდნენ არა ორ დღეს ცალ-ცალკე (non bifarie), არამედ, როგორც დასავლეთის ოლქებში, ერთ დღეს (11)), ალექსანდრიელი მღვდელმთავარაი ეგვიპტის ყველა ეკლესიაში აგზავნიდა ეპისტოლეებს, სადაც აწესებდა დიდი მარხვის დასაწყისს და პასექის დღეს არა მარტო ყველა ქალაქისთვის, არამედ ყველა მონასტრისთვისაც" (12). მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ნესტორიანული დავის აღმოცენების პერიოდში, ქრისტეს შობის დღესასწაულობა ალექსანდრიაში, წმ. კირილეს დროს უკვე ცალკე აღესრულებოდა. ამაზე უთითებს მისი ჰომილია, რომელშიც ის განმარტავს არა უფლის განცხადების დღესასწაულის, არამედ მხოლოდ ღმრთის სიტყვის განკაცების დღესასწაულის შინაარსს (13).

კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაული დაახლოებით 379-380 წლებში დაამკვიდრა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა (14), რომელმაც მისი ზეიმობა დააწესა არიანელი იმპერატორის ვალენტეს გარდაცვალებისა და მართლმადიდებლობის აღდგენისთანავე. მან წარმოსთქვა ქადაგება, რომელიც სპეციალურად ამ დღესასწაულს მიეძღვნა (Hom. X, P.G., XXXVI). ის იწყება საშობაო-სადღესასწაულო აღფრთოვანებით, რომელიც ქრისტეს შობის დღესასწაულობის საღვთისმსახურებო წეს-განგებაშიც შევიდა: "ქრისტე იშვების: ადიდეთ! ქრისტე ზეცითგან მოვალს: შეეგებეთ! ... უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა" (ფსალმ. 95:1)! თანაც წმ. გრიგოლი, ხაზს უსვამს რა ღმრთის განკაცების მნიშვნელობას, მის მაცხოვნებლობას და უჩვეულობას, განსაკუთრებულად უთითებს, რომ მისი ზეიმობა საჭიროა არა "ფუფუნებით, არამედ ღმრთივსაკადრისად, არა ამსოფლიურად, არამედ ზეკოსმიურად (ὑπερκοσμίως)". თვით დღესასწაულს ის "მკურნალობისა" (τὰ τῆς ἰατρίας) და "აღდგენის" (τά τῆς ἀναπλάσεως) ზემობას უწოდებს. მაგრამ, იმპერიის დედაქალაქიდან წმ. გრიგოლის იძულებითი წასვლის შემდეგ, ეს დღესასწაული, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი არ აღინიშნებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც რომაულ-კათოლიკურმა მკვლევარებმა წამოაყენეს. უეჭველია, რომ ის იდღესასწაულებოდა წმ. იოანე ოქროპირის მღვდელმთავრობის პერიოდში, რომელიც მან ანტიოქიიდან მოიტანა.



ბ) წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია


როგორც ცნობილია, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ქრისტეს შობაზე წარმოთქმულია მაშინ, როდეასც კონსტანტინოპოლის მომავალი ეპისკოპოსი ჯერ კიდევ პრესვიტერი და საკუთარი ისტორიული წარსულით მოამაყე ქალაქის, ანუ გვიანანტიკური ანტიოქიის ცნობილი მოქადაგე იყო. წმ. იოანე ოქროპირის დროს ანტიოქიას იმ დროისთვის უდიდესი მოსახლეობა ჰყავდა და სამასი ათას ადამიანს აღწევდა. ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს, სელევკიდთა ელინური სამეფოს დედაქალაქად დაარსებული, ის ალექსანდრიასთან ერთად ელინური კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ცენტრი ხდება (15).  

რომის იმპერიის პერიოდში და კონსტანტინე დიდის მიერ კონსტანტინოპოლის დაარსების შემდეგაც კი ანტიოქიამ თავისი ცენტრალური მდგომარეობა აღმოსავლეთში მაინც შეინარჩუნა (16). ის განთქმული იყო ფილოსოფიური სკოლებით, იურისპრუდენციით. მრავალი განათლებული ადამიანი ცდილობდა ანტიოქიაში ენციკლიკური მეცნიერებების დაუფლებას. ცნობილია, რომ სწორედ ასეთი საერო, კლასიკურ-ანტიკური განათლება მიიღო წმ. იოანე ოქროპირმაც. "მისი მამა, სეკუნდი, მაღალი თანამდებობის მხედართმთავარი იყო სირიის არმიაში. მისი სიკვდილის შემდეგ, იოანეს დაბადებისთანავე, ანთისა, მისი მეუღლე, რომელიც სულ ოცი წლისა იყო, ორ ბავშვს ზრდიდა - იოანესა და მის უფროს დას. საბედნიეროდ, ანთისა ღრმა გონებისა და ძლიერი ხასიათის ქალი იყო. მან არა მარტო ღვთისმოშიშებით აღზარდა თავისი შვილები, არამედ ანტიოქიის საუკეთესო სკოლებშიც გააგზავნა, თუმცა მორალისა და რელიგიის მხრივ ეს სკოლები მაინცა და მაინც არ ბრწყინავდნენ. ანდრაგაფიის ლექციების გარდა, ოქროპირი ამ დროის ყველაზე ცნობილ ორატორს და წარმართული რომის აღორძინების თავგადადებულ მომხრეს ლიბანიუსსაც უსმენს.

როგორც ეს წმ. იოანე ოქროპირის გვიანდელ შრომებში ჩანს, ოქროპირმა ბერძნული განსწავლულობისა და კლასიკური კულტურის საკმაოდ მნიშვნელოვან ხარისხს მიაღწია, რომელსაც სულაც არ უარყოფდა თავისი სიცოცხლის დარჩენილ წლებში" (17).

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვაგვარად შესაძლოა მხედველობიდან გამოგვრჩეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - წმ. იოანე ოქროპირი იყო არა მარტო მღვდელმსახური, არამედ გვიანრომაული კლასიკური განათლებისა და კულტურის მატარებელი ადამიანი, ანტიოქიაში რომაული არისტოკრატიის გამოჩენილი წარმომადგენელი, ოღონდ ღმრთის მადლითა და მრავალი ღვაწლით, მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გარდაქმნილი და გასპეტაკებული ქრისტეანი.

ის ცხოვრობდა იმ დროს (395 წ.), როდესაც რომის იმპერია ფორმალურად ჯერ კიდევ არ იყო ორად გაყოფილი (18) და უზარმაზარი ოიკუმენას მოქალაქეები თავს ერთიანი სახელმწიფოს მოქალაქეებად გრძნობდნენ (19).

ჩვენთვის საინტერესო ჰომილია ქრისტეს შობაზე წმ. იოანემ წარმოსთქვა ანტიოქიის მთავარ ტაძარში, ქალაქიდან გასული წმ. ფლაბიანეს თხოვნით (20).

ამ ჰომილიაზე მუდმივი მინიშნება ისტორიულ-კრიტიკულ ლიტერატურაში სხვას არაფერს შეიძლება ნიშნავდეს, თუ არა იმას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ისტორიული ძეგლი "ოქროს საუკუნის" ეკლესიის ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე. როდესაც სურთ მიანიშნონ ანტიოქიაში 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღესასწაულობის დაწესება, თითქმის ყველა ცნობილი ლიტურგისტი და სამეცნიერო კრიტიკის წარმომადგენელიც კი სწორედ იოანე ოქროპირის ამ ჰომილიაზე უთითებს. ი. ფუნტულისი მიიჩნევს, რომ ეს ქადაგება წარმოითქვა 386 წელს (21).

უპირველეს ყოფლისა უნდა დავიმოწმოთ წმ. იოანე ოქროპირის მნიშვნელოვანი მოწმობები ანტიოქიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის დროის აღმოცენების შესახებ: "ჯერ ათი წელიც არ გასულა, რაც ეს დღე ცნობილი და ახლობელი გახდა ჩვენთვის, მაგრამ უკვე ძლიერ გაითქვა სახელი თქვენი მონდომებისდა წყალობით თითქოსდა ოდითგანვე და მრავალი წლის წინ გადმოგვცემოდა. ამიტომაც, არ შეცდება ის, ვინც მას ერთსა და იმავე დროს, ძველსა და ახალ დღესასწაულს უწოდებს, - ახალია ის იმიტომ, რომ სულ ახლახან შევიტყვეთ მის შესახებ, ხოლო ძველია, რადგან ძველებს უტოლდება ასაკით და წლიდან წლამდე მათთან ერთად იზრდებოდა" (22).

შემდეგ, რაც ძალზედ მნიშნელოვანია, წმ. იოანე ოქროპირი უთითებს რომის ეკლესიის ჩვეულებაზე, რომელიც ამ დღეს ზეიმობდა და ამბობს, რომ "დასავლეთში მცოხვრებთათვის ის ოდითგანვე არისო ცნობილი" (23). ავგუსტუსის მიერ ჩატარებული აღწერის იმ დროისთვის დაცულ კოდექსებზე დადაყრდნობით, რომლებიც "საჯაროდ ინახებოდა" (τοῖς δημοσία κειμένοις κώδιξιν ἐπὶ τῆς Ρώμης),  წმ. იოანე ასევე ამბობს: "ისმინე და ნუ დაეჭვდები, რადგან ეს დღე მათგან მივიღეთ, ვინც ზუსტად იცის ეს და ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც მას ოდითგანვე, ძველი გადმოცემისამებრ დღესასწაულობენ" (ἄνωθεν καὶ ἐκ παλαιᾶς παραδόσεως αὐτὴν ἐπιτελοῦντες), ახლა კი მის შესახებ ჩვენც გვაუწყეს" (24).

წმ. იოანეს ეს მოწმობა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში გამოხატულია ღრმა რწმენა იმისა, რომ ძველად, რომის ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობდა 25 დეკემბერს. და სრულიად ცხადია, რომ IV საუკუნის ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლები გვაძლევენ შესაძლებლობას სრული დარწმუნებით ვთქვათ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულის დასაწყისი შეიძლება განვაკუთვნოთ არა უადრეს 354 წელს. უკიდურეს შემთხვევაში წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები სრულ უფლებას გვაძლევენ დავეჭვდეთ დღეისთვის არსებულ "მეცნიერულ" დასკვნებში, თითქოსდა ქრისტეს შობის დღესასწაულობა თვით დასავლეთის ეკლესიაშიც კი უფრო მოგვიანებით გაჩნდა.

წმ. იოანე ოქროპირის მიერ აღწერის კოდექსების ხსენება ასევე საინტერესო ფაქტია და მოწმობა, თუმცა 476 წელს ოდოაკრის მიერ რომის გაძარცვის შემდეგ ეს მოწმობა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო უფრო ადრე, ატილას და გეიზერიხის მიერ (25) რომის უმოწყალო ძარცვის შემდეგ ცეცხლის ალს მიეცა რომის ისტორიისა და კულტურის ფასდაუდებელი წყაროები. თუმცა, ღმრთის განსაკუთრებული განგებით, წმ. იოანეს ჯერ კიდევ ძველი რომის სიდიადის პერიოდში ცხოვრებამ მოუწია, მაგრამ თვით იოანეს აღსასრულიც მოახლოვებული იყო.

სრულიად სავარაუდოა, რომ წმ. იოანე ოქროპირის დროს რომის სენატის ბიბლიოთეკაში, კაპიტოლიუმში ინახებოდა ავგუსტუსის დროინდელი აღწერა. უკიდურეს შემთხვევაში ჩვენ უფლება არ გვაქვს უარვყოთ ეს ფაქტი, რომელიც წმ. იოანეს მოჰყავს. ის ახსენებს ამ ძეგლს, როგორც საკმაოდ ცნობილს და სრულიად მისაწვდომს ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც სურს დარწმუნდეს ჩატარებული აღწერის სინამდვილეში, რომელიც ქრისტეს შობის დროს მოხდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვენდოთ წმ. იოანეს ამ სიტყვებს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე რომის პაპ წმ. იულიუს I-თან მიმოწერაში ქრისტეს შობის თარიღის დასაზუსტებლად იმპერატორ ტიბერიუს ავგუსტუსის არქივიდან შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

გარდა ამ არგუმენტისა მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ასევე გადმოცემას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დროის შესახებ, რომელსაც წმ. იოანე ოქროპირი ახსენებს. ალბათ უსაფუძვლო არ არის მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ ხარება, ანუ მაცხოვრის ჩასახვა, მოხდა 25 მარტს, ქრისტეს წმიდა და ბრწყინვალე აღდგომის დღეს. წმ. იოანეს ამ გადმოცემას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ნაწილობრივ შეიძლება "შუქი მოვფინოთ" სამეცნიერო კრიტიკის მიერ ნახსენებ მოწმობას მარტის თვეში, აპრილში ან უკიდურეს შემთხვევაში თებერვალს ქრისტეს შობის ადრექრისტეანულ ხსენებას (წმ. კვიპრიანე კართაგენელი 28 მარტს ახსენებს) (26). ჩვენ მოვიყვანთ მართალი ელისაბედის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-ღებისა და ქრისტე მაცხოვრის შობის შესახებ წმ. იოანე ოქროპირის გაანგარიშებათა შემჭიდროვებულ რეზიუმეს, რომელსაც თვით მღვდელმთავარი გვაძლევს: "სხვათა შორის, ნათქვამი კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, მე კვლავ მოკლედ გავიმეორებ იგივეს თქვენი სიყვარულისთვის. წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი წმიდა წმიდათაში (ძველაღთქმისეული ტაძრის საკურთხეველი - რედ.) შედიოდა, სწორედ მაშინ ემცნო მას კეთილი სამახარობლო იოანეს (ნათლისმცემლის - რედ.) შესახებ. ამიტომაც, როდესაც ის (ზაქარია, წმ. იოანე ნათლისმცემლის მამა - რედ.) განშორდა იმ ადგილს, მისმა ცოლმაც მუცლად-იღო. სექტემბრის შემდეგ, როდესაც ელისაბედი უკვე მეექვსე თვის დაფეხმძიმებული იყო, ეს კი მარტის თვეა, მარიამმაც მუცლად-იღო სულისაგან წმიდისა. აპრილიდან ცხრა თვეს თუ ვიანგარიშებთ, მივალთ იმ ნამდვილ თვემდე (ეს არის დეკემბერი - რედ.), როდესაც დაიბადა ქრისტე" (27).

საინტერესოა, მაგრამ ეგზეგეტ მამათაგან იოანე ერთადერთია, რომელიც გვამცნობს  კარვობის დღსასწაულს (ლევ. 23:34-36) კმევისთვის იერუსალემის ტაძრის "წმიდა წმიდათაში" წმ. მართალი ზაქარიას შესვლის შესახებ. ასევე ისიც, რომ წმ. ზაქარია კმევას ასრულებადა არა უბრალოდ "განაწესის მიხედვით", არამედ როგორც მღველმთავარი (28). ამ მოვლენასთან დაკავშირებით საინტერესო და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ წმ. ზაქარიას ხვდა წილად ტაძარში კმევის პატივი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო დილას და საღამოს (გამ. 30:7-8). მღვდელი წმიდათაში შედიოდა საკმევლად, ანუ ასრულებდა კმევას არა უშუალოდ საცეცხლურით, არამედ სასაკმევლე ტრაპეზზე ანთებდა კეთილსურნელოვან საკმეველს, ხოლო ხალხი ამ დროს ეზოში ლოცულობდა და მის დაბრუნებას ელოდა. ამასთან მღვდლები თვითონ კი არ ირჩევდნენ რა უნდა შეესრულებინათ მათ ღვთისმსახურებისას, არამედ კონკრეტულ სამღვდლო მოვალეობებს რიგ-რიგობით ასრულებდნენ და რომლებიც მათ რიგის მიხედვით უწევდათ ამა თუ იმ დღესს. ეს ჩვეულება, ანუ კმევის აღსრულება, როგორც მ. ე. ბოგოსლოვსკი აღნიშნავს, უცილობლივ გულისხმობდა ყოველგვარ სხვა მსახურებას ტაძარში უშუალო საღმრთო განგებულების ჩარჩოებში და თვით მსახურებაც ღმრთის ნების გამოხატულებას წარმოადგენდა. ამგვარად ტაძარში კმევის აღსრულების მომენტში, და არა წმიდა წმიდათაში, წმ. ზაქარია ნამდვილად აღასრულებდა ღმრთის ნებას, "რაც განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა და, როგორც რაბინებიც მოწმობენ, ყოველ მღვდელმსახურს ეღირსებოდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ" (29). მაშასადამე, წმ. მართალ ზაქარიასთვის ეს რიგი უნიკალური მოვლენა იყო, და თვით მოვლენა, რომლის დროსაც "მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე", არანაკლებ ნიშანდობლივი და საკვირველი იყო. რას ეყრდნობა წმ. იოანე ოქროპირი, წმიდა წერილის ეს უდიდესი ეგზეგეტი თავის შეხედულებაში მართალი ზაქარიას მღვდელმთავრობასთან დაკავშირებით, ძნელი სათქმელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, როგორ აფასებს წმ. იოანე ქრისტეს შობის დღესასწაულის ესოდენ სწრაფ გავრცელებას აღმოსავლეთში. ის ამ მოვლენაში ღმრთის განგების განსაკუთრებულ მოქმედებას ხედავს. ახსენებს რა ქრისტეს შობის დღესასწაულის ჩვეულებას რომში, რომელიც იქ "ძველი გადმოცემის მიხედვით" ტარდებოდა, უთითებს ქრისტეს შობის დღესასწაულობის ანალოგიური ჩვეულების არსებობაზე "თრაკიიდან კადეშამდე" (30). მიუხედავად ამისა, როგორც წმ. იოანე მოწმობს, თუმც გავრცელებული იყო დღესასწაული, დავა და კამათი მის გარშემო არ წყდებოდა. ანუ ესოდენ სწრაფი გავრცელება ქრისტეს შობის დღესასწაულისა ქრისტეს ეკლესიის საზღვრების უმეტეს ნაწილში იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო არიანული არეულობანი, წმიდა იოანე ოქროპირისთვის წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ამ დღესასწაულის გავრცელებაში განსაკუთრებულად მოქმედებდა ღმრთის ძალი, დაახლოებით ისე, როგორც თვით ქრისტეანული სარწმუნოება ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში მოციქულთა მეშვეობით.

"ქადაგებამ, - ხაზს უსვამს წმ. იოანე ოქროპირი, - მცირე ხანში მთელი მსოფლიო მოიცვა, და თუმც სარწმუნოების ქადაგნი ყველგან მწირნი იყვნენ, მსახურთა დაკნინებამ არანაირად ავნო მას, რადგან ქადაგებულის ძალი წინასწარ აგვარებდა ყოველივეს, ანადგურებდა წინაღობებს და ავლენდა თავის ძლიერებას". ანუ საღმრთო განგებულება ან, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, "ქარიზმატული საწყისი" ეკლესიისა წარმაოდგენდა ძირითად მოტივსაც და მიზეზსაც ეკლესიის საზღვრებში ქრისტეს შობის დღესასწაულის გავრცელების. უფრო ზუსტი საღვთისმეტყველო ენით თუ ვილაპარაკებთ, ქრისტეს შობის დღესასწაულობის დაწესებას ხელი შეუწყო ორმა ურთიერთდამოკიდებულმა ფაქტორმა, რომლებიც სინამდვილეში ქრისტეს ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის ცხოვრების მისტიკურ ხასიათს ნათელს ჰფენენ. ესენია: საღმრთო განგებულება და ეკლესიის ცნობიერება.

აქედან გამომდინარე, საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისითაც და საეკლესიო ეორტოლოგიის თვალსაზრისითაც წმ. იოანე ოქროპირის "სიტყვა" რომის გვიანანტიკური ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლია, რომელიც ფასდაუდებელ მოწმობებს გვაძლევს წმ. იოანეს დროს ქრისტეს შობის დღესასწაულობის, მისი წყაროებისა და წარმომავლობის შესახებ.


წყარო: Православный Апологет.



წყაროები და კომენტარები:



1. P.G., XXI, 596 ΟΜΙΛΙΑ ΕΙΣ ΤΗΝ ΑΔΙΑΝ ΤΟΥ ΧΡΙΣΤΟΥ ΓΕΝΝΕΣΙΝ

2. Β. Στεφανίδου, Εκκλησιαστική Ιστορία, Παπαδημητρίου, 1959, σελ. 778: "376 (περίπου) καθιερούται και εν Ανατολή ο εορτασμός των Χριστουγέννων κατά την 25ην Δεκεμβρίου."

3. იქვე, pp. 1457- 1460D Θεός ἐπὶ γῆς, Θεὸς ἐν ἀνθρώποις

4. Greg. Naz. Oratio 38 in Theophania. PG 36, 311A-334A; Oratio 39 in sancta Lumina. PG 36, 335A-360A. იხ. ასევე ჰომილია "ნათლისღებაზე", რომელიც წარმოთქმულია 7 იანვარს, "ნათლის საზეიმო დღის" მომდევნო დღეს.  Oratio 40 in sanctum Baptisma. PG 36, 359B-426D.

5. P.G., XL, 337 XXXIX, 36

6. Hodie quidem secundum hominem homo natus ex virgine, sed ante omnia generatus ex Patre; gui mater corpore, virtute referat patreni...De virginibus ad Marcellinam sorem suam, Lib III, caput.1, 2, col.174 C

7. Архим. Матфей (Мормыль). Эортология и богословие Рождества Христова, ч. 1//Журнал Московской Патриархии , № 1, 1985 г

8. PL 33.200, ამის შესახებ ამბობს ბერძენი ლიტურგისტი, პროფ. ი. ფუნტულისი თავის წიგნში: "ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ" განყოფილებაში Χριστούγεννα

9. Μυστήριον ξένον βλέπω, ἀντὶ ἡλίου τὸν ἥλιον τῆς δικαιοσύνης ἀπεριγράπτως χωρήσαντα ἐν τῇ Παρθένῳ. (00002) 0295-0373 - Athanasius Alexandrinus - Magnus - Sermo in nativitatem Christi. მოცემული ტექსტი არ შედის PG-ში, არამედ ეკუთვნის Thesaurus Linguae Graecae (TLG ®), a Research Center at theUniversity of California, Irvine, which digitized it and owns the relevan და განთავსებულია საიტზე www.documentacatholicaomnia.eu.

10. "Collations" (X, 2 in P.L., XLIX, 820), დაწერილია დაახლ. 418-427гг.

11. Sed sub una diei hujus festivitate concelebrant. Coolacio X. De oratione, Caput II, p. 821

12. В русском издании. Прп. Иоанн Кассиан Римлянин. Писания. М. 1892, Соб 19, гл.2. Об обычае праздновать Пасху в Египте, с. 350

13. P.G. t. 77, pp. 1089 C -1096 A Ὁμιλία ΙΕ' Περὶ τῆς ἐνανθρωπήσεως τοῡ Θεοῡ Λόγου

14. Catholiic Encyclipedia, Christmas, http://www.newadvent.org/cathen/03724b.htm

15. ასეთი იყო იგი 300-დან 64-წლამდე ძვ. წ., მისი მომდევნო მეფე იყო ანტიოქე XIII (69-65 гг.), რომელიც აღსაყდრდა პომპეუსის დახმარებით. სირია ამ დროისთვის ხდება რომის ოლქი http://el.wikipedia.org/wiki/Ιστορία_της_Αντιόχειας

16. Catholic Encyclopedia, St. John Chrisostomos, http://www.newadvent.org/cathen/08452b.htm

17. იქვე.

18. იმპერატორმა თეოდოსიმ იმპერია დაჰყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, რათა მათთვის ეხელმძღვანელა მის ორ დარჩენილ შვილს ჰონორიუსს და არკადის. მაგრამ ეს დაყოფა არ ჰყოფდა მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის ერთი მთლიანი სახელმწიფოს ბინადრებად მიიჩნევდნენ. ორივე ნაწილში ბერძნული ენა, როგორც ენა განათლებისა, ფართოდ იყო გავრცელებული, რისი წყალობითაც ქრისტეს ეკლესიის ყველა ნაწილი ენობრივი ბარიერის გარეშე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.


19. См. Πρωτοπρ. Ιωάννη Ρωμανήδου. Τπ ψέμα του Καρλομάνγου το 794 και αι αρχαίοι έλληνες ρωμαίοι. ადრინდელი შუასაუკუნეების პერიოდში იმპერიის გაყოფის მიზეზებზე იხ. მასთანვე: FRANKS, ROMANS, FEUDALISM, AND DOCTRINE

20. იხ.  Игумен Дионисий (Шленов). Празднование Рождества и Крещения согласно древним свидетельствам и памятникам полемической письменности середины XI век. აქ არის საინტერესო დასკვნა. 386-388 წლებში იოანე ოქროპირი ქადაგებდა უფლის განცხადებისადმი მიძღვნილ ჰომილიებს (103). ერთ-ერთ მათგანში, რომელიც წარმოთქმული ა386, 387 ან 388 წელს, ანტიოქიელი ეპისკოპოსის, წმ. ფილოგონეს დღესასწაულზე, წმ. იოანე ოქროპირი, ამზადებს რა ხალხს შობის დღესასწაულისთვის, ბრძანებს, რომ "ეს არის ყველაზე პატივდებუილ და წმიდა დღესასწაული დღესასწაულთა შორის" (104). ქრისტეს შობის დღესასწაულობის თავისი ცნობილი ქადაგება-აპოლიგიიდან 5 დღის შემდეგ ანტიოქიელმა ქადაგმა დაგვიტოვა მეტად ღირებული მოწმობა ანტიოქიის ეკლესიაში ქრისტეს შობის დღესასწაულობის დაწესების დროის შესახებ: "მართალია ჯერაც არ დამდგარა მეათე წელი, როდესაც ჩვენთვის საცნაური და ნათელი გახდა ეს დღე... რამეტუ როგორც კეთილშობილური მცენარეები.... ასევე ეს დღეც ზეცითგან ცნობილი მათთვის ვინც დასავლეთში ცხოვრობს, დღეს ჩვენამდეც აღწევს... http://de.bogoslov.ru/text/373000.html

21 Ι. Μ. ΦΟΥΝΤΟΥΛΗ,  «ΛΟΓΙΚΗ ΛΑΤΡΕΙΑ», Χριστούγεννα: «Το 386 ο Αγ. Ιωάννης ο Χρυσόστομος παρότρυνε την εκκλησία της Αντιόχειας να συμφωνήσει στην 25η Δεκεμβρίου ως ημέρα εορτασμού της Γέννησης».

22. Jo. Chrys. Hom. in diem Natalem Domini 1. PG 49, 351:24-42

23. Οὕτω καὶ αὔτη παρὰ μὲν τοῖς τήν Ἐσπέραν οἰκοῦσιν ἄνωθεν γνωρίζομένη

24. იქვე.

25. 410 წელს რომი პირველად აიღეს და გაძარცვეს ბარბაროსებმა. აი, როგორც აღწერს ნეტ. იერონიმე ამ მოვლენის შედეგებს: "კარნახისას ხმა მიწყდება, მოთქმა-გოდება კი თხრობას მაწყვეტინებს. ქალაქი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, თვითონ დაიპყრეს; მეტიც, შიმშილი წინ უძღოდა მახვილს, და მოქალაქეთაგან მხოლოდ ისინი გადარჩა, ვინც ტყვედ ჩაბარდა".  Jerome, Letter CXXVII (To Principia) В 452г. ატილას მიერ რომის აღებას 455 წელს ხელი წმ. ლეონ დიდმა შეუშალა. ვანდალებმა რომი გეინზერიხის წინამძღოლობით აიღეს. Прокопий Кесарийский, «Война с вандалами», I.5. Рим, история города.// Энциклопедический словарь Брокгауза и Ефронаю Спб. 1890-1907, http://ru.wikisource.org/wiki/

26. Catholiic Encyclipedia, Christmas, http://www.newadvent.org/cathen/03724b.htm.

27. Цит. Текста по ств. Иоанн Златоуст. Творения. Спб. 1899, т.2, кн.1, с. 400

28. Проф. М. Е. Богословский. Детство Господа нашего Иисуса Христа и Его Предтечи Иоанна Крестителя.// М. Барсов. Толование четвероевангелия. СПб. 1803, с. 126

29. იქვე. გვ. 126

30. Καί ἄνωθεν τοῖς ἀπὸ Θρᾴκης μέχρι Γαδείρων οἱκοῦσι κατάδηλος καί ἐπίσημος γέγονε. კადისი, ანუ ჰადასი, ფინიკიელთა მიერ ძვ. წ. დაახლ. 1100 წ. დაარსებული ქალაქი. იოანე ოქროპირის დრომდე ის "ატლანტიკის ფანჯრის" ფუნქციას ასრულებდა.