მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ შიშისათჳს ღმრთისა და სინანულისა

 

ძველი ქართული თარგმანი

 

სწავლასა ჭეშმარიტსა გუასწავებს ჩუენ დავით წინაწარმეტყუელი და იტყჳს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაჲ თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ, ამისთჳს გასწაო ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაჲ, რამეთუ ცხორებასა საუკუნესა განგჳმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაჲ, არამედ დიდებასაცა და ქებასა.

აწ უკუე ვინაჲთგან შიში ღმრთისაჲ ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არს ჩუენდა, ჯერ-არს, ძმანო საყუარელნო, რაჲთა ვჰმონებდეთ უფალსა შიშით, ჭეშმარიტით[ა] მონებითა, არა ხოლო სიტყჳთ, არამედ საქმით. და ვყოთ საფუძველ მონაგებისა ჩუენისა სიმბდაბლე, რაჲთა მივემსგავსნეთ სიმდაბლესა და სიყუარულსა მაცხოვრისა ჩუენისასა. იხილეთ, ძმანო, ნუმცა რაჲთ ნებითა ამის ქუეყანისაჲთა შეურაცხ-ვჰყოფთ მცნებათა უფლისა თჳსისათა. უწყოდით, რამეთუ განხრწნადნი ჴორცნი გუმოსიან და არა უწყით, თუ ხვალემ[დე] ცოცხალ ყოფად ხარ, რამეთუ დღენი შენნი აღრაცხილ არიან. რასა უკუე ზუაობ ურგებთათჳს, რომელი უკუე ქუეყანისა საქმეთაგანი ჰგიეს სამარადისოდ, რაჲთა შევიკრძალოთ იგი, ძმანო, რომელი იშვა და არა მოკუდა. რომელი შუენიერებაჲ არა იცვალა უკუანაჲსკნელ, გინა რომელი ჭაბუკი არა დაბერდა. ნუუკუე და-ვინ-იმკჳდრა სადა ქუეყანაჲ ესე საუკუნოდ, -- არა სამე, აწ უკუე გულისჴმა-ყვენ ესევითარნი საქმენი და განაგდე შენგან ზუაობაჲ და უწყოდე, ვითარმედ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარჴდეს.

ოდეს უკუე იხილო მდელოჲ ქუეყანისაჲ, ამსგავსე მას ბუნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი მდელოჲ ქუეყანისაჲ მარადის შეიცვალების, ეგრეცა ყოველნი საქმენი ძეთა კაცთანი. უფალსა შენსა აღუთქუამს შენდა ცხორებაჲ წარუვალი, და შენ შეგიყუარებიეს ცხორებაჲ წარმავალი. შეურაცხ-ყვენ გემონი და მძლე-ექმენ ნებასა მუცლისასა, და ნუ უდებ იქმნები მცირედთა ამათ დღეთა, რაჲთა არა შეგიყვანონ შენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, დაულევნელთა, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა აქა მცირედ შრომაჲ თავს-იდვა, და განერე საუკუნეთა მათ სატანჯველთა, და არა წარხჳდე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა და იქმნე შენ საჭმლად ცეცხლისა მის უშრეტისა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელო, რაჲთა არა უგულებელს-ჰყო სული შენი, და მიიწიო შენ სუფევასა მას დაუსრულებელსა და შუებასა მას გამოუთქუმელსა ანგელოზთა თანა, და ზეცისა ცხორებასა და საღმრთოთა სამკჳდრებელთა, რამეთუ ვართ ჩუენ ჟამიერნი, რაჲთა მცირედ ვიღუაწოთ და საუკუნოდ განვისუენოთ. აწ უკვე ნუმცა კადნიერ ვიქმნებით სულგრძელებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, რამეთუ აქა მოთმინე და სულგრძელ არს ჩუენ ზედა, ხოლო მუნ გამოიწულილავს საქმეთა ჩუენთა. დაიცევ კარი პირისა შენისაჲ, რომელ არს ენაჲ შენი, რამეთუ უფროჲსნი ცოდვანი ენისა მიერ შეითხზვიან; ნუუკუე იტყჳ, ვითარმედ მცირედსა სიტყუასა ვიტყოდეთ. იხილე, რავდენნი განსაცდელნი შეუდგან სიტყუასა, ძმაო.

გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყჳთ, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე გეშინოდენ, ჵ უბადრუკო, რაჲთა არა, დაიწერდნენ შენ ზედა ყოლადვე ბოროტნი საქმენი შენნი, არამედ რომელღა-იგი დაწერილ არიან. ისწრაფე აჴოცაჲ მათი ხოლო, საჴმარ არს შენდა ტირილი ფრიადი, ლოცვაჲ და სინანული და აღსარებაჲ ცოდვათა შენთაჲ და სხუანი მრავალ-ფერნი სათნოებანი, რაჲთა ამით ესევითარითა აჰჴოცნე შეცოდებანი შენნი და განერე სატანჯველთა მათგან და სირცხჳლისა მისგან საუკუნოჲსა, არად საჴმარ არიან მუნ მონაგებთა სიმრავლენი, არამედ საქმენი კეთილისანი.

აწ უკუე არა ვზრუნვიდეთ მონაგებთათჳს, არამედ ვტიროდით წინაშე მსაჯულისა მის უკუდავისა. და უკუეთუ გაქუნდეს მონაგები, განუყავ იგი გლახაკთა, რამეთუ შემძლებელ ხარ ჴსნასა სულისა შენისასა, ვიდრე-ესე სოფელსა-ღა შინა ხარ. უკუეთუ შენ გინდეს, იხილე და ნუმცა მიგისწრობენ სასუფეველად მეზუერენი და მეძავნი. სულთ-ითქუემდ აქა, რაჲთა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაჲ, რაჲთა მუნ მოიმკო სიხარული. თავ-მოდრეკით სულთ-ითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მჴურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა მას, რომელ სახარებასა წერილ არს, ტირილითა შეუნდვნა ქრისტემან ყოველნი ცოდვანი მისნი (ლუკა 7.37-48); რავდენ უფროჲს შენ, ოდეს სტიროდი მარხვითა და სიწმიდითა, უფროჲს მისსა ღირს იქმნე წყალობასა! უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გქონან, ქანანელისა მისებრ ჴმობდი: "შემიწყალე მე, უფალო" (მათე 15.22). უკუეთუ არა გაქუს შენ კადნიერებაჲ საქმეთაგან კეთილთა, მიივლტოდე მრავალ-მოწყალებათა მიმართ მაცხოვრისათა, გამოუთქუმელთა, და მიისწრაფე მდინარედ, ღმრთივ-სულიერთა წიგნთა კითხვასა. რამეთუ ვითარცა-იგი რომელნი ჟამსა სიცხისასა მახლობელად სხდიედ გამოსადინელსა წყალთასა და სიგრილისა მისგან ჰაერისა განერნიან მძაფრისა მისგან სიცხისა, ეგრეთვე რომელი მიივლტოდის წიგნთა წმიდათასა, განარინოს სული თჳსი ყოველთაგან ვნებათა, ვითარცა რომელი განერის საჴუმილისაგან ცეცხლისა, რამეთუ სიტყუანი წიგნთანი ნუგეშინის-ცემანი ღმრთისანი არიან. ვინ უკუე შემძლებელ არს შეწუხებად მისა, რომელსა ჰქონდის ღმერთი ნუგეშინის-მცემელად!

მოიგე უკუე წიგნის კითხვაჲ მოუწყინებლად, დაღაცათუ მცირედ დაშურე, არამედ გული შენი განათლდეს, უკუეთუ იღუაწო სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა, ლოცვითა და მღჳძარებითა და მოთმინებითა. ლოცვასა შინა მარადის ნუ იტყჳთ, ვითარმედ "ვევედრე ერთ გზის და ორ გზის, გინა მრავალ გზის და ვერ მივემთხჳე სათხოელსა ჩემსა". ნუ დააცადებ ლოცვასა, ვიდრემდის მოიღო საწადელი შენი. და ოდეს თაყუანის-სცემდე, ნუმცა პირი შენი ილოცავს და გონებაჲ შენი იარების, რამეთუ ღმერთსა არა ხოლო თუ სიტყუანი ოდენ ჰნებვენ, არამედ საქმენი მვედრებელთა მისთანი. ნუ იქმნები მცირედ მორწმუნე წყალობათა მისთა. ვინ უკუე მიენდო ღმერთსა და სირცხჳილეულ იქმნა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან უგულებელს-ყო! ანუ ვინ ითხოვა სარწმუნოებით და მან არა ისმინა მისი! რამეთუ ღმერთი სახიერ და მოწყალე არს, შეუნდვნის შეცოდებანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა მოსავნი მისნი. გულს-ეტყოდე მარადის, საყუარელო, განსლვისათჳს შენისა ამიერ სოფლით და დღისა მისთჳს საშინელისა. და ვითარ იყო ჟამსა მას, ოდეს სული შენი გუამისა შენისაგან გაეშორებოდის დავრდომილი სარეცელსა ზედა შენსა, ძმაო, და ვერ შემძლებელ იყო ყოლადვე შეწევნად თავისა შენისა, დაჰნერგე გონებასა შენსა მარადის, რეცა სახლეულნი და მეგობარნი შენნი მსხდომარე არიან გარემოჲს შენსა და მწუხარედ იგლოვენ და სულ-თქუმით ტირან წარყვანებისათჳს სულისა შენისა და ვერვინ მათგანი შემძლებელ არს ვედრებად ანგელოზთა მათ, რომელნი ასწრაფებდენ სულსა შენსა გამოსლვად გუამისაგან.

აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროჲს კეთილთასა, დაჰფლენ იგინი აწვე სათნოებითა. თუალნიცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ქუხილსა მას ბნელისასა და საჴუმილსა მას განუგრილებელსა. დაშრიტე ცეცხლი იგი ვნებათა შენთაჲ, არა თუ წყლითა, არამედ ცრემლითა მცირითა განწმიდე შეგინებულებაჲ სულისა შენისაჲ ტირილითა, რამეთუ ტირილი არა ხოლო თუ ოდენ ცეცხლისა მის საუკუნოჲსა დამშრეტელ არს, არამედ განჰბანსცა მწინკულევანებასა ცოდვათასა. ვითარცა იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი, რომელსა-იგი გამოეცადა და უწყოდა ძალი ცრემლთაჲ, ვითარმედ: დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი (ფსალმ. 6.5). არა თქუა, ვითარმედ: "დავასოვლე", არამედ "დავბანეო". რაჲთა გაუწყოს შენ, ვითარმედ სინანულისა ცრემლთა ძალი ნათლის-ღებისაჲ აქუს. აწ უკუე ვინაჲთგან უწყით, ვითარმედ საღმრთოჲ მწუხარებაჲ განსდევნის ცოდვისა მწუხარებასა, იგლოვდ აქა ცოდვათა შენთათჳს, რაჲთა არა მუნ ტანჯვათაგან იგლოვდე ურგებად.

უჩუენე მკურნალსა წყლულებაჲ შენი და გამოუცხადე მას ცოდვაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინებასა მიმცემელი. გეშინოდენ მსაჯულისა და დღისა მისთჳს საშინელისა და მსაჯულისა საზარელისა, სადა-იგი იყოს ძრწოლაჲ, და ტირილი თუალთაჲ და ბნელი წარსაწყმედელისაჲ. სადა იყოს სულ-თქმაჲ დაუცხრომელი და ვაებაჲ დაუდუმებელი. მოიჴსენენ, ჵ უბადრუკო, ესევითარი წინამდებარენი და ნუ ეძულობ სულსა შენსა. და უწყოდე, ვითარმედ არა რაჲ სარგებელ ეყოფის სულსა კაცისასა, ვითარ ჴსენებაჲ მარადის ცოდვათა თჳსთაჲ.

აწ უკუე მოსწრაფე იყავ ლოცვისა, რაჲთა დააჯერო უფალი შენი, და მიეც მიზეზი მოწყალესა ღმერთსა ცოდვათა შენთა შესანანებელი შესანდობელად, ნუმცა უკუე სახიერებაჲ მისი შენითა უდებებითა უქმ იქმნების. დაღათუ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა შთაწევნულ ხარ ცოდვითა, იგი შემძლებელ არს შენდა მიერ აღმოყვანებად. შენ ხოლო ნუ დასცხრები ლოცვასა მისა მიმართ სულ-თქუმით და ცრემლით. და უკუეთუ არა გაქუს კადნიერებაჲ მისა მიმართ, ილოცევდივე, რაჲთა მოგცეს შენ კადნიერებაჲ. ნუ ვითარცა კაცი გგონიეს იგი, რომელი-მცა განარისხე და კუალად დაჯერებად გრცხუენოდა. იგი მოწყალე არს და უფროჲს შენსა ჰნებავს ჴსნაჲ შენი ცოდვათაგან. და არა ჰზრუნავ შენ სულისა შენისათჳს, ვითარ-იგი ზრუნავს შენთჳს, რაჲთა გაცხოვნოს შენ.

ამისთჳს, უკუეთუ არა გაქუს კადნიერებაჲ თხოვად მისგან, მოგცეს მან კადნიერებაჲ. და ესე არს კადნიერებაჲ, ოდეს ჰგონებდე შენ თავით თჳსით. ვითარმედ არა გაქუს შენ კადნიერებაჲ ლოცვად მისა მიმართ. სულგრძელ იყავ მარადის ლოცვად ღმრთისა მიმართ, საყუარელო, რამეთუ რა ფრიადი შრომაჲ აქუს. იქმოდე საქმესა დაუშრომელსა, და უწყოდე, ვითარმედ ძილითა გჳრგჳნი ვერ მოიგების, რამეთუ მღჳძარენი და მშრომელნი და მლოცველნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და არავინ უშრომლად კეთილსა მიემთხუევის კაცთაგანი, აღჳრ-ასხენ გულის-თქუმასა ჴორცთასა კითხვითა წიგნთა საღმრთოთაჲთა და ჴსენებითა სასჯელისა მის მომავალისაჲთა.

განაღჳძე სული შენი ჴსენებითა ჯოჯოხეთისაჲთა, ევლტოდე საცთურთა სოფლისათა, დაყავ სული შენი მცირედ განსუენებათა, რაჲთა ჰყო იგი მოყუარე მაცხოვრისა. ვერ შემძლებელ ხარ შენ ორთა უფალთა მონებად (მათე 6.24). აქა ტიროდე და მუნ გიხაროდის, რამეთუ ვაჲ არს მის კაცისა, რომელი აქა იხარებდეს, ხოლო უკუანაჲსკნელი მისი ტირილი იყოს და ღრჭენაჲ კბილთა (მათე 8.12). იყავნ შენდა საზრდელ აქა ტირილი და ღამე, რაჲთა ნაცვალად მისა მოიღო სიხარული საუკუნოჲ. ნუ აცთუნებ თავსა შენსა, რამეთუ გიღირს შენ შრომით ბრძოლაჲ წინააღდგომასა მუცლისა განძღომისასა და მოკუდინებაჲ ჴორცთა გულის-თქუმასა და მონებაჲ და მორჩილებაჲ - დატკებნად ნებასა და განსუენებასა. და ყოველი საქმე შენი სიწმიდით იყოს სახელისათჳს ღმრთისა შენისა, რამეთუ ფრიადი შიშ(ი) და მწუხარებაჲ შეუდგს მათ, რომელთა უდებ-ყონ საქმე ღმრთისაჲ და დაჴსნილობით.

იხილე, ჵ უბადრუკო, და ნუ უდებ იქმნები, რაჲთა არა მიიწიო შენ მჴურვალესა დაწუვისა მისისასა, რამეთუ არა ხოლო თუ ჴორცთა ოდენ დასწუავს, არამედ სულსაცა საუკუნოდ და უკუნისამდე. აწ უკუე გულისჴმა-ყვენ მარადის სატანჯველნი იგი საუკუნენი და საშუებელნი დაუსრულებელნი, და ნუმცა გექმნების შენ საბრჴე და ბორკილ ცეცხლი იგი უშრეტი, არამედ მოუგე სულსა შენსა საჴსრად სიმდაბლე. უკუეთუ საფარველად შენებულისა შენისა ჰყო სიმდაბლე, შემძლებელ იქმნე შენებად მას ზედა, რომელიცა გენებოს სათნოებათა ნაშენები. და უკუეთუ ესე საფუძველი არა დასდვა პირველად, ყოველი კეთილი, რაჲცა ჰქმნე, არა დაადგრეს და ვერცა დამტკიცდეს. არცა მარხვაჲ, არცა სიწმიდე, არცა მოწყალებაჲ და არცა სხუაჲ რაჲ კეთილისა საქმე სრულ იქმნების თჳნიერ მისა. მო-უკუე-იგი სიმდაბლე და ევლტოდე ამპარტავნებასა, ვნებასა მას ბოროტსა, შიშითა ღმრთისაჲთა. დაშრიტე იგი და იყავნ მდაბალ სიმბადლითა ჭეშმარიტითა. ნუმცა არს სახე და ხილვაჲ შენი კნინი და შეურაცხი, და ფერი პირისა შენისაჲ ყჳთელ, და გონებაჲ შენი მზუაობარ და ამპარტავან, რამეთუ ვითარცა მოაუძლურებს ძალსა ღჳნისასა წყალი, ეგრეთ მოაუძლურებს სულსა მზუაობარსა სიმდაბლე. დაიმდაბლე სული შენი, რაჲთა აღამაღლო იგი. ვითარცა ამპარტავნებაჲ აღმომაცენებელი არს ყოვლისა ბოროტისაჲ, ეგრეთცა სიმდაბლე თავი არს ყოვლისა კეთილისაჲ. ესრეთ აღმაღლებულ არს სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი ჩუენთჳს დამდაბლდა, რაჲთა ჩუენ მსგავს მისსა მყვნეს. რამეთუ იტყჳს: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11.29).

მრავალი გზაჲ გიჩუენა შენ სინანულისაჲ, რაჲთა განგამარჯოს შენ ზეცად აღსავალი. უკუეთუმცა ერთი ხოლო გზაჲ ეჩუენა შენდა, ნუუკუემცა ჰმიზეზობდი და სთქუ: ვერ შემძლებელ ვარ ამას გზასა მისლვად. ამისთჳს მრავალი გზაჲ გიჩუენა შენ მრავალ-ფერთა სათნოებათაჲ განმარჯუებისათჳს შენისა სლვად გზასა მშჳდობისასა.

უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, თქუ ხოლო, ვითარმედ: ვცოდე, და აღიჴოცნენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ ესრეთვე ყო დავით წინაწარმეტყუელმან და აჰჴოცნა ცოდვანი თჳსნი (ფსალმ. 50.2; 50.9). ესე პირველი გზაჲ არს შემნდობელი ცოდვათაჲ, რომელ არს სიმდაბლე. და მეორე გზაჲ - [ი]გლოვდ ცოდვათა შენთათჳს.

არა ჴამს მონაგებთა სიმრავლე და არცა ფრიადი შრომაჲ და არცა შორსა გზასა მკჳრცხლ სლვაჲ. და მოწამე არს ამას ზედა აქაბ, ოდეს-იგი მწუხარედ იგლოვდა, ღმერთმანცა შეინანა განბჭობილი იგი (III მეფ. 21.17-19) გამოსრული მისგან შურის-საძიებლად, ვითარცა რომელნი იგლოვდიან მკუდართა ზედა, არარამან ვნებათაგანმან სძლის მათ და არცაღა გულის-თქუმათა ჟამსა გლოისასა, რამეთუ გონებაჲ მათი ყოველი იგლოვნ. ეგრეთვე შენ, უკუეთუ ჭეშმარიტად იგლოვდე ცოდვათა შენთათჳს, არარამან სოფლისა ამის სიყუარულმან გძლოს შენ. აწ უკუეთუ გნებავს ნუგეშინის-ცემის, იგლოვდე, რამეთუ ვინაჲთგან ღმერთი ნუგეშინის-მცემელ შენდა არს, საყუარელო.

დაღაცათუ ყოვლით კერძოდ წჳმდენ შენ ზედა მწუხარებანი, ვერ შეგიძლონ შენ, რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ღმრთისაჲ უზეშთაეს არს ყოველთა მწუხარებათა. და მესამე გზაჲ გიჩუენა შენ, რაჲთა აღჳრ-ასხნე გულის-წყრომასა და მოიგო სიმშჳდე, რაჲთა ნეტარებაჲ მოგეცეს შენ, რომელი მშჳდთა გჳრგჳნოსან-ჰყოფს.

და ეკრძალე, ნუუკუე წარსწყმიდო მოთმინებაჲ, თავს-დებაჲ და სიმშჳდე, და უფროჲსღა მცირესა რასმე და საწუნელსა ზედა, ვითარცა ოდესმე მსახურმან შენმან შემუსრა ჭურჭელი რაჲმე, გინა დასთხია ზეთი, გინა წარ-რაჲმე-წყმიდა, და აღშფოთნე მისთჳს და მით წარსწყმიდო ნეტარებაჲ იგი მშჳდთა და მდაბალთაჲ. არამედ რაჟამს აღიძრა ვისდამე გულის-წყრომად, მოიჴსენე სიმდაბლე იგი ღმრთისაჲ გონებასა შენსა და მით დაშრიტე სიმჴურვალე იგი გულის-წყრომისა შენისაჲ და დაუთმე, რაჲთა მიიღო გჳრგჳნი მოწამეთაჲ, და შერაცხილ იყო წინაშე კაცთა ვითარცა მოწამე, აღმსა[ა]რებელი მბრძანებელსა სიმდაბლისა და მოთმინებისასა. მიხედენ წმიდასა პეტრეს, ვითარ-იგი ენება საზღვარი უწყებად შენდობისა და მოთმინებით თავს-დებისაჲ. ჰკითხა უფალსა და ჰრქუა: "უკუეთუ შემცოდოს ძმამან ჩემმან, რავდენ გზის შეუნდო?" და ჰგონებდა ესე ნეტარი, ვითარმედ გარდაჰრია თავს-დებაჲ და შენდობაჲ ოდესღა ჰრქუა, ვითარმედ: "შჳდ გზის მიუტეოა?"

მაშინ აუწყა უფალმან ჩუენმან მოწყალემან, რავდენ არს წყალობაჲ შორის კაცთა და შორის ღმრთისა. მიუგო და ჰრქუა მას: "არა გეტყჳ შენ შჳდ გზის, არამედ სამეოცდაათშჳდ გზის მიუტევე (მათე 18.21-22). გულისჴმა-ყავ წყალობაჲ ღმრთისაჲ გამოუთქუმელი, და დაიცვენ მცნებანი და შეიწყნარე სწავლაჲ, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს" (მათე 23.12). და ვიდოდე გზასა მშჳდთასა და დაუტევე ყოველი გულის წყრომაჲ სიმჴურვალისაჲ და ისარი შურისაჲ. რამეთუ შური ძირს არს სიკუდილისაჲ, და მრავალნი სალმობანი შეუდგან, რამეთუ მუსმარი არს მახჳლი გულისაჲ, რამეთუ არა შეაწევს გულად ტკივილი მუსმრისაჲ, ვითარ-იგი შეაწევს ტკივილი შურისაჲ, რომლისა შინა დასობილ არს იგი.

ვერცა სენი და ვერცა სიმძიმე შესცვალებს ფერსა და ქმნულებასა ხატისასა, ვითარ-იგი შესცვალებს შური შუენიერებასა სულისასა. აწ უკუე ევლტოდე შურსა ბოროტსა და ჰმონებდი უფალსა მონებითა ჭეშმარიტითა, და ზრახევდი მარადის ლოცვასა შინა არა თუ ენითა მზაკუარითა, არამედ დიდებითა და სიყუარულითა. და დაიცევ პირი შენი ფიცისაგან, დაღაცათუ სამართლად ჰფუცვიდე, რამეთუ ენისა საცთური მსწრაფლ იქმნის და მცირედნი დაიცვებიან მისგან. მოსწრაფე იყავ დაცვად თესლისაგან მტერისა, რამეთუ იგი ყოვლითურთ მოსწრაფე არს წარწყმედად სულსა ამას უბადრუკსა და უფროჲსად ენისა მიერ და პირისა, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ შორის შემწე საცთურისა და წარწყმედისა ჩუენისაჲ უფროჲს ენისა ჩუენისა განტევებულისა და პირისა განღებულისა, და უფროჲსი და უმრავლესი საცთური დაცემისა ჩუენისაჲ ამათ მიერ იქმნების. ამისთჳს უთქუამს მეტყუელსა: "უმჯობეს არს შენდა, რაჲთა გიბრკუმეს ფერჴთა და დაეცე ქუეყანასა, ვიდრე არა ბრკუმაჲ ენისაჲ" (ზირ. 20.18): რამეთუ რომელი დაეცის ქუეყანასა წყლულებაჲ შეამთხჳის გუამსა, ხოლო რომელსა უბრკუმეს ენითა, მან წარწყმიდნის სულნი ჴორცთა თანა საუკუნოდ.

აჰა ესერა ვხედავთ ყოველი, რომელი ილოცავს და იგლოვს, ითხოვს, რაჲთა დაიცვას იგი ენისაგან. აწ უკუე ვინაჲთგან სიკუდილი და ცხორებაჲ ენისაგან იქმნების, აღჳრ-ვასხნეთ მას სიმდაბლითა და ვევლტოდით ფიცსა და ყოველსა საცთურსა და ვიდოდით გზასა მშჳდობისასა. და კუალად ვევლტოდით კაცთ-მოთნებასა და მაჩუენებლობასა, რამეთუ მაჩუენებლობაჲ ფიცხელი ვნებაჲ არს და იგი არს პირველი საქმე ეშმაკისაჲ, რამეთუ მით დასცა ადამი. და ყოველი ბოროტი მაჩუენებლობით დაიწყების, ვითარცა ყოველი კეთილი სიწრფოებით და სიმართლით იქმნების, რომელსა არა არს ზაკუვაჲ. ხოლო მაჩუენებლობაჲ მედგარ არს ყოვლით კერძოვე, ღონის-მეძიებელ, მოსწრაფე შთაგდებად კაცისა, რომელი არა მოეგონოს, დაღათუ ზაკუვაჲ მისი კაცთაგან დაიფარის, ხოლო ღმრთისაგან არარაჲ დაიფარვის.

იხილე, ნუუკუე შენ თანა იყოს სენი ესე და შენ ძმასა შენსა აბრალობდე მისთჳს. რამეთუ კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაჲ თჳსი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკიხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაჲთა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს. განიშორე შენგან ტყუილი და ვერ მიგეახლოს შენ მაჩუენებლობაჲ, რამეთუ ტყუილი საქმე არს ეშმაკისაჲ. და ვერ განჰკუეთს მახჳლი, ვითარ-იგი განჰკუთ[ს] ენაჲ, რამეთუ მახჳლმან ჴორცი ოდენ განკუეთის, ხოლო ენამან წარწყმიდნის სულნი და ჴორცნი.

ამისთჳს განაგდე შენგან კაცთ-მოთნებაჲ, და მოიგე სიწრფოებაჲ და სათნოებაჲ, და ქუემო ყავ გონებაჲ შენი ყოველთა კაცთასა და ნურას იქმ საქმესა, რომლითა ღმერთი განრისხნეს. და ოდეს ჰქმნე რაჲმე კეთილისა საქმე, ნუ აღზუავნები, რამეთუ სხუათავე თანა მრავალ-ფერთა ბრძოლათა ბოროტთა ამითცა გუბრძავსვე მტერი ჩუენი. იხილე, უბადრუკო, და ნუ შეურაცხ-(ჰ)ყოფ ღმერთსა დაბადებულობითა შენითა მის მიერ, რამეთუ ვითარცა მართალთაგან იდიდების ღმერთი, ეგრეთვე ცოდვილთაგან შეურაცხ იქმნების.

უკუეთუ აღიღებიეს თავის თჳსით მსახურებაჲ ღმრთისა და განშორებულ ხარ საქმისაგან კაცობრივისა, და ზეცისა საზრდელი გიყოფიეს საზრდელად შენდა, და მინდობილ ხარ ღმრთისა, და სასოებაჲ გაქუს კეთილთა მათ საუკუნეთაჲ და ცხორებისა დაუსრულებელისაჲ, და გნებავს დიდებაჲ იგი უცვალებელი, ევლტოდე უკუე დიდებასა ქუეყანისასა, რომელი წარსწყმედს სულთა კაცთასა. და ნუ აჰმაღლდები ქებითა კაცთაჲთა და ნუცა მძიმე გიჩს გინებაჲ მათი. და განეშორე შფოთთაგან კაცობრივთა და მიივლტოდე მათდა, რომელნი იტყოდიან, ვითარმედ: "მუჴლნი ჩუენნი მოუძლურდეს მარხვითა", და მიემსგავსე მათ, რამეთუ იგინი არიან სუეტნი საღმრთონი, რამეთუ სიმცირითა საზრდელისაჲთა და სიდიდითა შრომათაჲთა მოიხადეს მათ მადლი ღმრთისაჲ და იქმნეს მკჳდრ ქალაქსა მას ზეცისასა.

მოიგე შენცა განგებაჲ მათი და განაგდე შენგან ვნებაჲ ამპარტავნებისაჲ, რამეთუ ეშმაკი არს, რომელიცა ყოვლისა პირველად შთავარდა სიღრმესა ამპარტავნებისასა და წარწყმიდა ყოველი კეთილი თჳსი. იყავ შენ მდაბალ არა სიტყჳთ, არამედ საქმით, და უწყოდე, რამეთუ ღმერთი შეჰმუსრავს ამპარტავანთა, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე - განგებაჲ გონიერი, ოდეს ქმნეს კაცმან კეთილი და არა აღზუავნეს. აწ უკუე ისწრაფე, რომელ დააჯერო ღმერთი და არა კაცნი, რაჲთა მიიღო ქებაჲ ღმრთისაგან და არა კაცთაგან. იხილე და ნუ გამოუცხადებ კაცთა სათნოებათა შენთა, რაჲთა არა დაიჭირვო მადლი ღმრთისაჲ, რამეთუ დიდებაჲ სოფლისა ამის წარმავალ არს, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა მდელოჲ დაჭნების. ამისთჳსცა, რომელთა ჭეშმარიტი სათნოებაჲ მოიპოეს, იტყოდეს კაცთაგან და შეევედრნეს იგინი მთათა და უდაბნოთა, რაჲთამცა განერნეს იგინი დიდებისაგან კაცთაჲსა. და მოიღეს პატივი ღმრთისაგან. ისმინე, ძმაო საყუარელო!

შემუსრე გონებაჲ შენი ფიცხელი და განაღჳძე სული შენი უდებებისაგან, რომელი არს შენ თანა, ვითარცა-ღა ვინ განაღჳძის ძილისაგან მძიმისა. და შეწირე ღმრთისა საკუმეველი სურნელი, ლოცვაჲ უბიწოჲ, და ნუმცა ლოცვაჲ შენი ცოდვად შეგერაცხების და ნუცა საკუმეველი შენი ამაო იქმნების. იღჳიძებდი მოუწყინებლად, რამეთუ ღმერთსა მღჳძარებაჲ მხიარულებით უყუარს. და ყოველი, რომელი მხიარულებით იყოს, იგი ნაყოფიერ არს; და ყოველი, რომელი მოწყინებით და დრტჳნვით იყოს, არა აქუს მას მადლი, არამედ სასჯელი. აწ უკუე ვინჲთგან გიცნობია სავნებელი სულისა შენისაჲ და გნებავს, რაჲთა შეერაცხო შენ კრებულსა მას პირმშოთასა, განიშორენ შენგან საქმენი სოფლისანი და გემონი ძეთა კაცთანი. ივლტოდე ვეცხლის მოყუარებისაგან, რომელ არს ძირი ყოვლისა უკეთურებისაჲ და მცირე ყვენ მონაგებნი შენნი, რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებათაჲ. უკუეთუ გნებავს სიმდიდრე, იღუაწე, რაჲთა განჰმდიდრდე კეთილთაგან საქმეთა, რამეთუ სიმდიდრე სოფლისა ამის მსწრაფლ წარმავალ არს, ხოლო სიმდიდრე იგი სულიერი მჴსნელი არს სულისაჲ სიკუდილისაგან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: "საფასენი არად სარგებელ ეყუნენ ცოდვილთა, ხოლო სიმართლემან იჴსნის სიკუდილისაგან (იგავნი 10.2). ხოლო აწ ვინაჲთგან გჳცნობიეს ვნებაჲ იგი ვეცხლის მოყუარებისაჲ, ელტოდე მას, ხოლო უკუეთუ გაქუს მონაგები, ისხენ უკუე მეგობარნი ფასისა მისგან მამონაჲსა, რომელ არს სიცრუისაჲ, რამეთუ არა თჳნიერ სარგებელისა იყო. რამეთუ უფალმან თქუა: "ნეტარ იყუნენ * მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5.7). განაგდე ოქროჲ, ვითარცა განაგდეს მოგუთა მათ, რომელთა-იგი ძღუნად უფლისა შეწირეს; მათ სამე ოქროჲ შეწირეს (მათე 2.1-11), შენ მცირედი პური მიეც გლახაკსა; იგინი სამე მოიწინეს გზით შორით, შენ ერთი ხოლო ფოლოცი ვერ განჰვლოა, რაჲთა სნეული იკითხო? მათ სამე ვარსკულავი იხილეს და განიხარეს, ხოლო შენ ხედავ ქრისტესა შიშუელსა და მშიერსა და უცხოსა, და არა გეწყალის ყოლადვე; და ნუუკუე განჰვლე ფოლოცი ერთი, რაჲთა იხილო ქრისტე უძლური, არა ვიტყჳ წარსლვასა შენსა შორად ქუეყანად!

აჰა ესერა ხედავ შენ ყოველთა დღეთა კართა ზედა ეკლესიისათა, გევედრების და გეტყჳს: "შემიწყალე მე". და არა ხედავ მას, არამედ გარე მიიქცევ პირსა შენსა მისგან, ვითარცა ვინ გარე მიიქციის პირი თჳსი ქვისა კერპისაგან. და ოდეს შეხჳდე შინაგან ეკლესიად, ევედრები მას და ეტყჳ: "შემიწყალე მე". აწ უკუე ოდეს გიცნობიეს, რომელი უყო ერთსა გლახაკთაგანსა, ქრისტესა უყოფ, შენ უკუე შეიწყალე გლახაკი, უკუეთუ გნებავს ღმრთის მსახურებაჲ. ნუ გნებავს სიყუარული მონაგებთაჲ, რამეთუ ეძიებს შენგან კეთილსა სარწმუნოებასა არა მისაცემელთა სიმრავლესა და სიმცირესა.

ვეცხლის მოყუარებაჲ და საქმე ცოდვისა ბოროტისაჲ მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყჳს: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაჲ" (ფსალმ. 96.10). აწ ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაჲ თავი არს სათნოებათაჲ, რომელი განუღებს კაცთა კართა ზეცისათა, ესე მოიგე მეოხად და შემწედ. და უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, ნუ გეშინინ, რამეთუ არავინ ზეცისათაგანი წინა-აღუდგების მას, არამედ შევიდეს წინაშე მსაჯულისა და ჴელთა მისთა აქუნდეს წიგნი, რომელსა წერილ იყოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: "რომელი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ" (მათე 25.40). უწყოდეთ, რამეთუ ღმერთი ეძიებს ყოველთაგან საქმესა სარწმუნოებისასა, და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტად საქმე სიმართლისაჲ არს. მოიგე სარწმუნოებაჲ საქმითურთ და დაიცევ სული შენი ვნებათაგან, რაჲთა არა პოვოს მტერმან შენ თანა ადგილი სამკჳდრებელი და ევედრე ღმერთსა, რაჲთა შეგეწიოს შენ და გასწაოს, ვითარ ჯერ-იყოს შენდა განშორებაჲ ბოროტთა გულის სიტყუათაგან. გასმიეს, რომელი-იგი თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს შემოდგომაჲ ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მათე 16.24; ლუკა 9.23). ვითარ უკუე უვარ-ყოს კაცმან თავი თჳსი, გარნა თუ დაუტეოს ნებაჲ თჳსი და მოთმინე იქმნას ღმრთისა სიყუარულისათჳს, და განიშორნე გულის-სიტყუანი მწინკულევანნი და საქმენი ბოროტნი და ყოველნი უკეთურებანი.

აჰა ესერა გიჩუენენ შენ სრულებით საქმენი კეთილისანი და საქმენი ბოროტისანი. და-უკუე-იცვენ ესენი, და განიხილე გონებაჲ შენი და დაიცევ სული შენი, ვითარცა ბრძენმან და ჴელოვანმან მკურნალმან, რომელმან მოჰკუეთის ჴორცი დამპალი და განრყუნილი და წამალი დასდვის შემდგომად. განიკურნენ აწ შენცა სულნი და ჴორცნი შენნი სრულითა კურნებითა, რაჲთა მიიწიო შენ პატივსა მას და განსასუენებელსა საუკუნესა დაუსრულებელსა. ესე არს სწავლაჲ ზეცისაჲ, რომელი მიუძღუს გზასა ზეცისასა და ჰყოფს კაცსა, რაჲთა არა განვარდეს დიდებისა მისგან საუკუნოჲსა, და მიჰყავს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და დიდებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნით(ი) უკუნისამდე, ამენ.