ეპისკოპოსი ილია მინიატისი
✞ ქების სიტყვა ღვთისმშობლის შობაზე ✞
ეს რა უჩვეულო და ხალხმრავალი დღესასწაულია ამჟამინდელი შუქმფენი და სასიხარულო დღისა. ეს რომელი ქველი ანგელოზი აღგძრავთ სულის ამ ლხენისა და გალობისათვის? რისგანაა ეს განსაკუთრებული სიხარული, თქვენს სახეებზე რომ აღბეჭდილა? გიცქერთ და თითოეული თქვენგანის მზერაში დიადი უწყებით გამოწვეულ დიდ სიხარულს ვხედავ. ყურს ვუგდებ და მესმის, თუ როგორ ათრთოლებს ამ ღვთაებრივი და წმინდა ტაძრის კედლებს შეძახილები და ტაშისკვრა; ტკბილ გალობასთან და სიხარულის სხივთან ერთად ვხედავ, როგორ გადაიქცევა ეკლესია სხვა, მიწიერ ზეცად და ზეციურ წესთმთავრობად. და მაინც, რითია გამოწვეული ეს სასიხარულო და ნათელი დღესასწაული? ჩემო გულმოდგინე მსმენელნო, მესმის თქვენი მართებული სიხარულის მიზეზი. ამის მიზეზი სხვა არა არის რა, გარდა ყოვლადწმინდა ასულის შობისა, რომლის გამოცხადებისთვისაც ჩვენი, ადამიანთა გარყვნილი მოდგმა ზეცას ლოცვით ორმოცდაათი საუკუნის მანძილზე ევედრებოდა; დაე, დამრთონ ამგვარად გამოთქმის ნება, ხოლო ჩვენი მოზღუდვილი ბუნება უწყვეტი ცრემლით შემეწიოს. და აღმოცენდა ქალწული ანას უნაყოფო წიაღიდან! მეც თქვენთან ერთად ვიხარებ! დღეს საბოლოოდ გაბრწყინდა ღვთისაგან დიდი ხნის წინ განჩინებული ის სასურველი დღე, რომელსაც ადამიანები გზნებით მოელიან; დღე, რომელიც ასეთი ნაყოფიერია მიწისთვის და საშინელია ჯოჯოხეთისთვის; დღე, როცა ნიშანი სუსტდება და სული ძლიერდება, გადაივლის აღთქმა და ისადგურებს მადლი. ეს დღე, რომელიც ქვეყნიერებას სინათლის დედას უცხადებს, მზის მოსვლასაც წინასწარ გვამცნობს, რომელიც თავისი შუქმფენი გამოცხადებით ურწმუნოების სულიერ ბინდს გაფანტავს და ჩვენს ჩაბნელებულ ზრახვებში ჭეშმარიტი კეთილმსახურებისა და რწმენის ცხოველმყოფელ სხივს აანთებს. მე სრულად მწამს, რომ თქვენი მზერა სწორედ ასეთი სასიხარულო ცნობის გამოა სიხარულით სავსე, მაგრამ მე, გამოუცდელს, მომეცით საშუალება უფრო მეტი ტკბობა მოგანიჭოთ იმ მიზეზთა ახსნით, რომლებმაც თქვენს კეთილმსახურ გულებში ეს სიხარული აღაგზნო. ის-ის იყო ადამიანი უმყოფობის უფსკრულიდან გამოვიდა და არსებობა დაიწყო, რომ ან მორჩილება ითაკილა, ან თავისი წარმომავლობა არ უწყოდა და თავის შემოქმედს განუდგა. ჩვენი პირველმამა ადამი – ღვთის განსულიერებული ხატი, მთელ მიწიერ სამყაროზე თავისი კუთვნილი სამეფო ხელისუფლებით არ დაკმაყოფილდა და მოინდომა ის, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა – არსების შემეცნება. გახდა რა ეშმაკის ცდუნების ნადავლი და ღვთის პირველი და ერთადერთი მცნების დამრღვევი, ნაყოფის დაგემოვნებასთან ერთად სიკვდილი იგემა და დანაშაულის სასჯელად (წარმოგიდგენიათ?!) სიტკბოების სამოთხეში სასჯელის ჯოჯოხეთი მოიწია. პირველმამის დაცემამ ჩვენც თან გაგვიყოლა და უმაგალითო სისასტიკით იმაზე ადრე მიგვცა სიკვდილს, ვიდრე სიცოცხლეს მოგვანიჭებდა. დამღუპველი და ცრემლების ღირსია დანგრევა ადამიანის ბედნიერებისა!ეს ადამიანი, ანგელოზზე არცთუ ბევრად მცირე, ისეთ შეშლილობაში ჩავარდა, რომ „ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფს. 48, 21). სამოთხის მთელი სილამაზე იმავწუთს ნარეკლად იქცა, ნეტარება – სიმწარედ, მადლი – წყევლად. პირველი, რაც ასეთი სამწუხარო და ქვეყნიერების განმრყვნელი ამბის შემდგომ მოხდა, იყო შური და მკვლელობა. დაიკარგა მადლი, მასთან ერთად უბიწოება და დედამიწა ცოდვებით ისე შეიბღალა, რომ მას მსოფლიო წარღვნა დასჭირდა არ ვიცი, განსაწმენდად თუ იმისათვის, რომ შემოქმედის თვალს დამალვოდა. ეშმაკი თავისი მეფობით ასე არასდროს დამტკბარა და ადამიანთა გულებში მისი მეუფება ასე ძლიერი არასდროს ყოფილა. ისე ჩანდა, რომ მან დედამიწაზე დაიმკვიდრა ის ხელისუფლება, რომელსაც უშედეგოდ ელტვოდა ზეცაში. ყველგან ურწმუნოება ბობოქრობდა: ყოველივე წმინდა იბღალებოდა; ტაძრები უაზრო კერპებით აივსო, ჯოჯოხეთი ადამიანთა სულებით იყო დასახლებული, ქვეყნად ეშმაკის თაყვანისცემა მეფობდა, შეიძლებოდა თქმა იმისა, რომ ჯოჯოხეთი ადამიანთა სამკვიდრებლად იქცა, დედამიწა კი დემონთა სამეფოდ. ვარსკვლავებს და სხვა ციურ პლანეტებსაც - კი, შეიძლება ითქვას, რცხვენოდათ დაუმსახურებელი პატივის გამო და იმათ შეშლილობას კიცხავდნენ, ვინც მათ შემოქმედის შესაფერ პატივს მიაგებდა. სათნოებები განდევნილ იქნა, ყველგან ბოროტება მეფობდა; მოედნებიდან გაძევებულია ჭეშმარიტება – იქ ტყუილი განსჯის; თანამეგობრობიდან საერთო აზრი განიდევნა – იქ წინააღმდეგობა და კამათი მეფობს. უბრალოება სადაა? სად არის კეთილმსახურება, სად არის მოკრძალება, შიში ღვთის სჯულის წინაშე? თითოეულისთვის თავნებობა სჯულად იქცა, ღმერთად კი – სტომაქი; სამყარომ უწინდელი სილამაზე დაკარგა და ცრემლის ღირსი ცვლილების შემდგომ საცოდავ სანახაობად იქცა, სანახაობად, სადაც განმკარგავი იყო ეშმაკი, მაყურებელი ღმერთი, სირცხვილის საგანი – კაცთა მოდგმა. ადამიანები ცოდვის ბნელ ღამეში იყვნენ ჩაძირულები. ისინი ისევე იყვნენ დაშორებულნი სინათლისაგან, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ჰქონდათ აღკვეთილი. ვიმეორებ, ჩაძირულნი იყვნენ ღამეში, რომელშიც ყველა ვარსკვლავს, როგორც ღმერთს, თაყვანს სცემდნენ; უკუნი კი ისეთივე ღრმა იყო, როგორც შეშლილობა, ისეთივე იყო სიბნელე, როგორც უმეცრება. დაე განიდიდოს უსასრულო განგებულება და უკიდურესი შემწყნარებლობა ღვთისა, რომელმაც საბოლოოდ ისე მოაწყო, რომ ნათლითმოსილი და სხივმფენი განთიადი აღმობრწყინდა – ყოვლადწმინდა ქალწული და ღვთივყრმა მარიამი, რომელიც ღვთის პირველდედის ანას წიაღიდან აღმოსული, ყველა ზეციური სათნოებით შემკული, განანათლებს, აახლებს და ახარებს სამყაროს. და მართლაც, ქალწული – ცისკარივით გაბრწყინდა, მისი ბრწყინვალე გამოცხადებით ღვთივსაძულველი დემონური მრავალღმერთობა გარბის, ძველი სჯულის ჩრდილები ქრებიან, ურწმუნოთა შეშფოთებული ბრბო ჭეშმარიტების შორს გაბრწყინებულ ნათელს ვერ უძლებს და თავის უბედურ სახეს იფარავს; წმინდა მასწავლებელთა ბაგეები უწყვეტად დიდებისმეტყველებენ; ცოდვათა ძილში ჩაძირული კაცთა მოდგმა ქრისტიანულ ცხოვრებაში და მართლმადიდებლურ რწმენაში იღვიძებს. ცისკარი, რომლის წინაშეც უმეცრების ბინდი იფანტება, მადლის სინათლეა; სიცრუე ნადგურდება, ჭეშმარიტება ისადგურებს, ჩვენი ცხონება იწყება, ჩვენს ტანჯვას ბოლო ეღება. ცისკარი, თავისი ნათელი სხივებით იქ, ქვევით, ჯოჯოხეთის მიწისქვეშა ჯურღმულებში აღწევს და დამწუხრებულ პატრიარქთა სულებს უეცარი სიხარულისთვის აღვიძებს. ასე რომ განუზომელი ნათებით გაოცებულნი, სიხარულითა და აღტაცებით სოლომონის საზეიმო გალობას გალობენ: „ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი“ (ქება 6, 9) განსაკუთრებით დღეს, ამ სასიხარულო დღის ხსენებისას, ნეტართა სულები და მათთან ერთად ზეციური წესთმთავრობა ამ შესანიშნავ შეძახილებს სათანადო სიხარულით აძლიერებენ: „ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი“. მათ პასუხად აქ, დედამიწაზე, წმინდა ეკლესია თავის სიხარულსა და ლხენას ათასი გალობით გამოხატავს. ასე რომ ცა, მიწა, საკურთხევლები და გუნდნი ერთხმად შესძახიან „ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი“. და თუკი ცისკრის გამოჩენისას გეჩვენება, რომ მთელი სამყარო ახალი ნათებით აღორძინდება, ვინ ვერ ხედავს ქალწულის შობაში მთელი სამყაროს აღორძინებას?! აქეთ-იქით მიმოიხედეთ, სად ხედავთ კერპთა ცრუ დიდებას, სად სრულდება უღმერთოთა მსხვერპლშეწირვა? სად არის ეშმაკის მსოფლიო საბრძანებელი? „აჰა ესერა იქმნა ყოველვე ახალი“ (2 კორ. 5, 17). გავიდა ღამე და დადგა დღე, გაქრა სიცრუე და გაცხადდა ჭეშმარიტება, დახსნილია წყევა და გარდამოვიდა მადლი. წმინდა და შუქმფენი ცისკარი, დიდების მზის ბრწყინვალე წინასწარმაცნე, გრილი მონაბერი, ქვეყნის ასაღორძინებლად ქვეყნად მოსული, შენი დაბადების აღმოსავალი. შენ, სამყაროს აღმოსავალო, ნათელი ჰორიზონტის ნაცვლად – სუფთა სახეები გაქვს, ადრიანი სხივების ნაცვლად – მოახლოებული სიბრძნე, ნაზი ყვავილების ნაცვლად – ღვთაებრივი ძალა, განთიადისწინა საამო სიოს ნაცვლად – ზეციური გასხივოსნება, ტკბილხმიანი ფრინველების ნაცვლად – ანგელოზთა სახეები „ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი?“ მეტს რას უნდა ველოდოთ ღვთის უსაზღვრო განგებულებისაგან? ამაზე დიდი რა უნდა წარმოეგზავნა მის კეთილმოწყალებას? ჩვენ, სიბნელეში მსხდომთ, რა უნდა გვესურვა, თუ არა სინათლე? გზააბნეულები რას უნდა მოვლოდებოდით, თუ არა ხელმძღვანელობას? ცოდვილნო, რას, თუ არა ცხონებას? ახლოს მოდით, გთხოვთ, ახლადშობილ ქალწულს ღვთაებრივი დიდების ყველა დიადი სასწაული, ჩვენი ნეტარების ნიშანი მიუსადაგეთ. შეხედეთ, როგორი მიმადლებულია ეს ქალწული და დაიფიცებთ, რომ ის ზეციური სილამაზის ღვთივქმნული გამოხატულებაა და ღვთის ყოვლისმპყრობელი მარჯვენის რჩეული ქმნილებაა. ჰოი, რა დიდებულია მისი თავი! მაგრამ მასზე სულიწმიდა ამბობს: „თავი შენ ზედა, ვითარცა კარმელი“ (ქება 7, 5). კარმელის მთა უფრო ახლოა ზეცასთან, ვიდრე მიწასთან. ის მიუთითებს, რომ მარიამი ყოველგვარ ადამიანურ ამაობაზე მაღლა დგას. შეხედეთ მის შუქმფენ სახეს, განა არა ჩანს, რომ ზეცამ ვარსკვლავთა მთელი სისუფთავე და სილამაზე ამ თვალებში ასახა? „თუალნი შენნი ვითარცა ტბანი ესებონისანი“ (ქება 7, 4). წარმოიდგინეთ მისი მეწამული ბაგე, საიდანაც ზეციური თაფლი და რძე მოედინება „ვითარცა საბელი ძოწეული ბაგენი შენნი“ (ქება 7, 4) და კიდევ: „თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა“ (ქება 4, 11). ამ ბაგეთაგან გამოვა ის ტკბილი სიტყვა – „მეყავნ“ (ლკ. 1, 38), რომელიც ღვთაებრივ სიტყვას ზეციდან დედამიწაზე ჩამოიყვანს. „მუცელი შენი ხუავი იფქლისაი, მოკრძალული შროშნითა“ (ქება 7, 2). საშინელი საიდუმლო მუცელი შენი ხუავი იფქლისა – აი თესლი ნაყოფიერი, მოკრძალული შროშნითა – აი მარადისაყვავებული და უჭკნობი სიქალწულე!ამოუცნობი საიდუმლო: ნაყოფი შეერთებული იყოს ყვავილთან, ქალწულებასთან კი – შობა! რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი! ამ ქალწულებრივ და ღვთივქმნულ სხეულს ერთი ნაწილიც არა აქვს ისეთი, სიწმინდით, სისუფთავითა და სილამაზით რომ არ სუნთქავდეს „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4, 7) როგორც ჩანს ღვთაებრივმა განგებულებამ ამ უნაზეს ჩვილში ყველა ნიჭს სასწაულებრივად მოუყარა თავი და მისი სახით სათნოებათა განსულიერებული შეხამება გააცხადა. ყველა მართალს ერთი რაიმე ნიჭი ამკობდა, ამ ქალწულს კი, როგორც დედოფალს, სულის მთელი ღვთაებრივი ნიჭები ადგა გვირგვინად. ასე რომ, გადაუჭარბებლად ის ყველა ნიჭს თავის თავში ატარებდა. რჩეულთაგან თითოეულს მადლი ნაწილობრივ აქვს მინიჭებული, მარიამს კი – მთელი სავსება მადლისა, ამბობს ნეტარი იერონიმე. ამიტომ ღვთაებრივი გადაწყვეტილების შესაბამისად მას მიეცა საიდუმლო, მიმადლებული სახელი – მარიამი (სწორედ რომ მარიამი) რომელიც ხუთი ასოსგან შედგება (!) ის ძველი აღთქმის ხუთ დიდ დედაზე მიანიშნებს: მოსეს და აარონის დაზე მარიამზე; ნაბალის ცოლ აბეგაზე; იაკობის ცოლზე – რაქელზე; უწმინდეს ქვრივზე – ივდითზე; ელკანას ცოლზე – ანაზე. ეს სახელი თავისი საიდუმლო მნიშვნელობით იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა ნიჭი და სათნოება, რომლებიც ამ დედებს ცალ-ცალკე ჰქონდათ, ერთმა ღვთივყრმა მარიამმა დაიტია. მოსეს დაში მარიამში ორი ღირსება ბრწყინავდა: წინასწარმეტყველება და ქალწულება; ეს მიმადლებული მარიამიც მარადის ქალწული და წინასწარმეტყველია, რასაც მოისმენთ წინასწარმეტყველურ გალობაში ელისაბედის პასუხად: „ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“ (ლკ. 1, 48). აბეგა თავმდაბლობით განიდიდა; ეს ასული მას სწორედ თავმდაბლობით გარდაემატა „რამეთუ მოხედდა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა“ (იქვე). რაქელი სილამაზით იყო განთქმული: ამ ქალწულს კი თვით ზეცის მშვენება მთავარანგელოზი ესალმება, როგორც ყველაზე მიმადლებულს და მშვენიერს: „გიხაროდენ მიმადლებულო“ (ლკ. 1, 28). ივდითი იმისათვის განიდიდა, რომ ოლოფერნის შემუსვრა შეძლო; ეს ქალწულიც, გონებით ოლოფერნის ეშმაკის შემმუსრავი, საფენებიდან იძახის: „რამეთუ ყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან“ (ლკ. 1, 49). ანა ზეიმობდა, რამეთუ უწინ უნაყოფომ, დიდი სამოელი შვა; განსაკუთრებულად ზეიმობს მარიამი, რამეთუ უნდა იყოს არა უნაყოფო, არამედ ქალწული და ამასთანავე დედა უდიადესი ემანუილისა – დედა ძისა და სიტყვისა. მაგრამ მართალ დედებს შეუდარებლად მიმადლებულ ქალწულს რად ვადარებ? მარიამი თავისი სიწმინდით უნივთო და უსხეულო ანგელოზებს აღემატება (ზეციურ სამკაულთა ცეცხლისთვალება განწესებანო მომიტევეთ ამას რომ ვამბობ). იგი, სასძლო, ასული და დედა ღვთისა, ანგელოზურ ბუნებაზე ისევე აღმატებულია, როგორც ღვთისმსახურებზე. „გიხაროდენ მიმადლებულო, ქერუბიმებზე, სერაფიმებზე და ანგელოზთა ყველა განწესებაზე აღმატებულო“ – ასე ესალმება მას ეპიფანე კვიპრელი. მარიამი – დახშული მტილია, სადაც ვერ შეაღწევს სატანის გველი. „მტილი მოკრძალული არს დაი ჩემი, სძალი“ (ქება 4,12). ის მსუბუქი ღრუბელია, ის ცოდვის სიმძიმეს სრულიად არ განიცდის „ვიხილე უფალი მჯდომარე ... ღრუბელსა ზედა სუბუქსა“ (ეს. 6, 1; 19, 1); ის შროშანია ეკალ-ბარდს შორის „შროშანი შორის ეკალთა“ (ქება 2, 2). ამიტომ მისი სისპეტაკის ოქროსავით მბრწყინავი სილამაზე, თუმცა საყოველთაო უბედურების ეკალშიაღმოცენდა, არაფრით დაზარალებულა. „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ ასეთი იყო ის, ვინც ღვთაების სამკვიდრებელი და დიდების მეუფის მზესავით სპეტაკი საყდარი უნდა ყოფილიყო. მაშ ასე, ბედნიერი და ყოვლადნეტარია კაცთა მოდგმა, რომლის ფესვიდანაც ესოდენ წმინდა და მიმადლებული ნაყოფი წარმოდგა. ცდუნების მეშვეობით ჩვენგან ცოდვის ხრწნილი შხამი იშვა – მადლის მეშვეობით ჩვენგანვე მისი ცხოველმყოფელი წინააღდგომა უნდა შობილიყო. ჩვენგან დაედო დასაბამი წყევასა და სიკვდილს – მადლი და სიცოცხლე ჩვენ პირველებს უნდა შეგვხებოდა. ყოვლადძლიერი ღვთაებრივი განგებულების საოცარი საქმეები მოიხილეთ, რა ბრძნულად ამოარიდებს წამალს იქიდან, საიდანაც სნეულებანი ჩნდება. რაოდენ სასიხარულოა დღეს უმზერდე ქალწულის შობას – ჩვენი უბედური ყოფის ცვლილებას! ხედავდე, როგორ იხსნება ჩვენს წინაშე კარი, რომელიც ურჩობამ დახშა! რომ გვეძლევა მადლი იმ ნეტარების მოსაპოვებლად, რომელიც ეშმაკის მზაკვრობამ აღგვიკვეთა! როგორი სასახელოა ჩვენთვის ამაღლება ისეთი, რომ მიუახლოვდე თვით მარადისარს სამებას, და მისცე მამას ასული, ძეს – დედა და სულიწმიდას – სასძლო! ჭეშმარიტად ვკადნიერდები და ვამბობ: ჩვენ ვაიძულეთ ღმერთი ყოფილიყო მოწყალე და ახლა მარიამის სახით გვაქვს უმშვენიერესი ზღუდე, რათა მოსალოდნელი რისხვის ისრები შორიდანვე უკუიქცეს. ჩვენ მოვალენი ვართ ეს სასიხარულო დღე აღვიბეჭდოთ გულებში და არა თეთრ ლოდზე, როგორც ეს წესად ჰქონდათ ძველად, რადგან ამ დღემ ჩვენზე მრავალი ზეციური წყალობა გადმოადინა. ძველები ახალშობილ მეფისწულებს ასე ესალმებოდნენ: „გიხაროდენ, პატარავ!“ მოდით დღეს ჩვენც შევიკრიბოთ, როცა იბადება ეს მეფური ჩვილი, დედოფალი და ღვთივყრმა მარიამი, ჩვენი სიხარულით აღსავსე ხმები შევაერთოთ და მივეგებოთ მას სიტყვებით: „გიხაროდენ ახალო ნათებავ ადამიანის ცხონებისა, მადლის დილავ, ცოდვის დაისო; გიხაროდენ გონებრივი მზის პირველო ციალო, ბედნიერი დღის პირველშობილო სხივო, ღვთაების პირველო ქმნილებავ. გიხაროდენ სიწმინდის უმწიკვლო სარკევ, სრულყოფილების დაფარულო სახევ, ქალწულების სრულო იდეალო, ღვთაებრივი ყოვლადძლიერების მამხიარულებელო გამოვლინებაო, გიხაროდენ პატრიარქთა სასურველო იმედო, წინასწარმეტყველებათა აღსრულებავ, ადამიანთა საერთო სასოებავ, გიხაროდენ მშობელთა წლოვანების ცივ თოვლში ვარდივით აღმოცენებულო, უნაყოფო წიაღიდან შობილო, ვინც ნეტარების ნათელი იმაზე უწინ იხილე, ვიდრე ნათელი მზისა. შენ სულით ზეცის ბინადარი იმაზე ადრე გახდი, ვიდრე სხეულით მიწისა, შენ დაუსაბამო მამის ასული უფრო ადრე იყავ, ვიდრე ასული იოაკიმესი და ანასი; ვიდრე მიწაზე ფეხს დაადგამდი, შხამის მფრქვეველი გველის თავი გასრისე. გიხაროდენ, შენ, დედის მრავალწლიანი უნაყოფობის შემდგომ სასწაულებრივად ჩასახულო, ნიჟარაში მარგალიტივით გაბრწყინებულო. შენ, ზეციური სათნოების ყვავილებით მორთული, დილასავით იბადები, ღვთაებრივი მადლის სხივების გვირგვინით შემკული, იზრდები და დედათაგან შობილთა შორის ცხოვრობ ვითარცა ფენიქსი – ერთადერთი საოცრება ბუნებისა. ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ცრემლებით ვიწყებთ, ცხოვრებაში უბედურების გარდა სხვა არაფერზე ვსაუბრობთ და ამ ჩვენს ამბავს მხოლოდ მწარე და სასტიკი სიკვდილით ვასრულებთ. შენ ერთი, ღვთივბრძენი ასული, ღვთაებრივი განგებულების ზემოქმედებით არა მხოლოდ სიხარულით იწყებ შენს ცხოვრებას, საზოგადო სიხარულსაც უდებ დასაბამს. შობა შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, სამყაროული სიხარულია, რამეთუ შენგან აღმობრწყინდა მზე სიმართლისა – ქრისტე ღმერთი ჩვენი, წყევა განაქარვა, გვაკურთხა, სიკვდილი დათრგუნა და საუკუნო ცხოვრება მოგვმადლა. ჩვენი ცხოვრების გზაზე მხოლოდ იმ სიდიადეს ამცნობ, რომელზეც ღმერთმა აღგიყვანა. „რამეთუ ყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან“; შენი ბოლო ტკბილი ძილი იქნება, რომლიდანაც ზეცად ამაღლდები როგორც ანგელოზთა სხივმფენი და ნათლითმოსილი დედოფალი „დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე ... და თავსა ზედა მისსა გვირგვინი ვარსკულავთა ათორმეტთა “ (გამოც. 12, 1). ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო, ნეტავ ჩვენ, ცოდვილებს, შენი შუქმფენი ამაღლების ხილვა ისევე შეგვეძლოს, როგორც აქ, მთელი გულით, სულით და გონებით შენს შობას ვადიდებთ! წიგნიდან: ეპისკოპოსი ილია მინიატისი |