მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

არქიმანდრიტი
იუსტინე (პოპოვიჩი)

 

ბიოგრაფია

 

იუსტინე პოპოვიჩი დაიბადა 1894 წელს ხარება დღეს სერბეთის უძველეს ქალაქ ვრანეში. პაპამისი ალექსი პოპოვიჩების კეთილშობილ საგვარეულოში რიგით მეცამეტე მღვდელი იყო. ბლაგოემ (ასე ერქვა მ. იუსტინეს ბერად აღკვეცამდე) წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და სწავლა ბელგრადის წმ. საბას სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში გააგრძელა. 1914 წელს, სემინარიის დამთავრების თანავე ბლაგოემ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მაგრამ იწყება I მსოფლიო ომი და მას ფრონტზე აგზავნია სამედიცინო ნაწილში, სადაც იგი ორი წლის განმავლობაში სანიტრობდა და თავად იყო მოწმე ომის ჭირ-ვარამისა. 1916 წელს მამა იუსტინე უკვე ბერია. იმავე წელს იგი მიემგწზავრება პეტერბურგში და სასულიერო აკადემიის სტუდენტი ხდება. რევოლუციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მ. იუსტინე ახერხებს ინგლისში მოხვედრას და ოქსფორდის თეოლოგიურ კოლეჯში აგრძელებს სწავლას. სამი წლის განმავლობაში მან მთელი ინგლისი შემოიარა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოისმინა ცნობილი პროფესორების ლექციები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ამ დროს იგი უკვე სრულად ფლობს ძველ-ბერძნულს, ლათინურს და ოთხ ევროპულ ენას.

 

1919 წელს მ. იუსტინე წერს სადიპლომო ნაშრომს დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ, სადაც მძაფრად აკრიტიკებს დასავლურ ჰუმანიზმს და ანტროპოცენტრიზმს, ასევე კათოლიციზმს. ინგლისელი პროფესორები მისგან ითხოვენ უარის თქმას ამგვარ შეხედულებებზე, რაზეც მტკიცე უარს ღებულობენ და მამა იუსტინე ოქსფორდს უდიპლომოდ ტოვებს.

 

1919-1921 წლებში იგი უკვე ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: “წმ. მაკარი ეგვიპტელის მოძღვება ადამიანის პიროვნებისა და მისი შემეცნების საიდუმლოს შესახებ”. 1921 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბელგრადში, მოგვიანებით კი ქალაქ კარლოვცის სემინარიაში. აქ ის უახლოვდება რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დევნილ იერარქებს, რომელთა მიმართაც სიყვარულსა და ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე ინახავს. აქვე იწერება მისი შრომა “წმ. ისააკ ასურის გნოსეოლოგია”.

 

1930 წელს მას აგზავნიან ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ უკრაინაში, სადაც ის დაუღალავად იბრძვის უნიატობის გავრცელების წინააღმდეგ. აქ მას არწმუნებენ რომ, ეპისკოპოსად უნდა ეკურთხოს, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ პატივზე და სერბეთში ბრუნდება. 1935 წელს იგი გამოსცემს თავის სახელგანთქმულ ნაშრომს “დოგმატიკა”. მ. იუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი ჰიმნოგრაფიული საგალობლები, “წმიდანთა ცხოვრების” 12 ტომი, რომელიც პირველად ითარგმნა სერბულად, მრავალი თეოლოგიური ტრაქტატი.

 

1948 წლიდან გარდაცვალებამდე არქიმანდრიტი იუსტინე გამოუსვლელად ცხოვრობს ჩელიეს მონასტერში. ეს იყო იძულებითი შინა პატიმრობა, რომელიც მას სტალინის მეგობრის ბროს ტიტოს (კომუნისტური იუგოსლავიის ხელმძღვანელი) ბრძანებით მიუსაჯეს, იმის გამო რომ იგი უშიშრად ამხილებდა უღმერთო ხელისუფლებას. მას მიმოწერაც კი ჰქონდა აკრძალული და მუდმივად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

 

1970 წელს, მას შემდეგ რაც სერბეთის პატრიარქმა საჯაროდ განაცხადა - სერბეთის ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანული ნაწილიაო, არქ. იუსტინემ შეწყვიტა მისი მოხსენიება და არც აღუდგენია მასთან კავშირი. “სერბეთის ეკლესიის სინდისი”, “ახალი პალამა” (ასე უწოდებენ მ. იუსტინეს” გარდაიცვალა 1979 წელს. ოცდაათი წელი გაატარა მან ტყვეობაში, მაგრამ იმავდროულად ეს იყო ნაყოფიერი სულიერი ცხოვრების წლები. მ. იუსტინე არასოდეს გრძნობდა თავს მარტოობაში, იგი გონებითა და გულით ყველა დროის ყველა წმინდანთან იყო. “რა არის “წმიდანთა ცხოვრება”? - წერდა მ. იუსტინე - ცხოვრებაში გატარებული დოგმატები. რა არის დოგმატები? განხორციელებული “წმიდანთა ცხოვრება”.

 

90-იანი წლების დასაწყისში სერბეთის საპატრიარქომ მამა იუსტინე წმიდანად შერაცხა. ჭეშმარიტად განცხადდა მაცხოვრის სიტყვები: “ვაი თქვენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყვით: უკუეთუმცა ვიყვნეთ დღეთა მათ მამათა ჩვენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა” (მათე 23,29-30).