მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმინდა მართალი
იოანე კრონშტადტელი


სიტყვა დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს


საყვარელნო ძმანო და დანო! მსურს, მოგითხროთ და რამდენადმე განგიმარტოთ სახარებისა და სამოციქულოს დღევანდელი საკითხავი. სამოციქულოდან მოციქულ პავლეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ერთი ნაწილი იკითხებოდა, სადაც საუბარია ქრისტე მაცხოვრის განმწმედელ სისხლის ძალაზე, ზეციურ მამას რომ შესწირა თავი თვისი, ცოდვათათვის ყოვლისა სოფლისა (ებრაელთა მიმართ 9, 11-14); ხოლო სახარებიდან ამოვიკითხეთ მარკოზ მახარებლის მონათხრობი: უფალმა იესუ ქრისტემ თავის თორმეტ მოციქულს და, მათ შორის, იუდა მიმცემელს, უწინასწარმეტყველა, რომ უფალი ჩვენი „მიეცეს მღვდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდიდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მარკოზ 10, 33-34). შემდგომ სახარებაში მოთხრობილ იყო ორი მოწაფის, – ძმების იაკობისა და იოანეს, – უადგილო თხოვნაზე, რათა ოდეს იესუ ქრისტე დიდებაში შევიდოდა, მათ უპირველესი ადგილები დაეკავებინათ და რა მშვიდად ამხილა ისინი უფალმა, უთხრა რა, რომ გზა დიდებისაკენ – ესაა გზა ჯვრისა, ტანჯვისა და სიკვდილისა; ასევე, გადმოცემულია მოციქულთა დანანება იაკობისა და იოანეს სურვილზე და ამასთან დაკავშირებით მაცხოვრის სწავლება: „რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ, და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა“ (მარკოზ 10, 43-44), ისევე, როგორც თვითონაც „არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“ (მარკოზ 10, 45). დავუბრუნდეთ სამოციქულოს. პავლე მოციქული ქრისტეზე იტყვის, რომ იგი მერმეთა მათ სიკეთეთა მღდელთმოძღვარი თვისი სისხლით ერთგზის შევიდა სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოხსნა ჰპოვა ყველა მისდამი მორწმუნისათვის; და თუკი ძველ აღთქმაში ვაცთა და ზვარაკთა სისხლი და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმენდდა მსგავსად ხორცთა მათ განწმენდისათა, რაოდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან იგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი შესწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი ჩვენნი მკვდართაგან საქმეთა, ე.ი. ცოდვათაგან, რომელთა საგზალიც სიკვდილია, მსახურებად ღვთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა. მაშ, სამოციქულოს საკითხავის აზრი ისაა, რომ თუ ძველი აღთქმის წინასახეობრივი სისხლი, სამსხვერპლე ცხოველთა სისხლი, აკურთხევდა შეგინებულს, რათა სხეული წმინდა ყოფილიყო, მეტადრე, რამდენად უფრო განწმენდს ჩვენს სინდისს, სულსა და სხეულს ყოველგვარი ცოდვისაგან სისხლი ქრისტესი. მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც ამბობს: „სისხლი იგი იესუ ქრისტესი განმწმედს ჩვენ ყოვლისაგან ცოდვისა“ (1 იოანე 1, 7). მაშ, ცოდვილთაგან, ნურავინ რაოდენ ცოდვილიც უნდა იყოს, უსასოობას ნუ მიეცემა, არამედ იმედოვნებდეს, რომ ცოდვათა მიტევება-განწმენდას მიიღებს; რამეთუ ჩვენ გვყავს მაცხოვარი, რომელიც თავის ეკლესიაში უხილავად მუდამ ჩვენთანაა, განსაკუთრებით, წმინდა საიდუმლოებებში, რომელიც ზეციდან გარდამოხდა, რათა ყოველგვარი ცოდვისაგან განგვწმიდოს, ოღონდ კი გვწამდეს მისი, გულწრფელად და მიუქცეველად ვნანობდეთ და რწმენითა და სიყვარულით ვეზიარებოდეთ მის ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს. ასევე, დღეს ხსენებული მარიამ მეგვიპტელიც თავდაპირველად ბოროტების უფსკრულში, გარყვნილების მორევში ჩავარდნილიყო; მაგრამ სინანულმა, სარწმუნოებამ და სიყვარულმა, ლოცვა-მარხვის ღვაწლმა, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებთან ზიარებამ განწმინდა და ანგელოსთასწორი ჰქმნა. მობაძავ ვექმნეთ ჩვენც მის რწმენას, გულმოდგინებას სინანულში, ლოცვასა და ღვთის სიყვარულში, მის წყურვილს ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებისადმი და უფალიც განგვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან: „რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ, და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნაჲ და თავადმან იჴსნას ისრაელი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა“ (ფსალმუნი 129, 6). სახარების დღევანდელ საკითხავში უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, პატივმოყვარეობითა და ეგოიზმით აღძრულნი არ ვეძებდეთ პირველობასა და უპირატესობას, არამედ ერთი მხოლოჲ მიგვაჩნდეს ღვთისათვის სათნო საწადელად – ცხოვნებისათვის შევეწეოდეთ ერთურთს ისევე, როგორც თავად ქრისტე ღმერთი არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა. რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა (მარკოზ 10, 43-45). ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი (გალატელთა 6, 2). ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა