წმიდა გრიგოლ ნოსელი (+394)
ბიოგრაფია
წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.”
გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ – მაკრინამ (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.
დედის, დის, შემდეგ კი ძმის – ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!”
როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”
370 წელს ბასილი დიდი კესარიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 372 წელს კი მან გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.
371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.
ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.
ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი “ექუსთა დღეთათჳის” – განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ( „ადამიანის შექმნის შესახებ”).
გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.
381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.
ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმ. გრიგოლი მეტად ნაყოფიერი შემოქმედი იყო. მისი სახელით ჩვენამდე მოაღწია და ავთენტურადაა აღიარებული 58 თხზულება; ამას გარდა, არის კიდევ ათზე მეტი ლიტერატურული ძეგლი, რომელთა ავტორობა რამდენადმე საეჭვოა. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური თხზულებებიდან გამოირჩევა: „კაცისა შესაქმისათჳს“ (დამატება ბასილი დიდის თხზულებაზე „ექუსთა დღეთათჳს“), „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (კომენტარი ბასილი დიდის იმავე თხზულებისა), „მოსეს ცხოვრება“ (მოღვაწეობის ნიმუშის ჩვენება მოსეს ცხოვრებით), განმარტება ფსალმუნთა ზედაწარწერილებისა, რვა ჰომილია ეკლესიასტეს შესახებ, განმარტება „ქება-ქებათასი“, ხუთი ჰომილია საუფლო ლოცვის („მამაო ჩვენო“) შესახებ, რვა ჰომილია „მომიჴსენენის“ („ცხრა ნეტარების“) შესახებ.
დოგმატურ-პოლემიკური შინაარსისაა გრიგოლ ნოსელის თხზულებები: „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისა“ (დიდი კატეხიზმო), „ევნომიუსის წინააღმდეგ“ 12 წიგნად (ესაა გრიგოლ ნოსელის ყველაზე ვრცელი დოგმატური ნაშრომი, ევნომიუსის წინააღმდეგ დაწერილი ბასილი დიდის თხზულებაზე ევნომიუსის კრიტიკული გამოხმაურების პასუხად), „დარღვევა აპოლინარის აზრებისა“, „აპოლინარის წინააღმდეგ“ (თეოფილე ალექსანდრიელისადმი), „სიტყვა არიოზისა და საბელიოსის წინააღმდეგ“, „სიტყვა სულიწმიდის შესახებ მაკედონიანთა წინააღმდეგ“, „ღმრთეებისათჳს ძისა და სულისა წმიდისა“, „სულისა და აღდგომისათჳს“.
ასკეტიკური ნაშრომებია: „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“ (არმონიოს მიმართ), „სისრულისათჳს“, ჭეშმარიტი მოღვაწეობის შესახებ. გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის აგრეთვე ჰომილიები ქრისტეს შობის, აღდგომის, ნათლისღების დღესასწაულებზე, პანეგირიკები წმიდათა მოსახსენებლად (გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ბასილი დიდი, ეფრემ ასური, სტეფანე პირველმოწამე თეოდორე ტირონი, მელეტი ანტიოქიელი, 40 სებასტიელი მოწამე) და სხვ.
წმ. გრიგოლ ნოსელი ერთი იმ ავტორთაგანია, რომელთა შემოქმედებას დიდი ინტერესითა და სიყვარულით ეწაფებოდა ქართველი მკითხველი საუკუნეთა განმავლობაში. მათ ინტერესს გრიგოლის შემოქმედებისადმი მოწმობს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დროის მოღვაწეთ ქართულად უთარგმნიათ მისი თხზულებების დიდი ნაწილი – 27 დასახელებისა. გრიგოლ ნოსელის თხზულებათა უძველესი თარგმანები VIII-IX სს-ისაა, ამ ავტორის შრომათა უმეტესობა კი ქართულად ითარგმნა X-XI სს-ში, ათონის ქართული ლიტერატურული სკოლის მოღვაწეთა, აგრეთვე შემდგომი პერიოდის სწავლულ ღვთისმეტყველთა მიერ. მთარგმნელთაგან სახელდებით ჩვენთვის ცნობილნი არიან ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდლები, ეფრემ მცირე და სტეფანე სანანოისძე.
გრიგოლ ნოსელის თხზულებათა ქართული თარგმანები
გრიგოლ ნოსელის თხზულებათა უძველესი ქართული თარგმანებია: „ქრისტეს შობისა და წმიდისა სტეფანესთჳს“ და „კაცისა აგებულებისათჳს“, რომლის თარგმნას ი. აბულაძე VIII-IX სს-ში ვარაუდობს (გამოცემულია ორჯერ: თავდაპირველად ი. აბულაძის, შემდეგ ბ. გიგინეიშვილისა და ე. გიუნაშვილის მიერ). ეს თარგმანები ანონიმურადაა ჩვენამდე მოღწეული („კაცისა აგებულებისათს“ მოგვიანებით მეორედაც ითარგმნა ქართულად, გიორგი მთაწმიდლის მიერ, XI ს.).
ეფთვიმე მთაწმიდელმა თარგმნა: „ცხორებისათჳს დისა თჳსისა წმიდისა მაკრინაჲსი“, „ძიებაჲ სულისათჳს დისა თჳსისა მაკრინაჲს თანა“, „შესხმაჲ წმიდისა ბასილისი“, „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, „სინანულისათჳს“, „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ მამაო ჩუენოჲსაჲ“, „მოსეს ცხორებაჲ,“ „შემოსლვისათჳს წმიდათა მარხვათაჲსა“.
გიორგი მთაწმიდელს მიეწერება შემდეგი თარგმანები: „დაბადებისათჳს კაცისა“, „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისაჲ“ („დიდი კატეხიზმო“), „პეტრეს მიმართ, ძმისა თჳსისა“, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, „საკითხავი წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს“, „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“, „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“, „მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა“, „შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა, რომელსა შინა მოიჴსენებს რაქელს და ჩჩჳლთა მათ წმიდათა, რომელნი მოსრნა უღმრთომან ჰეროდე“ (მოგვიანებით ეს თხზულება ეფრემ მცირემაც თარგმნა), „ეპისტოლე არმონიოს მიმართ, თუ რაი არს აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“, „ეპისტოლე არმონიოჲს და კესაროს და ულუმპოს მოღვაწეთა მიმართ სისრულისათჳს და რაჲთა უწყოდით, თუ ვითარი ჯერარს, რაჲთა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი“, შესხმანი: გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, მელეტი ანტიოქელისა, თეოდორე ტირონისა, ორმეოცთა სებასტიელთა მოწამეთა, ეფრემ ასურისა, მამაჲ მოწამისა, სტეფანე პირველმოწამისა. ეს უკანასკნელი (წმ. სტეფანეს შესხმა) გიორგიმდე ორჯერ იყო თარგმნილი (პირველი თარგმანი, ძველი მრავალთავებით შემონახული, ანონიმურია; მეორე – სტეფანე სანანოისძეს ეკუთვნის), გიორგიმ კი მესამედაც თარგმნა.
ძველ ქართულ ხელნაწერებში გრიგოლ ნოსელის სახელითაა წარწერილი ჰომილია: „განმარტება სიტყჳსა: მის, ვითარმედ: ესე არს ძე ჩემი საყუარელი“. (ტექსტი გამოაქვეყნა ე. კოჭლამაზაშვილმა, 2002 წ., მანვე მიაკვლია ამ ჰომილიის ბერძნულ დედანს, რომელიც ხელნაწერებში გრიგოლ ანტიოქიელის თხზულებადაა გამოცხადებული, იოანე დამასკელის კომპილაციური ნაშრომი Ιερα παράλληλα კი, სადაც ხსენებული ჰომილიის მცირე ფრაგმენტია ციტირებული, მას გრიგოლ ნოსელის მიაწერს; ე. კოჭლამაზაშვილის თვალსაზრისით, ნამდვილი ავტორი სწორედ გრიგოლ ნოსელია. მისივე მტკიცებით, გრიგოლ ნოსელისავე უნდა იყოს საკითხავი „ნათლისღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა იოვანეს მიერ იორდანესა მდინარესა“, რომლის ქართული თარგმანი უდაბნოს, ტბეთისა და პარხლის მრავალთავებშია შემორჩენილი და ამ ხელნაწერებში იოანე ოქროპირს მიეწერება. ტექსტოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ფსევდოოქროპირისეული საკითხავი ორგანულადაა დაკავშირებული გრიგოლ ნოსელის ზემოაღნიშნულ ჰომილიასთან და მასთან ერთად დილოგიას ქმნის).
გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ძველ ქართულ ლიტერატურაში. სახელდობრ, მისი თხზულებები ფართოდ გამოუყენებია გიორგი მცირეს; მას „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“ ამ ავტორის საკითხავთაგან ამოღებული მრავალი მონაკვეთი ჩაურთავს.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ დემეტრე მეფის ცნობილი საგალობელი („შენ ხარ ვენახი“) ნოსელისეული სახისმეტყველებით უნდა იყოს შთაგონებული.
გრიგოლ ნოსელის რამდენიმე თხზულების ციტირება გვხვდება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“, „წმიდათა მამათა სიტყვანში“, სამოციქულოს კატენებში, რომლის ავტორადაც ქართული ტრადიცია კირილე ალექსანდრიელს მიიჩნევს და რომელიც ქართულად ორი თარგმანის სახით გვაქვს – ეფთვიმე მთაწმიდლისა და ეფრემ მცირისა.
გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას კარგად იცნობდა დიდი ქართველი ლექსიკოგრაფი ს.ს. ორბელიანი, რომელსაც მისი თხზულებების ქართული თარგმანები თავისი „სიტყვის კონის“ დოკუმენტურ მასალად აქვს გამოყენებული. გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას სხვადასხვა კუთხით ეხებიან ძველი დროის სხვა ქართველი მეცნიერები და სასულიერო მოღვაწეებიც.
ამ ავტორის თხზულებათა ქართულ თარგმანებს პირველი ნაშრომები მიუძღვნეს კ. კეკელიძემ, თ. ჭყონიამ და ი. აბულაძემ; მოგვიანებით სირაძემ, ბ. გიგინეიშვილმა, ე. გიუნაშვილმა, ე. ჭელიძემ, გ. კიკნაძემ, ე. კოჭლამაზაშვილმა, თ. დოლიძემ, მ. კობიაშვილმა, პროტოპრესვიტერმა გ. ზვიადაძემ, გ. ალიბეგაშვილმა, თ. ბააკაშვილმა, ე. ქირიამ, თ. აფციაურმა, ნ. ბუკიამ, ლ. დათაშვილმა, ნ. მრევლიშვილმა, გ. კოპლატაძემ, გ. რუხაძემ.
ბოლო ხანებში გრიგოლ ნოსელის თხზულებები თანამედროვე ქართულზე გადმოთარგმნის მცდელობა იყო. თავდაპირველად გამოქვეყნდა (ანონიმურად) კანონიკური ეპისტოლის ვარიანტი (არსენ იყალთოელის თარგმანზე დაყრდნობით). ე. ჭელიძემ თარგმნა გრიგოლ ნოსელის შემდეგი თხზულებები: „მოსეს ცხოვრება“ (პირველი ნაწილი), „ადამიანის შექმნის შესახებ“ (I-IV თავები), „ეპისტოლე ევსევისადმი და სოფისტი ლიბანიოსისადმი“, „მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ“, „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?“. გ. კოპლატაძემ თარგმნა „შესაქმისათვის კაცისა“ (საქარველოს ეკლესიის კალენდარი 2010 წლისათვის); აგრეთვე, საყურადღებოა მ. თოდუასა და ზ. ჯაშის თარგმანები.
2006-2010 წლებში გამოქვეყნდა გრიგოლ ნოსელის ღვთისმეტყველების ლექსიკონი ცალ-ცალკე ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ლექსიკონი შეიცავს 186 სტატიას, რომლებიც შედგენილია 15 ქვეყნის წარმომადგენელი 37 მეცნიერის მიერ. ამათგან ოთხი ქართველია, რომელთაც დაწერეს შემდეგი სტატიები: „გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თ. აფციაური), „გრიგოლ ნოსელის Vita Grego- ri Thaumaturgi“ (ე. კოჭლამაზაშვილი), „De oratione Dominica“ (ე. ქირია), „De Deitate Filii et Spiritus Sancti“ და „In Inscriptiones Psalmorum“ (ორივე თ. დოლიძის). |