მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ ნოსელი (+394)

 

ქადაგება 67-ე ფსალმუნზე, ამაღლებისათვის

 

რა მშვენიერი თანამგზავრია ჩვენი კაცობრივი ცხოვრების გზაზე დავით წინასწარმეტყველი, სვლის რა წერტილშიც უნდა შემოხვდეთ მას. იგი საუცხოოდ ერწყმის მათ, ვინც შეუპოვარია სულიერ გზაზე, იგი თანამშრომლობს ყველა მოზარდთან – სულიერი ზრდის ყოველ საფეხურზე! სულიერად ყრმათ იგი ეთამაშება, ხოლო მოწიფულთ ბრძოლაში შეეწევა. ყმაწვილთ განსწავლის და ხანდაზმულთ ამხნევებს. იგი ყველასათვის ყველაფერია: მებრძოლთათვის თუ საჭურველია, - ათლეტთათვის – მწვრთნელია, ტანმოვარჯიშეთათვის – პალესტრი, მძლეველთათვის – გვირგვინი. ლხინში თუ სიხარულია, ჭირში ნუგეშის მომცემია. მისი მადლი არც ერთ ცხოვრებისეულ მოვლენას არ აკლდება. განა არსებობს ნაყოფიერი ლოცვა დავითის თანამშრომლობის გარეშე? ანდა, წარმოსადგენია მედღესასწაულემ იგრძნოს დღესასწაულის სიხარული, თუ წინასწარმეტყველი არ განადიდებს მას?

 

დღეს სწორედ ამის მოწმენი ვხდებით. ამ დღესასწაულის ისედაც დიდებული საგანი წინასწარმეტყველმა კიდევ უფრო განადიდა, მოუტანა რა მის უმთავრეს საღვთისმსახურო ნაწილს მისადაგებულ ფსალმუნთა სიხარული.

 

„უფალმან მმწყსოს მე“. ერთ-ერთი მათგანი (22-ე ფსალმუნი) გიწვევს გახდე ცხვარი, რომელსაც ღმერთი მიუძღვება საძოვარზე. ასეთს არაფერი არ აკლდება; არც საძოვრის ბალახი, არც სულისმოსათქმელი წყლები, არც საკვები, არც ჭერი; არც სავალი გზები და არც წინამძღოლი. კეთილი მწყემსი გასარგებლებს ყოველივე ამით; იგი მადლს ანაწილებს და უსადაგებს ყოველგვარ მოთხოვნილებას. ამგვარია ეკლესიის მოქმედების წესი. იყავ, უწინარეს ყოვლისა, კეთილი მწყემსის ცხვარი. კარგი კატეხიზმო ღვთიური საძოვრებისკენ და მოძღვრებათა სათავეთაკენ გაგიძღვება. შემდგომ კი სიკვდილად თანადაეფლვი უფალს მისი ნათლისღების საშუალებით. ნუ შეუშინდები ამ სიკვდილს, რადგანაც ეს არის არა სიკვდილი, არამედ მხოლოდ აჩრდილი და სახე სიკვდილისა. „ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ“ (ფს.22,4). ამის შემდეგ ნუგემცემული იქნები სულიწმიდის კვერთხით. სული – ნუგეშისმცემელია. იგი შენს წინაშე დადგამს საიდუმლოთა ტაბლას, განმზადებულს დემონთა ტაბლის პირისპირ. ეს ის დემონებია, კაცთა ცხოვრებას კერპთაყვანისმცემლობით რომ ზღუდავენ. სულის ტაბლა მათ წინააღმდეგ აღიმართება. შემდეგ ეკლესია თავზე სულის სურნელოვან ზეთს გცხებს, ამას დაუმატებს ღვინოს, გულის გამხარებელს (შდრ.ფს.103,150) და სულისათვის იმ ანკარა თრობის მომგვრელს, ფიქრებს წარმავლობიდან რომ მოაქცევს და მარადისობისაკენ მიაპყრობინებს. ამგვარი თრობის განმცდელი კაცი ყოველივე ხანიერს უსასრულო ხანგრძლივობაზე ცვლის და ცხოვრებას აგრძელებს იმ „დღეთა განგრძობამდე“, რაც უფლის სახლში გამოიცდება.

 

ერთმა ფსალმუნმა ამგვარ ფიქრთა სიამე მოგვანიჭა. იგი სულს აღვიძებს იმ უფრო დიდი და სრულყოფილი სიყვარულის მისაღებად, რომელიც მას მომდევნო ფსალმუნიდან მოევლინება. თუკი კეთილად გიჩნთ, სულ რამდენიმე სიტყვით გადმოვცეთ იგი მისი მნიშვნელობის გამოსარკვევად.

 

„უფლისაი არს ქვეყანაი“.

 

„უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი" (ფს. 23,1). ადამიანო, რად გეუცხოება, რომ ჩვენი ღმერთი გამოჩნდა ქვეყანაზე, და, რომ მან იცხოვრა კაცთა შორის. განა მან არ შექმნა ქვეყანა? განა იგი მისი შემოქმედება არ არის? რა არის წარმოუდგენელი ან შეუსაბამო იმაში, რომ სამკვიდრებელის პატრონი მოვიდეს მის მოსანახულებლად? ეს სამყარო მისთვის არ არის უცხო, თავად გამოსახა იგი. მან ზღვებზე დააფუძნა ხმელეთი და იზრუნა, რათა იგი კეთილად განელაგებინა მდინარეების გასწვრივ. გამოგტაცა რა ცოდვათა მორევიდან, მას სურს თავის მთაზე აგიყვანოს, ამ მთას აივლი სამეუფო ეტლით - სათნო ცხოვრებით. მეუძლებელია მისი დაძლევა, თუ თან სათნოებათ არ იახლებ. იყავი სულით უბიწო, ნურცერთი უმსგავსო ქცევა ნუ შესვრის მას; იყავი გულით წმიდა; განამორე სული უსარგებლოს, ნუ დაუგებ მოყვასს მახეს. ამ აღმასვლის ჯილდოდ უფლის კურთხევა გელის. ეს შველა მას შემონახული აქვს შენთვის. „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“, ნათესავი, რომელსაც სათნოების ძალით შეუძლია სიმაღლეებზე ასვლა. „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა“ ( ფს. 28 6).

 

„აღეხუენით ბჭენი საუკუნენი“

 

ფსალმუნის მომდევნო ნაწილის სწავლება ალბათ უფრო ამაღლებულია, რაკი უფრო სახარებისეულია. მართლაც, რას გვასწავლის სახარება, თუ არა უფლის ქვეყნად ცხოვრებას და მის ზეცად ამაღლებას. ეს დიდი წინასწარმეტყველი, თითქოს მას სხეულის წონა არ აბრკოლებდეს, თავის თავზე მაღლდება, შეერთვის ზემიწიერ ძალთა დასს და ჩვენამდე დაწვრილებით მოაქვს იქაური სიტყვები. ქვეყნად მომავალი უფლის მხლებელი ძალები ხმას აწვდიან დედამიწის გარშემო მყოფ ანგელოზებს, რომელთაც კაცთა სვე-ბედი აბარიათ, და ამ უკანასკნელთ აჩქარებენ, რომ განუხვნან ბჭენი. ისინი ამბობენ: „აღახუენით ბჭენი თქვენნი მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფეი დიდებისაი“. - ის, ვინც ყოველივეს თავისთავში მოიცავს, სადაც არ უნდა იყოს, უტოლდება თავისსავე დამხვედრს. ადამიანთან ადამიანი, ანგელოზთა გარემოცვაში ანგელოზურ ბუნებას იღებს და მათ დონეზე დგება. ამიტომაც კითხულობენ მეკარენი:„ვინ არს ესე მეუფემ დიდებისაი?“ მათ მეწინავენი აგებინებენ, რომ მოდის თავად ის – ძლიერი, ბრძოლაში შეუდრეკელი; იგი შეებრძოლება ადამიანური ბუნების დამატყვევებელს, მალე დაარღვევს მას, ვისაც აქვს სიკვდილზე ხელმწიფება (შდრ. ებრ.2,14). ოდეს მოწყდება ეს ბოლო მტერი, ადამიანთა მოდგმა კვლავ მოხმობილი იქნება თავისუფლებისა და მშვიდობისაკენ.

 

ისევ გაისმის იგივე სიტყვები. სიკვდილის საიდუმლო უკვე აღსრულდა, მტრები ძლეულ იქმნენ და მათ წინააღმდეგ აღიმართა ჯვარი, როგორც ნიშანი გამარჯვებისა. „აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე“ (ფს.67,18) კაცთ ებოძა ცხოვრება და მეფობა, ეს ორი საზეპურო ნიჭი. ახლა კვლავ უნდა განაღონ მისთვის ზენა კარნი. მცველთ ადგილი უნდა მიუჩინონ სამეუფეო ამალაში და ზენა კარნი გაახსნევინონ, რათა მეუფე მათ შორის კვლავ განდიდებულ იქნეს, მაგრამ ისინი ვეღარ სცნობენ მას: იგი გამოხვეულა ჩვენი ცხოვრების შესვრილ სამოსელში, რომელიც გაწითლებულა ადამიანის ცოდვათა საწურში გამოვლის გამო. ამჯერად, მათგან მოისმის კითხვა: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისა?“ ხოლო პასუხია არა – „უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა“, არამედ „უფალი ზეციურთა ძალთაი“, თავად ის, ვინც ხელმწიფება მოიპოვა მთელ სამყაროზე, ვინც ყოველივე განაახლა თავის პიროვნებაში; თავად იგია, ვისაც ყველაფერში უპირატესობა აქვს, და ვინც ყველაფერი აღადგინა თავის პირველყოფნაში. აჰა, მეუფე დიდებისა.

 

აი, რაოდენი შეჰმატა დავითმა დღესასწაულის მომხიბვლელობას, ეკლესიის ბრწყინვალებას შეუზავა რა პირადი მადლი. ჩვენც, შეძლებისამებრ, ღვთის სიყვარულში, წინასწარმეტყველს მივბაძოთ წინსვლით, თავმდაბალი ცხოვრებით, მოძულეთა მიმართ სულგრძელობის გამოჩენით. ამგვარად, წინასწარმეტყველის სწავლება ხელს ჩაგვკიდებს და ასე მიგვიყვანს ცხოვრებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ჯაყელმა.

 

მარჯუენეი შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა და მკლავი შენი – საკვირველი მოქმედებითა, რომელმან იხსნა ნათესავი კაცთად წყალობით, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.