|
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ქართული თარგმანი
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გადმოქართულება კიდევ ერთი უტყუარი დასტურია მისი ავთენტურობისა. როგორც ირკვევა, გერმანესეული ქადაგება ძველ ქართულზე გადმოუღია ისეთ აღმატებულ ღვთისმეტყველს, როგორიც იყო წმინდა ეფრემ მცირე (XI ს.). ცნობილია, თუ როგორი რუდუნებითა და გამოწვლილვით არჩევდა სათარგმნ თხზულებებს21 შავმთელი22 მოღვაწე. ასევე, ცნობილია ისიც, რომ ანტიოქიის პატრიარქთა (რომლებთანაც ეფრემს ახლო ურთიერთობა ჰქონდა)23 ლოცვა-კურთხევით ეფრემს ხელი მიუწვდებოდა საქრისტიანოს ერთ-ერთ უმდიდრეს ბიბლიოთეკაზე - "სჳიმეონწმიდის" წიგნსაცავზე24.
მის ნამუშაკევს გააცხადებს "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შემცველი ორი უძველესი ხელნაწერი (A 162 და ქუთ. 8; იხ. ქვემოთ), სადაც, სათაურის გასწვრივ, მთარგმნელად სწორედ ეფრემი სახელდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, ეგევე თვალსაზრისს იზიარებენ აკად. კორნელი კეკელიძე25 და ეფრემის მთარგმნელობითი მემკვიდრეობის მკვლევარი თამარ ბრეგაძე26. ამას მხარს უჭერს უძველესი ხელნაწერის XI ს-ით დათარიღებაც და ძეგლის ენაც, რომელიც არაფრით განსხვავდება ეფრემისეული სხვა ნაშრომებისგან მისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიისა და ძვ. ქართული ენის ნორმების კუთხით; აგრეთვე, უძველესი A 162 კრებული, სადაც დიდი უმრავლესობა ეფრემისეული შრომებია მოთავსებული. ამდენად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელნაწერთა ატრიბუციას არ ვერწმუნოთ.
რომელი ენიდან და როდის უნდა ეთარგმნა წმინდა ეფრემს "სიტყუაჲ ჯუარისათჳს"? ზოგადად, ვიცით, რომ ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე ეფრემი მხოლოდ ბერძნულიდან თარგმნიდა. როგორც თავად გვეუბნება, ის ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ორიგინალიდან თარგმნას. ერთგან, სადაც საუბარია სომხურიდან უკვე გადმოღებულ ბერძნულ ნაშრომზე, ეფრემი ბრძანებს: "ხოლო მე სომხურის წილ ბერძულისაგან კუალად მეორედ ვიიძულე თარგმნად, რამეთუ სომეხისა შვილსა და ბერძნისა შვილის-შვილსა, ნუუკუე და არა უეჭუელსა თჳთ უეჭვი და საკუთარი შვილი აღვირჩიე"27. ამას ამოწმებს ის ბერძნიზმებიც, რომლებსაც ჰომილიაში ვხვდებით (ესენია: კათოლიკე, ელენი (ტრადიციული "წარმართის" მაგივრად), ორღანო ("საჭურვლის" მაგივრად), ბელიარი, სკიპტრა).
ეფრემ მცირე ცხოვრობდა XI ს-ის მეორე ნახევარში. მისი უგვიანესი ანდერძები 90-იანი წლებით თარიღდება. ხოლო რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრების "ძეგლისწერაში" (1103/05 წ.წ.) ეფრემი უკვე "დაუსრულებისა ნეტარებისა მკჳდრთა", ანუ გარდაცვლილთა, შორის მოიხსენიება28. მაშასადამე, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" თარგმნის terminus post quem XI-XII სს-ის მიჯნით უნდა განისაზღვროს. შევეცადოთ, ეს ვადა უფრო შემოვფარგლოთ.
ჩვეულებრივ, ნებისმიერი ავტორის მთარგმნელობითი მოღვაწეობა მარტივიდან რთულისკენ მსვლელობაა; თავდაპირველად მოღვაწისაგან ითარგმნება დოგმატურად ლიტონი, ნაკლებტერმინოლოგიური ძეგლები (როგორიცაა "სიტყუაჲ ჯუარისათჳს"), ხოლო საღვთისმეტყველო-ტერმინოლოგიური აკრიბიის სიმწიფისას - რთული ფილოსოფიურ-დოგმატური შრომები. გამონაკლისი არც წმინდა ეფრემია.
მართლაც, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია გამორკვეული, ორიგინალთან მაქსიმალური სიახლოვითა და ტერმინქმნადობის კუთხით ცნობილი ეფრემისეული შედევრები - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ე. წ. სადღესასწაულო, ანუ საღვთისმსახურო, 16 სიტყვა და არეოპაგიტული კორპუსი - მის მიერ ითარგმნა ცხოვრების მიწურულს, ანუ 90-იან წლებში29. თვით ამ დრომდეა თარგმნილი (დაახლ. 80-იან წლებში) წმ. იოანე დამასკელის ეპოქალური მნიშვნელობის ფილოსოფიურდოგმატური სახელმძღვანელოები: "დიალექტიკა" და "გარდამოცემა", გრიგოლ ღვთისმეტყველისვე არალიტურგიკულ, ე. წ. აპორეტულ, 19 სიტყვასთან ერთად. საფიქრელია, რომ გერმანე პატრიარქის ქადაგება ამ ღვაწლის უწინარეს იყოს თარგმნილი.
შესაძლებელია, უფრო განვაზოგადოდ ზემონათქვამი. დიდი ხანია გამორკვეულია, რომ ეფრემმა ხატთაყვანისცემისადმი მიძღვნილი მთელი კორპუსი გადმოთარგმნა. "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გარდა მასში ერთიანდება: სამი თხრობა მაცხოვრის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ (ხელნ. A 162, A 5, A 70, ქუთ. 8 და სხვა) და წმ. იოანე დამასკელის ორი "სიტყჳსსაგებელი" (ხელნ. ქუთ. 8 და სხვა). ისინი ხელნაწერებშიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის მიყოლებით არიან განლაგებულნი. ამიტომაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა, მთელი ამ კორპუსის გადმოქართულება ერთი მთარგმნელობითი ეპოქით, კერძოდ, XI ს-ის 60-70-იანი წლებით შემოისაზღვროს.
არსებობს ერთი ტერმინოლოგიური მონაცემიც. როგორც პროფ. ედიშერ ჭელიძე გვაუწყებს, ბერძნული ტერმინები "ἀρχέτυπος" და "πρωτότυπος" ადრეულ ეტაპზე ეფრემისგან (წინარე ტრადიციის კვალობაზე) ითარგმნებოდა, როგორც "პირმშოჲ სახე" და "პირმშოჲ ხატი", განსხვავებით მისგან დამკვიდრებული გვიანდელი (90-იანი წ.წ.) "სახისდასაბამისა"30. ეს ლექსიკური ერთეული ("პირმშოჲ სახე") ორგზის გვხვდება ჩვენთვის საინტერესო ტექსტშიც, თანაც ერთი მათგანის ბერძნული შესატყვისი (πρωτότυπος) უეჭველად დადგენილია (იხ. თ. 29-ე). ამ ნიშნითაც, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" 90-იან წლებამდე უნდა იყოს დაწერილი.
მიუხედავად ბერძნული ორიგინალის უქონლობისა, თუ გავითვალისწინებთ წმინდა ეფრემის მთარგმნელობით მსოფლმხედველობას31, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" სიტყვასიტყვითი თარგმანია. ის თუმცა მეტაფრასულ კრებულებშია მოთავსებული, ქადაგებას გამშვენებულობისა არაფერი ემჩნევა (მასში თითქმის არ გვხვდება განყენებული თეოლოგიური მსჯელობანი). თანაც, ეფრემის თქმით, გარდაკაზმვა სჭირდებოდა ლიტონი კაცის აღწერილს (და არა იმ რანგის ავტორიტეტულ პირს, როგორიც გერმანე იყო), "ხოლო წმიდათა თქუმულსა და მართლმადიდებელთა მამათა აღწერილსა ვერვინ იკადრებს შეხებად, ვითარცა წმიდა სახარებასა და ებისტოლეთა პავლე მოციქულისათა, რაოდენცა ლიტონითა სიტყჳთა აღწერილ იყოს, ბრძენთა და მართლმადიდებელთაგანი ვერვინ შეეხების, არათუ ვინმე იყოს სულელ, უფროჲსღა მწვალებელ და განვრდომილ ეკლესიისაგან"32.
|
|