მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" რაობა

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გახლავთ მამხილებელ-პოლემიკური (ბერძნ. λόγος ἐλεγκτικός) ძეგლი. იგი მიმართულია VIII ს-ში ბიზანტიაში აღმოცენებული ხატმებრძოლობის ერესის წინააღმდეგ და, როგორც ზემოთ ითქვა, ეკუთვნის ისეთ ავტორიტეტულ მოძღვარს, როგორიც გახლდათ წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელი.

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" არის ჰომილეტიკური ჟანრის თხზულება, რომელიც მიმართულია მრევლისადმი და, ცხადია, წარმოთქმულია ამბიონიდან. მასში კარგად შეიგრძნობა ცოცხალი მეტყველების რიტმი (არაიშვიათია მრევლისადმი პირდაპირი მიმართვები). ქადაგება ჩამონაკვთულია მწყობრ კომპოზიციაში, სადაც თანმიმდევრულად არის განქიქებული მწვალებელთა დებულებები. მისი ენა, არის რა პათეტური და ამაღლებული, ამავდროულად (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) არის მარტივი წასაკითხი და ყველასათვის გასაგები. ავტორი ღრმად მცოდნეა წმინდა წერილისა, რომელსაც, ზუსტი ციტაციის, პერიფრაზისა თუ ალუზიის სახით, ხშირად იმოწმებს კიდეც. ქადაგება საცნაურყოფს წმინდა გერმანეს მჭევრმეტყველებას, რაც მის რიტორულ ხელოვნებაში ზედმიწევნით განსწავლულობასაც გააცხადებს.

ერთი სიტყვით, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" სახით ჩვენ ხელთა გვაქვს ბიზანტიური ჰომილეტიკის ერთი-ერთი შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ნიმუში, რომელმაც პატროლოგიაში თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს.