მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" წარმოთქმის დრო და ადგილი

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ავტორი 730 წ-მდე კონსტანტინეპოლის პატრიარქია. ამდენად, ქადაგებაც ამ დრომდეა წარმოთქმული. რამდენადაც ის მიმართულია ხატმებრძოლობის წინააღმდეგ, ნაშრომის ჩაწერის19 თარიღიც VIII ს-ის 20-იანი წლებით უნდა განისაზღვროს, რადგან ამ პერიოდში წარმოიშვა ზემოხსენებული ცრუსწავლებაც. მკვლევართა დასკვნით, გერმანეს ზემოდამოწმებული პოლემიკური ეპისტოლეები სწორედ 20-იანი წლების შუამდეა დაწერილი. მაგრამ, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ამ თარიღის უფრო დაკონკრეტებაც.

როგორც ითქვა, ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ იკონომახების მწვალებლობა გაცხადებული ხდება 726 წლიდან. "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შესავალში კი თქმულია, რომ "ყოვლად ბრმანი იგი წინააღმდგომითნი სიტყჳსგებანი სამსახურებელთა ხატთათÂს არამცირედ აღშფოთების-მნებებელ არიან აღზრდილთა ამათ კათოლიკე ეკლესიისათა" (თ. I); ასევე, უფრო ქვემოთ ვკითხულობთ: "მრავალგზის თქუენცა ყოველი ხატი დაჰლეწეთ და დასწჳთ, ამას თანა კადნიერებით ჰნერწყუევდით და დასთრგუნევდით" (თ. 21-ე); ანუ საუბარია არა რაიმე კერძოობით, ცალკეულ შემთხვევაზე, არამედ საყოველთაოდ გავრცელებულ ფაქტზე. ამდენად, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" უეჭველად თარიღდება 726 წლიდან 730 წლის 7 ან 17 იანვრამდე (გერმანეს საყდრიდან გადადგომის დღე) პერიოდით20.

რაც შეეხება ნაქადაგების ადგილმდებარეობას, - ცხადია, ის, დიდი ალბათობით, უნდა წარმოთქმულიყო კონსტანტინეპოლში, კერძოდ, "აია სოფიის" საკათედრო ტაძარში, სადაც, ჩვეულებრივ, მსახურებდნენ და ქადაგებდნენ კიდეც ბიზანტიის პირველიერარქები.

დასკვნის სახით თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" არის ეკლესიის ისტორიაში ხატმებრძოლობის საწინააღმდეგოდ წარმოთქმული (ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე მოღწეული) უძველესი ქადაგება, რაც მის წარუვალ ღირსებაზე მეტყველებს.