|
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ავთენტურობის საკითხი
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შემცველი ქართული ხელნაწერები მის ავტორად ერთხმად წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელს ასახელებენ. მსგავსი ქადაგება კი, ბერძნულ ორიგინალზე, პატრიარქის ნაშრომებს შორის არ მოიძებნება. ამიტომაც, რთულია, a priori დადგინდეს ჰომილიის ავტორი მართლაც წმინდა გერმანეა, თუ ის სახელნატყუარი ძეგლია. მაგრამ, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ავთენტურობის სასარგებლოდ არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომელთა წარმოჩენასაც ქვემოთ თანმიმდევრულად შევეცდებით.
ძეგლის გასაყალბებლად საჭიროა სათანადო მოტივაცია. ძველად, დამხობილი და დევნილი ქრისტიანული დენომინაციების მიმდევრები საკუთარი იდეების გავრცელებას ცდილობდნენ ავტორიტეტულ მართლმადიდებელ მოძღვართა სახელით, რომელსაც წააწერდნენ ხოლმე თავიანთი მოძღვრების შემცველ ტექსტებს3. ერეტიკოსთა მიზანი იყო, რათა, ერთი მხრივ, სიწმინდით მოსილი პიროვნებით შეენიღბათ მწვალებლობა და მისთვის სიცოცხლე გაეგრძელებინათ, მეორე მხრივ კი, სარწმუნოებაში გაუწაფავი მკითხველი დაებნიათ და, მისდა გაუცნობიერებლად, ფსევდოსწავლების აღმსარებლად ექციათ. რამდენადაც "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" მართლმადიდებლობის უმწიკვლო გადმოცემას წარმოადგენს, მის მწვალებლისეურ ავტორობაზე საუბარიც ზედმეტია.
ამასთან, XII ს-მდე ("სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ქართულად თარგმნის მიჯნა) კონსტანტინეპოლელი პატრიარქის გარდა გერმანეს სახელის მქონე სხვა სახელგანთქმულ იერარქსა და მწერალს ეკლესიის ისტორია არ იცნობს. ამდენად, ვერც გადამწერისეულ სახელთა აღრევასთან გვექნება საქმე.
თუმცა, მთავარი "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ტექსტზე დაკვირვებაა, რასაც საგულისხმო დასკვნებამდე მივყავართ. უპირველესად, თვალში საცემია ხატთაყვანისცემისადმი წაყენებული ბრალდებების დოგმატური დაუხვეწაობა. ისინი არ სცდებიან იმ თავდაპირველ თეზისებს, რითაც ოპერირებდნენ იკონოკლასტები ეკლესიურ სწავლებასთან დაპირისპირების საწყის ეტაპზე (ამგვარი ბრალდებებია: ძველაღთქმისეული აკრძალვები კერპთაყვანისცემის შესახებ და ხატის კერპთან იდენტობა, ხატის ხელითქმნილობა და მატერიალურობა, ნივთიერებისადმი თაყვანისცემა და ადამიანთა გაღმერთება, უხილავი ღმერთის ხილულად გამოსახვის შეუძლებლობა და სხვა). ცნობილია, რომ ქრისტოლოგიური სახის საბუთები ხატმებრძოლებმა მხოლოდ მოგვიანებით, 754 წლის კრებაზე გააჟღერეს (იხ. ქვემოთ).
აგრეთვე, აშკარაა არგუმენტირების ის არქაულობა, რასაც ქადაგების ავტორი მიმართავს (რაც კარგად უდგება გერმანეს მწყემსმთავრობის ეპოქას). ჰომილიაში დოგმატური სიღრმით არ არის გაშლილი ქრისტოლოგიური საკითხი; ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული თაყვანისცემისა და მსახურების მცნებები; სათანადოდ არ არის განხილული ხატისა და პირველსახის ურთიერთმიმართების თემაც (იხ. ქვემოთ). ხოლო, თუკი მოქადაგე რიგ შემთხვევებში განკაცების რჯულდებით ხელმძღვანელობს, ესეც გერმანეს სასარგებლოდ მეტყველებს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 720-იანი წლების დასაწყისში დაწერილ ეპისტოლეებში (იხ. ზემოთ) კონსტანტინეპოლის მღვდელმთავარი სწორედ ღვთის განკაცების დოგმატით ასაბუთებს ხატების გამოსახვის მართებულობას.
ამასთან, წინამდებარე ძეგლში გვხვდება ერთი ფრაზა, რომელიც, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით იმეორებს წმინდა გერმანეს ცნობილი ნაშრომის - "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" - სიტყვებს. ამ თხზულების დასაწყისშივე ავტორი გვთავაზობს ეკლესიის ამგვარ განსაზღვრებას (მოგვყავს ორი ძვ. ქართული თარგმანი): "ეკლესიაჲ არს ცაჲ ქუეყანასა ზედა" და "ეკლესიაჲ არს ქუეყანისა-ზედაჲ ცაჲ"4. აქ მინიშნებულია საღვთისმეტყველო დებულებაზე, რომ ზეციური, ე. წ. "მოზეიმე", და ამქვეყნიური, ე. წ. "მებრძოლი", ეკლესია თავისი არსით არის ერთიანი და ერთმანეთისგან სხვაობს მხოლოდ მოღვაწეობის ფორმითა და ადგილით5. ეკლესიის იდენტური დეფინიცია არის მოცემული ჩვენთვის საინტერესო ქადაგებაშიც. იქ, სადაც საუბარია მწვალებელთა მიერ ხატის ზეციური ნიშნის მოთხოვნაზე, ვკითხულობთ: "ესე მუნ არა ეცეს მას, გარნა ქუეყანისსა ამას შინა ცასა ჩემსა, რომელ არს ეკლესიაჲ" (თ. 23-ე). ვფიქრობთ, თანხვედრა აშკარაა.
ძეგლის ავთენტურობას შეამოწმებს სლავური ტექსტის გამომცემელიც6 (ვან ესბრუკს ამ საკითხზე საგანგებოდ არ უმსჯელია). ბატ. ბარანოვი, სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, მიდის დასკვნამდე, რომ "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" დაწერილია 754 წლის "უთავოთა" კრების შემდეგ და ინტერპოლირებულია 787 წლის მსოფლიო კრების შემდგომ. ამდენად, მისი თქმით, წმ. გერმანე ქადაგების ავტორი ვერ იქნება. საინტერესოა, რა არგუმენტაციას ეფუძნება რუსი მეცნიერის ესოდენ თამამი განაცხადი.
ბატ. ბარანოვი ეთანხმება ესბრუკისეულ აზრს ჰომილიაში გამოთქმულ არქაულ მოტივთა შესახებ7 (ზემოთ ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი) და ამის დასტურად "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" დამასკელის "სიტყვისგებებთან" მსგავსებას ასახელებს; მაგრამ, მაინც ცდილობს, თხზულებაში დაინახოს გვიანდელ ავტორებზე მითითებანი. კერძოდ, ის გულისხმობს წმ. ნიკიფორე პატრიარქის (806-815 წ.წ., † 828 წ.) მიერ განვითარებულ "გარეშემოწერილობის" არგუმენტს და წმ. თეოდორე სტუდიელის (759-826 წ.წ.) მიერ მოხმობილ მოსესეულ ანალოგიას.
რა შეიძლება ითქვას? ჩვენი დაკვირვებით, მქადაგებელი საერთოდ არ უნდა იცნობდეს ხატთაყვანისცემის შესახებ დაწერილ წმინდა იოანე დამასკელის სახელგანთქმულ და საყოველთაოდ გავრცელებულ "სიტყვისგებებს"; არამცთუ მის II და III ნაწილს, რომლებიც 729/30 წლის მერეა შედგენილი, არამედ პირველ თავსაც კი, რომელიც 726 წლის მახლობლად თარიღდება (რაც საეჭვოა, მალევე არ მიეტანათ მოვლენების შუაგულსა და განსაცდელში მყოფი კონსტანტინეპოლელი მწყემსმთავრისთვის)8. მაგალითად, ამაზე მიგვანიშნებს ზემონახსენები "თაყვანისცემისა" და "მსახურების" ტერმინოლოგიური განუსაზღვრელობა. ხოლო, თუკი დამასკელისეულ "სიტყვებსა" და "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შორის თანხვედრ ადგილებს ვპოვებთ (როგორც მაგ.: ბიბლიის შესაბამისი მუხლებისა და წმ. ბასილი დიდის ციტირება, ძველი და ახალაღთქმისეული ნიმუშებით ოპერირება, ), ისინი მაინც სპორადულ ხასიათს ატარებენ და მომდინარეობენ არა ერთმანეთის შრომების სარგებლობით, არამედ საერთო წყაროების გამოყენებით.
რაც შეეხება "გარეშემოწერილობის" არგუმენტს, ის, ქრისტოლოგიური კამათების დროს, გერმანემდე კაი ხნით ადრე იყო უკვე დამუშავებული ეკლესიაში და პატრიარქ ნიკიფორემდე მას დეტალურად ეხება წმ. იოანე დამასკელიც (იხ. შენ. VIII; ცხადია, იოანე ნიკიფორეზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა). ასევე, მოსეს მიერ "ხელთა განპყრობის" (იხ. თ. მე-11) ჯვარცმასთან ანალოგია და, ამის საფუძველზე, გერმანეს მიერ ხატისა და ჰიპოსტასის გაიგივებაც, უძველეს ეგზეგეზაზე არის დასაძირკვლებული9. ამდენად, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გვიანდელ მწერლებზე დამოკიდებულება არაფრით არ მტკიცდება.
რუს მკვლევარს ანაქრონიზმად ესახება ქადაგების სათაური (იხ. შენ. I), თუმცა თავადვე ამოწმებს, რომ ქადაგებაში ამის დასტური არ იპოვება. უნდა ითქვას, რომ როდესაც "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ლიტურგიკული საჭიროებისთვის ითარგმნა (ყოველ შემთხვევაში ქართულად), იმ დროისთვის "მართლმადიდებლობის ზეიმი" დიდი ხნის დაწესებული იყო და, ცხადია, ანტიხატმებრძოლური ქადაგების ეკლესიაში წაკითხვაც სწორედ ამ დღისთვის განეჩინა.
თუმცა, ბატ. ბარანოვის მთავარი მოსაზრებანი ამის შემდგომ არის ჩამოყალიბებული რამდენიმე პუნქტად: 1) ex silentio; 2) VII მსოფლიო კრების "ოროსიდან" მოყვანილი ციტატა; 3) მინიშნება ხატების კანონიკური აკრძალვისა; 4) განსხვავებული ინტერპრეტაცია ხატის ონტოლოგიური გაგებისა, რაც შეიმჩნევა პატრიარქის ავთენტურ შრომებსა და "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შორის.
დავიწყოთ პირველით. მკვლევარს უნდა ახსოვდეს, რომ silentium არ არის argumentum. ამ კრიტერიუმით რომ ვიხელმძღვანელოთ, II ს-ის უდიდესი საღვთისმეტყველო ტრაქტატი, "მკვდართა აღდგომის შესახებ"10, ფსევდოეპიგრაფულ ძეგლად უნდა გამოვაცხადოთ; წმ. ათენაგორა ათენელის ამ ნაშრომს ძველი ავტორებიდან ხომ არავინ ახსენებს11!? ასევე, სახელნატყუარად უნდა შეგვერაცხა ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის გვირგვინი - წმ. გრიგოლ ხანცთელის "ცხოვრებაც". X ს-ში დაწერილი ძეგლი მხოლოდ XIX-XX სს-ში გახდა ცნობილი და იქამდე მას არავინ იმოწმებდა.
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" 34-ე თავში უწყებულია, რომ "კედელთა ზედა და ფიცართა და სამღდელოთა ჭურჭელთა ზედა გამოხატულთა წმიდათა ხატთა... ქრისტეანებრითა ამბორს-უყოფდეთ სიტყჳერებითა". ბატ. ბარანოვს მოჰყავს ციტატა VII მსოფლიო კრების "ოროსიდან" (სადაც საუბარია წმინდა გამოსახულებათა ტაძრებში, საეკლესიო ჭურჭელსა და შესამოსელზე, კედლებსა და დაფებზე, სახლებსა და გზებზე გამოხატვის მართებულობაზე)12 და მიიჩნევს, რომ ის დამოწმებული აქვს ქადაგების ავტორს. ამდენად, ჰომილია დაწერილი თუ არა, რედაქტირებული მაინც უნდა იყოს VII კრების შემდეგო, - აცხადებს რუსი გამომცემელი.
ჯერ ერთი, აქაც (როგორც ზემოდამოწმებულ ნიმუშებში) სახეზეა ზოგადი მართლმადიდებლური რჯულდება და არა ზუსტი ციტაცია. მეორეც, უკვე VII ს-ში ანტიიუდეური პოლემიკისას სიტყვასიტყვით ეგევეს ამტკიცებს ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი კვიპრელიც13. ზუსტად ასევე მსჯელობს წმინდა იოანე დამასკელიც უკვე ხსენებულ "სიტყვებში"14 (იხ. ქვემოთ). მათ კი ვერავინ დასწამებს "ოროსის" გამოყენებას, რადგან ხსენებული კრებისას ორივე მოძღვარი უეჭველად გარდაცვლილია. ამიტომ, თუკი საუბარია ვინმეს მხრიდან დამოწმებაზე, "ჯერ-არს" ვიფიქროთ, რომ სწორედ ნიკეის კრების მონაწილეები მოიხმობენ წინარე მამათა ნააზრევს და არა პირუკუ.
მესამე არგუმენტი ეხება 31-32-ე თავებს, სადაც ცრუდაფიცების სასჯელზეა საუბარი (მსგავსი დაფიცების რიტუალი მართლაც არსებობდა იმპ. კონსტანტინეს პირადი ინიციატივით; იხ. შენ. XXXVIII). ბატ. ბარანოვის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს კრებითი, კერძოდ, "უთავოთა" კრების რჯულდება. ჩვენ კი გვგონია, რომ აქ საუბარია სწორედ კერძო შემთხვევაზე და არა საეკლესიო განჩინებაზე. ავტორის სიტყვები, "უკუეთუ თქუან ვიეთნიმე მათგანთა ფუცვაჲ ვისდამე მიმართ", უფრო ცალკეული ფაქტისკენ მიგვითითებს, ვიდრე პირიქით. ეს "ვინმე" შეიძლება იყო იმპ. ლეონი, ანდა რომელიმე მწვალებელი ეპისკოპოსი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატმებრძოლობის აღმოცენების საწყისი ეტაპის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ხელთ. ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრები იმაშიც კი ვერ შეთანხმებულან, საერთოდ იყო თუ არა ამ წლებში ხელისუფლების მხრიდან გამოცემული სპეციალური ედიქტი ხატების აკრძალვის თაობაზე.
ამასთან, თუკი "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" 754 წლის შემდგომ დაიწერა, რატომ არაფერია მასში უწყებული თავად ამ კრებისა და მისი გადაწყვეტილებების შესახებ? რატომ არსად არ არის ხსენებული თუ არა მინიშნებული მაინც, ამ სინოდის სულისჩამდგმელი იმპ. კონსტანტინე?რაც მთავარია, რატომ არაფერია თქმული მწვალებელთა კრების ძირითად, ქრისტოლოგიურ არგუმენტზე? ქადაგებაში მოყვანილი განქიქებანი ხომ აშკარად არასაკმარისი იქნებოდა 754 წლის შემდგომ? მაშ, უკვე ადრე გაჟღერებული და, ამასთან,არააქტუალური დოქტრინების კვლავ ოპერირებით, რატომ უნდა დამშვრალიყო ე. წ. ფსევდოავტორი? ასე რომ, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გვიანდელი დათარიღება არაფრით დასტურდება და არის მხოლოდ რუსი მეცნიერის ოპინიო პრაესუმპტა.
სულ ბოლოს, ბატ. ბარანოვი შეუსაბამოდ რაცხს "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" 29-ე და 35-ე თავებში გადმოცემულ სწავლებას ხატთაყვანისცემის არა მხოლოდ საამქვეყნო, არამედ სამერმისო ღირებულებასა და წმ. გერმანეს ეპისტოლის ერთ ეპიზოდს შორის. აი, ეს ამონარიდიც: "ხატებზე ხორციელი სახით საუფლო ხატის გამოსახვა ემსახურება მწვალებელთა ცრუ წარმოსახვის განქიქებას, რომლებიც ყბედობენ, რომ, თითქოს, ის სინამდვილეში არ განკაცებულა; ასევე, იმათ დასამოძღვრად, რომლებსაც არ ძალუძთ სულიერი ჭვრეტის სიმაღლეზე ასვლა, არამედ საჭიროებენ მოსმენილის ერთგვარ ხორციელ აღქმას, რამდენადაც ეს სასარგებლოა და დასაშვები"15.
ბატ. ბარანოვის ინტერპრეტაციით, პატრიარქი ხატთაყვანისცემას ყველასთვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს, უფრო კი იმათთვის, რომლებმაც სულიერ სიმაღლეზე ასვლა შეძლეს. ამგვარი დასკვნა საკმაოდ ნაძალადევია. ჯერ ერთი, გერმანე სრულიადაც არ ამტკიცებს ხატების მხოლოდ უბირთათვის საჭიროებას, არამედ მსჯელობს უპირატესად გაუნათლებელთათვის წმინდა გამოსახულებათა მართებულობაზე. აქაც, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი ეფუძნება ოდენ წინარე საეკლესიო ტრადიციას (ამას რუსი მკვლევარიც აღიარებს) უწიგნურთათვის ვიზუალური ხატის აუცილებლობის თაობაზე, რაც გამოთქმულია ეკლესიის უდიდეს მოძღვართა, წმ. ბასილი დიდის († 379 წ.), წმ. ნილოს სინელის IV-V სს.), წმ. გრიგოლ დიდის († 604 წ.) და სხვათა, ბაგეებით16.
ამასთან, ეგევე დიდაქტიკური მოტივი ("უფროჲსღა მსოფლელთათჳს, რომელნი უსწავლელ იყვნენ წიგნისკითხვისა") პირდაპირ არის გაჟღერებული წინამდებარე ქადაგების მე-9 თავშიც, რაც კვლავ გერმანესკენ მიაქცევს ჩვენს ყურადღებას, რადგან ეს არგუმენტი მოგვიანებით მართლაც არასაკმარისი იყო. ამდენად, ამ მხრივაც, სარწმუნოდ დასტურდება "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ღრმა არქაულობა.
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ავტორი ეყრდნობა რა უძველეს ტრადიციას, თავის მხრივ დაუმატებს, რომ "მსახურებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, რომელი ამის (ხატთაყვანისცემის, ი. გ.) მიერ შევწირეთ ჩუენთჳს განკაცებულისა ღმრთისა, არა წარწყმდეს, არამედსასყიდელი მისგან მოვიღოთ" (თ. 29-ე). ეს არის პასუხი მწვალებელთა შეკითხვაზე: "ვითარ ანუ სადა გამოჩნდეს მაშინ (მეორედ მოსვლისას, ი. გ.) ნივთიერი ესე ხატი, რომელსა აწ გუასწავებ ჩუენ, ჵ კაცო, თაყუანისცემად"; რაზეც გერმანე სავსებით მართლსარწმუნოდ უპასუხებს: "კუალად ვიტყოდი მეცა, ვითარმედ, ვითარცა-იგი აჩრდილი შჯულისაჲ წარჴდა, ძმანო, მოსლვითა მადლისაჲთა, ეგრეთვე ქალწულისაგან მიღებულისა რაჲ პირმშოჲსა სახისაჲ სიკეთე ღმრთეებისა ნათლითა საშინელად ბრწყინვიდეს, მაშინ ნივთიერისა ამის და ყოვლადპატიოსნისა ხატისა ხილვაჲ წარჴდეს".
თავის მხრივ, ეს სრულიად მართლმადიდებლური სწავლება ეფუძნება საღვთო წერილის სიტყვებს, რაც გადმოცემულია წმ. პავლე მოციქულის მიერ: "რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ (ანუ "მერმესა მას საუკუნესა", ი. გ.) - პირსა პირისპირ" (I კორ. 13:12). გერმანეს დასაბუთებაში აშკარად შეიმჩნევა ტრულის მსოფლიო კრების 82-ე კანონის გავლენაც, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. თუ დამოწმებული სწავლებანი მართლაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პატრიარქის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული მოძღვრება წინააღმდეგობაში კი არ მოდის, არამედ ავსებს ერთურთს.
ამასთან, როგორც ყველა სხვა პოლემისტი, გერმანეც ძიების, არგუმენტაციათა დახვეწის, სულიერად განჭვრეტილის სიტყვიერად გადმოცემის ურთულეს პროცესში იყო ჩაბმული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მის გვიანდელ ნაშრომში უფრო სიღრმისეულმა დოქტრინებმა იჩინა თავი, რადგან თავად საბაბი უცთომელი მოძღვრების ფორმობრივი ჩამოყალიბებისა - ერეტიკული სწავლება - ერთ ადგილზე არ იყო დაგუბებული და მართლმადიდებელ აპოლოგეტთაგან საღვთისმეტყველო რესურსის მაქსიმალურ გამოვლენას მოითხოვდა.
ერთადერთი დამაფიქრებელი ბარანოვისეულ მთელს მსჯელობაში გახლავთ VII მსოფლიო სინოდზე "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" მოუხსენებლობა. მართლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კრების მეოთხე სხდომაზე, მამათა სხვა ნაშრომებთან ერთად, წაიკითხეს მწვალებელი ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილი წმ. გერმანეს სამი ეპისტოლეც17.
აქ გასათვალისწინებელია თუ რა ჟანრის თხზულებანი მოიხმობოდა ნიკეის კრებაზე. პატრისტიკიდან სინოდზე კითხულობდნენ დისკურსიული ტიპის ეპისტოლეებს, ანდა ხატებთან დაკავშირებულ ნაწყვეტებს, ძირითადად, ჰაგოიგრაფიიდან და, ნაწილობრივ, ჰომილეტიკიდან. ასე რომ, უკვე წაკითხულ წერილებში გერმანეს პოზიცია გასაგები იქნებოდა კრების მამებისთვის და ქადაგების ციტირებაც აღარ იქნებოდა საჭირო.
ესეც რომ არა, ნაშრომის ავთენტურობაზე კრების მიერ წაკითხვა-არწაკითხვის კრიტერიუმით მაინც ვერ ვიხელმძღვანელებთ. ცნობილია, რომ ზუსტად გერმანეს ეპისტოლეებამდე მისდამი გაგზავნილი გრიგოლ პაპის "დოგმატური ეპისტოლეც" დაიმოწმეს, მაგრამ თანამედროვე კვლევა ამ ატრიბუციას სრულიად უარყოფს18. ასევე, სათუოა იმავე პაპის სახელით ლეონ მეფისადმი გაგზავნილი ორი ეპისტოლის ატრიბუციაც. უფრო მეტიც; მიუხედავად თავისი უდიდესი მნიშვნელობისა, ნიკეელ მამებს საერთოდ არც უხსენებიათ წმ. იოანე დამასკელის სამი "სიტყვისგება", მაგრამ ამით არავინ აყენებს ეჭვქვეშ მათ უტყუარობას.
ამდენად, სანამ ჩვენი თვალსაზრისის დასარღვევად რაიმე ფასეული სამხილი არ აღმოჩნდება, მანამდე argumentum ad rem ძალით შეგვიძლია, ვამტკიცოთ "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ნამდვილობა.
|
|