მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)

 

წმინდა გერმანე I კონსტანტინეპოლელი

 

წმინდა გერმანე I კონსტანტინეპოლელი პატრიარქის (ბერძნ. ὁ ἅγιος Γερμανός A´ ὁ πατριάρχης Κωνσταντινουπόλεως) სახით ჩვენ წინაშეა ეკლესიის დიდი მოძღვარი და მართლმადიდებლობისთვის დაუღალავი მებრძოლი. მისი დაბადებისა და მიცვალების თარიღები პრობლემატურია. სავარაუდოდ, გერმანე დაიბადა VII ს-ის 30-40-იან წლებში. თუ დავუჯერებთ რომის პაპის, წმინდა გრიგოლ II-ის († 731 წ.) ცნობას, რომელიც გამოთქმულია იმპ. ლეონ III-სადმი (717-741 წ.წ.) 727 წელს გაგზავნილ წერილში (რომლის ავთენტურობას ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს), სადაც პაპი იუწყება, რომ გერმანე 95-ე წელს მიითვლის, მაშინ გამოდის, რომ მომავალი პატრიარქი 631/2 წ. დაბადებულა1.


მომავალი პატრიარქის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით აღსაყდრებამდე, გვიანდელია. ძირითადი წყარო გერმანეს ცხოვრებაზე არის წმინდა თეოფანე (ისააკი) აღმსარებლის († 818 წ.) "ქრონოგრაფია"2, ასევე მამათა თხზულებებში აქა-იქ დაცული მწირი ინფორმაცია. წარმოშობით ბერძენი წმინდა გერმანე დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარი პატრიკიუსის, "კაცისა სახელოვნისა და განთქუმულისაჲ"3, იუსტინიანეს ოჯახში. გამოთქმულია მოსაზრებები მისი ნათესაური კავშირისა იმპერატორებთან: იუსტინიანე Iთან (527-565 წ.წ.), ჰერაკლესთან (610-641 წ.წ.) და იუსტინიანე II-თან (685-695 და 705-711 წ.წ.). ყოველ შემთხვევაში, გერმანეს ოჯახი დედაქალაქის უმაღლეს არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა.


660-670-იან წლებში მათ უბედურება ეწვიათ. იმპ. კონსტანტინე IV პოგონატის (668-685წ.წ.) წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის იუსტინიანე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო გერმანე (არცთუ ისე სანდო მისი გვიანდელი სვინაქსარული "ცხოვრებით") გამოასაჭურისეს. "ხოლო მან, ვითარცა შესაძინელი შეიწყნარა განსაცდელი იგი და მისცა თავი თჳსი წურთასა საღმრთოთა წერილთასა. ვინაჲცა სიმახჳლითა გონებისაჲთა და მოსწრაფებითა სწავლისაჲთა ფრიადი მეცნიერებაჲ შეიკრიბა და ცხორებაჲ თჳსი კეთილად შეზღუდა"4. მალევე გერმანემ თავი ღმერთს მიუძღვნა და კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძრის, "აია სოფიის", ღვთისმსახური გახდა. დაახლ. 705/6 წ. მას მცირე აზიაში, კიზიკის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი, რომელშიც 12 საეპისკოპოსო შედიოდა.


712 წლით დათარიღებულ ცნობაში წმინდა თეოფანე იუწყება: "ფილიპიკეს (ვარდან ფლიპიკე ისავროსი; ბიზანტიის სომეხი წარმოშობის იმპ. 711-713 წ.წ., ი. გ.) არ შერცხვა, აღმდგარიყო წმინდა VI მსოფლიო კრების წინააღმდეგ და განექიქებინა მასზე (კრებაზე, ი. გ.) მიღებული ყველა საღვთო დოგმატი. მან მონახა თანამზრახველები: კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი იოანე (პატრ. იოანე VI 712-715 წ.წ., ი. გ.), რომელიც დაადგინა მისი წინამორბედის, დამხობილი კიროსის (პატრ. წმინდა კიროსი 706-712 წ.წ., ი. გ.) ნაცვლად, რომელიც (კიროსი, ი. გ.) ხორასას მონასტერში გადაასახლა; გერმანე, შემდგომში კონსტანტინეპოლის საყდრისმპყრობელი, ახლა კი კიზიკის ეპისკოპოსი; კრიტელი ეპისკოპოსი ანდრეა (წმინდანი; VII-VIII სს., ი. გ.)... რომლებმაც წერილობით გადასცეს ანათემას წმინდა VI კრება"5. აქ საუბარია ფილიპიკეს ინიციატივით მოწვეულ კრებაზე, სადაც, მისი დაჟინებული მოთხოვნით, მონოთელიტობა6 რეანიმირებული იქნა.


ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ამ სხდომის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდნენ ეკლესიის ესოდენ აღიარებული მამები. თანაც, იმავე გრიგოლ პაპის თქმით, გერმანე იყო თანაშემწე და თანამბჭობელი პატრიარქ წმინდა გიორგი I-ისა (679-686 წ.წ.) VI კრების მოწვევისას7. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ხატმებრძოლთა გვიანდელი ინტერპოლაციაა და გადაუმოწმებლად არის შეტანილი "ქრონოგრაფიაში". ასეა თუ ისე, ამ მოვლენებიდან უახლოეს წლებში უკვე გერმანეს მიერ მოწვეულმა კრებამ (რომლის ჩატარებაც, ასევე მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვს) საჯაროდ ამხილა და დაგმო ყველა ერესი, მათ შორის, მონოთელიტობაც (ამის შემდეგ ეს მწვალებლობა საბოლოოდ განიდევნა ეკლესიიდან).


იოანე VI-ის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინეპოლის ეკუმენურ პატრიარქად, "ვითარცა ბრძენი და წმიდაჲ და შემძლებელი და სიტყჳთ და საქმით განმტკიცებული"8, აკურთხეს კიზიკის კათედრიდან გადმოყვანილი წმინდა გერმანე. თუკი მისი მოღვაწეობის სხვა თარიღები რთულად დგინდება, სამაგიეროდ, საპატრიარქო ზეობის დრო ზედმიწევნით ცნობილია (11 აგვ. 715 წ. - 17 (7) იანვ. 730 წ.). იმ დროს კათედრის გამოცვლა უიშვიათესი მოვლენა იყო; ამიტომაც, წმინდა თეოფანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანეს არჩევას დაეთანხმა პაპის აპოკრისიარი9 მიქაელიც, უწმინდესი სინოდიც და მთელი კლიროსიც (სამღვდელოება), ასევე სინკლიტიც (სენატი) და ქრისტესმოყვარე ერიც10, ანუ ყველა, ვისაც თეორიულად ამის უფლებამოსილება ჰქონდა.


გერმანეს მამამთავრობა მოუწია პოლიტიკური ანარქიის ჟამს (20 წლის მანძილზე 7 იმპ. შეიცვალა). აჯანყებისას ორი იმპერატორის (ანასტასი II - 713-716 წ.წ. და თეოდოსი III - 716-717 წ.წ.) უსაფრთხოების გარანტად თავად სამეფო ქალაქის მწყემსმთავარი გამოვიდა. საბო-ლოოდ, რომის (ბიზანტიის) ტახტზე დამკვიდრდა ისავრიელთა დინასტიის დამფუძნებელი, ლეონ III ისავრიელი. აქედან იწყება საუკუნეზე მეტი ხნის ხატმებრძოლობის ისტორიაც. თუმცა, მანამდე ლეონმა მოიგერია კონსტანტინეს ქალაქზე არაბთა ურიცხვი ჯარისა და ფლოტის შეტევა (717-718 წ.წ.) და გვირგვინოსნის ერეტიკული მიდრეკილება დრომდე დაფა-რული დარჩა.


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ლეონი კი არა, არამედ მცირე აზიელი რამდენიმე ეპისკოპოსი იყო ახალი ერესის ინიციატორი. კერძოდ, ესენი გახლდნენ: სინადის სამიტროპოლიტოში (ფრიგიაში) კონსტანტინე ნაკოლიელი, თომა კლავდიოპოლელი (პონტოში) და დამხობილი იმპერატორის, ტიბერიუს II აფსიმარის (698- 705 წ.წ.) უკანონო შვილი, ეფესოს მიტროპოლიტი თეოდოსი. მათმა მოსაზრებებმა, წმინდა გამოსახულებების შესახებ, მყარი ნიადაგი პოვეს ისავრიელი მმართველის გულში. ამ ტენდენციათა გამჟღავნებისას უმალვე მოახდინა რეაგირება ახალი რომის მწყემსმთავარმა. უწმინდესმა გერმანემ კონსტანტინე და თომა დაიბარა და მათი გადარწმუნება სცადა. თითქოს კონფლიქტი ამით ამოიწურა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ეპისკოპოსებმა გადაჭრით აკრძალეს თავიანთ ეპარქიებში ხატების თაყვანისცემა.


726 წელი ხატთაყვანისცემაზე იერიშის დაწყების თარიღად არის მიჩნეული. რთულია ბიზანტიის მთავრობის მამოძრავებელი ამოცანების დადგენა. ამის მიზეზად სახელდება როგორც ლეონის ისავრიული წარმოშობა (სადაც მრავალი ერესი ბუდობდა), ისე ისლამის შემოტევა და იმპერიის "სასიცოცხლო" ინტერესები. მთავარი მოტივი კი, ალბათ, იყო საზოგადოებაზე ეკლესიური ზეგავლენის, ზოგადად, კლერიკალური თავისუფლების შესუსტება, რაც წარმოაჩენდა ბიზანტიური "ცეზაროპაპიზმის"11 მკვეთრ გამოვლინებას; ხატმორკინალთა მოძრაობა გახლდათ "ამა სოფლის" ბარბაროსული საერო სულის აჯანყება საეკლესიო სულიერების, მისი არაამქვეყნიური წარმომავლობისა და არსების წინააღმდეგ. ამგვარი აბსოლუტში აყვანილი სეკულარული კულტურის იდეა (თავისი მახინჯი და სასტიკი ფორმებით), რაც ასე დამღუპველია კაცობრიობის ზნეობრივი სრულყოფისათვის, იყო ამ ეპოქის ბიზანტიური სახელისუფლებო მოღვაწეობის ძირითადი მახასიათებელი, რითაც ისავრიელები ერთგვარი წინამორბედები იყვნენ ფრანგული "განმანათლებლობისა" და გერმანული "Kulturkampf"-ისა.


ხელისუფლებისთვის "საცდელ ქვად" იქცა მაცხოვრის ჯვარცმა ხალკუპრატიის მოედანზე (იხ. შენ. XXI). მალე ლეონმა გადაჭრით მოითხოვა ხატების, ვითარცა კერპების, აკრძალვა, მაგრამ მხცოვანი პატრიარქის სახით შუდრეკ წინააღმდეგობას წააწყდა; წმინდა გერმანეს დაუშვებლად მიაჩნდა მსოფლიო კრების გარეშე ესოდენ დიდმნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა. უკეთურმა ბასილევსმა თანამოაზრე იპოვა თვით პატრიარქის მოწაფისა და სვინკელის12, ანასტასის (კონსტ. პატრ. 730-753 წ.წ.) პიროვნებაში. 730 წლის 17 (ან 7) იანვარს იმპერატორმა მოიწვია საიდუმლო საბჭო (ე. წ. ბერძნ. Σιλέντιον; ლათ. შილენტიუმ), სადაც კვლავ გაიმეორა თავისი მოთხოვნა. ღვთისმოსავმა მღვდელმთავარმა, ყველანაირი საშუალების ამოწურვის შემდეგ, თავად მოიხსნა საპატრიარქო რეგალიები ("დადვა ომფორი თჳსი წმიდასა საკურთხეველსა ზედა")13 და "დამრიგებლური სიტყვები წარმოთქვა: «თუ მე იონა ვარ, გადამაგდეთ ზღვაში»"14 (შდრ. იონა 1:12).


ამის შემდეგ წმინდა გერმანე გადასახლდა საკუთარ მამულში, პლატანიონში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იკონოკლასტური მოძრაობის საწყის ეტაპზე მთავრობის მიერ მიღებული ნახევარზომები სწორედ გერმანეს ბიბლიურმა ფიგურამ განაპირობა. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია - ყველაზე ხშირად 733 ან 740 წლები სახელდება. მისი წმინდა ცხედარი კონსტანტინეპოლში, ხორას (ბერძნ. Χώρα; თანამ. სტამბულის "კარიესის" მუზეუმი) დიდებულ მონასტერში დამარხეს.


უწმინდესი გერმანეს პიროვნება მიცვალების შემდგომაც აქტუალური იყო. 754 წლის ხატმებრძოლთა კრებაზე (ე. წ. "უთავოთა" კრება - "უთავოთა" იმიტომ, რომ მასზე არამცთუ არც ერთი პატრიარქი, არამედ მათი არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა) წმინდა გერმანე, წმინდა იოანე დამასკელთან (VII-VIII სს.) და წმინდა გიორგი კვიპრელთან († VIII ს-ის 50-იანი წ.წ.) ერთად, ანათემას გადასცეს. ეკლესიამ საკადრისი პატივი ქრისტეს ღვაწლმოსილ მხედარს VII მსოფლიო კრებაზე მიაგო; 787 წ. კრების მამებმა გერმანე (იმავე იოანესთან და გიორგისთან ერთად) წმინდანად შერაცხეს (ხს. დღე ძვ. სტ. 12 მაისი), სადაც მისი ავტორიტეტი სხვა დიდი მამების დარად მოიხმობოდა (ხატმებრძოლი ეპისკოპოსებისადმი გერმანეს მიერ მიწერილი სამი ეპისტოლე (იხ. ქვემოთ) საგანგებოდ წაიკითხეს კრების ერთ-ერთ სხდომაზე). 843 წლის "მართლმადიდებლობის ზეიმის" შემდეგ წმინდა მეთოდე პატრიარქმა (842-846 წ.წ.) წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელ იერარქთა განსასვენებელში, მოციქულთა სახელობის ტაძარში, პატივით გადაასვენა.


წმინდანის ნეშტს ამის შემდეგაც არ ეღირსა მოსვენება. ლათინ ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობის (1204 წ.) შემდეგ გერმანეს წმინდა ნაწილები საფრანგეთში, ქ. ბორის (თან. ბორ-ლეზ-ორგი) სააბატოში აღმოჩნდა. აქ კიდევ ერთხელ მოუწია მას უღმერთოთა მხრიდან დევნა; 1793 წლის რევოლუციონერებმა სახალხოდ შეურაცხყვეს და ნაწილობრივ გაანადგურეს სათაყვანებელი მამის წმინდა ძვლები. მისი გადარჩენილი ნაწილები ქ. ვენეციაში ინახება.


მნიშვნელოვანია ის სასწაულები, რომლებიც გერმანეს მიეწერება. მაგალითად, როდესაც ინათლებოდა მომავალი იმპ. კონსტანტინე V კოპრონიმი (741-775 წ.წ.), მან წმინდა ემბაზში ჩაისვარა, რაც გერმანეს განმარტებით დიდ უბედურებას უქადდა ეკლესიასა და მორწმუნეებს15 (მართლაც, ლეონის პირმშო მამამისზე სასტიკი მტარვალი აღმოჩნდა); მეფესთან სადარბაზოდ შესულებმა იუდა გამყიდველს, ანასტასი სვინკელოზს (გაიგო რა მისი ინტრიგების შესახებ), სულიწმინდით სახალხოდ უწინასწარმეტყველა: "ნუ ჩქარობ, კიდევ მოასწრებ ჰიპოდრომზე გავლას"16, რაც ქალაქის ცენტრში საჯარო შეურაცხყოფას ნიშნავდა. მართლაც, 742 წ. მას სიტყვასიტყვით აუსრულდა დანაპირები, როდესაც იმპ. კონსტანტინემ, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, სამარცხვინოდ დაამცირა პატრ. ანასტასი; ის, ნახევრად შიშველი, ვირზე უკუღმა მჯდომარე, ხალხის დასანახად ჩამოატარეს ჰიპოდრომზე17 (თუმცა, ესოდენ აბუჩად აგდების მიუხედავად, საყდარი შეუნარჩუნეს). ხატთაყვანისმცემელთა დიდი ბურჯის, წმინდა მოწამე სტეფანე ახლის († 767 წ.), მშობლებს ვაჟის გაჩენას დაჰპირდა18; აგრეთვე, აპოკრიფული თხრობა გერმანეს მიერ პალესტინაში ლიდის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლის დამზადების შესახებ19; ასევე, გადმოცემა, რომ საყდრის დატოვების შემდეგ გერმანემ საპატრიარქოში დაბრძანებული მაცხოვრის ხატი ზღვას მისცა წარწერით: "მოძღვარო, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა" (ლუკა 23:39); ხატი კი მალე სასწაულებრივად მიცურდა რომში, სადაც ის, საღვთო გამოცხადებით, გრიგოლ პაპმა გამოაბრძანა20; ცნობილი დიალოგი პატრიარქსა და იმპერატორს შორის21 და სხვა.


წმინდა გერმანე იყო პირველი მართლმადიდებელი მამა, რომელიც საქმითაც და სიტყვითაც წინ აღუდგა ხატმებრძოლობის საზარელ მწვალებლობას (ცხადია, რომ მას მოღვაწეობის გეოგრაფიული ადგილითაც და იერარქიული მდგომარეობითაც, ევალებოდა კიდეც); ამიტომაც, მისი ყველა გვიანდელი ნაშრომი ერეტიკოსების მხილებას ეძღვნება. თუმცა, პატრიარქის ლიტერატურული მემკვიდრეობა ბევრად მრავალფეროვანია და მას, ხელნაწერულ ტრადიციაში, არაერთი თხზულება მიეწერება, სადაც "ღრმანი და დაფარულნი სიტყუანი წერილისანი განჰმარტნა კეთილად თარგმანებითა, რამეთუ აქუნდა მას გულისჴმისყოფაჲ საღმრთოჲ ფრიადი"22. ორიგინალზე შემორჩენილი გერმანეს შრომები მოთავსებულია J.-P. Migne-ის ცნობილ გამოცემაში: Patrologiae graecae cursus completus. Series Graeca, Paris, 1857-1866; Vol. 98, col. 40-384.


პატრიარქს ეკუთვნის შემდეგი ძეგლები:


"ანთიმოზ დიაკონის მიმართ... კრებებისა და ერესების შესახებ" (იქვე, col. 40-88; შესაძლოა ინტერპოლაცია);


"ცხოვრების ზღვარის შესახებ" (col. 89-132), სადაც ძირითადი აზრის გარდა, რომ ყველა ადამიანის ამქვეყნიური არსებობის დასასრული ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი ღვთის მიერ, გერმანე გადმოგვცემს თავის შეხედულებას წმინდა მამათა ავტორიტეტის მიმართ; მისი თქმით, მამათა გამონათქვამები ჩვენთვის სასურველ ჭრილში კი არ უნდა განვმარტოთ, არამედ უნდა მივიღოთ ზუსტად ისე, როგორც ისინი ჩვენდამია უწყებული;


ეპისტოლეები: "იოანე სინადელისადმი" (col. 156-161), "კონსტანტინე ნაკოლიელისადმი" (col. 161-164), "თომა კლავდიოპოლელისადმი" (col. 164-188), სადაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური აპოლოგიაა გადმოცემული;


"საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" (ბერძნ. Ἱστορία ἐκκλησιαστικὴ καὶ μυστικὴ θεωρία; col. 384-454), რომელშიც ლიტურგიის სახისმეტყველებითი განმარტებაა უწყებული; ქართულად თარგმნილია სამგზის, თუმცა, ისევე, როგორც ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერში, აქაც სხვადასხვა მოღვაწეს მიეწერება23;


ასევე, არაერთი ქადაგება: განზოგებაზე "ჯვრის თაყვანისცემის შესახებ" (col. 221- 244), დიდ შაბათს "ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღვთისსხეულის (Θεόσωμον) საფლავის შესახებ" (col. 244-289) და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კორპუსი (col. 292-384); განსაკუთრებით საინტერესოა ხარების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჰომილია, რომელიც არაჩვეულებრივი არქიტექტონიკისაა - ის, ერთი მხრივ, დედაღვთისა მარიამსა და, მეორე მხრივ, მთავარანგელოზ გაბრიელსა და იოსებ დამწინდველს შორის დიალოგის ფორმითაა გადმოცემული, სადაც ყოველი ახალი აბზაცი ბერძნული ანბანის შემდგომი ასო-ნიშნით იწყება.


ერთი ამ ქადაგებათაგანი ქართულადაც არის ნათარგმნი ("სიტყუაჲ სატფურებისათჳს ტაძრისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, რომელ არს ხალკუპრატიას"; col. 372-384; ხელნ. Jer. 21, 38; S 449).


სამწუხაროდ, დაკარგულად ითვლება დიდი განმანათლებლის ერთი მნიშვნელოვანი თხზულება Ἀνταποδοτικός ("ნაცვალგებითი"), რომლის რეზიუმე შემორჩენილია წმინდა ფოტი პატრიარქის (858-867 - 877-886 წ.წ., † 891 წ.) "ბიბლიოთეკაში"24. წმინდა გერმანე ეკამათება აპოკატასტაზის25 მომხრეებს, რომელთაც არგუმენტად წმინდა გრიგოლ ნოსელის (დაახლ. † 394 წ.) ციტატები მოჰყავდათ "დიდი კატეხიზმური ქადაგებიდან" და "მოსე რჯულმდებლის ცხოვრებიდან" (გრიგოლის ორივე ეს ნაშრომი თარგმნილია ძვ. ქართულად წმინდა გიორგი († 1065 წ.) და წმინდა ექვთიმე († 1028 წ.) ათონელების მიერ). სწავლული პატრიარქი მეცნიერუ-ლად ამტკიცებს, რომ დიდი კაპადოკიელის შესაბამისი სიტყვები ერეტიკოსთა გვიანდელი ჩანართია და მეტი არაფერი. იქვე წმინდა გერმანე გადმოსცემს მართლმადიდებლურ სწავლებას სადავო საკითხზე.


წმინდა მამა, აგრეთვე, ითვლება სრულმყოფელად ე. წ. "არეოპაგიტული კორპუსის"26 კომენტარებისა. მანამდე ეს დიდი საღვთისმეტყველო საქმე წამოიწყეს იოანე სკვითოპოლელმა (VI ს.) და წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა († 662 წ.). "არეოპაგიტიკა" სრულად ითარგმნა წმინდა ეფრემ მცირის (XI ს.) მიერ27. სამწუხაროდ, ქართული სქოლიოების მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული28.


წმინდა გერმანეს სახელთან დაკავშირებულ ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუშს წარმოადგენს "ეპისტოლე სომეხთა მიმართ" (Epistola ad Armenios; col. 135-146), რომელიც სომხურადაა მოღწეული (ისევე, როგორც მასზე სომეხთა პასუხი); თუმცა, მანასკერტის კრებაზე (726 წ.), სადაც საბოლოოდ გადაწყდა სომხების სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, "როგორც ვიცით, ირჩეოდა გერმანე პატრიარქის წინადადება (ბერძნებთან შეერთების საკითხი)"29. ყოველ შემთხვევაში, მისი ხსოვნა სომხურ ეკლესიაშიც იზეიმება. ასევე, სახელნატყუარად მიიჩნევა გერ-მანესადმი გრიგოლ II მიერ მიწერილი ე. წ. "დოგმატური ეპისტოლე" (Epistolae dogmaticae; col. 148-156).


ცალკე კვლევის თემაა ის დიდძალი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა, რაც წმინდა მღვდელმთავრის სახელითაა წარწერილი, სადაც "წმიდათა შესხმითა ეკლესიაჲ განაბრწყინვა და საგალობელთა და იბაკოთა გამოთქუმითა ღამისთევათა სიფიცხე (=სიმძაფრე, ი. გ.) და სიმყჳრტე (=გარდამეტებულობა, ი. გ.) მოატკბო და შეანელა"30. ხოლო თვითონ კათოლიკე ეკლესია ასე უგალობს წმინდა მამას (წმინდა ეპიფანე კვიპრელთან († 403 წ.) ერთად, რომლის ხსენებაც 12 მაისზე მოდის): "მღუდელთმთავართა საკჳრველთა ერთობით ვადიდებდეთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ, გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწუნეს უღმრთოთა ენანი, და რწმენითნი სჯულნი (=დოგმატები, ი. გ.) ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობით მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდსა საიდუმლოსა" (სადღესასწაულო კონდაკი).


ზემოხსენებული ძეგლების გარდა ("საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და "სიტყუაჲ სატფურებისათჳს"), ძველმა ქართულმა მწერლობამ შემოგვინახა წმინდა გერმანე პატრიარქის სახელით ცნობილი კიდევ სამი საკითხავი, რომელთაც ბერძნული ორიგინალები არ ეძებნებათ: "თხრობაჲ სასწაულთათჳს და საკჳრველებათა დიდებულისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა და სხუათა მათ წმიდათა ანგელოზთათჳს"31 (წმ. ექვთიმე მთაწმინდლის თარგმანი, ხელნ. A 1103, 137-180; Sin. 91, 91-136), "საკითხავი მთავარანგელოზთაჲ"32 (A 70, 278-281) და დიდმარხვის პირველი კვირის ქადაგება "წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გერმანოს კონსტანტინეპოვლელ მთავარეპისკოპოსისაჲ სიტყუაჲ ჯუარისათჳს და წმიდათა ხატთა, ჴელითქმნულთა და ჴელითუქმნელთათჳს, მწვალებელთა მათ მიმართ, რომელნი ჯუარსა ხოლო თაყუანის-სცემენ და ხატთა არა"33. ქვემოთ სწორედ ამ უკანასკნელზე გვექნება საუბარი.




1 - "რომის პაპ გრიგოლის პირველი ეპისტოლე იმპერატორ ლეონ ისავრიელისადმი წმინდა ხატთა შესახებ"; Деяния Вселенских Соборов, Т. IV. Казань, 1908. ც. 325.


2 - Theophanis. Chronographia, I-II. Ed. C. De Boor. Lipsiae, 1883, 1885. P.G. t. 108. «Летопись византийца Феофана», в переводе с греческого В. И. Оболенского и Ф. А. Терновского, с предисловием О. М. Бодянского, Москва, 1884.


3 - "დიდი სჳნაქსარი", წმ. გიორგი ათონელის თარგმანი, საქართველოს საეკლესიო კალენდარი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებლის ტაძარი, 2003, გვ. 97.


4 - იქვე.


5 - «Летопись византийца Феофана», ც. 280, დასახ. გამოცემა.


6 - VI მსოფლიო კრების (680-681 წ.წ.) მიერ ანათემირებული ცრუმოძღვრება ქრისტეში ერთი მოქმედებისა და ერთი ნების შესახებ.


7 - "რომის პაპ გრიგოლის...", დასახ. ნაშრომი, გვ. 325.


8 - "დიდი სჳნაქსარი", დასახ. გამოცემა, გვ. 97.


9 - დიპლომატიური თანამდებობა რომის იმპერიაში. მოგვიანებით საეკლესიო-ადმინისტრაციული მნიშვნელობით აპოკრისიარი (ბერძნ. "ἀποκρισιάριος", პირ. "პასუხის მომტანი"; ლათ. responsalis) იყო დანარჩენი საპატრიარქოების წარმომადგენელი კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე. მაგ., დედაქალაქში რომის პაპის ასეთ წარმომადგენლად 579-586 წლებში მოღვაწეობდა წმ. გრიგოლ I დიდი, შემდგომში თავად პაპი (590-604 წ.წ.).


10 - «Летопись византийца Феофана», ც. 282.


11 - საერო ხელისუფლის, ამ შემთხვევაში იმპერატორის, მიერ საეკლესიო საკითხებში უხეში ჩარევა და მისი საქმეების მართვა-გამგეობა.


12 - ბერძნ. ὁ σύγκελλος (პირ. "თანაშემწე"; ძვ. ქართ. "სჳნკელი, სჳნგელოზი") - საეკლესიო თანამდებობა; პატრიარქთან მცხოვრები სასულიერი პირი, რომელიც მისი თანაშემწე და უბიწო ცხოვრების მოწმე იყო; ჰქონდა დიდი გავლენა და ხშირად პატრიარქის თანამოსაყდრედაც მოიაზრებოდა პროტოსვინკელის ხარისხში.


13 - "დიდი სჳნაქსარი", დასახ. გამოცემა, გვ. 98. წმ. გერმანეს მიერ საყდრის დატოვების ამბავს იუწყება მისი თანამედროვე წმ. იოანე დამასკელიც. იქ, სადაც საუბარია ძველ დროში მეფეთა ძალმომრეობის ფაქტებზე წმ. იოანე ბრძანებს: "და ახლაც, ნეტარი გერმანე (ბერძნ. ὁ μακάριος Γερμανός), რომელიც ბრწყინავს ცხოვრებითაც და სიტყვითაც, დაისაჯა და დევნილად იქცა" ("მეორე სიტყვისგება ხატმებრძოლთა წინააღმდეგ", P.G. 94, col. 1297A). ერთი შეხედვით, თეოფანესა და სხვა წყაროთა ნაუწყებში, რომ გერმანე ნებაყოფლობით გადადგა საპატრიარქო ტახტიდან, და იოანეს ცნობას შორის, პატრიარქზე ძალის გამოყენების თაობაზე, წინააღმდეგობა შეიმჩნევა. მაგრამ, ალბათ, აქ იგულისხმება ხელისუფლების მხრიდან პერმანენტულად წარმოებული ის ზეწოლა, რამაც უწმინდესი გერმანე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და მიაღებინა ესოდენ უკიდურესი გადაწყვეტილება.


14 - «Летопись византийца Феофана», ც. 299.


15 - იქვე, გვ. 292.


16 - იქვე, გვ. 298.


17 - იქვე.


18 - "სტეფანე ახლის ცხოვრება", Bibliotheca hagiographica Graeca, N 1666, p. 159. 21-23; Ed. Fr. Halkin, Brux., 1957.


19 - Homilia de Maria Rhomaia; Dobscütz E., von. Christusbilder. Lpz., 1899, 242.7-26.


20 - Жития византийских святых. Перевод Софьи Поляковой, СПБ., 1995, с. 334-335.


21 - «Летопись византийца Феофана», ც. 297-298.


22 - "დიდი სჳნაქსარი", დასახ. გამოცემა, გვ. 97.


23 - იხ. ორი ძვ. ქართ. თარგმანი: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2004, გამომ. "ნათლისმცემელი", თბილისი, 2003, გვ. 117-164; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა; ასევე, ახალ ქართ.: თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიეროსაღვთისმეტყველო შრომები, II, თარგმანი ედიშერ ჭელიძისა, თბილისი, 2004, გვ. 60-68. გამომცემლთა წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე კვლევა ძეგლის ავტორობას სწორედ წმ. გერმანეს განუკუთვნებს.


24 - Photius. Bibliothèque, 223; Ed. R. Henry.


25 - ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის წინამძღოლის, ორიგენეს (180/5 - 254/5 წ.წ.), ცრუმოძღვრება საყოველთაო (მათ შორის, ბოროტი ძალებისაც) აღდგომის (ბერძნ. ἡ ἀποκατάστασις; ძვ. ქართ. "კუალადგებაჲ") შესახებ.


26 - წმ. პავლე მოციქულის მოწაფის, ათენის პირველი ეპისკოპოსის, წმ. დიონისე არეოპაგელის (I-II სს.) სახელით ცნობილი თხზულებების ერთობლიობა, ე. წ. Corspus Areopagiticum.


27 - შრომები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ს. ენუქაშვილმა, თბილისი, 1961.


28 - იხ. ქართულ-ბერძნული საღვთისმეტყველო განმარტებანი "ანგელოზურ ძალთა შესახებ"; განმარტებათა ძველი ქართული (წმ. ეფრემ მცირისეული) ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ბერძნულ კომენტარებთან შეაჯერა, გამოკვლევა და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო ანა ჭუმბურიძემ, თბილისი, 2001.


29 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ. 139.


30 - "დიდი სჳნაქსარი", დასახ. გამოცემა, გვ. 97.


31 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 207. მისივე, "ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან", თბილისი, ტ. II, 1945, გვ. 237-268. მისივე, "უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში", ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1941, დამატება, გვ. 585 და "ეტიუდები" ტ. V, თბილისი, 1957, გვ. 23.


32 - იქვე.


33 - ქვემოთ ყველგან "სიტყუაჲ ჯუარისათჳს".



გამოყენებული ლიტერატურა


1. Дворкин А. Очерки по истории Вселенской Православной Церкви; Н. Новгород, 2005.


2. Карташев А. В. Вселенские Соборы; Клин, 2002.


3. Православная энциклопедия. Т. IX; Москва, 2005.


4. Православная энциклопедия. Т. XI; Москва, 2006.

5. Успенский Ф. И. История Византийской Империи, т. 2; Москва, 2005.


6. Шмеман А, прот. Исторический путь Православия; Москва, 2003.


7. The Catholic Encyclopedia, Volume VI. Published 1909; New-York.