მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეათე (დამატებითი)

 

რამოდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ

 

§200. ადამიანის მნიშვნელობის შესახებ

 

თუ ადამიანის სული უკვდავია და თუ თავისი არსის მიხედვით მას შესწევს განუწყვეტელი სრულყოფის უნარი, აქედან ადვილად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ადამიანის დანიშნულების შესახებ. ადამიანის დანიშნულება, უეჭველად, სწორედ ისაა, რომ თვით იგი განუწყვეტლივ და უსასრულოდ განიცდიდეს სრულყოფას როგორც გონებრივი, ისე განსაკუთრებით ზნეობრივი მიმართულებით. ამ მანუგეშებელ ჭეშმარიტებას, რომელზეც ჩვენს გონებას, შეუძლია მხოლოდ იმკითხაოს, საკმარისად ხსნის და უდავოდასაბუთებს ქრისტიანული რწმენა. ეყრდნობა რა ღვთიურ გამოცხადებას, იგი გვასწავლის, რომ ადამიანი მთელი თავისი შემადგენლობით, ე.ი. სულითა და სხეულით, შექმნილია მისი ამქვეყნიური დამსახურების შესატყვისი მარადიული ცხოვრებისათვის. იგი შთაგვაგონებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ შემზადებაა მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის. ვინც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აზიარა სული სიკეთეს, იგი მომავალ ცხოვრებაშიც იპოვის უმაღლეს ჯილდოს იმავე სიკეთეში. მაგრამ ვისი სულიც კი ბოროტებით განიმსჭვალა, მისთვის სასჯელი იმ ქვეყნად თვითონ ბოროტება იქნება. მაგრამ ეს მაღალი აზრი, გამოცხადება რომ შთაგვაგონებს, საოცრად შეესატყვისება იმ შედეგებს, რომელსაც ფსიქოლოგი აღწევს სულის ბუნებასა და თვისებებზე დაკვირვებისა და შესწავლის გზით.