მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეათე (დამატებითი)

 

რამოდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ

 

§198. სული არსებაა, რომელიც განუწვეტლივ მიდის სრულყოფისაკენ

 

ადამიანის სული არსებაა, რომელიც განუწყვეტლივ სრულყოფაშია და ამ მიმართებით უფრო, ვიდრე ყველა სხვა მიმართებით, დაპირისპირებულია ყოველ მატერიალურ და ხილულ არსებასთან. ყოველ მატერიალურ სუბსტანციას დაწესებული აქვს განვითარების გარკვეული ფორმა, რომლის საზღვრებს ის ვერ გაცდება. მცენარის ყოველი სახე ვითარდება მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში, რომლის შემდეგ იწყება უკუსვლა. ყველა ცხოველიც, ასევე, იზრდება და განიცდის გარეგნულ სრულყოფას გარკვეულ საზღვრამდე. მაგრამ სულის სრულყოფას თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეიძლება გააჩნდეს საზღვრები.

 

თეორიული თვალსაზრისით სულს შეუძლია და კიდეც უნდა სრულყოფოდეს უსასრულოდ, ვინაიდან ადამიანურმა აზრმა არ იცის საზღვრები, ადამიანური გონება არა მარტო არ კმაყოფილდება განვითარების გარკვეული დონით ან ცოდნათა გარკვეული ჯამით, არამედ, პირიქით - ყოველი ახალი ნაბიჯი შემეცნებაში, ასე ვთქვათ, მას უფრო „გაუმაძღარს ხდის", ყოველი ახალი შემეცნებითი შენაძენი მისთვის იქცევა საფუძვლად და საფეხურად მეცნიერებისა და აღმოჩენების სფეროში ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ასეთივე ხასიათისაა სულის ყველა სხვა უნარიც. ადამიანების წარმოსახვას ხომ არა აქვს საზღვრები; მისი მეხსიერებაც ცნობათა სიმრავლით როდი სუსტდება და ითრგუნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმას გვისაბუთებს, რომ სული ყველა თავის უნარებსა და ძალებში შეიცავს მარადიული ყოფნისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას და საწინდარს. სულის უნარები არ ჰგვანან მანქანის ბორბლებსა და ზამბარებს, რომლებიც ყოველწამიერად ცვდებიან და კლებულობენ. პირიქით, ეს უნარები რაც უფრო მეტს შრომობენ, მით გამძლე და ძლიერნი ხდებიან. ის მოვლენა, რომ მოხუცებულობის ჟამს ადამიანური უნარები სუსტდებიან, სრულიად არ ეწინააღმდეგება აქ ნათქვამს, ვინაიდან ცხადია, რომ უნარების ეს შესამჩნევი დასუსტება აზროვნების ორგანოთა დასუსტების შედეგია, ხოლო ამ ორგანოებზე, როგორც ადრე ითქვა, მჭიდროდაა დამოკიდებული სულის უნარები.

 

უფრო შესანიშნავია მუდმივი ზნეობრივი სრულყოფის უნარი ადამიანებში. ადამიანის სულს შეუძლია განუწყვეტლივ და მუდამ გახდეს ზნეობრივად მაღალი და უკეთესი. ეს ხდებოდა სიკეთის დამკვიდრებით, აზრებითა და სურვილებით შემოქმედთან მიახლოებით, იმ უსასრულო იდეალთან მიახლოებით, რომელიც ჩვენი მიახლოებისას უფრო დაშორებული გვეჩვენება. ერთიც ცხადია, - საპირისპირო მდგომარეობა - ბოროტებასთან უწყვეტი და მარადიული თანყოფა ისევე შესაძლებელია სულისათვის, როგორც მისი მარადიული სრულყოფა სიკეთეში. მაგრამ როგორც ყველასათვის ცნობილია, დედამიწაზე ჩვენი სული როდი აღწევს სრულყოფას თეორიული თუ პრაქტიკული მიმართებით. რომ არაფერი ვთქვათ გაუნათლებელ ადამიანებსა და ბავშვებზე, რომლებიც ესაა იწყებენ ცხოვრებას, თვით ისინიც კი, ვინც მიაღწიეს განვითარების უმაღლეს დონეს, ცხადად განიცდიდნენ იმას, რომ მათ მხოლოდ სუსტი საფუძველი მოუმზადეს თავის სრულყოფას და რომ მათი სულიერი მოღვაწეობისათვის უსასრულო ასპარეზი კიდევ წინ იყო.