|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეათე (დამატებითი)
რამოდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ
§197. სულის უკვდავების ძირითადი საბუთები
ჩვენი შრომის დასკვნაში რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით სულის უკვდავებისა და მისი დანიშნულების შესახებ.
თავისთავად იგულისხმება, რომ უკდავება სულის იმ თვისებებს არ განეკუთნება, რომლებიც
ცდითა და დაკვირვებით შეისწავლებიან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ცდისეულ ფსიქოლოგიას
შეუძლია მოგვაწოდოს ისეთი საბუთები, საიდანაც დასკვნის გზით შეიძლება ვირწმუნოთ
სულის უკვდავების ჭეშმარიტება ისევე, როგორც მხოლოდ იგი ფლობს სულის ყველა სხვა
თვისების შესასწავლად საიმედო ხერხებს. ცდისეულმა ფსიქოლოგიამ უტყუარად დაასაბუთა
ორი ჭეშმარიტება, რომელიც შეიძლება და უნდა გამოდგეს კიდეც სულის უკვდავების საბუთადაც: ა)
სული წარმოადგენს ორგანიზმისაგან განსხვავებულ სუბსტანციას, რომელსაც გააჩნია ცნობიერებისა და ნების სახით გამოვლენილი დამოუკიდებელი
პიროვნულობა; ბ) იგი განუწყვეტლივ სრულყოფაშია.
ამ ორი ჭეშმარიტებიდან, დასკვნების მთელი ჯაჭვის გამოყენებით, გამომდინარეობს
ადამიანური სულის უკვდავების დასაბუთება.
თავიდან განვიხილოთ პირველი დებულება.
თუ სული თვითმყოფადი სუბსტანციაა და არა
დროებითი თვისება ან კერძო სახე სხვა სუბსტანციის ყოფიერებისა, მაშინ მისი სიკვდილი
ორგვარად შეიძლება იქნეს გაგებული: იგი შეიძლება მოკვდეს ან სხეულისდაგვარად. ე.ი.
დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, ან მოისპოს რაიმე გარეშე სუბსტანციის ზემოქმედებით. მაგრამ არც
ერთი ამგვარი სიკვდილი მას არ შეიძლება ახასიათებდეს.
სული არ შეიძლება მოკვდეს სხეულის მსგავსად, ვინაიდან იგი ნაწილებისაგან არ
შედგება. ჩვენი სხეული კვდება იმის გამო, რომ მისი სტიქიური ელემენტები იშლებიან,
მათი ურთიერთკავშირი, ძალა, რომელიც კრავდა მათ ერთი ფორმის მთლიანობად, სუსტდება,
მისი ორგანოები ასე ვთქვათ, ცვდება როგორც მანქანის ბორბლები და მისი ყველა
შემადგენელი ნაწილი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას - მიწას, ჰაერს და
სხვას. მაგრამ სული მარტივი სუბსტანციაა, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი აღრევა.
მას არ გააჩნია არა მარტო რაიმე ნაწილი, მასში არაფერია რაიმე მატერიალური. იგი
მატერიალურის რაღაც საპირისპიროა და ამდენად, არ შეიძლება დაიშალოს.
სიკვდილის მეორე სახეს კი - მოსპობას რაღაც გარეგანი ძალის ზემოქმედებით, არ შეიძლება ჰქონდეს
ადგილი არა მარტო სულის, არამედ თვით მატერიის მიმართ, ვინაიდან მოსპობა არც
მატერიაზე ვრცელდება. თუ ჩვენ ბუნებაში ვამჩნევთ ერთი სახის სხეულთა გაქრობას და
სხვათა აღმოცენებას, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად ქრებიან
სხეულთა შემადგენელი ნაწილებიც. ქრება ამ სხეულის ყოფიერების ცალკეული სახე,
ცალკეული შემთხვევითი შენაერთი და არა თვით მათი შემადგენლობა. თუ ათასობით ხე ლპება მიწაში, ან ცეცხლში იწვის, ცხადია ქრებიან ხეები და
არა ნახშირბადი, ჟანგბადი თუ მათი სხვა შემადგენელი ნაწილები. ჭაობები და
მდინარეებიც შრებიან, მაგრამ მათგან წყალი ჰაერში ორთქლდება. ერთი სიტყვით,
მატერიის მასა დედამიწის ზურგზე ყოველთვის ერთი და იგივეა, ვინაიდან ყოველი
ცალკეული ატომი მუდმივად არსებობს, თუმცა სხვადასხვა სახით და სხვადასხვა
შენაერთებში. თუ მოსპობა არ ვრცელდება მატერიალურ ატომზე, მით უფრო იგი არ შეეხება
სულს. ვის, ან რას შეუძლია მოსპოს იგი? სამყაროს სტიქიები მათზე გავლენას ვერ
ახდენენ, ხოლო რაც შეეხება გონიერ არსებებს, აქ მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა მოუსპოს
მას ყოფიერება, მაგრამ ცხადია, ის ამას არ ჩაიდენს.
|
|