|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§196. თავის დასკვნა
წიგნის მეორე განყოფილებაში ჩვენ წარმოგიდგინეთ იმ უახლეს
გერმანელ მეცნიერთა შრომები, რომლებიც ცდილობენ სულსა და ორგანიზმს შორის არსებული
მიმართების გამოკვლევას ცდაზე დაყრდნობით. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ თითქოს ამ
შრომებით საბოლოოდ გადაწყდა საკითხის ის უარსებითესი პუნქტი, რომელიც მრავალი
თეორიისა და ჰიპოთეზის საბაბი შეიქმნა და რომელიც ყოველთვის დარჩება ბუნების
გამოუცნობ საიდუმლოებად. რა საკითხია ეს? ამ საკითხის აზრი შემდეგშია. როგორ
შეიძლება ორგანული ცვლილებები საბოლოოდ აისახონ სულში, ან თვით სულს როგორ შეუძლია
ზემოქმედება ორგანიზმზე? უფრო გასაგები რომ გავხადოთ ეს კითხვა, ავიღოთ ერთი
შემთხვევა. მხედველობის ორგანოს მიერ საგნებიდან მიღებული შთაბეჭდილება, როგორც
ცნობილია, მხედველობითი ნერვის წყალობით გადაეცემა ტვინის გარკვეულ პუნქტს და
იწვევს მასში რაღაც ცვლილებას. საკითხავია - როგორ აღიქვამს სული ამ ცვლილებას
სინათლის, ან საგნის ფორმის სახით? ან სხვაგვარად. სულში თავი იჩინა ნებამ -
აამოძრაოს სხეულის ესა თუ ის ნაწილი. უნდა ვიკითხოთ. როგორ ახერხებს სული
„უბიძგოს" იმ ნერვს, რომელმაც ნება უნდა გადასცეს ორგანოს მოძრაობის სახით? იმ
წარმოდგენის მიხედვით, რაც ჩვენ გარეშე საგნების შესახებ გაგვაჩნია, ჩვენ ვიცით
მხოლოდ ერთი სახე, რომლითაც საგნები ურთიერთმოქმედებენ - ესაა საგანთა უშუალო
შეხება. მაგრამ ჩვენ უდავოდ დავრწმუნდით, რომ სული სრულიად სხვა არსებაა, რომელიც
არაფრით არ ჰგავს მატერიალურს. ამიტომაა საინტერესო - როგორ შეუძლია მას აღიქვას
ორგანული შთაბეჭდილებები, ან ცვლილებები და გაღიზიანებანი ტვინში? ან როგორ აღძრავს
იგი სხეულს სამოძრაოდ? უფრო ზუსტად: როგორ უნდა ავხსნათ სულის სხეულთან საბოლოო
შეერთება? ეს საკითხი, ვიმეორებ, სამარადჟამოდ გადაუწყვეტელი დარჩება.
კარუსი, კლენკე და სხვა თანამედროვე ფსიქოლოგები რაღაც
უცნაურად მოეპყრნენ ამ აუცილებელ საკითხს. მათ იგი ვერ გადაწყვიტეს, რაც მართლა
შეუძლებელია, მაგრამ გვერდი აუარეს, ან უკეთ გააუქმეს იგი იმით, რომ ორგანიზმი
გააიგივეს სულთან, უწოდეს რა მას იდეა-სულის გარეგანი გამოვლენა, ხოლო სულს ანუ ფსიქეს - ორგანიზმის შემოქმედი.
კლენკე რომ მართლაც ამგვარ თვალსაზრისს ავითარებს თავის ორგანულ ფსიქოლოგიაში,
ამაში უეჭველად და საბოლოოდ დასარწმუნებლად მივაქციოთ ყურადღება მის
სიტყვებს: „საჭმლის მომნელებელი სისტემა ხელს უწყობს თვითშენახვას, მხარს უბამს სხეულებრივ
მოთხოვნებს. ეს აღძრვა თვითშენახვისათვის არ წარმოადგენს სხეულში წარმოშიბილი
ნივთიერების რაიმე დამახასიათებელ თვისებებს, ვინაიდან ეს ნივთიერება თავის ამ
სახით არსებობას უნდა უმადლიდეს იმ იდეალურ ძალას, რომელიც ბუნებაში წარმოდგება
განსაკუთრებული არსის, მონადის სახით... ამდენად, სხეული აღიძვრის
თვითშენახვისათვის იდეალური ძალის მიერ, რომელიც ცხოველებთან და ადამიანებთან სულად
იწოდება და რომლის უმაღლეს გამოვლენას ადამიანში ღვითური სულის აღქმის შემწეობით
სუბიექტური გონი, ფსიქე წარმოადგენს.
ამ სიტყვების ყურადღებით განხილვის დროს ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რაც, არა
მხოლოდ ქრისტიანს, საერთოდ მოაზროვნე ფილოსოფოსსაც არ შეეძლება მიიღოს. ჯერ
მივაქციოთ ყურადღება იმას. რომ ეს იდეალური მონადა, ანუ სული, „გამორჩეულ
ნივთიერებას" , ე.ი. გარეშე სხეულებს, რომელნიც საკვების გზით შემოდიან ორგანიზმში,
გარდაქმნის საკუთარ თვისებად, აკავებს მათ ორგანიზმში და ამსგავსებს საკუთარ თავს.
მაგრამ თუ ეს იდეალური მონადა - სული ამსგავსებს თავის თავს ორგანიზმში მოხვედრილ
ნივთიერებებს, მაშინ აქედან ცხადად გამომდინარეობს ისიც, რომ თვით იგიც უნდა
იყოს მატერიალური, სხეულებრივი მონადა. სხვაგვარად იგი მატერიას ვერ მისცემდა
თავის თვისებებს, ვერ გარდაქმნიდა მატერიას ისე, რომ იგი სულს დამსგავსებოდა. მაგრამ
ისეთი დაშვებაც, რომ თითქოს სულიერი მონადა მატერიალური იყოს, თუნდაც განუყოფელი, ერთობ მცდარია და
შეიცავს ათას შეუსაბამობას, რაზეც ამ ფსიქოლოგიის პირველ თავში იყო საუბარი.
მეცნიერებას ჯერ არსად აღმოუჩენია, და ალბათ ვერც აღმოაჩენს შემთხვევას, როდესაც
ერთი რომელიმე მატერიალური მონადა, ან ფიზიკური ატომი ისე განსხვავდებოდეს სხვა
ატომისაგან, როგორც ჩვენი სული განსხვავდება ყოველგვარი მატერიისაგან. კლენკეს
სიტყვებში ის აზრიცაა ჩადებული, რომ სული იქცევა გონად, ანუ დამოუკიდებელ
სუბსტრატად ღვთაებრივი სულის აღქმის შედეგად. ეს შეხედულება შეიძლება გასაგები და
მისაღები იყოს მხოლოდ პანთეისტური თვალსაზრისით, მის ფარგლებს გარეთ იგი შეიცავს
ასეთ წინააღმდეგობას. ათასი ადამიანიდან შეიძლება მხოლოდ ერთი ფლობდეს სუბიექტურ
გონს, ვინაიდან ყველას როდი ძალუძს აღიქვას ღვთაებრივი სული. გავიმეოროთ ერთხელ
კიდევ, რომ მართლა არ გაგვაჩნია არავითარი შესაძლებლობა ამოვხსნათ სულსა და სხეულს
შორის არსებული მიმართების რაობა. ზოგჯერ უკეთესია პატიოსნად ვაღიაროთ საკითხის
გადაჭრის შეუძლებლობა, ვიდრე გადავჭრათ ისე, რომ ზიანი მივაყენოთ და დავუპირიპირდეთ
სხვა აღიარებულ და მტკიცე ჭეშმარიტებებს.
|
|