|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§195. თანშობილია ადამიანისათვის ხასიათი და ტემპერამენტი?
ნათქვამიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი ხალხების ხასიათი
ყალიბდება ან ერთი რომელიმე განსაკუთრებული მიზეზის, ან მრავალ ერთად მომქმედ
მიზეზთა ზეგავლენით. ეს შენიშვნა რამდენადმე გვაახლოებს აქ წამოჭრილი საკითხის
გადაწყვეტასთან. მართლაც, ადამიანის ხასიათი იმდენად შეიძლება ჩაითვალოს
თანშობილად, რამდენადაც მისი განმსაზღვრელი მიზეზები წინ უსწრებენ და ხელს უწყობენ
მის ჩამოყალიბებას. რამდენადაც ადამიანი იბადება გარკვეული კლიმატის პირობებში,
იზრდება გარკვეულ რელიგიურ გარემოში და გარკვეული ზნეობრივ-პოლიტიკური წესების
გავლენით, განსაკუთრებით კი - აქვს გარკვეული მშობლებისაგან მიღებული საკუთარი ორგანიზმი, ამდენად ყოველივე ეს წინასწარ
აპირობებს მის მომავალ ხასიათს. რამდენადაც, როგორც ითქვა, ხასიათი ყალიბდება
თავისუფალი მოქმედების გზით, იმდენად იგი უნდა ჩავთვალოთ უფრო შეძენილად,
ვიდრე თანშობილად. რაც შეეხება ტემპერამენტს, იგი უფრო თანშობილია, ვიდრე შეძენილი,
ვინაიდან იგი სულზე ორგანულ ზემოქმედებათა შედეგია. მაგრამ ცნობილია, რომ
ჩამომავლობა დიდად მოქმედებს ტემპერამენტის ჩამოყალიბებაზე. ფიზიოლოგიაში ახსნილია
ის გარემოება, რომ ადამიანის სხეული, რომელიც გარკვეული განაყოფიერების შედეგია,
ღებულობს იმ ორგანიზმის თვისებებს, რომლისაგანაც იგი წარმოიშვა და ამასთანავე,
ცალკეული გამონაკლისების გარდა, მემკვიდრეობით ღებულობს თავისი მშობლებისაგან ყველა
სულიერ ნიშან-თვისებასაც, ე.ი. მათ ტემპერამენტს. აქედან გაიგება ის საინტერესო
მოვლენა, რომ რომელიმე ადამიანის გენეტური ხასიათი საუკუნეებით გადადის ერთი
შთამომავლობიდან მეორეზე და ზოგჯერ ხალხებიც კი ატარებენ თავიანთი წინაპარის
ხასიათის დაღს. სხვათა შორის, ამ მოვლენას ხელს უწყობს, ამას გარდა, სხვა მრავალი
გარემოებაც; ჩვილი, რომელიც იზრდება გარკვეულ ოჯახურ გარემოში, ითვისებს პირველ
შთაბეჭდილებებს და აზრებს იმ ადამიანებისაგან, ვინც მას გარს არტყია.
გარემომცველთა მაგალითი მასზე უცილობლად მოქმედებს და რა გასაკვირია, თუ იგი
მემკვიდრეობით იღებს თავისი მშობლების ცნებებს, გრძნობებს, ცრურწმენებს და მთელ
ტემპერამენტს და ასევე გადასცემს მას თავის შთამომავლობას. მაგრამ არ უნდა
ვიფიქროთ, რომ თითქოს ახალდაბადებულს უკვე გააჩნდეს გარკვეული ხასიათის რაიმე
მონაცემი, ჩანასახი. მასში მხოლოდ იმის შესაძლებლობაა, რომ შეითვისოს ერთი ხასიათი
უფრო, ვიდრე მეორე. მას გააჩნია პირობები, რომელიც პიროვნებას უმუშავებს უნარს -
ადვილად მიიღოს ერთი გარკვეული ხასიათი და ძნელად - მეორე. თვით ზნეობრივი აღზრდის
შესაძლებლობა, ე.ი. ადამიანისათვის გარკვეული ზნეობრივი მდგომარეობის ზიარება
გვიჩვენებს, რომ ბუნებრივ მიდრეკილებათა გავლენა მაინც გარდუვალია. ეს იმდენად
გარდუვალია, რომ ამ მიდრეკილებათა არამც თუ მოსპობა, მნიშვნელოვნად შესუსტებაც
შეუძლებელია, და რომ ადამიანის ძლიერ ნებასაც არ ძალუძს წინ აღუდგეს ბუნებრივ სწრაფვებს.
|
|