მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

2. ხასიათის შესახებ

 

§192. აღზრდის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე

 

თავისებურ აღზრდას კიდევ უფრო დიდი გავლენა აქვს ხასიათის ჩამოყალიბებაზე. აღზრდა იმისთვისაა სწორედ მოწოდებული, რომ შეცვალოს და დაადგინოს ადამიანის ზნეობრივი ტემპერამენტი. გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება. ამაში რომ დავრწმუნდეთ, შევადაროთ ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი იზრდებოდა კეთილგონივრული წესების შესატყვისად, ხოლო მეორე ბუნების ამარა იყო მიტოვებული. როგორი უზარმაზარი სხვაობა შეიმჩნევა მათ შორის ყველა უნარების, შინაგანი თუ გარეგანი ნიშან-თვისებების მიხედვით თვით უმარტივესი მოძრაობებიდან დაწყებული (ხელ-ფეხის მოხმარება), გულისა და გონების უმაღლესი მოქმედებით დამთავრებული, უკლებლივ ყველა ადამიანური მოქმედება ატარებს აღზრდის განსაკუთრებულ დაღს. გასაოცარი განსხვავება ცივილიზებულ ადამიანსა და ველურს შირის, რომელიც მათ თითქმის განსხვავებულ არსებებად წარმოგვიდგენს, სწორედ რომ აღზრდას ეფუძნება.

 

გაუნათლებელ ადამიანთან ვნება მოუთოკავია, მისი მოქმედება ყოველთვის ექვემდებარება უხეშ, ცხოველურ გრძნობებს, და საერთოდ, იგი ცხოველს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. განათლებული კაცი კი - პირიქით, მოქმედებს გონების, ვიდრე ვნებათა კარნახით.

 

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ თითქოს ასეთ კაცს არ გააჩნდეს იგივე გრძნობები და ვნებები, რომლითაც ბუნება აღჭურავს ყველა თავის შვილს, მაგრამ ვნებანი მასში გამოვლინდებიან სულ სხვაგვარად, ვიდრე გაუნათლებელთან. ისინი მასთან შერბილებული, განსჯას დაქვემდებარებულია. აღზრდა სწორედ ბუნებრივი ადამიანის გარდასაქმნელად უნდა იყოს მიმართული. თუ ადამიანი ახერხებს ხელოვნურად შენიღბოს თავისი ვნებები და მანკიერებანი, ან გარეგნულად შეალამაზოს ისინი, ეს კიდევ არ მეტყველებს მის განსწავლულობაზე ან აღზრდილობაზე. განათლებულობამ, პირიქით, უნდა გაანელოს ან მთლიანად მოსპოს ბუნებრივი გრძნობის სიუხეშე.