|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§191. კლიმატის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე
ადგილისა და კლიმატის საკმაოდ ძლიერი ზემოქმედება ხასიათის ჩამოყალიბებაზე ისე ცნობილია ყველასთვის, რომ
იგი სპეციალურ დასაბუთებას არ საჭიროებს. ასეთი ზემოქმედების შედეგია ცალკეული
ქვეყნების თუ ტომების ხალხთა ხასიათები. თავისთავად ცხადია, რომ კეთილშეზავებული,
თბილი კლიმატის პირობებში, სუფთა და ჯანსაღი ჰაერის შემთხვევაში, ბარაქიან და
ნაყოფიერ ნიადაგზე ხასიათიც სხვაგვარად ვითარდება, ვიდრე არაჯანსაღი, მკაცრი
კლიმატის პირობებში. თუკი ცალკეულ შემთხვევაში დასტურდება სუფთა, სასიამოვნო ჰაერის
კეთილი გავლენა პიროვნებაზე, ვიდრე არაჯანსაღი, შეხუთული ჰაერისა, მაშინ უფრო მეტ
გავლენას უნდა მოველოდეთ მისგან, როდესაც იგი პიროვნების თუ ხალხის მთელ სიცოცხლეს გასდევს.
ბარში მცხოვრებს, მაგალითად, სხვა ხასიათი აქვთ, ვიდრე მთაგორიანი ქვეყნების
მცხოვრებლებს. უკანასკნელთა ხასიათში შეიმჩნევა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ
უპირატესი მიდრეკილება, გულში კი - თავისუფლების გრძნობა. განსაკუთრებით
შესამჩნევია ეს ხასიათი მთის მოსახლეობაში. ჯანსაღი კლიმატის, სუფთა, ლაღი, მთის
ჰაერის გავლენა ვლინდება მათში უაღრესად განსაცვიფრებელი სახით. ისინი ყოველთვის
გამოირჩევან სიმამაცით, სიმხნევით, მხიარულებით, ერთგულებით. მათი გარეგანი თუ შინაგანი
ნიშან-თვისებები აშკარად ამჟღავნებენ კლიმატის ზეგავლენას. მათ უყვართ თავისუფლება,
დამოუკიდებლობა და ეს თითქოს სუფთა ჰაერთან ერთად აქვთ შეთვისებული.
ხასიათზე კლიმატის გავლენაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ისტორიიდან
იმ ტომების ბედს, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლდნენ, მაგალითად,
ესპანეთიდან და გერმანიიდან ამერიკაში გადასახლებულნი მთლიანად გამოიცვალნენ
ტემპერამენტის მიხედვით, ვიდრე გარეგნულგდ. კლიმატის ასეთი გავლენა ხასიათზე
აიხსნება იმით, რომ კლიმატი ჯერ მთლიანად გარდაქმნის ადამიანის ორგანიზმს, ხოლო
მისი საშუალებით კი - სულიერ ნიშნებსაც, ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ, უკანასკნელი
დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმის მდგომარეობაზე.
|
|