|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§190. რაზეა დამოკიდებული ხასიათების სხვადასხვანაირობა?
როგორც ახლახანს აღინიშნა, ხასიათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს სულის ყველა ძალა და უნარი, მაგრამ არა ყოველთვის ერთი და იმავე ზომით. უმეტეწილად ხასიათში შეიმჩნევა ზოგი უნარის მომეტებული გავლენა სხვა უნარებთან შედარებით. ამაშია საფუძველი ხასიათების სხვადასხვაობისა, ადამიანებში რომ შეიმჩნევა და ამის გამოა, რომ ყოველ ადამიანს, ასე ვთქვათ, გააჩნია საკუთარი ხასიათი. თუ ნების მოქმედება ემორჩილება წინასწარ გააზრებულ სქემებს, მივიღებთ კეთილგონიერ, მომჭირნე, მშვიდ და მოქნილ ხასიათს. თუკი ნება უფრო გულისა და გრძნობის შესატყვისად მოქმედებს, ხასიათიც მგრძნობიარე. კეთილი, თანამგრძნობი მიიღება. თუ ადამიანი აყოლილია ძალუმ გრძნობებს, მოქმედებს ყოველთვის სერიოზული დაფიქრების გარეშე, მაგრამ სწრაფად, მაშინ იგი ატარებს მგზნებარე. მარდ, ზოგჯერ წინდაუხედავ ხასიათს. არა მხოლოდ ყოველ ცალკეულ უნარს, ყოველ ცალკეულ მგრძნობელობასაც შეუძლია დაეუფლოს ნებას და წარმართოს მისი მოქმედება. თუ ადამიანი მიეცემა ერთ რომელიმე ვნებას ან მისწრაფებას, ხასიათიც მისი შესატყვისი ჩამოუყალიბდება. ასეთ ხასიათს ამჟღავნებენ პატივმოყვარე, მრისხანე და ამაყი ადამიანები. ერთი სიტყვით, უამრავ გარემოებას შეუძლია ხასიათთა უსასრულო სიმრავლე წარმოშვას. ამიტომაცაა ძნელი ხასიათების დაყოფა გარკვეულ გვარებად და სახეებად. მაგრამ ხასიათების სიმრავლე არა მხოლოდ სულიერ უნართა უპირატესი გავლენის შედეგია, მას სხვადასხვა გარეშე გავლენაც განაპირობებს.
|
|