მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

ვ) გამოყოფის სისტემის მნიშვნელობა

 

§188. ტემპერამენტი საკუთრივ სულის თვისებაა

 

ყოველივედან, რაც აქამდე ითქვა ორგანიზმისა და მისი ცალკეული სისტემების სულზე გავლენის შესახებ, ცხადი ხდება, რომ თითოეული სულიერი მდგომარეობა, იქნება ეს სასიამოვნოსა თუ უსიამოვნოს, სევდისა თუ კმაყოფილების შეგრძნება, ერთი სიტყვით, ადამიანის ყოველგვარი ტემპერამენტი სულის სხეულთან თანარსებობასა და ურთიერთგავლენაზეა დამოკიდებული. ჩვენ დავინახეთ, როცა სისხლის მიმოქცევა სულიერ განწყობილებას იწვევს, სუნთქვა - სიმხნევესა და სიხარულს, ან სიმხდალესა და სულმოკლეობას, ღვიძლი - მრისხანებას, მწუხარებას ან თანაგრძნობას და ა.შ. მაგრამ თვით ეს მდგომარეობანი, ე.ი. მხნეობის, მხიარულების, მრისხანებისა და სხვათა შეგრძნებანი სულის და არა ორგანიზმის საკუთრებას წარმოადგენენ. ისინი სულიერი მოვლენებია, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ორგანული ცვლილებებიდან წარმოდგებიან, ზოგჯერ კი - ამ უკანასკნელთაგან სრულიად დამოუკიდებლად. უაზრობა იქნებოდა გვეფიქრა, მაგ., რომ რაიმე ცნობის მიღების გამო ჩემში აღძრული სიხარული, განრისხება, გაჯავრება, თანაგრძნობა ან დაღვრემილობა, თითქოს გამოწვეული იყოს რაიმე ორგანული მიზეზებით. ისინი ჩნდებიან მათგან დამოუკიდებლად და თვით შეუძლიათ გამოიწვიონ და ნამდვილად იწვევენ კიდეც ცვლილებებს იმ ორგანულ სფეროებში, რომელნიც მათ შეესატყვისებიან. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ადამიანის ნებას შეუძლია შეამციროს და სრულიადაც მოსპოს ეს ორგანული გავლენები სულზე. საკუთარ თავზე დაკვირვებით ყველას შეუძლია ეს დაადასტუროს. დავუშვათ, მაგალითად, რომ რომელიმე ორგანული სფეროს ავადმყოფურ მდგომარეობას სულში უნდა გამოეწვია გარკვეული შეგრძნება, ვთქვათ, გაღიზიანებულობა; მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით თავიანთი გაღიზიანებულობის მომდინარეობა ავადმყოფური მდგომარეობიდან და შესწევთ ძალა მოერიონ საკუთარ თავს, მაინც შეინარჩუნონ სულის სიმხნევე და სიმშვიდე. ისინი, ვისაც ნაკლებად აქვთ განვითარებული თვითშეგნება და ნებისყოფა, მთლიანად ემორჩილებიან ორგანულ გავლენებს და საკუთარ ბუნებრივ მიდრეკილებებს, ხოლო უფრო გაგებულნი და მტკიცე ნების ადამიანები თანდათანობით ეჩვევიან მთლიანად დაიმორჩილონ საკუთარი გრძნობები.