|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ვ) გამოყოფის სისტემის მნიშვნელობა
§187. ზემოთქმულის დასაბუთება
ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში როგორღაც
გაწონასწორებულად გრძნობს თავს გარე სამყაროსთან. მისი სულიერი განწყობილება
შეესატყვისება სისხლის ნორმალურ მოძრაობას. მოუსვენარი სულიერი განწყობილება კი
პირიქით - სისხლის მოძრაობაში ერთგვაროვნობისა და ნორმალურობის გათიშვის, მოშლის
შედეგია. როგორც კი საკუთარი არსებობის გრძნობა ჩლუნგდება, მაშინვე თავს იჩენს სხვადასხვა ვნებები,
უწესრიგო მდგომარეობები. ასეთებია, მაგ. დადარდიანება, თავის თავთან ერთიანობის
დაკარგვით რომაა გამოწვეული, კაეშანი და სხვა სულიერი მდგომარეობები, რომლებიც უფრო
მეტად უპირისპირდებიან უსიამოვნო გარე საგნებს. მაგ., - გაჯავრება, მრისხანება და
სხვ. ყველა ამ მდგომარეობათა დროს ორგანიზმი უხალისოდაა, საჭმლის მონელება
სუსტდება, გამოყოფა მატულობს, ძალა ეცემა და სხვ. ამ ორი მდგომარეობის შორის
საშუალოს წარმოადგენს თანაგრძნობა. იგი როგორღაც საკუთარი თავის სხვის ადგილზე
დაყენება და სხვისი წუხილისა და მოშლილობის საკუთარ თავში გადატანაა. თანაგრძნობას
ყოველთვის თან ახლავს თავისებური გამოყოფაც, მაგ., ცრემლისა. ზოგჯერ ისეთი
ორგანული გამოყოფის მატებასაც აქვს ადგილი, რომელიც თანაგრძნობის ობიექტს
სჭირდება. მაგ., რძის გამოყოფა დედის მიერ. დედა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი
ბავშვი, მეტ რძეს გამოყოფს, ხოლო დედა, რომელიც გულმავიწყი და დაბნეულია, ძალიან
მცირე რაოდენობით გამოყოფს მას. შემჩნეულია ისიც, რომ ზოგიერთ ქალს, თვით
მამაკაცსაც კი, უძლური ბავშვის დანახვით გულაჩვილებულს მკერდში რძე ჩასდგომიათ.
დარდითა და სევდით გულდამძიმებულ ადამიანებთან მატულობს სევდა, სუსტდება
კვებისუნარიანობა, შეიმჩნევა ნაღვლის ჩაქცევა. ამის გარდა, მათ უვითარდებათ სისხლის
ვენურობა, ნიშანი იმისა, რომ სისხლი - ეს თხიერი ორგანიზმი - ნახშირდება. ისწრაფვის
სიკვდილისაკენ. თუ ასეთი მდგომარეობა უმაღლეს საფეხურს აღწევს, მაშინ სისხლის
სიკვდილი სულში აისახება თვითმკვლელობისაკენ მისწრაფებით. ცნობილია ისიც, რომ
უცაბედი შიში იწვევს გაძლიერებულ გამოყოფას. შემჩნეულია, რომ ჯავრისა და
მრისხანების დროს, როდესაც ადამიანი ლამობს გაანადგუროს ყოველივე გარეგანი, იგი
დიდი რაოდენობით გამოყოფს ნერწყვს. ასეთ მდგომარეობაში ბევრ ცხოველთან ნერწყვი
შხამიანია, მაგ., გაცოფებულ მდგომარეობაში მყოფ ძაღლთან. თვით განრისხებულ
ადამიანთანაც ნერწყვი მავნე ხდება. რამდენადაც მრისხანების დროს სისხლი დიდი
რაოდენობით მიედინება ღვიძლისაკენ, სადაც იგი კვდება, ადამიანიც გრძნობს
დაბეჩავებას, დაცემულობას, სიმძიმის დაწოლას. ისიც ცნობილია, რომ ღვიძლის
პათოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული ტანჯვა კავშირშია სულიერი განწყობილების
შეცვლასთან. აქედან წარმოდგა ალბათ რუსული სახელწოდებაც - „жёлчный человек".
ადამიანებს, რომელთაც ღვიძლი აწუხებთ, ემჩნევათ მიდრეკილება დარდისაკენ,
თვითმოსპობისაკენ, ან მრისხანებისაკენ. ნაღვლის ჩაქცევის დროს ზოგი ადამიანი ხშირად
თვითმკვლელობისაკენ ისწრაფვს.
|
|