მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

ე) ლიმფური სისტემის კავშირი ტემპერამენტთან

 

§185. ზემოთქმულის ფიზიოლოგიური დასაბუთება

 

ჩვენს აქ ნათქვამს ფიზიოლოგიური ცდები და დაკვირვებები ადასტურებენ. ლიმფური მოქმედების ეს ორი მოვლენა - დაცარიელება და შევსება - სულში შემდეგნაირად აისახება. პირველი - მისწრაფებით გაუმჯობესებისაკენ, გარეგანის შეძენისაკენ მეორე კი - თვითკმაყოფილებით, განკერძოებული სიმშვიდით და იმის მიმართ გულგრილობით, რაც ადრე მოგვწონდა. ეს და მსგავსი მოვლენები განსაკუთრებული სიცხადით იჩენს თავს ლიმფური სისტემის პათოლოგიური მდგომარეობის დროს. ლიმფა შეიძლება იყოს ან მთლად ცარიელი, ან მეტად სავსე; ან ძლიერ აღგზნებული, ან მთლად მოდუნებული, თითქმის პარალიზებული. ყველას შეუძლია შეამჩნიოს, რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად მეოცნებე ხდება ცარიელი კუჭის შემთხვევაში, როდესაც იგი გრძნობს შიმშილს, მსუქანი, მაძღარი ადამიანები არ არიან ისეთი მეოცნებენი, როგორც თხელი და გამხდარი ადამიანები. პირიქით, გულგრილობა და გარეგანი ცხოვრებით სიმაძღრე ლიმფური ძარღვების სისავსის შედეგია. როდესაც რაიმე ავადმყოფობის, მაგ., წყალმანკის დროს ეს სისტემა უგრძნობელი ხდება, სულსაც გულცივობა და სიზანტე ეუფლება. წყალმანკით დაავადებული შეძენისადმი არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს. ისიც ცნობილია, რომ ფლეგმატური აღნაგობის ადამიანები არ არიან ხარბები და ჟინიანნი. თუ ლიმფური სისტემა აღგზნებულია, გაღიზიანებულია მეტისმეტად, როგორც ეს ხდება ჭლექიანებთან და საყმაწვილოთი დაავადებულებთან, სულში იგი აისახება უკეთესისაკენ მისწრაფების, იმედისა და სხვათა სახით.