მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

დ) სასუნთქი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

 

§183. ამ ურთიერთობების უფრო ღრმა ფიზიოლოგიური გამოკვლევა

 

ფიზიოლოგიურმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ყველაზე ძლიერი ან სუსტი, ყველაზე ჯანმრთელი თუ ავადმყოფური მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია სასუნთქ სისტემასთან. სუსტი სუნთქვა ყოველთვის დაკავშირებულია ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების უკმარ განვითარებასთან. ისეთი ცხოველების, როგორიცაა, მაგ., თევზები და მოლუსკები, სუსტი სუნთქვა აიხსნება მათი კუნთური სისტემის დაბალი განვითარებით. ფრინველებსა და მწერებს მნიშვნელოვნად განვითარებული ძვლოვანი სისტემა აქვთ და შესაბამისად მძლავრადაც სუნთქავენ. თვით განსხვავებულ სქესთა შორის არსებული უთანაბრობა ძალასა და სიმაგრეში ყოველთვის თავს იჩენს სუნთქვის სხვადასხვაობაში. მამაკაცებს გაცილებით მძლავრი სასუნთქი სისტემა გააჩნიათ, ვიდრე ქალებს. ქალის მსგავსი მამაკაცები სუსტი მეტყველებითა და ხმით გამოირჩევიან, ხოლო კაცის მსგავსი ქალები - უხეში, მამაკაცური ხმით. მოკლედ, ყველა ფაქტი იმას ადასტურებს, რომ სუნთქვა გამოხატავს ადამიანის შინაგან სისუსტეს ან სიმცკიცეს. ხმა, რომელიც სუნთქვის შედეგია, ამჟღავნებს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას. ხმამაღალი, მძაფრი მეტყველება გულმკერდის ძლიერებაზე მიუთითებს, ხოლო მინავლებული - სუნთქვის სისუსტეზე. ყველა ამ ფაქტიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ სასუნთქ სისტემას უახლოესი კავშირი უნდა ჰქონდეს სულიერ მდგომარებასთან. იგი აღძრავს მასში ცხოველუნარიანობის, სიმხნევისა და სიხალისის, ან მათ საპირისპირო შეგრძნებებს. მაგრამ უფრო რომ დავრწმუნდეთ ამაში, მივმართოთ ყოველდღიურ გამოცდილებას. ყველას გამოუცდია საკუთარ თავზე, თუ როგორ განსხვავებულია სულიერი განწყობილება სუფთა, გრილ ჰაერზე და ჩახუთულ, ქალაქურ ატმოსფეროში. მთის პირობებში ადამიანი მშვენივრად და მხიარულად გრძნობს თავს - იგი სხვაგვარად უცქერის საგნებს. თითქოს იქ იგი სულ სხვა ადამიანია. ადამიანი კი, რომელიც ცხოვრობს შეხუთული ჰაერის გარემოში, გრძნობს გულმკერდის არეში სიმძიმეს, სიზმრად ნახულობს საშინელ მოჩვენებებს. უფრო შესამჩნევია სულიერი გამოვლენანი ავადმყოფობის გამო მოშლილი სუნთქვის დროს. მაგალითად, უცნაური მოვლენა ზოგიერთ ჭლექით დაავადებულთან, როდესაც ისინი იჩენენ განსაცვიფრებელ სიმხნევეს, არ გრძნობენ რაიმე საფრთხეს და ზოგჯერ სიკვდილის უკანასკნელ წუთებშიც კი ოცნებობენ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაზე, აიხსნება იმით, რომ მათი სუნთქვა არანორმალურად დაიძაბა. ეს იმის შედეგად, რომ საკვების მონელების უკმარისობით სისხლი ვეღარ აღსდგება და ამ სახით მიემართება ვენებში, სადაც იგი უჩინარდება და ქრება. სულშეხუთული ადამიანები კი მცირედი დაავადების დროსაც უკიდურესად პირქუშნი და სულმოკლენი ხდებიან.