მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

დ) სასუნთქი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

 

§182. სუნთქვის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის და მისი ასახვა სულში

 

სუნთქვას დიდი მიშვნელობა აქვს ორგანიზმისათვის. სუნთქვის მეშვეობით ორგანიზმი ითვისებს გარეგანი ბუნებისაგან უარსებითეს ელემენტს - ჟანგბადს. როდესაც სისხლი მიემართება ფილტვებისაკენ, იგი უშუალო შეხებაში აღმოჩნდება ჰაერთან, შლის მას, რათა შეითვისოს ჟანგბადი. ამასთან, თვით სისხლიც იცვლის შემადგენლობას: მასში იწვის ყოველივე ორგანიზმისათვის უსარგებლო და ამით იგი წითლდება. ამგვარად ჰაერთან შეერთებამდე ვენური სისხლი ორგანიზმისათვის ზედმეტია, მხოლოდ მასთან შეერთების შემდეგ იგი განახლდება, ცოცხალი და სასარგებლო ხდება. ამიტომ სუნთქვის საშუალებით ორგანიზმი იცილებს რა თავიდან უსარგებლოს და იძენს რა საჭირო მნიშვნელოვან მამოძრავებელს, მთელი თავისი შემადგენლობით ცოცხლდება.

 

სუნთქვის ასეთი კეთილისმყოფელი მოქმედება სულში აისახება სიმხნევის, სიმხიარულის და თავისუფლების შეგრძნებით. ერთნი მუდმივად მხიარულნი და მხნენი არიან, სხვანი კი, პირიქით, დაღვრემილნი, მფრთხალნი და სულმოკლენი. ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა პირდაპირ წარმოსდგება სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მდგომარეობიდან. ალბათ ყოველ ჩვენთაგანს გამოუცდია, თუ როგორ მხნედ, ნათლად და ხალისიანად ვგრძნობთ თავს სუფთა ჰაერზე და როგორი მძიმე და მოსაწყენია დახშულ, დამძიმებულ ჰაერში ყოფნა. ძალუმი მოძრაობა, მაცოცხლებელი ჰაერის ხშირი სუნთქვა აღაგზნებს რა ორგანიზმის მთელ სიცოცხლეს, ამაღლებს ყოფიერების გრძნობას, რომელიც უფრო შესამჩნევი ხდება ამ ძლიერი დაძაბულობის დროს. სიტყვას - სუნთქვა (სულის თქმა pneuma) ღრმა მნიშვნელობა აქვს და „შესაქმეში" უკეთ, ვიდრე ყოველგვარ ფიზიოლოგიაში, ახსნილია ეს ღრმა მიმართება სუნთქვისა სიცოცხლეთან: „...და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბადება 2-7).

 

შესანიშნავად ლაპარაკობს კარუსი თავის ფიზიოლოგიაში: როგორც დედამიწის მაგნეტიზმთან შეერთებით იზრდება მის მაგნიტურ მერიდიანთან დაკიდებული მაგნიტის ძალა, როგორც იზრდება დედამიწის სხეულებზე მზის მოქმედება, როდესაც ეს სხეულები ექცევიან მზის გარემოს დედამიწის ცენტრთან დაძაბულობის სწორზე, როგორც დედის ენერგია უთუოდ აღძრავს ჩანასახის სიცოცხლეს, ასევე აღიძვრის ეპითელიგორიული ქმნილების სასიცოცხლო ენერგია, როდესაც სიცოცხლის სრული მთლიანობის დაურღვევლად, იგი ებმება ტელურულ ორგანიზმთან ურთიერთქმედებაში. [22]

 

სუნთქვის ეს კეთილმყოფელი გავლენა სულზე ხდება იმ ნერვული დენის საშუალებით, რომელიც მიედინება სასუნთქი სისტემის ტვინთან შემაერთებელი ნერვული ბოჭკოების გზით. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს სიმხნევე და სიხალისე მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართების შედეგი იყოს. არის სხვა მრავალი მიზეზიც, რომელსაც იგივე მოვლენა შეუძლია გამოიწვიოს, მაგრამ სასუნთქი სისტემა მაინც როგორღაც ამ სულიერ მოვლენათა ორგანოსა და გამოსახვას წარმოადგენს. ვინც ღია გულით მზადაა აღიქვას ყველა გარეშე მოვლენა, ვინც შესუნთქვის დროს ჟანგბადის მსგავსად, ითვისებს ყველა გარეგან ფაქტს, ის კეთილად და მხიარულად იწოდება.