|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
გ) საჭმლის მონელების სისტემის გავლენა ტემპერამენტზე
§181. ფიზიოლოგიური ფაქტები
დაკვირვებები და ცდები ამტკიცებენ, რომ ყველა
ეგოისტის ორგანიზმში ჭარბადაა წარმოდგენილი საჭმლის მონელების სისტემა. ადამიანები,
რომელაც უყვართ ბევრი ჭამა-სმა, ამჟღავნებენ საკუთარი თავის სიყვარულს. კარუსის
სიტყვით, ყველა ჩასუქებული ღორმუცელა, ზედეტი დაკვირვების გარეშე, პირდაპირ
შეიძლება ეგოისტებს მივაკუთვნოთ. ეს მართლდება არა მარტო ცალკეულ პიროვნებათა
მაგალითზე, ამასვე ამართლებენ მთელი ხალხები.
საჭმლის მონელების სისტემასთან ეგოიზმის მჭიდრო შესატყისობა თავს იჩენს პათოლოგიური
მოვლენების დროსაც. თუ საჭმლის მონელების სისტემა მოშლილია, ადამიანი განაწყენებულია, შფოთის ხასიათზეა, რაც
მაშინვე გაივლის, ჯანმრთელობა რომ აღსდგება. ასევე ცნობილია უბრალო ყოველდღიური
მოვლენა, როდესაც რაიმე სიამოვნების შემთხვევისას უცბად აღმოცენდება მისწრაფება
მადის აღმძვრელი სუფრისაკენ. ეგოისტი თვით სახის გამომეტყველებითაც წარმოადგენს
ძალიან თავისებურ მოვლენას, მისი გამოხედვა განსაკუთრებული ტიპისაა.
საინტერესოა ისიც, რომ საკვებად რაიმე ერთგვაროვანი ნივთიერების ხშირი გამოყენება
განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, უვითარებს მას
ათვისების განსაკუთრებულ უნარს. მაგ., ვინც ხშირად იყენებს საკვებად
მცენარეულობას, მისი კუჭიც სხვაგვარადაა აწყობილი, ვიდრე იმისა, ვინც ხორცეულს
ეტანება. მაგრამ კუჭის ასეთი მდგომარეობა უნებურად სულშიც აისახება და როგორც
ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, იწვევს მიდრეკილებებისა და განწყობილებების
შეცვლას. ჩრდილო ევროპის მცხოვრებნი, მაგალითად, რომელნიც უფრო მეტად ხორცეულით
იკვებებიან, აშკარად ამჟღავნებენ ასევე დიდ ეგოიზმს. სამხრეთის მცხოვრებნი კი,
პირიქით, კმაყოფილდებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით და ამიტომაც ნაკლებად იხრებიან ეგოიზმისაკენ.
|
|