|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ბ) სისხლის მიმოქცევის სისტემის გავლენა ტემპერამენტზე
§179. რატომ იწვევს სისხლის მიმოქცევა სულიერ განწყობილებას?
ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა მხედველობაში გვქონდეს სისხლის მნიშვნელობა. სისხლი
თითქოსდა თხიერ ხორცს წარმოადგენს. იგი ორგანოა, რომელიც ავსებს, ცვლის და
ასწორებს ყველა სხვა ორგანოს დაზიანებას. სისხლი ხან ჰაერთან მოდის შეხებაში, რათა
მისგან ჟანგბადი მიღოს, ხანაც ორგანიზმში იძირება, რათა ყოველ ადგილზე თავისი
მკვებავი ელემენტი მიიტანოს. რაც უფრო სწორად, სუფთად და უკეთ მოძრაობს სისხლი, მით
უფრო პასუხობს იგი თავის დანიშნულებას, მისგან სულში გამოწვეული შთაბეჭდილებანი
მით უფრო სასიამოვნოდ განიცდება და სულის განწყობილებაც ამაღლებული ხდება. რაც უფრო
სუსტად მოძრაობს სისხლი, რაც უფრო შესქელებული და ამღვრეულია იგი, ტვინისაკენ
მისგან მომდინარე ნერვულ დენებს მოაქვთ სულში მით უფრო მძიმე შთაბეჭდილებანი და
სულის განწყობლებაც შესაბამისად ეცემა. სულის განწყობილების ეს ამაღლება თუ
დაცემა ნამდვილად ყოველთვის თან სდევს სისხლის მიმოქცევას. როგორ ხდება, რომ ერთი
ჭიქა ღვინის დალევა იწვევს მხიარულ განწყობილებას? ღვინო აძლიერებს სისხლის
მიმოქცევას, აჩქარებს მაჯის ცემას და ამით ამაღლებს სულიერ განწყობილებას. მაგრამ
როგორც კი ეს მდგომარეობა გაივლის, იწყება დაქვეითება და სულის დასუსტება. ასევე, თუ
ადამიანი მხიარულ მდგომარეობაში მიიღებს სისხლის მიმოქცევის შემასუსტებელ წამალს,
მაშინვე მისი სულის განწყობაც შეიცვლება. ამას ექიმებიც ადასტურებენ, რომელთაც
ბევრი წამალი გამოუცდიათ. ყოველივე აქ ნათქვამის დამადასტურებლად სხვა ბევრი ფაქტის
მოყვანაც შეიძლება. ფლეგმატური ტემპერამენტიდან მომდინარე გარკვეული ხანგრძლივი
სულიერი მდგომარეობა იწვევს შინაგანი არტერიული გარსის გაძვალებას. რაც
განსაკუთრებით ინგლისელებთან შეიმჩნევა. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ჩვენ შეიძლება
დავრწმუნდეთ, რომ ყოველი სასიხარულო ცნობა იწვევს გულისცემის აჩქარებას და ჩვენ გარკვეულ
სიმსუბუქეს განვიცდით. ხანგრძლივი სევდა იწვევს ვენურ ძარღვები სისხლის
გაფუჭებას და ამ დროს სისხლი ღებულობს მუქ, სამლოვიარო ფერს. ხანგრძლივი სასიხარულო
შთაბეჭდილებანი კი აღაგზნებენ არტერიულ სისხლს.
ბევრი ავადმყოფობის შემთხვევაში სულისა და სისხლის მდგომარეობა ერთიმეორეში აისახება.
|
|