|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ბ) სისხლის მიმოქცევის სისტემის გავლენა ტემპერამენტზე
§178. წინასწარი დებულებები
სულსა და სისხლის მიმოქცევას შორის მიმართების გარკვევის დროს ყველაზე ზოგადსა და ძირითადს ის დებულება წარმოადგენს, რომ სისხლის
მიმოქცევა იწვევს გარკვეულ გუნება-განწყობილებას. ეს ზოგადი დებულება ცნობილმა
გერმანელმა ფიზიოლოგმა კარუსმა ასე გამოხატა: „სისხლის მიმოქცევის, ან მისი
შემცვლელი რომელიმე სისტემის გარეშე სული სრულიად მოკლებული იქნებოდა
გუნება-განწყობილებას (Gemuth), ისევე, როგორც ნერვული სისტემის გარეშე მას არ
ექნებოდა შემეცნების უნარი" [21]. სისხლის მიმოქცევიდან მომდინარე გუნებაგანწყობილების
სახელში არ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ თითქოს სისხლის მიმოქცევის საშუალებით სულში
აღწევდეს რაღაც კერძო წარმოდგენა რაიმე უბედურების ან რაიმე მოვლენის შესახებ,
რისგანაც სული მხიარულ ან ნაღვლიან განწყობილებაში ვარდება. ორგანული სფეროები,
განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევა, თავისი მოქმედებით აზიარებს სულს მხოლოდ საერთო
განწყობილებას, განაწყობს მას უმეტესად სამხიარულოდ, ან სევდისათვის, ერთი სიტყვით,
ამზადებს სულს ამა თუ იმ მდგომარეობისათვის. სისხლის მიმოქცევის ეს ზემოქმედება
სულზე იმის გამო ხდება, რომ ანატომიური გამოკვლევის თანახმად სისხლძარღვები
გარემოცულია უწვრილესი ნერვული ძაფებით, რომელთაც ტვინისაკენ მიაქვთ უკუდენები და
ამით ატყობინებენ სულს სისხლის მიმოქცევაში მომხდარ ყველა ცვლილებას.
ეს ძირითადი დებულება ყველა ფაქტით დასტურდება. ექიმების დაკვირვებებმა, კერძოდ,
დაასაბუთეს სისხლის მიმოქცევასა და გუნება-განწყობილებას შორის არსებული აშკარა
პარალელურობა. მხიარული ადამიანი მაშინვე კარგავს თავის სიმხიარულეს, როგორც კი
რაიმე გარემოების წყალობით სისხლის მიმოქცევა იწყებს შესუსტებას. ყველაზე გულგრილი
და უხალისო ადამიანი კი, პირიქით, უცბად გამხიარულდება სისხლის მიმოქცევის საგძნობი აჩქარებისა და გალაღების დროს.
სისხლის მიმოქცევაში ამგვარი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ღვინის სმამ, ზოგიერთი
წამლის მიღებამ და სხვა გარემოებებმა. ამ საშუალებათა ზემოქმედება შესაბამისად
გვიდასტურებს ნათქვამს გუნება-განწყობილების შესახებაც. სრულიად ნორმალურ პირობებში
სისხლძარღვთა ნერვული შთაბეჭდილებანი ვერ აღწევენ ცნობიერებამდე, მაგრამ ზემოთ
ნახსენებ შემთხვევაში კი სულში შემოდიან ეს შთაბეჭდილებები და იწვევენ მისი
განწყობილების შეცვლას. ბევრი ცდით დადასტურებულია, რომ ე.წ. წარმომქმნელი
ორგანული სისტემებიდან (მომნელებელი, ლიმფური, სისხლის მიმოქცევის) მომდინარე
ნერვებს თავისი ცენტრალური კვანძი ოთხგორაკში აქვთ. ამდენად, მათგან მომდინარე
ყველა შთაბეჭდილებას შეუძლია შეცვალოს ტვინის იმ ნაწილის საფარველი მასა, რომელმიც
მოთავსებულია სულის განწყობის ორგანო.
ცალმხრივობა რომ არ გამოგვივიდეს და შეცდომაში არ ჩავვარდეთ, არ უნდა დავივიწყოთ
სულის უკუქმედებაც - სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ამგვარი მოქმედება უამრავი
შემთხვევითაა დადასტურებული და სრულიად ახსნილიც. წმინდა სულიერი წარმოდგენები და
მდგომარეობები, ყოველგვარი ორგანული სისტემებისაგან რომ არიან დამოუკიდელნი,
სისხლსა და მის მოძრაობაში იწვევენ ცვლილებებს. მაგალითად, სირცხვილი აიძულებს
სისხლს მოიქცეს გულისაკენ, შიში და ზრუნვაც ერეკება სისხლს ნაპირებიდან გულისაკენ.
მოულოდნელი რაიმე სასიხარულო თუ სამწუხარო ცნობა შესაბამის ცვლილებებს იწვევს
სისხლის მიმოქცევაში. რაიმე უბედური შემთხვევა იწვევს სულში ჯერ დანაღვლიანებას,
შემდეგ კი ცვლილებებს სისხლის შემადგენლობაში. ყველა ამ შემთხვევაში სისხლის
მოქმედება იცვლება იმ ნერვული დენის შედეგად, რომელიც მიემართება ტვინიდან მხოლოდ და
მხოლოდ წმინდა სულიერი წარმოდგენების გავლენით. თვით სული კი სისხლის
მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად იქმნის მხიარულ თუ მწუხარე განწყობილებას თავისი
საკუთარი წარმოდგენების საშუალებით. საინტერესოა ამ მხრივ სისხლის მიმოქცევაზე
ნების თავისუფალი ზემოქმედების მაგალითები. კარუსი მოგვითხრობს ერთ ახალგაზრდაზე,
რომელსაც საკუთარ ნებით შეეძლო შეეჩერებინა, ან შეესუსტებინა მაჯის ცემა.
ამ ზოგად დებულებათა შემდეგ გადავიდეთ სულსა და სისლის მიმოქცევის სისტემას შორის
ურითერთმიმართების ახსნაზე.
|
|