|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ა) კუნთოვანი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე
§177. კუნთური მოძრაობა როგორც სულიერი მდგომარეობის გამოხატულება
კუნთურ მოძრაობებს სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. ისინი გამოხატავენ სულის გრძნობელობათა
შესატყვის გარკვეულ მდგომარეობებს. მრისხანების დროს ყოველთვის შეინიშნება გარკვეული
მოძრაობა, მისწრაფება გარესამყაროს დასამორჩილებლად. ამიტომაა, რომ განრისხებული
ადამიანის მოსათვინიერებლად საჭიროა მისი მოძრაობების შეჩერება. სიხარულსაც აქვს
თავისი შესატყვისი მოძრაობები. ექიმებისათვის ცნობილია, რომ ყველაზე მხიარული
ადამიანები ხანგრძლივი უძრაობის შედეგად კარგავენ სიმხნევეს და ვარდებიან
მელანქოლიაში, ზოგჯერ შეიშლებიან კიდეც.
გუნება-განწყობილებასა და კუნთების მოძრაობას შორის ასეთი მჭიდრო კავშირურთიერთობის
შედეგია ის, რომ სიხარული თუ სევდა ბოჭკოების ნებსით თუ უნებლიე შეკუმშვას ემთხვევა.
მეორე მხრივ კი, გარკვეულ მოძრაობათა ერთობლიობა ყოველთვის ბადებს სულში გარკვეულ წარმოდგენებს.
სიხარულის შემთხვევაში კუნთები იძაბებიან, იჭიმებიან, იდრიკებიან
და სწორდებიან. აქედან წარმოდგება სხეულის მხნე მდგომარეობა, ლამაზი, ტალღისებური
მოძრაობანი. ორივე ყბის ზედაპირზე განლაგებული კუნთები იკუმშება, ლოყები ამოიბურცება
და ამგზით პირის კუნთებიც ზემოთ აიწევს, რაც ღიმილის მაუწყებელია.
ტკივილს კი სხვა, საპირისპირო მოძრაობები ახლავს. სხეულის კუნთები ითენთება და ამით
ადამიანი იღებს შეწუხებულ სახეს. სახის კუნთები იჭიმება და იხრება რკალად, ლოყები
ბრტყელდება, ხოლო ბაგეთა მამოძრავებელი კუნთები იძაბება, რის შედეგადაც უნებურად პირი გაიღება.
მრისხანებაც კუნთების მოძრაობით გამოიხატვის. განრისხეულებთან უმეტესწილად იძაბება
გულმკერდის კუნთები და იძვრიან ცხვირთან ახლო მდებარე სახის კუნთები. ისიც
შეინიშნება, რომ მრისხანების დროს უნებურად იკუმშება ნაღვლის ბუშტი, რაც მეტი ნაღვლის
გამოყოფას იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ ღვიძლი სასუნთქი სფეროს გაგრძელებაა, ხოლო
უკანასკნელი კი ძლიერ ფუნქციობს მრისხანების დროს. ამიტომაა, რომ მრისხანებისას მეტი
ნაღველი იღვრება ორგანიზმში. შიში ერთგვარად მრისხანების საპირისპირო გრძნობაა და
მას თან ახლავს ასევე საპირისპირო კუნთური მოძრაობები. ამ დროს შეიმჩნევა სახის
ზედაპირის შევიწროვება, რაც შეშინებულის ფიზიონომიას წამახვილებულ გამომეტყველებას აძლევს.
|
|