|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ა) კუნთოვანი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე
§176. რა მდგომარეობას წარმოქმნის სულში კუნთური მოქმედება?
კუნთოვანი სისტემა წარმოადგენს იმ ორგანოს, რომლის საშუალებითაც
ადამიანი ებმის გარესამყაროსთან საქმიან ურთიერთობაში და რომლის საშუალებითაც
გამოიხატება სულის რეაქცია ყველა გარეგან შთაბეჭდილებაზე. კუნთოვანი ბოჭკოების არსებობა
იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს ისეთი ორგანოც, რომელიც მათ თავის ნებას გადასცემს
და მოძრაობას ანიჭებს. ნერვული დენი, რომელიც ისწრაფვის სულიერი ნების მოქმედებიდან
კუნთების დაბოლოებისაკენ, აღძრავს მათ სამოქმედოდ. მაგრამ რამდენადაც კუნთებიდანაც
ბრუნდებიან ნერვული ბოჭკოები, ცხადია, რომ მათი ყოველგვარი მოძრაობა და ცვალებადობა
უკუქცევადი დენის საშუალებით ერთდროულად ცნობილი ხდება სულისათვის. ბოლო
შთაბეჭდილებანი, ე.ი. შთაბეჭდილებები, კუნთიდან ტვინისაკენ მიმავალ ნერვულ დენს რომ
მიყვება, სულში გარდაქმნებს იწვევენ. ძლიერი, ცოცხალი კუნთური მოქმედება იწვევს
თავისუფლების სასიამოვნო გრძნობას, გვმატებს ხალისს და მხნეობას. ყოველგვარი სუსტი,
მოშლილი კუნთური მოქმედება კი, პირიქით, იწვევს მოწყენილობას. მოძრაობაში დაუხარჯავი
და თავის ტვინში დაგროვილი ნერვული დენი იწვევს სულში გულგატეხილობას, მელანქოლიას
და სულიერ აშლილობასაც კი. თავისუფალი და სწრაფი მოძრაობის გზით სული გარესამყაროსთან
დამოუკიდებელ ურთიერთობას ამყარებს. გარეშე საგნების ადგილგადანაცვლებით, მათი
ფორმის შეცვლით სული იმორჩილებს მათ, იქვემდებარებს და ამით ავრცელებს
გარესამყაროზე თავის სურვილებს. გარესამყაროზე სულის ამ გამოვლენაში მჟღავნდება
სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობის ცნობიერება. ამიტომაა, რომ ასეთი მოძრაობები
ამაღლებენ სულის ენერგიას. კუნთების სუსტი, შეკავებული მოქმედება კი იწვევს
საპირისპირო შეგრძნებას - გულგატეხილობას, სისუსტეს.
აი, რატომ ურჩევენ ყოველთვის ექიმები ავადმყოფებს კუნთების ვარჯიშსა და მოძრაობას.
ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ამგვარი ვარჯიში აღაგზნებს სულში გარე სამყაროს
დაქვემდებარების გრძნობას, რის შემდეგაც უმჯობესდება გუნება-განწყობილებაც. ამის
გარდა, კუნთური მოძრაობები აუმჯობესებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას, რაც თავის
მხრივ, კეთილმოქმედებას ახდენს სულზე.
თუ გავიხსენებთ, რომ ძლიერი მოძრაობა აღაგზნებს სამოქმედოდ თითქმის ყველა ორგანულ
სისტემას, რომ ნერვული დენი მთელი ორგანიზმიდან უკუიქცევა ცნობიერებისაკენ და რომ
ამ გაძლიერებულ მოქმედებებშია სწორედ ჯანმრთელობის არსი, მაშინ უკეთ გავიგებთ
კუნთების მნიშვნელობასაც. აი, რატომ აქვს მოძრაოებებს დიდი მნიშვნელობა ბევრ
დაავადებათა შემთხვევაში და რატომაა, რომ მრავალი იპოქონდრიკის განსაკურნებლად
საკმარისია მხოლოდ მოძრაობები.
|
|