მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

ა) კუნთოვანი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

 

§175. ფიზიოლოგიური შენიშვნები ძვლოვანი სისტემის აღნაგობისა და დანიშნულების შესახებ

 

ძვლოვან და კუნთოვან სისტემებს ახლო დამოკიდებულება აქვთ ნერვულ სისტემასთან. ისინი როგორღაც იფარავენ და იცავენ ამ უკანასკნელს და ამავე დროს თავის თავში ავლენენ ნერვული სისტემის აღნაგობას, მხოლოდ უხეში სახით. ჩონჩხი ნერვული სისტემის გარსია და, ამდენად, მისი ის ნაწილები, რომელნიც ახლო არიან ნერვის უმაღლეს ნაწილებთან (კერძოდ, თავის ქალა), თავისი განვითარებითა და აღნაგობით ავლენენ თვით თავის ტვინის აგებულებასა და თვისებას. ამითვე წარმოადგენენ ისინი უმაღლესი საზრიანი მოქმედების საფუძველს. თავის ქალის სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულებაშია ტვინის საფარველი მასის სიდიდესა და უკეთეს აღნაგობასთან. თავის ტვინის როძელიმე ნაწილის რაიმე უპირატესმა განვითარებამ შეიძლება კვალი დაამჩნიოს თავის ქალასაც. მაშასადამე, ამ უკანასკნელის აღნაგობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ თვით ტვინის აღნაგობაზე. ამის ფუძველზე აგებული კრანიოსკოპიის მთელი სისტემა, სადაც ლაპარაკია სულის უნარებზე თავის ქალის ზომების მიხედვით.

 

ძვლებიდან, ზუსტად ისევე, როგორც სხვა სისტემებიდან, მოემართებიან ნერვები, რომელთაც გადააქვთ დენი ტვინისაკენ, მაგრამ ამ დენს იშვიათ შემთხვევაში გრძნობს სული. გრძნობათაგან, ალბათ, ძალისა და სიმსუბუქის გრძნობაა, რომელიც თავს იჩენს ჩვენში ძვლების კარგი მდგომარეობის დროს. ძვლების გაუარესების ან მოშლილობის დროს ნერვულ დენს სულამდე მიაქვს მოდუნებულობისა და სიმძიმის განცდა. ძვლების მიმართულებით თავს იჩენს ტკივილამდე გაძლიერებული სისუსტის გრძნობა. ძვლების დაავადების დროს ტემპერატურის ყოველ ცვალებადობას თან სდევს გარკვეული შთაბეჭდილება, რომელიც საშინელ ტკივილად შეიძლება განვითარდეს. ჩვენი საერთო გრძნობა, ე.ი. ყოფიერების აღქმა, მთელი ორგანიზმის მდგომარეობა ყოველთვის იმ ნერვული დენების შედეგს წარმოადგენს, რომელნიც ყოველი ორგანული სისტემიდან აღწევენ ცნობიერებამდე. ასე მაგალითად, როდესაც ძვლოვანი მოქმედება, ანუ ძვლების ჩვეულებრივი მდგომარეობა ირღვევა, ნერვული დენები მათგან მაშინვე ატყობინებენ ამას ცნობიერებას.