|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
§173. განსხვავება ტემპერამენტსა და ხასიათს შორის
ტემპერამენტისა და ხასიათის ცნებებს ხშირად ერთმანეთში ურევენ, მაგრამ
მათ შორის უსათუოდაა განსხვავება.
ტემპერამენტი წარმოადგენს სულის საერთო განწყობილებას, ანუ მისი მგრძნობელობის
მუდმივ სახეს, რომელიც ორგანული სისტემების გავლენიდან მომდინარეობს. ეს იმდენად
ცხადია, რომ ზოგჯერ ტემპერამენტს ადამიანის სისხლის განსაკუთრებულ თვისებადაც
მიიჩნევენ. მაშასადამე, იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფალი მოღვაწეობისაგან, ან
გონიერ მოსაზრებათაგან დამოუკიდებელ არანებისეულ ბუნებრივ მოვლენას. ხასიათი კი,
ამის საპირისპიროდ, ნების განწყობილებას უფრო ნიშნავს; იგი რაღაც შენაძენია გონებრივი
მოქმედების და თავისუფლად წარმართული ნების წყალობით. ტემპერამენტში ადამიანის
სხეულებრივი მხარე უფროა გამოხატული, ხასიათში კი - სულიერი. ტემპერამენტი ყველას
გააჩნია, ხასიათი კი ყველას შეიძლება არ გააჩნდეს. იშვიათად, თუ ვინმე
გაითავისუფლებს თავს ტემპერამენტისაგან, მაგრამ როგორც კი ნების ძალითა და სულის
ენერგიით ვინმე შეითვისებს გარკვეულ ხასიათს, მისთვის ტემპერამენტი თანდათან
უჩინარდება, ბოლოს ჩვენ დავინახავთ, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას
ღებულობს ბევრი გარემოება, ტემპერამენტი კი ნაკლებად რთული მოვლენაა.
|
|